ლია გიგაური: „ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული!“

განათლების სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს სწორედ ზოგადი განათლება წარმოადგენს. უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისთვის ნებისმიერი თეორიული ცოდნის სწორად, გასაგებად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად გამზადებული გადაცემა. ბავშვზე ორიენტირებული სისტემის შემოღება კი იმ რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების მთავარი იდეაა, რასაც ახალი სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო გეგმავს.
უფრო ზუსტად, ახალ სასწავლო გეგმაზე, სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, სკოლების უსაფრთხოებასა და მათი გადაჭრის გზებზე „ქრონიკა+“ განათლების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ესაუბრა:

_ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს განათლების სისტემა და რა ეტაპზე ვართ ახლა?
_ სამინისტროს მთავარ მიზანს წარმოადგენს განათლების თანაბრად მაღალი ხარისხი ყველა სკოლაში, განურჩევლად მისი ადგილმდებარეობისა, ასევე, ბავშვზე მორგებული, მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის და არა სხვა სასკოლო სუბიექტის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. ამ მიმართულებით სვლა 10 წლის წინათ დაიწყო, რეფორმები მუდმივად მიმდინარეობს. ბევრმა დირექტორმა, სკოლის დირექციის წარმომადგენელმა, ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა თუ პედაგოგმა მასწავლებელზე ორიენტირებული სკოლის ბარიერები გადალახა, თუმცა სისტემის ზოგიერთ წარმომადგენელს მაინც მოჰყვება საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები. თეორიულად, თითქოს, ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის სკოლა, მაგრამ ბავშვზე ორიენტირებული სრულყოფილი სისტემა, ჯერჯერობით, მაინც ვერ შევქმენით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება. მხოლოდ ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო ბავშვს საშუალებას მისცემს, სრულად გამოავლინოს პოტენციალი, გახდეს აქტიური მოქალაქე და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში.
2018 წლისთვის ძალადობის წინააღმდეგ სპეციალური პროგრამა შემუშავდა, რომელიც პრევენციასა და ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ მთელ რიგ ისეთ ღონისძიებებს ითვალისწინებს, როგორიცაა ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, უგულებელყოფა, ადრეული ქორწინება, საჯარო დასჯა და ა. შ. ბულინგის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, კიბერბულინგი. თითოეულ მათგანს განსხვავებული სპეციფიკა ახასიათებს, რაც პროგრამის აქტივობების კომპლექსურობას განაპირობებს.
სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში მუშავდება მასალები, რომლის მიზანია ძალადობისა და მისი შედეგების, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მომზადდა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტები, გამოცხადდა სლოგანების, ვიდეორგოლებისა და დღიურების სასკოლო კონკურსები _ „ნაბიჯი თანადგომისკენ“, იგეგმება მოსწავლეთა მასშტაბური მარათონი და ანტიბულინგის კვირეული სკოლებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა; ამოქმედდა „ცხელი ხაზი“, მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრები მოსწავლეებთან აქციის „მოვუსმინოთ ბავშვებს“ ფარგლებში (შეხვედრები უკვე ჩატარდა 1138 სკოლაში _ 34140 მოსწავლე); იწყება შეხვედრების ციკლი მშობლებთანაც და ა. შ. იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხო, ჰარმონიულ, დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მასწავლებლის როლი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით.
2016 წლიდან მიმდინარეობს ლიდერობის აკადემიის ტრენინგები დირექტორებისთვის. დირექტორები განიხილავენ სკოლის მართვასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს, მათ შორის, მსჯელობენ და აანალიზებენ ისეთ თემებს, როგორიცაა სკოლებში ბულინგის პრევენცია, არაძალადობრივი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, თანასწორობის საკითხები, მონაწილეებმა უნდა ამოიცნონ დისკრიმინაცია სასკოლო გარემოში, იპოვონ გზები, თუ როგორ ასწავლონ მოსწავლეებს შემწყნარებლობა, პატივისცემა ინდივიდუალური და კულტურული განსხვავებების მიმართ.
უნდა შევძლოთ შევქმნათ პოზიტიური და ბავშვისთვის მამოტივირებელი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ყველანაირად უსაფრთხო იქნება თითოეული მოზარდისთვის. თანაბრად უნდა განვითარდეს ქალაქის, სოფლის, რეგიონის, მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობების სკოლა. სკოლაში ბავშვს არ უნდა ჰქონდეს შფოთი, დისკრიმინაციის შიში, მისი, ისევე როგორც სასკოლო საზოგადოების მონაწილის ღირსება უნდა იყოს დაცული. ყოველდღიური ურთიერთობები კეთილგანწყობასა და განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ახალი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების პროცესში ადამიანები ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ და უფრთხილდებოდნენ; ამის შემდეგ კი სკოლის მთავარი ამოცანა იქნება მაღალი საგანმანათლებლო შედეგები, თითოეული მოსწავლის პროგრესი. შეუძლებელია, განათლების მაღალი ხარისხი გვქონდეს იქ, სადაც უსამართლობის განცდა, დასჯის ან ჩაგვრის შიში აქვს მოსწავლეს, იქ, სადაც არ სჯერა გარშემომყოფების, კეთილგანწყობის. ბევრ საჯარო და კერძო სკოლაში შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ საგანმანათლებლო გარემო და სასკოლო კულტურა განვითარებულია. შესაბამისად, სკოლებში განათლების ხარისხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჩვენ თუ ამ წარმატების ფორმულას დავშლით და შემადგენელ კომპონენტებამდე დავიყვანთ, ვნახავთ, რომ იქ, სადაც დირექტორი და მასწავლებელი მოტივირებულია, სადაც ორიენტირი მოსწავლის წარმატებაა, შედეგები საუკეთესოა, ხოლო სადაც გარკვეული ნიჰილიზმია, თავდადება არ არსებობს, იქ შედეგებს ვერ ვაღწევთ, ანუ ყველაფერი სასკოლო საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ თანადგომის როლი: როგორც იცით, დავიწყეთ პროექტი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“. სამინისტროსა და საზოგადოების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები ხვდებიან მოსწავლეებს და მათ მოსაზრებებს ისმენენ ყველაზე მნიშვნელოვან სასკოლო პრობლემებზე, როგორია მათი გადაჭრის გზა. ბავშვები გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ მასწავლებელი საგანზეა ორიენტირებული, რაღაც აწუხებს და ვერავის ეუბნება, სახლში დაკავებულები არიან და იშორებენ პასუხით, _ მეც გადამიტანია იგივე, თვითონ მოაგვარე პრობლემებიო. ჩანს, რომ არავის აქვს დრო ბავშვების სულიერი სამყაროს თავისებურებების გასარკვევად და მათთვის დაუძლეველი პრობლემების გადასაწყვეტად, დასახმარებლად და მათი განცდების გასაზიარებლად. ამიტომ სისტემის კიდევ ერთი გამოწვევაა, რომ ინდივიდუალური მიდგომა ვისწავლოთ, ბავშვის პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და დროული რეაგირება გვქონდეს. ეს არის ჩვენი მიზანი, ამოცანა და თუ ყველა ამ პრობლემას გადავჭრით, ჩავთვალოთ, რომ ბავშვი მომავლისთვის მოვამზადეთ, რადგან ის იქნება ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, ცოდნით შეიარაღებული, ინფორმირებული, ექნება ის უნარ-ჩვევები, რაც რეალური ცხოვრებისთვის სჭირდება და გააზრებული ექნება რისკები.
მეორე: ხარისხთან დაკავშირებული ფაქტორია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების სისტემა მოსწავლეებში. სასწავლო პროცესი, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დაზეპირებაზე, დეკლარაციული ცოდნის მიწოდებაზე ორიენტირებული. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებათა სისტემის განვითარებაზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, თუმცა ასეთი გაკვეთილები მასწავლებლის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების უმრავლესობა მოსწავლეებსაც განვითარებისკენ უბიძგებს, არასტანდარტულ, აქტიური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ გაკვეთილს ატარებს, რაც მოსწავლის თვითგამოხატვას ეხმარება. ამ გზაზე სიარული ხან ეფექტიანია, ხან _ ნაკლებად.
_ რა უშლის ხელს ამ განვითარებას?
_ პირველ რიგში, ეს არის სწორედ ის სტერეოტიპები, რომლებზედაც ვსაუბრობდი და დეკლარაციული ცოდნა. არ ვამბობ, რომ ბავშვმა თეორიული მასალა და ფაქტები არ ისწავლოს, მაგრამ მხოლოდ დაზეპირებაზე ორიენტაცია და აზროვნების იგნორირება არ მოგვცემს იმ თაობას, იმ ახალგაზრდებსა და ადამიანურ კაპიტალს, რომელიც თანამედრვე გამოწვევების საპასუხოდ გვჭირდება.
სწორედ თანამედროვე მეთოდოლოგიასთან და მიდგომებთან ადაპტაციის ხარვეზები და ძველი მეთოდოლოგიით მუშაობის კომპონენტია იმის მიზეზი, რომ მასწავლებლები ზოგჯერ დაზეპირებაზე არიან კონცენტრირებულები. არის მეორე ფაქტორიც _ საჭიროა აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემისთვის ადეკვატური ეროვნული სასწავლო გეგმა, სტანდარტები და პროგრამები, რასაც ბოლო წლებია, ვამუშავებთ და სასწავლო პროცესი ამ მიმართულებით გადაგვყავს. პირველი-მეექვსე კლასების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ამ მხრივ, ბევრად განვითარებულია, ვიდრე მეორე თაობის იყო. ეს განვითარება მუდმივი და ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან გარემომცველი სამყარო და ადგილობრივი კონტექსტი იცვლება, შესაბამისად, ეროვნული სასაწავლო გეგმა უნდა პასუხობდეს არსებულ რეალობასა და გამოწვევებს. ხშირად ვამბობ, რომ შეიძლება კონკრეტულ მოსწავლეს არ ახსოვდეს ზეპირად ყველა ბრძოლის თარიღი, მაგრამ მათი ანალიზი, ისტორიული პროცესების დინამიკის, მიზეზებისა და შედეგების დაკავშირება და დღევანდელ კონტექსტში ამ მაგალითის საფუძველზე ლოგიკური დასკვნების გამოტანა უნდა შეეძლოს. ტექნოლოგიების გამოყენებით კი მალე მოძებნის, რომელ წელს მოხდა კონკრეტული ბრძოლა. სწორედ ასეთი უნდა იყოს მოქალაქე, რომელიც დღევანდელობას სჭირდება და არა ისეთი, რომელმაც ყველა თარიღი იცის ზეპირად, არაფერი ავიწყდება, მაგრამ ცოდნას ვერ იყენებს, ფაქტებს ვერ აანალიზებს. ეს არის ჩვენი გამოწვევა!
როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ მომავალი ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები, ეს გულისხმობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები განვუვითაროთ, ვასწავლოთ არგუმენტირებული, ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მიღება და არა მხოლოდ ნაცნობი, მზა მოდელით მუშაობა. ასეთი სისტემის აწყობა მხოლოდ სკოლის განვითარება კი არ იქნება, არამედ სიგნალი, რომ მომავალი საზოგადოება უფრო განვითარებულია, ვიდრე მისი წინამორბედი.
_ ზოგჯერ მსგავსი „საბჭოური“ აზროვნება საზოგადოების დაკვეთა ხომ არ არის?
_ ხშირად არის. ძალიან ბევრი კარგი პროექტი არსებობს პრობლემის გადაჭრასა და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ხშირად ის მასწავლებლები, რომლებიც თანამედროვე მეთოდოლოგიით მუშაობენ, ამბობენ, რომ მოსწავლეების მშობლებს არ მოსწონთ თანამედროვე მიდგომები, რადგან ახსოვთ საკუთარი ბავშვობა და უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ბავშვი დატვირთული, ბევრი დავალება ჰქონდეს, მასწავლებელს საყვედურობს, რატომ მიეცი საზეპიროდ მხოლოდ ერთი სტროფი?! კი ბატონო, ისწავლოს, მაგრამ ასაკის შესაბამისად ნასწავლის სწორად გააზრებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა, რაც ისწავლე, ისეთი დიდი აზრისა და შინაარსის მატარებელია, რომ გვიან მიხვდე. როცა შესწავლილი მასალის სხვა კუთხით აღქმასა და გააზრებას იწყებ, მერე ხვდები მნიშვნელობასა და სიღრმეს. შესაბამისად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა _ ცოდნა, უნარები, ღირებულებები და სწორი დამოკიდებულებები ერთ მთლიან კომპლექტში უნდა განვიხილოთ. ცოდნა მხოლოდ დეკლარაციულ ინფორმაციას არ გულისხმობს.
_ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ არის სახელმძღვანელოების პრობლემა, წიგნები სავსეა გაუგებარი ლექსიკით, არის სახელმძღვანელოს რამდენიმე არჩევანი და აბიტურიენტმა არ იცის, თუ რომელი წიგნიდან მოვა ეროვნულ გამოცდებზე კითხვები. გარდა ამისა, ჩივიან, რომ სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა. ამ მიმართულებით თუ მუშაობთ?
_ სახელმძღვანელოების პრობლემის შესახებ მე-5 წელია, ვსაუბრობთ. თუმცა აღნიშნული სახლემძღვანელოები გრიფირებული იყო და სერიოზული შენიშვნების მიუხედავად, იურიდიული საფუძველი გრიფირების შესაჩერებლად არ არსებობდა. არაერთგვაროვანი იყო საზოგადოების დამოკიდებულებაც _ სახელმძღვანელოების ნაწილი მოწონებითაც სარგებლობდა. ამასთან, 2011 წლიდან სახელმძღვანელოები სკოლის მასწავლებლების მიერაა არჩეული (გრიფირებულ წიგნებს სამინისტრო სთავაზობს სკოლებს და მასწავლებლები, შესაბამისი კათედრები განიხილავენ მათ და ირჩევენ). თუ რომელიმე მასწავლებელს სახელმძღვანელო არ მოსწონს, შესაძლებელია, მან სწორი არჩევანი ვერ გააკეთა და შემდეგ, უკვე, დანერგვის პროცესში აღმოაჩინა, რომ უფრო მოსახერხებელი სხვა ალტერნატივის გამოყენება იყო.
ზოგიერთი მოქმედი სახელმძღვანელოს ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ ზედმეტად არის ინფორმაციით გაჯერებული, გასააზრებელი მოსწავლეებისთვის არაფერია _ სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ლექსიკონის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცნებების ერთობას წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი განმავითარებელი ეფექტიც ნაკლებია, განმავითარებელი სწავლება კი თანამედროვე მიდგომების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.
დღეს, ახალი გრიფირების პირობებში, სახელმძღვანელოები არაფრისმომცემი, ზედმეტი მასალისგან განვტვირთეთ და უპირატესობა მივანიჭეთ საპროექტო სწავლებას. ველი, რომ ახალი სახელმძღვანელოები თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი იქნება, ხელს შეუწყობს მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებას.
ახალი სახელმძღვანელოები განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში, განათავსოს შენიშვნები და რეკომენდაციები. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე, შევაფასებ, რა მოიწონა, რა გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე კომისიამ.
სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს დებს ახალი სახელმძღვანელოების შექმნაში და შედეგი უნდა იყოს ადეკვატური. საზოგადოების დაინტერესება და შეფასებაში მონაწილეობა, მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ყველას სურს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული და განათლებული, სწორედ ამ სურვილის რეალიზების გამო უნდა ვიაქტიუროთ ყველამ და საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ. ყველა კომენტარი საინტერესო და მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების სიმძიმეს, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შევიმუშავეთ, ტექნიკური პარამეტრები გავაუმჯობესეთ. ამასთან, არაა საჭირო, მოსწავლემ მუდმივად ატაროს სახელმძღვანელო. მასწავლებელმა ეს პროცესიც უნდა დაარეგულიროს.
პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოს შემუშავებაში ფსიქოლოგები არიან ჩართულები, რათა ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად (პროპორციები, შრიფტის ზომა) ვიცოდეთ, ხომ არ არის ინფორმაცია ან კონტექსტი ისე წარმოდგენილი, რაც შფოთს გაუჩენს ბავშვს, ან ისეთი ქცევის ტრანსფერს მოახდენს მის ცხოვრებაში, რომ ძალადობრივი ან დისკრიმინაციული იქნება? ასეთი კომპლექსური შეფასების შემდეგ მგონია, რომ ბევრად უკეთესი სახელმძღვანელოები ჩაეშვება ახალი სასწავლო წლიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია შესაბამისი მეთოდოლოგია და პედაგოგების მზაობა. მათ დასანერგად დონორების, მაგალითად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში, თანხები ხმარდება ტრენინგებს, რამაც რეალური ეფექტი უნდა მოიტანოს. ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა განვავითაროთ. შეიძლება მათი კომპეტენცია ძალიან მაღალი იყოს საგნის ცოდნაში, მაგრამ როგორ უნდა მოაწოდოს დღევანდელ მოსწავლეს, როგორ ჩაატაროს გაკვეთილი? _ ამ მიმართულებით ყველას გვჭირდება პერმანენტული განვითარება. დღეს ლექციური მეთოდით გადაცემული გაკვეთილი აღარ იწვევს ინტერესს, თუ იგივე ინფორმაცია მას უკვე წაკითხული აქვს ინტერნეტში, ამიტომ ამ მიმართულებით არასდროს დასრულდება მასწავლებლების განვითარების საჭიროება.
_ ანუ გაგრძელდება მასწავლებლების გადამზადება?
_ დიახ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება პერმანენტულად გაგრძელდება, მათ შორის, გამჭოლ თემებზე იქნება ორიენტირება აღებული. დიდი ყურადღება მიექცევა ძალადობისა და ბულინგის პრევენციის საკითხებს, ასევე, ინკლუზიური განათლების საკითხები წამოიწევს, მნიშვნელოვანი იქნება ტექნოლოგიების ინტეგრაციის საკითხი, რასაც ცალკეული მოდულები დაეთმობა. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს საგანთა შორის კავშირები დაანახვოს. ეს ამთლიანებს ცოდნას, კრავს მიღებულ ინფორმაციას. ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება ცოდნაზე, პრაქტიკაზე და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით კომპეტენციაზე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დაანახვოს მოსწავლეებს მიღებული ცოდნის რეალობასთან კავშირი, სწორედ ეს აჩენს ინტერესს. რეალობისგან მოწყვეტილი ცოდნა ბავშვისთვის არ არის საინტერესო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლებსაც სჭირდებათ მოტივაცია, მნიშვნელოვანია მათი აღიარება და დაფასება! მასწავლებლების დიდი ნაწილის დემოტივაციის მიზეზად იმას ვხედავ, რომ საზოგადოება მუდმივად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს სკოლას და ამით მასწავლებლის პრესტიჟსაც დაბლა სწევს. მინდა, ყველას შევახსენო, თუ მათ შვილებს არ სჯერათ მასწავლებლების, მათი განათლება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ნდობა და რწმენა უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგადად, მასწავლებლის პრესტიჟს თვითონ მისი საქმიანობა ამაღლებს და, მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან მისი საქმიანობის დაფასება, აღიარება! ესეც ჩვენი სისტემის გამოწვევაა.
მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეთ, არსებული რესურსების პირობებშიც ვახერხებთ, პერმანენტულად გავზარდოთ მათ ანაზღაურება. მომხრე ვარ, რომ მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალი იყოს ქეყანაში, რადგან უმნიშვნელოვანესი რაც ჰყავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არიან მათი შვილები. ჩვენი ქვეყნის მომავალს სწორედ მასწავლებლებს ვანდობთ.
_ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია შევეხოთ სკოლის უსაფრთხოებას. რამდენად უსაფრთხო ინსტიტუციაა სკოლა დღეს?
_ სკოლა ის ინსტიტუციაა, სადაც უამრავი ბავშვი, ახალგაზრდა, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი იყრის თავს. თვითდამკვიდრების სურვილი და შინაგანი გამოწვევები ყველას აქვს. საჭიროა მოუდუნებელი ყურადღება. ჩვენი ვალია, ყველა პირობა შევქმნათ იმისთვის, რომ რისკები მინიმუმადე დავიდეს.
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსაკუთრებული როლი აკისრია _ მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება. სწორედ მაღალი სამოქალაქო ცნობიერება წარმოადგენს უმთავრეს იარაღს ნებისმიერი სახის დანაშაულისა და ძალადობის პრევენციისთვის.
ჩვენი მთავარი მისია ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კომპლექსური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა, თუმცა სათანადო ყურადღებას საჭიროებს შემთხვევაზე დროული რეაგირება.
პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ძალადობის წინააღმდეგ მთელ რიგ აქტივობებსა და პროექტებს. ეს საკითხები აქცენტირებულია ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში; მასწავლებელთა გადამზადების კურსებში; სკოლაში რეფერირების პროცედურებზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებისა და მონიტორინგის პროცესში; მშობელთა განათლების პროგრამაში; ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრისა და მანდატურის გადამზადების პროგრამებში.
ჩვენ პერიოდულად ვაახლებთ უსაფრთხო სკოლის სტრატეგიას. მნიშვნელოვანია, რომ ფორმალური განათლების ფარგლებში გაფართოვდა სამოქალაქო განათლების ელემენტი.
გარდა ამისა, კლასგარეშე პრევენციული პროგრამების მთელი სპექტრი გვაქვს, თუმცა იგი ყველა სკოლაში თანაბრად შეთავაზებული და თანმიმდევრული არ არის. აღმოჩნდა, რომ ფრაგმენტული მიდგომები მთლიან ფონს არ ქმნის, მეტი ძალისხმევაა საჭირო.
ვგეგმავთ, ამ მიმართულებით ღონისძიებებში კლასის დამრიგებლები ჩავრთოთ; ასევე ვიმუშავოთ სამართლებრივი კულტურის მიმართულრებით; გვეყოლება უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც გადამზადებას გაივლიან და კანონმდებლობის საკითხებზე მეტ ინფორმაციას მიაწვდიან ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე; ფართოვდება ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით პროგრამებიც; იფუნქციონირებს ბევრი სპორტული კლუბი, საზაფხულო ბანაკები, საზაფხულო სკოლები. მაგალითად, სკოლა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ უფრო მრავალფეროვანი გახდება; გააქტიურდება სასკოლო ოლიმპიადა; სპორტი მეტად მასობრივი გახდება სკოლებში. აღსანიშნავია, რომ სპორტული ფედერაციები, ამ მხრივ, ძალიან გვეხმარებიან!
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ მასწავლებლები გადამზადდებიან დესტრუქციული ქცევის იდენტიფიკაციის (სადაც რისკი გმოვლინდა, მასწავლებლების გადამზადება ამ მიმართულებით ერთი წელია, მიმდინარეობს) შესასწავლად, ასევე, პერმანენტულად ხდება მანდატურების გადამზადება როგორც ჩვენი, შიდა, ასევე NASRO-ს (მანდატურების საერთაშორისო ასოციაცია) პროგრამებით. გადავამზადეთ რეფერალზე პასუხისმგებელი პირები, ისინი, რომლებიც სკოლაში პასუხს აგებენ, მსხვერპლის ან ძალადობრივი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევა გადაამისამართონ ფსიქოლოგიურ სამსახურში, რიგ შემთხვევაში კი მიმართონ სოციალურ სამსახურს ან სამართალდამცველებს.
ერთი ან ორი ტრენინგი საკმარისი არ არის, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში სჭირდება ტრანსფერი და, ხშირად, უკუკავშირის დროს წამოსული კითხვები იმის ეჭვს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტად და აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.
დღეისთვის მასშტაბურ კამპანიას ვაწარმოებთ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს უკვე ურიგდებათ სარეკომენდაციო ფლაერები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ძალადობის შემთხვევაში. იქმნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია და რეკომენდაციები ძალადობის იდენტიფიცირებისა და სწორი რეაგირების მიმართულებით. ხშირად ვერც მოზარდი და ვერც უფროსი ვერ ხვდება, რომ მის მიმართ ძალადობა ხორციელდება, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერბულინგი. მაგალითად, როცა ამბობენ, მანდატურმა როგორ ვერ შეამჩნია მოსწავლეთა შორის დაპირისპირებაო და იწყებენ მოკვლევას, აღმოჩნდება, რომ იგი მართლაც შეუმჩნეველი იყო, რადგან კონფლიქტი მობილური შეტყობინებებით და ინტერნეტით მიმდინარეობდა.
მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ ციფრულ მოქალაქეობასა და მედიამეცნიერებაზე. ციფრული მოქალაქეობა არის ახალი მიმდინარეობა მთელ მსოფლიოში, სადაც კი განათლების სისტემას თანამედროვეობაზე აქვს პრეტენზია _ ეს არის ციფრულ სამყაროში ცხოვრების წესების ცოდნა, რა უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები გვაქვს, როგორ მოვახდინოთ რისკების იდენტიფიკაცია და ვის მივმართოთ დასახმარებლად. რაც შეეხება მედიაწიგნიერებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ტიპის მედიით მიღებული ზღვა ინფორმაციის დამუშავების, გაფილტვრისა და სარგებლის მიღების უნარის განვითარება უკვე მე-3 მე-4 კლასებიდან უნდა დაიწყოს; საგანში „მე და საზოგადოება“ უკვე არის ის რისკები გათვალისწინებული, რაც ინტერნეტის მოხმარებას ახლავს.
_ რაც შეეხება რაიონის, სოფლის, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობების სკოლებს, რამდენად ხშირია მათზე მიყოლა და ყველა საჭირო სერვისის შეთავაზება?
_ თუ კვლევებზე დაფუძნებით და საშუალო მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, ცალსახად ჩანს, რომ რეგიონის სკოლები მიღწევებში ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს და ეს განსხვავება განსაკუთრებით იკვეთება ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. მერწმუნეთ, ბევრი გამოწვევა და იმაზე მეტი პრობლემა გვაქვს იდენტიფიცირებული, ვიდრე შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს აღქმული. გადაჭრის გზებიც მოფიქრებული გვაქვს, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ სამინისტროს შენობაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან დირექტორები, მასწავლებლები, საგნის სპეციალისტები.
კითხვას რომ მივუბრუნდეთ, მიუხედავად კვლევების სისწორისა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ყველა სოფლის ან რეგიონის სკოლაში უფრო დაბალი სწავლების ხარისხია, ვიდრე რომელიმე ქალაქის სკოლაში. რეგიონებში ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე და მასწავლებელი გვყავს, ბევრი კარგი სკოლაა. რეგიონების პრობლემა განსხვავებული პირობებია _ არ არის კვალიფიციურ პედაგოგებზე, თანამედროვე მეთოდებზე, სწავლა-სწავლების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, რაც აუცილებელი პირობაა შედეგების მისაღწევად.
რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ამ სეგმენტშიც გვაქვს წარმატებული სკოლები, მაგრამ პრობლემაა არაქართულენოვანი მასწავლებლების კვალიფიკაცია. სახელმწიფო ენის ცუდად ფლობისა და მშობლიურ ენაზე პროფესიული განვითარების ღონისძიებების სიმცირის გამო, შედარებით დაბალია მათი პროფესიული განვითარების ტემპი და ხარისხი. თუმცა ბოლო ორი წლია, რაც მათ ქართულ ენას ინტენსიურად ვასწავლით, სახელმწიფო ენაზე რესურსებთან წვდომა და კოლეგებთან კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანი პირობაა პროფესიული განვითარებისთვის. გარდა იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლის გაგზავნის რეგიონული პროგრამებია, ბოლო წლებში ძალიან დაგვეხმარა 1+4 პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულები წელს დაბრუნდნენ სკოლებში, როგორც დამხმარე მასწავლებლები. დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლებში მათი დასაქმებით ძალიან კარგ შედეგებს მივიღებთ.
ჩვენი მიზანია ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ამისთვის რეგიონებში არ უნდა გვქონდეს ახალგაზრდა კადრების, (განსაკუთრებით მასწავლებლების) დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტურ სკოლებზე პროგრამები გვაქვს და დამატებით დაფინანსებას ვთავაზობთ რეგიონებში წამსვლელებს, მსურველი მაინც ძალიან ცოტაა.
ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ დისტანციურ განათლებაზე. მინისტრის მიერ ინიცირებულია ძალიან საინტერესო დისტანციური განათლების პროგრამა „ევრიკა“, რომელიც საქართველოს ნებისმიერ სკოლას ონლაინ რეჟიმში მიაწვდის მისთვის საინტერესო და სახალისო გაკვეთილებს, რომელსაც დარგის ცნობილი სპეციალისტები წარმართავენ. პროცესი ინტერაქტიური იქნება, ელექტრონულად სწავლების შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზას წარმოადგენს.
ახალი, მესამე თაობის სასწავლო გეგმა კი ყველა სკოლაში დაინერგება 2018-19 სასწავლო წლიდან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დროულად გვქონდეს კარგად თარგმნილი სახელმძღვანელოები ეთნიკური უმცირესობების ენებზე. არაქართულენოვან სკოლებში მოქმედი პირველი-მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები შეიცვლება, ბილინგური სწავლების არაეფექტიან მოდელს ახალი, საგანთა გამიჯნული სწავლების მოდელი ჩაანაცვლებს. შესაბამისად, გადამზადდებიან მასწავლებლებიც, რადგან ახალ გამოწვევას ახალი ენერგიით და მონდომებით უნდა უპასუხონ.
_ მნიშვნელოვანი თემაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მეთოდები. ცნობილია, რომ სკოლებში არის ლაბორატორიები, თუმცა არ ხდება მათი გამოყენება, ასევე, უმეტესად, არ ტარდება სპორტის გაკვეთილები, თუმცა რესურსი, თანხები მაინც იხარჯება ამ მიმართულებით.
_ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი განსაკუთრებული პრიორიტეტია. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის“ ფარგლებში გადამზადდნენ საბუნებისმეტყველო საგნების, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლები. მასწავლებლების ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებდა პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებისა და ლაბორატორიების გამოყენების მეთოდიკასაც. სხვანაირად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება არაეფექტიანია; თუმცა ბევრ სკოლას არ აქვს ლაბორატორია და, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან კარგ ელექტრონულ რესურსებს ვთავაზობთ სკოლებს. ამავე პროექტის ფარგლებში სკოლებისთვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები შევიძინეთ. თუ რომელიმე სკოლას ლაბორატორია არ გააჩნია, შეუძლია ითანამშრომლოს სხვა ახლომდებარე სკოლასთან და რესურსები გაიზიაროს. ამაზე არაერთხელ გვქონდა რეკომენდაცია. მთავარია, სურვილი და ყველა საკითხის გადაჭრა შესაძლებელია!
რაც შეეხება სპორტის გაკვეთილებს, ყველა კლასში სავალდებულოა. ბევრი სკოლა გვაქვს ისეთი, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს ან თუ არის, ცუდ მდგომარეობაშია. 2700-ბავშვიან სკოლაში ცხრილი ისე ვერ აიგება, რომ დარბაზში ყოველდღე ყველა ბავშვი მოხვდეს, მაგრამ შეიძლება მოქნილი მიდგომა შევიმუშავოთ, შეუძლიათ სპორტის გაკვეთილი შაბათს დაგეგმონ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიდგომა შევცვალეთ, არ გვაქვს კონკრეტული სპორტის სახეობის სწავლებაზე ორიენტაცია, მნიშვნელოვანია ფიზიკური აღზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბევრი აქტივობის ჩატარება ეზოშიც შესაძლებელია, თუ სხვა ინფრასტრუქტურა არ არსებობს. გეგმის მიხედვით, ხორციელდება სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში. ამ პრობლემის გადაჭრაში სპორტული ფედერაციებიც აქტიურად არიან ჩართული. ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით, შარშან სპორტის მასწავლებლების გადამზადების პარალელურად, 400-ზე მეტ სკოლაში ასევე გადამზადდნენ მანდატურები. მათ სპორტული წრეების შექმნა დავავალეთ, რათა ბავშვები ევარჯიშებინათ. მთავარია, ბავშვი გრძნობდეს, რომ ეს აქტივობა მისთვის კარგია და ენერგია, რომელიც მას აქვს, სწორედ სპორტში ან ხელოვნებაში უნდა დახარჯოს. მაშინ ნაკლებია იმის რისკი, რომ იყოს ბულერი ან მსხვერპლი.
რელიგიის ისტორიისა და კულტურის სწავლებასთან დაკავშირებით კი მსჯელობა მიმდინარეობს, თუ რა ფორმით და როგორ უნდა განხორციელდეს იგი. ამ კუთხით სამუშაო ჯგუფის შექმნა მალევე დაიგეგმება, ის ჯერ დაკომპლექტებული არ არის, ამიტომ ამ საკითხების დამუშავება არ დაწყებულა.
_ საუბრობდნენ სკოლებში ფსიქოლოგებისა და ექთნების შეყვანაზე. იგეგმება თუ არა ამის განხორციელება და რა შედეგს მოიტანს იგი?
_ უკვე 500-მდე სკოლაში გვყავს ექიმი, იმ რაიონების სკოლებში კი, სადაც ექიმის კადრის დეფიციტია (ექიმის კვალიფიკაციას არავინ ფლობს ან უკვე დასაქმებულია), ექთნები დავასაქმეთ. მცირე სკოლები, სადაც 30-50 მოსწავლეა, მიბმულები არიან იმ ლოკაციაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაზე. ზოგჯერ კი ამბულატორიები სკოლის გვერდით ფუნქციონირებს. გადამზადებული გვყავს სპორტის მასწავლებლები გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
დღეისთვის შვიდი ფსიქოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც სკოლებს ემსახურებიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და გადავწყვიტეთ, ყველა რესურსცენტრში დავასაქმოთ ფსიქოლოგი. გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალური მუშაკებიც გვეყოლება სკოლებში. ახლა კრიზისული რეაგირების ჯგუფს ვაკომპლექტებთ, ამ კუთხით სკოლებს ეყოლებათ გადამზადებული ფსიქოლოგი, პედაგოგი, სოცმუშაკიც და განსაკუთრებულ შემთხვევაში მომუშავე ადამიანებიც. გარდა ამისა, ფსიქოლოგები დიდ სკოლებს თავიანთი დაფინანსებითაც ჰყავთ დასაქმებული.
საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისეთი განწყობა აქვს, რომ მათ შვილებს ფსიქოლოგი არ სჭირდებათ, როცა რეფერალი ფსიქოლოგთან ხვდება, შეიძლება ამ ჯგუფმა უარი თქვას ამ სერვისზე, მაგრამ მეორე ნაწილი იმდენად პროგრესირებს, რომ თვითონ ითხოვენ ფსიქოლოგების ჩართვას და მგონია, რომ ძალიან მალე არ გვექნება ეს დისბალანსი. საერთოდ კი ნდობა უნდა გვქონდეს ფსიქოლოგის, მანდატურის, მასწავლებლის მიმართ და ოჯახს უნდა სჯეროდეს, რომ ის არის პარტნიორი და დამხმარე.
_ იგეგმება მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. რა სახით იქნება ეს, _ კვლავ სამეურვეო საბჭოს მსგავსად?
_ სამეურვეო საბჭო სკოლის მართვის ორგანოა და მასში მშობლები არიან წარმოდგენილი, თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრობა არ ნიშნავს, რომ სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მშობელს წვდომა აქვს.
სამეურვეო საბჭო შესაძლოა, წელიწადში რამდენჯერმე შეიკრიბოს. მშობლისთვის სკოლის მართვაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია საკუთარი შვილის ყოველდღიურობაში ჩართვა. სკოლას, ოჯახსა და ბავშვს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და პარტნიორული ურთიერთობა უნდა იყოს. რაც უნდა დაგეგმოს სახელმწიფომ ან სკოლამ, თუ გვერდით ოჯახი და მშობელი არ დგას, არაფერი გამოვა, თუ ოჯახი ნდობას არ უცხადებს სკოლას და მასწავლებელს, მას მაღალი შედეგების მიღწევა გაუჭირდება!
მშობელი განათლების სისტემის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და არასოდეს ჩერდებოდეს. ცხოვრებისთვის მომზადებაზე რომ ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელი მოსწავლეები, 5-10 წლის შემდეგ, აქტიური მოქალაქეები იქნებიან, ამიტომ დღეს რა ცოდნას და შესაძლებლობებსაც ვაძლეთ ბავშვს, ის მომავალ ცხოვრებაზე უნდა იყო გათვლილი. სწორედ ამიტომ ვერ გაჩერდება განათლების სისტემა ერთ ადგილზე, ის პროცესების განვითარების წინმსწრები უნდა იყოს და პირველი უნდა პროგნოზირებდეს. ამას უნდა ითხოვდეს მშობელი სკოლისგან.
თუკი სკოლის, მშობლების ძალისხმევით და, ზოგადად, საზოგადოების მხარდაჭერით ეფექტიანად მოხდება ჩვენი გეგმების იმპლემენტაცია, შედეგს ძალიან მალე მივიღებთ, პროგრესი ხელშესახები იქნება ორ წელიწადში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ისეთი აქტივობა შეიძლება დაგეგმო, რომელიც სწრაფ ეფექტს მოგცემს, მაგრამ მას შემდეგ შენარჩუნება, მიყოლა და განვითარება სჭირდება.
მგონია, რომ ის, ვინც განათლების სისტემასთან არის დაკავშირებული, არასდროს უნდა ჩერდებოდეს, სულ უნდა ჰქონდეს განვითარების მოტივაცია. რაც მთავარია, ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვზე. არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სკოლა და გარემო, საუკეთესო რესურსები, ინფრასტრუქტურა, სისტემა, რომლისაც საზოგადოებას სჯერა.

ნინო ტაბაღუა