რის ხარჯზე გაზრდის ენმ პენსიებს 400 ლარამდე?

ხალხს აღელვებს ის, რომ გაიზარდოს პენსია და არა ის, რომ შეიცვალოს საპენსიო სისტემა. საზოგადოების დაკვეთა არაა საპენსიო რეფორმა, საზოგადოების დაკვეთა არის პენსიების მომატება, ხალხს ფული უნდა და ესენი სთავაზობენ რეფორმას, თანაც პროგრესულს კი არა, რეგრესულს. „ქართული ოცნების“ ამბავი ვირისა და იონჯის ამბავს ჰგავს _ ვირს რომ ეუბნებიან, _ აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა ამოვაო. თან რაც მთავარია, ეს საპენსიო რეფორმა რომც პროგრესული და წარმატებისთვის განწირული იყოს, პენსიონერების ეს თაობა, რომელიც დღესაა, ვერანაირად მოესწრება იმ დროს, როდესაც ეს რეფორმა შედეგს დადებს.

ხელისუფლება უსინდისოდ და ურცხვად იზრდის ხელფასებს, ირიგებს დანამატებს, პრემიებს, მეტიც: ოპოზიციასაც კი უწყობენ გაფიცვებს, თუ ვერ იმატებენ და, ამ დროს, 10 ლარსაც არ იმეტებენ, რომ პენსიონერებს მოუმატონ.
შედარებისთვის: ვნახოთ, სად რამდენია საშუალო პენსია? თუ ევროებში გადავიყვანთ, ქართული პენსია, სულ რაღაც, 61 ევროა, მაშინ როდესაც ნორვეგიაში პენსია 2424 ევროა, ლუქსემბურგში _ 2078, დანიაში _ 1809, ავსტრიაში _ 1722, შვეიცარიაში _ 1702, ჰოლანდიაში _ 1661, შვედეთში _ 1659, ისლანდიაში _ 1591, ბელგიაში _ 1534, ფინეთში _ 1476, დიდ ბრიტანეთში _ 1454, ირლანდიაში _ 1402, საფრანგეთში _ 1381, იტალიაში _ 1336, კვიპროსზე _ 1209, ესპანეთში _ 1199, გერმანიაში _ 1173, საბერძნეთში _ 918, პორტუგალიაში _ 779, მალტაზე _ 736, სლოვენიაში _ 498, პოლონეთში _ 410, თურქეთში _ 398, ჩეხეთში _ 397, სლოვაკეთში _ 385, ესტონეთში _ 359, უნგრეთში _ 338, ხორვატიაში _ 325, ლატვიაში _ 279, ლიტვაში _ 238, სერბიაში _ 223, რუმინეთში _ 215, ყაზახეთში _ 211, რუსეთსა და აზერბაიჯანში _ 169, ბელარუსში _ 148, ბულგარეთში _ 144, ჩინეთში _ 135, უკრაინაში _ 101, სომხეთში _ 76 და საქართველოში _ 61 ევრო!!!
„რაღაცნაირად, სიმბოლურია, რომ ნორვეგიელის პენსია ზუსტად 41-ჯერ მეტია ქართველი პენსიონერისაზე“, _ წერდა ფეისბუკზე რომან გოცირიძე.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლისას უფასო ფულსა და აყვავებას ჰპირდებოდა, ხალხს სამარცხვინო პენსიას უხდის, მასხრად იგდებს, შიმშილისთვის სწირავს, მაგრამ ფულს არ იშურებს თავისი ფეისბუკ ტროლებისთვის, რომლებმაც სრული ისტერია მოაწყვეს სოცქსელებში, როგორც კი „ნაცმოძრაობამ“ პენსიების 400 ლარამდე ზრდის დაპირება წამოაყენა. ქოცლოგიკით პენსიების 400 ლარამდე ზრდა არარეალურია და ენმ ხალხს ატყუებს. რომც ატყუებდეს, ეს ის შემთხვევა იქნება, ყვავმა რომ ყვავს დასჩახავლა, მაგრამ რანაირადაა ეს ტყუილი დაპირება, როდესაც ენმ-მ ხელისუფლებაში ყოფნისას გააათმაგა მანამდე არსებული 14-ლარიანი, ისიც _ გაყინული პენსია? რაა დაუჯერებელი, რომ ვინც გააათმაგა, იმან ახლა გააორმაგოს? ან რატომაა შეუძლებელი პენსიების გაზრდა? რის ხარჯზე აპირებს ენმ პენსიების ზრდას 400 ლარამდე და რატომ მიიჩნევს სიცოცხლისუუნაროდ იმ საპენსიო რეფორმას, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს?

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ რომან გოცირიძეს:
_ ეს ხელისუფლება უგულოდ ეპყრობა როგორც პენსიონერებს, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩინოვნიკების ხელფასების უკიდეგანო ზრდის ფონზე, პენსიონერები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი. მეექვსე წელი დაიწყო, რაც ხელისუფლებაში არიან და პენსია მხოლოდ ერთადერთხელ გაზარდეს 30 ლარით მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში პენსია 11-ჯერ გაიზარდა (14 ლარიდან 150 ლარამდე); კი, პენსია, 150 ლარი 2013 წელს გახდა (გაიზარდა 25 ლარით), მაგრამ ის ბიუჯეტი მათ შედგენილი დახვდათ, სადაც ჩადებული იყო პენსიების 150 ლარამდე ზრდა და ზრდის რესურსი. ბუნებრივია, მასში არანაირი წვლილი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. მოკლედ, იმ ზრდიდან მოყოლებული, პენსია გაიზარდა მხოლოდ ერთხელ, 30 ლარით, მაგრამ, ამასობაში, საშინლად გაუფასურდა ლარი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები და ფასების ზრდამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა პენსიონერებს, რომელთა შემოსავლის უდიდესი ნაწილი იხარჯება სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე. გაზრდილი ფასებისა და ლარის გაუფასურების გამო, ისედაც მწირმა პენსიამ დაკარგა თავისი მსყიდველუნარიანობა და დღეს იმაზე ნაკლებია (70$), ვიდრე იყო 5 წლის წინათ (90$). რეალურად, ამ ხუთი წლის განმავლობაში პენსიამ კი არ მოიმატა, პირიქით _ მნიშვნელოვნად იკლო. იკლო, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეთოდიკით ვიანგარიშებთ, _ მსყიდველუნარიანობის მიხედვით თუ მყარ ვალუტაში გადაყვანით? ასეთ დროს, პენსიის მატების ნაცვლად, დაგროვებით პენსიაზე ლაპარაკი პენსიონერების დაცინვაა და მართლაც ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს. წელს ხომ არ გაზარდეს პენსია და მომავალი წლების განმავლობაშიც არ აპირებენ იმ ოდენობით ზრდას, რომ იგი თავისი მსყიდველუნარიანობით დაუბრუნდეს, თუნდაც, იმ დონეს, რაც 5 წლის წინათ იყო.
2019 წელს აპირებენ 20 ლარით მომატებას, 2020 წელს _ ასევე ოცი ლარით მომატებას, ეს არის 220 ლარი. ახლა აპირებენ, რომ პენსიის ინდექსირირება მოხდეს ინფლაციის დონის შესაბამისად, ე. ი. კიდევ ათი ლარით გაიზრდება და ჩვენი პენსიონერის პენსია 4 წლის შემდეგ გახდება 230 ლარი, მაშინ როდესაც 4 წლის შემდეგ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა იქნება ფასების კუთხით. 4 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერს იმხელა პენსია ექნება, რაც დღეს აქვს სომხეთის მოქალაქეს. სომხეთი ჩვენზე ღარიბი ქვეყანაა და როგორ ახერხებენ, რომ იქ პესნია დღეს 90 დოლარია და ჩვენთან 70 დოლარი?! ე. ი. მათ გაცილებით სწორად აქვთ დაგეგმილი ბიუჯეტი, სწორად აქვთ განსაზღვრული პრიორიტეტები და ჩვენსავით არ ფლანგავენ ფულს. როგორც ჩანს, ნაკლებია ბიუროკრატიული და უსარგებლო ხარჯები, რომლითაც საქართველოს ბიუჯეტი იბერება და იბერება. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად საქართველოში იზრდება ბიუროკრატია. სტატისტიკურად შეიძლება ეს არ ჩანდეს
ცენტრალური ბიუჯეტის ნაწილში, მაგრამ იქმნება უამრავი სახელმწიფო დაწესებულება, სსიპ-ები _ საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 200-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია შეიქმნა ბოლო 5 წლის განმავლობაში, იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ასევე არ ჩანან ღია სტატისტიკაში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიზებული ქვეყანაა მსოფლიოში.
_ როგორც ბრეხტი იტყოდა: „ჩინოვნიკები, ლამის, ქუჩაში დასხდნენ“.
_ ზუსტად და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ იზრუნოს დღევანდელი პენსიონერის მდგომარეობაზე, ის ადამიანებს „ღირსეულ“ პენსიას ჰპირდება 40 წლის შემდეგ. მთავრობა გადადის ახალ, დაგროვებით სისტემაზე, თან ისეთ მოდელზე, რომელიც ვერ პასუხობს გამოწვევებს, არ ითვალისწინებს მოსალოდნელ, სამომავლო რისკებს, არაა მორგებული ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და შემოთავაზებული რეფორმა ვერ უზრუნველყოფს უახლოეს მომავალში პენსიონერების ყველა ჯგუფის დაცვას სიღარიბისგან და მომავალი თაობის პენსიონერების ღირსეულ სიბერეს.
_ კერძოდ, რა ხარვეზები აქვს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ მოდელს?
_ დაგროვებითი სისტემის ამა თუ იმ მოდელზე გადასვლა შეიძლება, მაგრამ, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ყველასთვის ნებაყოფლობითი, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს მონაწილობა ამ სქემაში, თუ არ მიიღოს და, ასევე, უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, თავისი ფული შეიტანოს სახელმწიფო თუ კერძო საპენსიო ფონდში. გარდა ამისა, დასაგროვებელი თანხა არის ძალიან მცირე. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელით, ხელფასის 2%-ს იხდის დაქირავებული, 2%-ს უმატებს დამქირავებელი და კიდევ 2%-ს უმატებს სახელმწიფო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან დასაქმებულების უდიდეს ნაწილს ხელფასი ძალიან დაბალი აქვს, 600-800 ლარის ფარგლებში, ხოლო ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, 5 ათასი ლარი და მეტი, არ აქვთ ამ სქემაში მონაწილეობის უფლება, ხოლო იმ ადამიანებს, ვისი წლიური შემოსავალიც 24 ათას ლარს აღემატება, მათ სახელმწიფო დაუმატებს არა 2%-ს, არამედ _ 1%-ს. ანუ, მთლიანობაში, ეს სქემა შეეხება უკიდურესად დაბალშემოსავლიან ადამიანებს. მათ მიერ დაგროვილი მწირი სახსრები ვერანაირად უზრუნველყოფს მათთვის საკმარის პენსიას და ღირსეულ სიბერეს. ამ სისტემაში მონაწილეობას მიიღებს დასაქმებულთა ძალიან მცირე ნაწილი იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ნებაყოფლობითია. თვითდასაქმებულებზე, გამორიცხულია, რომ საპენსიო ფონდში დღეს მათ ფული შეიტანონ, ვინაიდან უჭირთ და ისედაც კაპიკებს ითვლიან. მთელი სოფლის მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვინც სოფელში ცხოვრობს და მიწაზე მუშაობს, ამ სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს და ეს სქემა, დაახლოებით, იძულების წესით გავრცელდება, სადღაც, 300, 400 ათას ადამიანზე. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში იზრდება საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის უთანასწორობის დონე. 2016 წლის მონაცემებით მთლიანი სამუშაო ძალის მხოლოდ 37% წარმოადგენს დაქირავებით დასაქმებულს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არის თვითდასაქმებული (51%) ან უმუშევარი (12%).
ამ პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მასშტაბის ეფექტი, რომელიც ამ პროექტს ვერანაირად ექნება. როგორც მოგახსენეთ, მასში მხოლოდ მცირე ნაწილი ჩაერთვება, ისიც იძულების წესით და ეს პროექტი ვერ იქნება მასშტაბური. ეს სისტემა სავალდებულოა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ მყოფი დაქირავებით დასაქმებულებისთვის. 40 წლის ქვემოთ კი დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ 42%-ია, სულ 310 ათასი ადამიანი. ცხადია, სხვებსაც აქვთ ამ სისტემაში ჩართვის უფლება, მაგრამ ეს მათთვისაც და დამქირავებლისთვისაც იქნება დამატებითი საგადასახადო ტვირთი. დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანი გადასახადის ხასიათისაა და თავისი არსით წარმოადგენს „კვაზი-გადასახადს“, რაც დამსაქმებელს შეუმცირებს ყოველწლიურ წმინდა მოგებას და შესაძლოა, ამ შენატანისგან თავის ასარიდებლად გაიზარდოს არაფორმალური შრომითი გარიგების დადების პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ჩრდილოვან ეკონომიკას და, თავის მხრივ, შეამცირებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. რეფორმის გატარებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი დამსაქმებლები, დიდი ალბათობით, ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებლად გაითვალისწინებენ საპენსიო ფონდში განსახორციელებელი ხარჯების თავიანთ წილს, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულისთვის შეთავაზებული ხელფასი ბევრად ნელი ტემპებით გაიზრდება, ვიდრე გაიზრდებოდა ამ რეფორმის გარეშე.
_ გარდა ამისა, არსებობს რაიმე გარანტია, მე რომ დღეს მოვიკლებ და დავზოგავ, რომ 20-30 წლის შემდეგ იმ დაზოგილს ან ძალა ექნება, ან, საერთოდ, მომცემს ვინმე?
_ მნიშვნელოვანი ხარვეზი სწორედ ეგეცაა, რომ მთელი მათი ფილოსოფია აგებულია იმაზე, რომ ამ 40 წლის განმავლობაში მუდამ სტაბილური იქნება ლარიც, ფასებიც, საპენსიო ფონდში შეტანილი ფულის ინვესტირება ისე მოხდება სხვადასხვა ბიზნესებში, რომ ის ყოველთვის 6-7%-ით გაიზრდება, ანუ იდეალურ შემთხვევაში, 40 წლის შემდეგ, რაღაც პენსიას მიიღებს ადამიანი, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში ევროპულ და დასავლურ საპენსიო ფონდებს საერთოდ ეკრძალებათ ფულის განთავსება, რადგან ჩვენს ქვეყანას დაბალი რეიტინგი აქვს და აქ ფულის განთავსება სარისკოდ მიაჩნიათ. ევროპული მარეგულირებლები საპენსიო ფონდებს უკრძალავენ მსგავს ქვეყანაში ფულის ინვესტირებას. სად უნდა წაიღოს ჩვენს საპენსიო ფონდში დაგროვილი ფული ამ ფონდმა? დღეს ინვესტირების არანაირი საშუალება არაა _ ან უნდა ასესხოს ბანკებს, ან მთავრობას და რეალურად მთელი ეს ფული ხდება ბანკების საკრედიტო რესურსი ან კვლავ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინვესტირების წყაროები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ უკიდურესად სარისკო იქნება ეს და ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ ამ თანხის ზრდა ხდებოდეს. გარდა ამისა, ამ ფონდს, ცხადია, ექნება თავისი ხარჯები. პირველი სამი წელი ეს ხარჯები ბიუჯეტმა უნდა დაფაროს, მაგრამ შემდეგ მუდმივი ხარჯები ექნება და რეალურად ამ სქემის პერსპექტიულობა საქართველოს პირობებში მინიმალურია და იძულებითი წესით ამის დანერგვა არასწორია. თუ მაინცდამაინც უნდათ ამ სქემის დანერგვა, ეს უნდა იყოს ყველასთვის ნებაყოფლობითი. გარდა ამისა, ამ რეფორმის გატარება საბიუჯეტო თანხების აკუმულირებას ითხოვს და პოლიტიკური სპეკულაციის საშუალებას იძლევა, თითქოსდა მთავრობა ზრუნავს პენსიონერებზე. არადა, რეალურად, სამომავლოდ პენსიის მიღების იმედით, დღევანდელი პენსიონერები იჩაგრებიან, ვინაიდან აქცენტი გადადის არა პენსიის გაცემაზე დღეს და ადამიანების გადარჩენაზე შიმშილისგან, არამედ აქცენტია ფულის დაგროვებაზე და შემდეგ მის ინვესტირებაზე ბანკებსა თუ სხვა საინვესტიციო საწარმოებში. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სისტემის ასამუშავებლად სახსრების გამონახვა გახდება პენსიების ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი. არადა, რა თანხებიც ამ სისტემაზე უნდა დაიხარჯოს, უფრო მეტად სჭირდებათ დღევანდელ პენსიონერებს, რომ შიმშილს თავი დააღწიონ.
_ ენმ-მ დაპირება წამოაყენა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსია გახდება 400 ლარი, რასაც მომენტალურად მოჰყვა ერთი გნიასი, რომ ეს შეუძლებელია, რომ ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, ინფლაციას, მეტიც: ეს დაუჯერებელია და ცრუ დაპირებაა, მაგრამ გაუგებარია _ ან რატომაა დაუჯერებელი გაორმაგება, როდესაც, თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არსებული გაყინული პენსიები გააათმაგა, ან რატომ გამოიწვევს გაორმაგება ინფლაციას და ფასების ზრდას, როდესაც ეს არ გამოუწვევია მაშინ?
_ ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების დემაგოგიური თავის მართლებაა, თუ რატომ არ ზრდიდა პენსიას. პენსია 14 ლარიდან 150 ლარამდე გავზარდეთ და არ ყოფილა შემთხვევა, ლარს რაიმე პრობლემა შექმნოდეს. გაიხსენეთ, რა ბიუჯეტი დახვდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისიც, რა გამოწვევების წინაშე იდგა. იმ პერიოდში არა მარტო პენსიები იყო გასაცემი და გასაზრდელი, საერთოდ, ქვეყანა იყო შესაქმნელი. დაწყებული ელემენტარული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული ჯარის, პოლიციის რეფორმით. განსახორცილებელი იყო არაერთი რეფორმა და ის მწირი სახსრები უამრავ სფეროს უნდა მოხმარებოდა, ჯანდაცვა იქნებოდა, განათლება თუ სხვა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახერხებდით პენსიების ზრდას და მას გავლენა არ მოუხდენია არც ფასებსა და არც ლარის სტაბილურობაზე. ამ ხელისუფლების პირობებშიც კი პენსია ყოველწლიურად რომ გაზრდილიყო 30 ლარით, დღეს პენსია 300 ლარი იქნებოდა და არავითარი პრობლემა არ შეიქმნებოდა, რომ უახლოეს ხანში 400 ლარი გამხდარიყო, მაგრამ საბიუჯეტო ხარჯები ბიუროკრატიასა და უსარგებლო ხარჯებზე ფლანგეს, მარტო სოფლის მეურნეობაში მილიარდ ნახევარი ლარი გადაყარეს და არანაირი შედეგი არაა, სოფლის მეურნეობა არ გაზრდილა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. იყო არაერთი უსარგებლო ხარჯი და, მათ შორის, კორუფციული ხარჯებიც. მაგალითად, წელს გზებსა და სხვა სახის ინფრასტრუქტურაზე იხარჯება 1,2 მილიარდი ლარი. ძირითადად, ტენდერებს იგებენ მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები, ტენდერების კონკურენტულ პირობებში ჩატარების შემთხვევაში კი, რაზეც ახლა 1,2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს, თავისუფლად გაკეთდებოდა მილიარდად. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ტენდერები ფორმალურია, ხშირად საერთოდ ერთი კომპანია მონაწილეობს ან უამრავი შესყიდვა ხდება უტენდეროდ. რეალურად, ეს ნიშნავს კორუფციას და ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვას, მისი აღმოფხვრით კი 1,2 მილიარდის დახარჯვის ნაცვლად დაიხარჯება მილიარდი, 200 მილიონი კი პირდაპირ შეიძლება მოხმარდეს პენსიების ზრდას. პენსიების მატების მთავარი წყარო იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და კორუფციის აღმოფხვრა, მათ შორის, შესყიდვების სფეროში. სწორედ ეს სამი ფუნდამენტური საფუძველი მოგვცემს პენსიების ზრდის საშუალებას. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ პენსიები ერთ დღეში არ გაიზრდება. ეს მოხდება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირობებში. თუ ამ ხელისუფლებამ პენსიონერები კვლავც არ მოატყუა, მათი დაპირებით 2020 წლისთვის 220 ლარი უნდა იყოს პენსია. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე, პირველსავე, 2020 წელს, პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში მას 400 ლარამდე გავზრდით. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ამ დაპირებაში არაფერია არც გასაკვირი და არც დაუჯერებელი, თუ იქნება ეკონომიკური ზრდა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და კორუფციის წინააღმდეგ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ ჩაგვიტარებია და ეს იცის საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გაიზრდება პენსიებიც. ელემენტარულია, რაც ჩვენ გაგვიკეთებია ერთხელ, ამას გავაკეთებთ მეორედაც და კიდევ უკეთესად. და თუ რაიმე შეცდომა მოგვსვლია, ბუნებრივია აღარ გავიმეორებთ. ამის გამოცდილებაც გვაქვს, უნარიც და ისიც ვიცით, თუ როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა და საზოგადოებამაც იცის, რა შეგვიძლია ჩვენ, ამიტომ რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, მოსახლეობა ჩვენს დაპირებას ეჭვქვეშ არ დააყენებს. ჩვენ არც ერთხელ არ გაგვიცია ტყუილი დაპირება, თვითმმართველობის არჩევნებში არ გვითქვამს, რომ პენსიას მოვუმატებდით. რა, ჩვენ არ გვინდოდა მეტი რაოდენობით ვყოფილიყავით წარმოდგენილი თბილისის საკრებულოში, ან რაიონების საკრებულოებში? მაგრამ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მოვუმატებთ ამ არჩევნების ციკლში პენსიას, იმიტომ რომ პენსიების ზრდის რესურსი თვითმმართველობებს არ აქვს და ეს ტყუილი დაპირება იქნებოდა. პენსია ეს არის სახელმწიფო ვალდებულება და არც ერთი რაიონის საკრებულოს არ შეუძლია, პენსია გაზარდოს. ჩვენ არ ვატყუებთ მოსახლეობას და არ ვპირდებით იმას, რისი შესრულებაც შეუძლებელია, ამიტომაც არ გვიხსენებია ერთი სიტყვაც კი პენსიებზე თვითმმართველობის არჩევნების დროს, მაგრამ ახლა ვამბობთ, ვინაიდან ხელისუფლებაში მოსვლა ამის საშუალებას იძლევა და ჩვენ პროგრამა გვაქვს, როგორც საბაზო პენსიის 400 ლარამდე ზრდის სახით, ასევე პარალელურად დაგროვებით პენსიაზე გადასვლის საკუთარი მოდელით, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ნებაყოფლობითობა, _ ვისაც სურვიული ექნება, ის ჩაერთვება ამ სისტემაში და ასევე ექნება თავისუაფლი არჩევანის საშუალება, სად შეიტანოს ფული, _ კერძო თუ სახელმწიფო საპენსიო ფონდში.
_ როდესაც ეს ხელისუფლება საპენსიო რეფორმას ატარებს, ვინმე არის დაზღვეული იმისგან, რომ შემდეგი ხელისუფლება, რომელიც მოვა, არ გააუქმებს ამ ყველაფერს, როგორც მახინჯ სისტემას? ვინმე არის დაზღვეული იმისგან, რომ 40 წლის მანძილზე არც ერთი ხელისუფლება აღარ შეეხება ამათ მოჯღანულ სისტემას? ამათ სისტემას დაიტოვებს 20 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლება, რომელსაც სხვა თამასა ექნება, სხვა გამოწვევები და ა. შ.?
_ გონიერი ხელისუფლება ჯინაზე არ უპირისპირდება წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეს და თუ ის წარმატებული საქმეა, აგრძელებს, ამათგან განსხვავებით, რომლებმაც შეაჩერეს როგორც ლაზიკის, ისე შემოვლითი გზისა და სხვა არაერთი პროექტი. გონიერი ხელისუფლება არ დაიწყებს წარმატებული პროექტის გადახედვას და რევიზიას, მაგრამ რასაც ესენი ახლა აკეთებენ, თუ გამოჩნდება რომ არაეფექტიანია, დანაზოგები არ იზრდება და ხარჯიანია, ბუნებრივია, რაღაც ცვლილებებს აუცილებლად მოახდენს შემდეგი ხელისუფლება. სისტემა უნდა იყოს მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ საქმეც ესაა, რასაც ისინი დღეს გვთავაზობენ, ვერანაირად ვერ იქნება ვერც მდგრადი და ვერც სიცოცხლისუნარიანი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, სად შეიტანონ თანხა, _ კერძო თუ სახელმწიფო საპენსიო ფონდში. სხვათა შორის, დღეს ორი კერძო საპენსიო ფონდი მუშაობს, სადაც 40 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული. მათ არც დამქირავებელი უმატებს რამეს და არც სახელმწიფო, მაგრამ ისინი პირადად რისკავენ და შეაქვთ ფული იმ კერძო საპენსიო ფონდებში. ვიმეორებ: თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ სახელმწიფო საპენსიო ფონდი აამოქმედონ, ნებაყოფლობითი უნდა იყოს, როგორც საერთოდ დაგროვების სისტემაში მონაწილეობა, ასევე მათ უნდა შეეძლოთ სადაც უნდათ, იქ შეიტანონ ფული _ კერძოში თუ სახელმწიფოში. რამდენიმე წელიწადში გამოჩდება შედეგი, ზოგი გარისკავს და შეიტანს, ზოგი დაითვლის და ისე შეიტანს, ზოგს შეიძლება ინტერესი გაუჩნდეს დამქირავებლის მიერ 2%-ის წამატებისა და მთავრობის მიერ წამატებული 2%-ის მიმართ და იფიქროს, რომ უღირს გარისკვად. ამის გარდა, დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და იმ ეკონომიკურ რეფორმებს დავუბრუნდებით, რომელსაც ვატარებდით და საქართველო კვლავ გახდება მოწინავე ეკონომიკური ზრდით, შეიცვლება საინვესტიციო გარემო და დავინახავთ, დაგროვებითი პენსიის რომელი მოდელი უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება. მთლიანობაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტემპით მოხდება ქვეყანაში სიმდიდრის ზრდა, შექიმნება თუ არა ისეთი დოვლათი და ადამიანს ექნება თუ არა ისეთი შემოსავალი, რომ მას რაღაც თანხის გადანახვის სურვილი ან შესაძლებლობა გაუჩნდეს. დაგროვება ხდება მაშინ, როდესაც მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ და რაღაც გრჩება.

რეზო შატაკიშვილი