„სითი პარკის“ ნაცვლად „კალა პარკი“?

დედაქალაქის ხელისუფლებაში მიმდინარე ბოლო პროცესებს „ქრონიკა+“-თან თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი აფასებს:
_ დიდი დრო არ დასჭირვებია კალაძეს, საკუთარი თავი კარგად რომ ეჩვენებინა და ნარმანიზაციის პროცესი დაეჩქარებინა. უნდა ვაღიაროთ, რომ კალაძე ამ მიმართულებით ბევრად „წინ წავიდა“, ვიდრე ნარმანია იყო, თავის დროზე, გაჭრილი.
თუ წინა მერმა პროკურორის შვილს სწავლა დაუფინანსა ბიუჯეტიდან, ახალმა მერმა მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს 30 000 ლარი გადაურიცხა იმავე ხაზინიდან.
წარმოუდგენელი სითავხედე და დანაშაულია, როცა საბიუჯეტო სახსრებს ასე განკარგავ. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უსწრაფესად საქმე აღიძვრებოდა და ვირის აბანოში უკრავდენ თავს ბატონ კალაძეს. თბილისის სარეზერვო ფონდიდან გამოყო ეს თანხები და, ფაქტობრივად, ვერც ვერავინ გავიგებდით, რომ არა კეთილსინდისიერი თანამშრომლები, რომლებიც, ჯერ კიდევ, შემორჩნენ მერიას.
მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები ვართ და საჯაროს გარდა სამსახურებრივ ინფორმაციაზეც მიგვიწვდება ხელი, სარეზერვო ფონდი დახურულ სივრცედ აქციეს და, ფაქტობრივად, იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუ ვის ურიცხავენ ათი ათასობით ლარს.
მას შემდეგ, რაც ეჭვი შეგვეპარა და მოძიება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მილიონერმა კალაძემ მილიონერ გაჩეჩილაძეს ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გადაურიცხა. ჯანმრთელობის პრობლემას არავის ვუსურვებ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ გაჩეჩილაძე სხვა მოქალაქეებთან შედარებით უპირატეს პირობებში ჩააყენეს? ასობით ადამიანი იღუპება უსახსრობის გამო, ზოგს ოპერაციის ფული არ გააჩნია, ზოგს _ მედიკამენტის. მათ შორის, სამწუხაროდ, უამრავი ბავშვია, რომლის ოჯახსაც არ აქვს საშუალება, რომ შესაბამისად უმკურნალონ და ამ დროს რა ხდება? _ სრულიად უსირცხვილოდ ბიუჯეტი დეკლარირებულ მილიონერს აფინანსებს!
კალაძეს ძალიან ბევრი მილიონი აქვს და თუ მაინცდამაინც მეგობრის დახმარება უნდოდა, საკუთარი ჯიბიდან გაეღო ეს თანხები, მისთვის „მზესუმზირის თანხაა“ ეს 30 000 ლარი. მაგრამ ასე რატომ ხდება? როცა რეალურად ბიუჯეტი საკუთარ საფულედ აქციეს.
მერიაში დახმარების სათხოვნელად რომ მიდიხართ, შემოსავლების სამსახურიდან გთხოვენ საბუთს, რომ არსად არაფერი გერიცხებათ და სრულიად უქონელი ხართ. ეს ხდება, თუნდაც, 100-ლარიან დახმარებას რომ ითხოვდე. ამ შემთხვევაში რა სტანდარტით იხელმძღვანელეს? რა საბუთები წარადგინა ამისთანა გაჩეჩილაძემ? კიდევ ერთხელ, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ელემენტარული სირცხვილი უნდა იქონიონ, რომ გაჭირვებული ადამიანების თანხა თავად არ მიითვისონ და კალაძეს რომ სირცხვილი ჰქონდეს, სალაპარაკოს არ გახდიდა ამ თანხას და თავად გადაიხდიდა.
ჩვენ უკვე მივმართეთ აუდიტის სამსახურს, რომელმაც უნდა შეისწავლოს კონკრეტული საქმე და გამოიკვლიოს ის დანაშაულებრივი გადაცდომები, რაც შემდგომში გამოძიების დაწყების საფუძველი გახდება.
თუ პრეცედენტი არ შეიქმნა და კალაძეს პასუხი არ ვაგებინეთ, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება და პირდაპირი მნიშვნელობით გაგვყვლეფენ ჩვენც და ბიუჯეტსაც.
სხვათა შორის, კალაძე საძმაკაცოსთვის და პარტიისთვის ბიუჯეტის თანხებს რომ არ იშურებს, ეს სახალხო დამცველის აპარატმაც დაგვიდასტურა, როცა საახალწლო ნაძვის ხის სლოგანზე, „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, დასკვნა მოგვწერა და გვიპასუხა, რომ საბიუჯეტო სახსრები კალაძემ პარტიული რეკლამისთვის გამოიყენა; ახალ წელს ამ სლოგანს რეკლამის სახე ჰქონდა, რაც ბიუჯეტმა გადაიხადა.
ახლა მნიშვნელოვანია, ეს საქმეც ბოლომდე მივიდეს და შეუშვან თავებში, რომ ბიუჯეტი მათი საფულე არ არის და პარტიული და ძმაკაცური ნიშნით გამოყენება დასჯადია.
წარმოიდგინეთ, ქალბატონ იამზე ფოცხვერაშვილს, რომელიც ვარკეთილის მესამე მასივში ცხოვრობს და მისი სოციალური ქულა 1000-ია, 150-ლარიან მედიკამენტებზე სამგორის გამგეობამ უარი უთხრა. ამის შემდეგ თავად ჩავედი გამგეობაში და გამგებლის მოადგილე შემპირდა, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდნენ.
არ გაინტერესებთ, რა მოხდა? მეორედაც უარი მოუვიდა. ახლა გამგებელს დავურეკე და მიპასუხა, რომ ამ რამდენიმე დღეში 150 ლარი ჩაერიცხება. ხომ წარმოგიდგენიათ? ერთი თვეა, ეს პინგ-პონგი გრძელდება 150 ლარის გამო და თან ყველაზე დაბალი ქულა რომ აქვს, ისეთი მოქალაქისთვის. ეს წარმოუდგენელი უსამართლობაა და მეტი არაფერი: ბიუჯეტის „ფაროსნები“, რომლებიც საკუთარ ძმაკაცებსა და პარტიულ აქტივს უნაწილებენ მოსახლეობიდან აკრეფილ გადასახადებს.
აქ პრობლემა განათლებასა და კრიმინალურ მენტალიტეტშია. მერის და ქურდული სამყაროს სიყვარულის ამბავი ყველასთვის ცნობილია, ახლა ამას არ დასჯერდა და მთავრობაშიც ამ მიმართულებით მიდრეკილი ხალხი ჰყავს. ის, რომ მისი რჩეული დეპუტატი კორუფციაში ამხილეს და დააკავეს, ესეც ცნობილი ამბავია. სარევიზიო კომისიის წევრი დაიჭირეს, ანუ ის, ვისაც სხვა უნდა ეკონტროლებინა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ხალხი ჰყავთ შერჩეული?
ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ გელა ჩივიაშვილი, რომელიც სოციალური სამსახურის უფროსია, 2011 წელს ნასამართლებია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის, რაც აღიარა და საპროცესო გაუფორმეს. ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებას მის სამსახურზე საქმე აქვს აღძრული 182-ე მუხლით, რაც, ფაქტობრივად, იდენტური დანაშაულია და საქმე ეხება შშმ პირების თანხების მითვისებასა და გაფლანგვას.
აქაც უპრეცედენტო საქმესთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვოს, ჩივიაშვილი აგრძელებს მუშაობას. აი, ასეთი „პასუხისმგებლიანი“ ხალხია დღეს დედაქალაქის მთავრობაში.
რამდენიც არ უნდა მეძახონ, რომ მარგინალი ვარ და, თურმე, არასწორ ინფორმაციას ვავრცელებ, შემდეგ ყველაფერი „ცხვირში ხვდებათ“. მათ შორის, დაკავებული დეპუტატებიც. ჩივიაშვილის სამსახურის საქმეზე ამავე ხელისუფლებამ საქმე აღძრა 182-ე მუხლით და ესეც მე ხომ არ ვარ?
ახლა, ახალი „სპორტი“ მოიგონეს და დებატებში არც ერთ ეთერში არ მიჯდებიან. ამით ვის რას უშავებენ? მე რომ არ მედებატებიან, ამით ქალაქი აშენდება? მაგრამ სალაპარაკოც არაფერი აქვთ და ამიტომაც მერიდებიან ეთერებში. იციან, არ დავზოგავ არავის და სიმართლეს ვიტყვი.
კრიმინალს, კორუფციასა და ბიუჯეტის ხვრას სისულელეები და ანეკდოტებიც დაამატა მერმა. დღის ეკონომიკა ხომ ააყვავეს და ახლა ღამის ეკონომიკის სამსახური უნდა შევქმნა და ავაყვავო ღამის ეკონომიკაო. ხალხი დღისით ვერ დაუპურებიათ და ყურადღება ვერ მიუქცევიათ, ამათი ღამის ეკონომიკა რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ?
გამოვა, გაიპრანჭება, გააკეთებს კომენტარს კამერებთან და იმის იქით არაფერი ხდება. გარდა იმისა, რომ ბიძინას ხეების დამტარებელ კომპანიებს უტენდეროდ 50 მილიონს აძლევს და მილიონერ ძმაკაცებს 30 000 ლარს, კრიმინალებით და ქურდბაცაცებით გაავსო თბილისის მერია.
ამ ყველაფრის შემდეგ მიხვდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, თორემ გადაასწრო ნარმანიას და ამიტომ ასე უცბად „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუწყვიტა. ძალიან კარგია და ყველა ვთანხმდებით, რომ „სითი პარკი“ გასაშვები იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისე სულელურად გაუშვა, ათობით მილიონი იზარალოს თბილისმა და თბილისელებმა.
ასევე მნიშვნელოვანია, რა იქნება ამის შემდეგ? თუ ამ „სითი პარკს“ კალა პარკი ჩაანაცვლებს, რა აზრი აქვს? ან გადასახადები თუ იგივე იქნება _ მოიმატებს? თუ ევაკუატორით ისევ გადაიყვანენ ავტომობილებს, ამით თბილისელები რას იხეირებენ? ახალი საპარკინგე ადგილებიც თუ არსად ჩანს, ამ დროს რა ხდება? ანუ „სითი პარკის“ ნაცვლად სხვა რომ დაწერს ამ ჯარიმებს ან ევაკუატორით წაიყვანს, პრობლემა მოგვარდა?
აქედანვე იცოდეთ, რომ პარკირება გაძვირდება და ამათ ხელში ეგ „სითი პარკი“ სანატრელი გახდება. პლუს ამას, დავაც თუ მოგვიგეს და ათობით მილიონი წაგვართვეს, მერე კალაძეს თავად უნდა გადაახდევინო ის ჯარიმა! ინვესტორი უნდა მოეძიებინათ, „სითი პარკისთვის“ თანხა გადაეხადათ, ახალი საპარკინგე ადგილების ვალდებულება აეღო და ეს იქნებოდა საქმე. ახლა რას გვთავაზობენ? ყველაფერი იგივე დარჩება, უბრალოდ, კომპანია აღარ იქნებაო. მოკლედ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ელოდეთ პარკირების გადასახადის გაზრდას და „კალა პარკის“ გამდიდრებას.

„თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს“, _ ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
„თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და მიზანია, თბილისი თანამედროვე, კომფორტული ქალაქი იყოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვედით და თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, სამუშაო დღე ამ მიზნის განხორციელებისკენაა მიმართული. ჩვენ მიერ დასახელებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე, მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა“, _ განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე.
„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევურიგდები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, დღესდღეობით, საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.
„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, _ განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს, რომელიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გატარდება.
შეხვედრაზე საუბარი კომპანიის მხრიდან მოვალეობების გადაბარების პროცესს შეეხო. ასევე აღნიშნა, რომ 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას კვლავ „სითი პარკი“ განახორციელებს. 10 აპრილის შემდეგ კი პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.
„შეხვედრის მიზანია, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ის ორგანიზაციული ღონისძიებები სათანადოდ გავატაროთ, რომელიც პარკირების სისტემის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად არის საჭირო. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მათთან ერთად მოგვიწევს იმისთვის, რომ პროცესები სათანადოდ გადმოვიბაროთ“, _ განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
„სითი პარკის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გადაბარების პროცესს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რათა ქალაქში პარკირების მენეჯმენტი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.
„დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც გადაბარების პროცესთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ გადაბარების პროცესი, რომელიც ქალაქში პარკირების მენეჯმენტს არ დააზიანებს“, _ განაცხადა კომპანიის იურისტმა ნანუკა ავალიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე.
ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გამოყოფას:
„ლევან გაჩეჩილაძის შემოსავლები და გასავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია, არ ვიცი, ბატონი ლევან გაჩეჩილაძის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია“, _ ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თბილისის მერია არ არის პირველი, ვინც გაჩეჩილაძე დააფინანსა. ჩივიაშვილს არ ესმის, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, მერიამ დააფინანსა.
„რეალურად, გვარისა და სახელებისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია. ჩვენ დავაფინანსეთ ასევე გიო ხუციშვილი და ვანო ზოდელავა. დავაფინანსეთ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციაში მძიმე დაავადება აქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მეოთხე სტადიის ონკოლოგიური დაავადება. როცა დაავადების მკურნალობისთვის ასიათასობით ლარია საჭირო, რეფერალური გადახდით ხდება ამ ადამიანების დაფინანსება. კონკრეტულ შემთხვევაშიც ანალოგიური ფაქტი იყო. გაურკვეველია, რატომ გახდა აჟიოტაჟის საგანი, ვინაიდან ანალოგიური ფაქტები ადრეც იყო. არაერთი ადამიანი, მათ შორის, მერიის მაღალჩინოსანი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, იმას კი არ ვაკრიტიკებთ, თუ რატომ დაფინანსდნენ ონკოლოგიური ავადმყოფები, უბრალოდ, გასაკვირია, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, დააფინანსა მერიამ“, _ განაცხადა ჩივიაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ ლევან გაჩეჩილაძე დეკლარირებული მილიონერია და შეისწავლა თუ არა მერიამ დაფინანსებამდე ეს საკითხი, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ „შემოსავლები და გასავლები მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის“:
„არ ვიცი, ბატონი ლევანის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია. პირადად ვფიქრობ, რომ მძიმე ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა უნდა დაფინანსდეს. ადამიანის მკურნალობა და ჯანმრთელობა განსჯის საგანი არ უნდა გახდეს“, _ აღნიშნა სამსახურის უფროსმა.
კითხვაზე, _ ხომ არ გეგმავს მერია, დაფინანსებამდე მიზნობრიობის საკითხსა და მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობას გადახედოს, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს პროგრამები, რომელთა განხორციელებისას ამის შესწავლა ხდება.
„არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რაც, ცხადია, ამას გულისხმობს, მაგრამ როდესაც რეფერალური დაფინანსებაა, ან სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება, ეს გულისხმობს სხვადასხვა ადამიანის დახმარებას და შესაბამისად, ეს არ ითვალისწინებს დეტალურ შესწავლას. ასეთ დროს დაფინანსება ხდება კონკრეტულ მომენტში, ორ-სამ დღეში შეიძლება ადამიანს ოპერაცია ჰქონდეს დანიშნული, ან შეიძლება გადაუდებლად ჰქონდეს გაკეთებული და უკვე ჰოსპიტალიზებული იყოს. ასეთ შემთხვევაში აღარ რჩება დრო, რომ შეისწავლო. ეს არის რეფერალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადამიანების დახმარება მოხდეს, მიუხედავად მათი სტატუსისა. ბატონი ლევანი ჯანდაცვის სამინისტრომაც დააფინანსა 16 000 ლარით, შესაბამისად, მერია არ არის ერთადერთი უწყება, რომელმაც ის დააფინანსა. 2010 წლიდან დაწყებული ადამიანები ფინანსდებოდნენ, მათ შორის, საკმაოდ მსხვილი თანხებით. ეს ხდებოდა იმ ხელისუფლების დროსაც და როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის, ეს განკითხვის საგანი არ უნდა გახდეს“, _ განაცხადა ჩივიაშვილმა.
სამსახურის უფროსის მტკიცებით, გაჩეჩილაძე მერიის სარეზერვო ფონდიდან პირველად დაფინანსდა და მანამდე მისი მხრიდან მიმართვაც კი არ ყოფილა.

გიორგი მეფარიძე