„ქოცის“ აღსარება


„სახელმწიფო უწყებებში სრული „ბარდაგი“ და ქაოსია“, _ დაიწყო „ქრონიკა+“-თან საუბარი ადამიანმა, რომელსაც ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში საპასუხისმგებლო პოსტი უკავია და რომელიც არცთუ შორეულ წარსულში პირწავარდნილი „მეოცნებე“ იყო. დღეს კი, როგორც თავად ამბობს, ოცნებაგაცრუებულია და ერთი სული აქვს, მხოლოდ სამსახური კი არა, ქვეყანაც დატოვოს და ემიგრაციაში წავიდეს.

„არ დაგიმალავთ და, თავიდან, როცა „ოცნებაზე“ ამბობდნენ, უნიათოაო, ვბრაზდებოდი და ამის გამო რამდენიმე ახლობელთან სერიოზულადაც ვიკამათე, მაგრამ მერე, ნელ-ნელა, მივხვდი, რომ აბსოლუტურად უაზროდ ვიყავი აჟიტირებული და ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. ისე, ერთ ხანს იმასაც ვფიქრობდი, რომ ხელისუფლებაში ახალმოსულ „ოცნებას“ დრო სჭირდებოდა და ნელ-ნელა ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ 2012 წლის მერე ექვსი წელია გასული. მესმის, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ყველაფრისთვის დრო არის საჭირო, მაგრამ ექვსი წელი ის დროა, როცა ელემენტარული რაღაცების გამოსწორება მაინც შეიძლებოდა“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს პიროვნება, რომელიც საკუთარ ვინაობას მხოლოდ იმის გამო არ ამხელს, რომ არ უნდა, ხალხის, უფრო მეტად, ნაცნობებ-მეგობრების დაცინვის საგანი გახდეს.
„არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ მეშინია და ჩემს გვარ-სახელსაც ამიტომ ვმალავ. კი ბატონო, მომისმენია, რომ ვიღაცებს აშინებენ და აშანტაჟებენ, მაგრამ, ჯერ ერთი, 50 წელი ისე ვიცხოვრე, რომ დასაშანტაჟებელი არაფერი გამიკეთებია. მეორეც, გინდათ, გითხრათ, „ოცნება“ უნიათო რატომ არის? _ ისიც კი არ იცის, ადამიანი როგორ უნდა დააშანტაჟოს და შეაშინოს! ბევრი-ბევრი „ფეისბუქში“ ტროლები მომიქსიოს და ჩემი თავი ალანძღვინოს ან სამსახურიდან გამომიშვან, მაგრამ არც გინების მეშინია და არც _ სამსახურიდან გამოგდების. თუ სამსახურიდან დამითხოვენ, მადლობას იქით ვეტყვი _ ისეც ერთი სული მაქვს, განცხადება დავწერო და წამოვიდე, მაგრამ თითქმის 15 წელია, ამ უწყებაში ვმუშაობ, ჩემი საქმე მიყვარს და წამოსვლისგან თავს ამიტომ ვიკავებ, თან ვიცი, სამსახურიდან რომ წამოვიდე, მეგობრები დამცინებენ, აი, ეგეც შენი „ოცნებაო“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-თან „ექსმეოცნებე“, რომელიც დასძენს, რომ მისი მონათხრობი შეგვიძლია, „ქოცის აღსარებად“ ჩავთვალოთ.
„ქრონიკა+“, რასაკვირველია, დაინტერესდა და რესპონდენტს ჰკითხა, თუ რატომ აუცრუვდა გული მმართველ პარტიაზე? კითხვის საპასუხოდ თანამოსაუბრემ ჯერ გაიღიმა, შემდეგ კი აი, რა გვიამბო:
„მიშას ფანი არასოდეს ვყოფილვარ და „ნაცმოძრაობისთვის“ დითირამბები არასოდეს მიმღერია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას _ „ნაცები“ ბევრ ცუდს აკეთებდნენ, იმ დროს არც ადამიანის უფლებები იყო დაცული და მოსახლეობა სრული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ რაც მართალია, მართალია _ მიშას „სასტავმა“ იცოდა, სახელმწიფო უწყებები როგორ უნდა აემუშავებინა. ახლა რომ ვუკვირდები, მართლაც, არაფრისგან შექმნეს სახელმწიფო. აი, მაგალითად, ავიღოთ, ფინანსთა სამინისტრო, _ ამ უწყებაში არ მიმუშავია, მაგრამ სამინისტროში ბევრი ნაცნობი მყავს და მათგან ვიცი, რომ ბიუჯეტის პროექტს მთელი უწყება სკრუპულოზურად სწავლობდა და განიხილავდა. ახლა კი იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ბიუჯეტზე არიან პასუხისმგებლები, ბიუჯეტის პროექტზე კი არა, იმაზეც კი არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა არის ბიუჯეტი. ეს კი არადა, ყურადღება არც პროფესიონალიზმს ექცევა. მთავარია, მთავრობაში ვინმე ახლობელი გყავდეს და შეიძლება, ისეთ თანამდებობაზე დაინიშნო, რომლის სპეციფიკის შესახებაც წიგნებშიც არაფერი წაგიკითხავს. ფინანსთა სამინისტროს მაგალითზევე გეტყვით, როგორც მე ვიცი, ამ სამინისტროში ერთ-ერთი მსხვილი დეპარტამენტის ხელმძღვანელად პროფესიით მუსიკოსი დანიშნეს. კი ბატონო, 21-ე საუკუნეა და შეიძლება, ვინმემ მითხრას, მნიშვნელობა არ აქვს, პიროვნებას დიპლომში რა პროფესია უწერია, მთავარი მენეჯერული თვისებებიაო, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში მუშაობს, ელემენტარულად, გამრავლების ტაბულა მაინც ხომ უნდა იცოდეს?
ისე, ხანდახან მინდა, „ოცნება“ გავამართლო კიდეც და ვამბობ ხოლმე, იძულებლია, ასე მოიქცეს-მეთქი. იძულებული კი ნამდვილად არის, რომ აქცენტი არაპროფესიონალებზე გააკეთოს, რადგან პროფესიონალების უმეტესობამ სახელმწიფო უწყებები ან უკვე დატოვა და კერძო სექტორში წავიდა სამუშაოდ, ან სხვა სამსახურს ეძებს და იცით, ასე რატომ იქცევა? _ ადამიანებს ქაოსი და გაურკვევლობა ღლით.
ამ ფონზე, სახელმწიფო დაწესებულებებში კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა პრობლემამ იჩინა თავი _ ხალხი რომ აღარ არის, რამდენიმე ადამიანის საქმის გაკეთება ერთ ადამიანს უწევს, რაც, თავისთავად, მონურ შრომას უტოლდება. ამასთან, ხარისხიც ქვეითდება და მმართველი გუნდის ლიდერებმა რამდენიც უნდა იძახონ, ყველაფერი საათივით გვაქვს აწყობილიო, ერთ მშვენიერ, უფრო სწორად, არამშვენიერ დღეს, ყველაფერი თავზე ჩამოემხობათ და მაშინ მიხვდებიან, რომ, უბრალოდ, თავს იტყუებდნენ, მაგრამ უკვე გვიან იქნება!“
რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა ზემოხსენებული მიზეზით არ ისურვა, „ქრონიკა+“-ს იმის შესახებაც ესაუბრა, რომ სახელმწიფო უწყებებში შტატები გაბერილია და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება რამდენიმე წელია, ე. წ. ქამრების შემოჭერას ცდილობს, ეს პოლიტიკა, როგორც „ქოცი“ რესპონდენტი ამბობს, ჩვეულებრივი ბლეფი და თვალში ნაცრის შეყრაა.
„ახლა, შეიძლება, „ოცნებამ“ თავის მართლება დაიწყოს, _ მე რა შუაში ვარ, შტატები „ნაცების“ დროს გაიბერა და ამდენ ხალხს ქუჩაში ხომ ვერ გავყრიო?! მაგრამ, მამაძაღლი, რომ გამოდიხარ და გაიძახი, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და ბიუჯეტის ფული დავზოგოთო, ამას მე მეუბნებით? თუ მე მეუბნებით, მე ქამარი ისედაც შემოჭერილი მაქვს და ხელფასის თითოეული თეთრიც გათვლილი მაქვს, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო თანხები „უპრაგონოდ“ არ ხარჯოთ? გავიგეთ, რომ, მაგალითად, სამინისტროები შეამცირეთ, მაგრამ ამ შემცირებით რა ხეირი ნახეთ? _ მაგალითად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებით, როგორც ვიცი, სულ ექვსი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ანუ, რეალურად, უბრალოდ, ორი უწყების სახელი გაერთიანდა, თორემ მეტი არაფერი შეცვლილა. პირიქით, მე თუ მკითხავთ, ამ გაერთიანება-შერწყმით ბიუჯეტი უფრო დაზარალდა, რადგან, მაგალითად, ფინანსური განყოფილება გარემოს დაცვაშიც იყო და სოფლის მეურნეობაშიც. ორივე განყოფილებაში დასაქმებულები ისევ ძველებურად მუშაობენ და ის შეიცვალა მხოლოდ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ფინანსური განყოფილების უფროსს ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს ფინანსური განყოფილების უფროსის მოადგილე ჰქვია, თან იცით, როგორ არის? _ გარემოს დაცვის ხალხი მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით მუშაობს, ანუ ისევ თავის საქმეს აკეთებს და მაშინ ეს გაერთიანება რაღა საჭირო იყო?“ _ რიტორიკულად კითხულობს „ქრონიკა+“-ის თანამოსაუბრე და საუბარს თბილისის მერით აგრძელებს.
ისე, ის, რასაც „ქოცი“ რესპონდენტი კალაძის უწყებაზე ჰყვება, ჩვეულებრივი კომედიური ჟანრის ფილმის სცენარია, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, ყველაფერი, რასაც ახლა წაიკითხავთ, თურმე, რეალობაა.
ერთი სიტყვით, როგორც ჩვენი თანამოსაუბრე ყვება, თბილისის მერიაში, მინიმუმ, 1500 „მკვდარი სული“ მუშაობს. ზოგადად, „მკვდარი სულების“ თემა ქართული რეალობისთვის ახალი „ხილი“ სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, „მკვდარი სულები“ აქტიურად მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის არჩევნებში, თუმცა ცხოვრება წინ მიდის, ტექნოლოგიები იხვეწება და პროექტ „მკვდარი სულების“ ავტორებმაც, როგროც ჩანს, საკუთარი ფანტაზია დახვეწეს. ეს „დახვეწა“ კი შემდეგში გამოიხატება:
სხვადასხვა სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს, რომლებიც ერთ ან მეზობელ კაბინეტებში სხედან, მხოლოდ მდივნები კი არა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ე. წ. ფურცლების მიმწოდებლებიც ჰყავთ, ანუ საქმის არსში უფრო ნათლად რომ გავერკვეთ, სიტუაცია ასეთია: სამსახურის უფროსი რომელიმე რეზოლუციას ან ბრძანებას ხელს მოაწერს, რომლის აღსრულებაც მოადგილეს ევალება. ჰოდა, ეს ხელმოწერილი რეზოლუცია თუ ბრძანება მოადგილესთან როგორმე ხომ უნდა მოხვდეს?
წესით და რიგით, მდივან-თანაშემწეს შეუძლია, რომ „უნფროსის“ ხელმოწერილი ორ-სამგვერდიანი დოკუმენტი მის მოადგილეს აახლოს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ქალბატონებო და ბატონებო! მდივან-თანაშემწეს საკუთარი ხელქვეითი ჰყავს, რომლის მთავარი ფუნქცია ქაღალდების წინ და უკან ტარებაა, თან მთელ ამ აბსურდში ყველაზე კომიკური ის არის, რომ ქაღალდების დამტარებელი იმავე სართულზე კი არ ზის, სადაც ის განყოფილებაა განთავსებული, რომლის თანამშრომლადაც ირიცხება, არამედ ორი-სამი ან, შეიძლება, ოთხი სართულითაც ქვემოთ იჯდეს.
ერთი სიტყვით, რესპონდენტის მონათხრობის მიხედვით, სქემა ასეთია: „უნფროსი“ ურეკავს მდივან-თანაშემწეს და ეუბნება, რომ კონკრეტული ხელმოწერილი დოკუმენტი მოადგილისთვისაა გადასაცემი. მდივან-თანაშემწე მაშინვე რეკავს „ქაღალდების დამტარებელთან“ და, როგორც „ხაზეინებს“ სჩვევიათ, უბრძანებს, რომ სასწრაფოდ მასთან გამოცხადდეს. „ფურცლის დამტარებელი“ მდივან-თანაშემწესთან ელვის უსწრაფესად ჩნდება, იღებს „მთლა უნფროსის“ ხელმოწერილ ქაღალდებს და ძაან საქმიანი სახითა და მწყობრი ნაბიჯებით მიარბენინებს „მთლა უნფროსის“ მოადგილესთან.
„თქვენ კი გეცინებათ, მაგრამ შეგიძლიათ, მერიაში მიხვიდეთ და ყველაფერი ის, რასაც გიყვებით, საკუთარი თვალით ნახოთ. მთელი ამ კომედიის კულმინაცია იცით, რა არის? _ თოთოეული „ფურცლის დამტარებლის“ ანაზღაურება, მინიმუმ, ათასი ლარია (ხელზე ასაღები) და წლის განმავლობაში ორ-სამჯერ, შეიძლება, დანამატიც გამოუწერონ.
სხვათა შორის, „ფურცლის დამტარებლების“ პრაქტიკა „ოცნების“ ინოვაცია და ნოუ-ჰაუ არ არის, ეს, ასე ვთქვათ, ვაკანსიები თბილისის მერიაში გიგი უგულავას მერობის დროს გაჩნდა, მაგრამ აქ უბედურება სხვა რამეა. კერძოდ, უგულავას ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად ის ჰქონდა წაყენებული, რომ საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად და პარტიული აქტივის დასასაქმებლად ფლანგავდა. გავიგეთ, რომ უგულავა დაიჭირეს, მერე, როგორც ამბობენ, ფარულად „გაქოცდა“ და „მატროსოვიდან“ ამიტომაც გამოუშვეს, მაგრამ, განა, ნარმანიას არ შეეძლო, უგულავას დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა? შეეძლო, ბატონო, როგორ არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, ნარმანიამ თავისი მერობის ვადა ისე ამოწურა, რომ ვერც გაერკვა, რა და რატომ ევალებოდა.
არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ თითქოს კალაძის მიმართ სიმპათიები მაქვს, მაგრამ კალაძეს მერიაში ისეთი ქაოსი დახვდა, რომ ახლობლებში უთქვამს კიდეც, _ ნეტავ, ეს მერობა რად მინდოდა, ან ახლა უარს ხომ ვეღარ ვიტყვიო.
ისე, იმ შემთხვევაში, თუ კალაძე „ფურცლის დამტარებლის“ შტატს გააუქმებს, ხომ აზრზე ხართ, რა მოხდება? _ მინიმუმ, ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი და ეს ადამიანები, რასაკვირველია, საკუთარი შრომითი უფლებების დარღვევაზე დაიწყებენ საუბარს, ანუ ყველა ვარიანტში დარტყმა კალაძეზე წავა. შეიძლება, „ოცნებას“ აწყობს კიდეც, რომ კალაძის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდოს და ეს, ალბათ, თავად კალაძემაც იცის. ამიტომაც რაღაც-რაღაცებზე თავს იკავებს“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი.
ზოგადად, „ოცნება“ კლანებად რომ არის დაყოფილი და ყველა კლანი ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობს, ძველი „სიმღერაა“ და „ქოცი“ რესპონდენტი „ქრონიკა+“-ს ამ თემაზეც ესაუბრა, მაგრამ თემას რომ არ ავცდეთ, „ოცნების“ კლანების ომზე“ ჩვენი გაზეთის შემდეგ ნომერში მოგითხრობთ. ახლა კი ისევ მმართველი გუნდის უნიათობასა და სახელმწიფო უწყებებში გაბერილ შტატებზე გავაგრძელოთ საუბარი.
პრინციპში, საუბრის გაგრძელებას აზრი, ალბათ, აღარც აქვს, რადგან ზემოაღწერილი სიტუაციები სახელმწიფო უწყებებში არსებულ სურათს ნათლად აღწერს, თუმცა, როგორც იტყვიან, განსჯისთვის, მაინც შეგახსენებთ: მაგალითად, 2016 წელს, როგორც, თავის დროზე, მონიტორინგის ცენტრმა „მედიამონიტორინგმა“ ამცნო საზოგადოებას, 22 სსიპ-მა, პრემია-დანამატის სახით, 34 608 088 ლარი გასცა, აქედან, 18 446 121 დანამატი იყო, 16 161 967 ლარი კი _ პრემია.
ამავე მონაცემებით, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, შრომის ანაზღაურების მუხლიდან, ჯამურად, გაიცა 6 966 595 ლარი. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო _ 3 086 103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური _ 3 451 180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია _ 429 312 ლარი.
იგივე პერიოდში, სსიპ შემოსავლების სამსახურში პრემია-დანამატის სახით, ჯამურად, გაიცა 26 176 960 ლარი, აქედან 13 560 125 ლარი დანამატი იყო, 12 616 835 ლარი კი _ პრემია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვს სსიპ-ში, აღნიშნულ პერიოდში, ჯამურად გაიცა 2 877 662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენდა 1 661 624 ლარს, პრემია კი _ 1 216 038 ლარს
სამინისტროს სსიპ-ების ე. წ. უშტატო თანამშრომლებზე ხელფასის სახით 662 136 ლარი გაიცა, პრემიის სახით კი _ 711.711 ლარი.
მას შემდეგ, რაც „მონიტორინგმა“ ზემოხსენებული ინფორმაცია გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ანაზღაურება დაყოფილია ხელფასად, პრემიად და დანამატად, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი ეს ერთ ანაზღაურებას წარმოადგენს“.
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, ე. ი., დაახლოებით, ხუთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც სრულად შეიცვლება დანამატებისა და პრემიების გაცემის წესი.
მანამდე კი, კერძოდ, 2017 წლის პირველი ივლისიდან მოხელეთა კლასიფიკაციის (სულ 12 კლასი) შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული დადგენილება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, ყველაზე მაღალი რანგის მოხელედ მეთორმეტე კლასის საჯარო მოხელე ითვლება და ის ყოველთვიურად ხელფასის 15%-ის ოდენობის დანამატს მიიღებს.
მოხელთა რანგები და მათთან მიმაგრებული ყოველთვიური დანამატები ასეთია:
1-ლი კლასი _ საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი, დანამატი 1%;
მე-2 კლასი _ საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი, დანმატი 2%;
მე-3 კლასი _ საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი, დანამატი 3%;
მე-4 კლასი _ საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 4%;
მე-5 კლასი _ საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 5%;
მე-6 კლასი _ საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი, დანმატი 6%;
მე-7 კლასი _ მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 7%;
მე-8 კლასი _ მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 8%;
მე-9 კლასი _ პირველი კლასის მრჩეველი, დანამატი 9%;
მე-10 კლასი _ სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 10%;
მე-11 კლასი _ პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 12%;
მე-12 კლასი _ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 15%.
ასევე გაუქმდა პრემიები. სამაგიეროდ, გაჩნდა ახალი ცნება _ „ჯილდო“, რომლის მოცულობაც წელიწადში გასაცემი ხელფასის 10%-ზე მაღალი არ უნდა იყოს.
ცნობისთვის: მოხელის კლასს განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნა და გამოცდილების დონე.
მოხელისთვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანი, როგორც „ოცნების“ იერარქები განმარტავენ, მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
პრემიერ კვირიკაშვილის დადგენილებით, მოხელისთვის კლასის მინიჭება ასე ხდება:
მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ, კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ.
მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ, კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.
მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
დადგენილება ამ მოხელეთათვის „საკლასო დანამატების“ გაცემას ითვალისწინებს, თუმცა დანამატების კონკრეტული ოდენობები არც ამ დადგენილებაში და არც საჯარო სამსახურში ანაზღაურების შესახებ კანონში არ არის გაწერილი.
2017 წელს საქართველოში სულ 115 ათასი საჯარო მოსამსახურე იყო.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 2016 წელს საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი 1.4 მილიარდი ლარი იყო, თუმცა ბიუროკრატიის შენახვა მოსახლეობას გაცილებით ძვირი დაუჯდა, რადგან მოხელეები, ხელფასებთან ერთად, პრემიებსა და დანამატებსაც იღებდნენ. კერძოდ, 2016 წელს 300 მილიონ ლარზე მეტი პრემია-დანამატი გაიცა.
2014-2016 წლებში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების დინამიკა კი ასეთია:
2014 წელი _ პრემია 106 მილიონი ლარი, დანამატი 182 მილიონი ლარი;
2015 წელი _ პრემია 73 მილიონი ლარი, დანამატი 230 მილიონი ლარი;
2016 წელი _ პრემია 67 მილიონი ლარი, დანამატი 251 მილიონი ლარი.

P. შ. „ქოცმა“ რესპონდენტმა „ქრონიკა+“-ს კიდევ ერთი სახალისო ამბავი უამბო. კერძოდ, ოცნებელი ჩინოვნიკები, თურმე, „რემონტომანიით“ არიან შეპყრობილნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ უწყების ახალი ხელმძღვანელი, როგორც კი თანამდებობაზე ინიშნება, პირველი, რასაც აკეთებს, კაბინეტის გარემონტებას იწყებს. ამასთან, თანამდებობის პირი წინამორბედის კაბინეტში შესვლას არ კადრულობს და ამბობს, თურმე, იმ ოთახში როგორ ვიმუშავებ, სადაც „ის“ მუშაობდაო.
„ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თანამდებობის პირს თანამდებობას მანამ ატოვებინებენ ან სხვა სამსახურში გადაჰყავთ, ვიდრე კაბინეტის რემონტი თამთავრდება. ამიტომაც ძალიან ბევრ საბიუჯეტო ორგანიზაციაში არაერთი რემონტდაწყებული და დაუმთავრებელი ოთახია“, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
გულახდილად რომ ვთქვათ, შენებასა და რემონტში ცუდი არაფერია, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ეს ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, თან მაშინ, როცა საქართველოს არაერთი მოქალაქე შიმშილის პირასაა. ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული „ტიპები“ კი, ხალხის გადასახადების ხარჯზე, „ბედნიერების მწვერვალებს“ იპყრობენ.
სხვათა შორის, „ოცნება“ რეალობას, მაინცდამაინც, არ უსწორებს თვალს. ყოველ შემთხვევაში, სირაქლემის პოზიციას ირჩევს და ცდილობს, დამალოს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, მაგრამ ქართული ანდაზაა, კაცმა თავი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო. ჰოდა, რამდენიც უნდა მალონ და თავზე ნაცარი წაიყარონ, იგივე სტატისტიკას ვერსად გაექცევიან _ საქართველოს, დაახლოებით, 300 ათასი მოქალაქე სოციალურად დაუცველთა რეესტრშია! ასე რომ, „ოცნება“ მეოთხე საუკეთესო წელს ისევ ოცნებად რჩება!

გიორგი აბაშიძე