წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა სანდროჲსა

ღმერთიც გაახარებს სანდრო წამებულს! ერთი გაწვა და ერი მთელი კვირა გვახითხით-გვახარხარა, გვაცინა და გვახალისა. რაღა არ დაიწერა, რა ფოტოები არ იქნა შთაგონებული მისი „წოლით“ და რა ფოტოკოლაჟები არ შეიქმნა _ ხან ყარაულაანთ ქეთოდ იწვა განუყრელი „გრელკით“, ხან რუსუდანს მიჰქონდა მისი თავი პაატა სააკაძის თავივით, იმაზე აღარაფერს ვამბობ, ლამის, ყველგან რომ წააწვინ-წამოაწვინეს, სადაც კი შეიძლებოდა.

მეც გვარაიანდ ვხალისობდი, ხან იმას ვკითხულობდი, _ რა ნომერი „მარშუტკა“ მიდიოდა სანდრო წამებულის გამზირზე, ხან იმას, _ სად იღება სანდრო წამებულის ხატი და ხანაც იმას ვამცნობდი საზოგადოებას, რომ სანდრო წამებულის ხატს მირონი სდის, თურმე, „ნიჩურტიდან“; ხან ლექსი გადავაკეთე: „წუხელი სანდრო უწამებიათ, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით“-მეთქი და ექიმები რომ უშვებდნენ და არ მიდიოდა, ანდაზაც გადავაკატავე, _ გიჟი კლინიკას მივიდა, ციხეს ესა სჯობიაო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეც, ისევე როგორც მთელმა ქვეყანამ, მშვენივრად ვიხალისე.
მაგრამ… თავისთავად ცხადია, სანდრო ბრეგაძე ჩვენს გასამხიარულებლად სულაც არ გაშოტილა და მას სრულიად სხვა რამ ჰქონდა მიზნად.
ნეტარი სანდროს წამების ჰაგიოგრაფია ასე გამოიყურება: პირველად იყო პოსტი, _ მაწამესო; მერე ისევ პოსტი (ამჯერად „ქართული მარშის“), _ ჩვენი ლიდერი სასტიკადაა ნაცემი პოლიციელების მიერო. და იყო ფოტო „სასტიკად ნაცემი“ სანდრო ბრეგაძის.
ალაგ-ალაგ, ვიღაცებმა, ლამის, დაგმეს კიდეც მოძალადეზე ძალადობა, ლამის, სოლიდარობაც გამოუცხადეს. მოკლედ, მოლიპულზე ფეხი აუცდათ და რომ არა საზოგადოების ჯანსაღი და მყისიერი რეაქცია ამ ყველაფერზე, კარგად დაეზღნერთებოდნენ და გაფარჩაკდებოდნენ კიდეც ამ თავისი ძალადობის გმობითა და გამოცხადებული სოლიდარობით. დიახ, ზუსტად ისევე გამასხარავდებოდნენ, როგოც გამასხარავდა თავად „სანდრო წამებული“.
არადა, ძალიან საინტერესოა, ვინც იმ დღეს სანდრო ბრეგაძეზე ძალადობას გმობდა და სოლიდარობას უცხადებდა, არ დახედა იმ ფოტოს, არანაირი წამების კველი რომ არ ატყვია და მშვიდად და საფოტოვედაა მიძინებული? დიახ, ზუსტად ისევე წევს, როგორც ვახტანგ ნინუას პერსონაჟი კნიაზი ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. დიახ, ამ ფილმში გაწოლილ კნიაზს ეკილოკავება სანდრო წამებულის „წოლითი რეჟიმი“ და თავად ამ ფილმის სახელწოდება კიდევ იმ სოლიდარობისა და ძალადობის გმობის პოსტებს, რომელსაც ნახავდი და ვეღარ ნახავ _ როგორც კი მათგან სოლიდარობაგამოცხადებული ბრეგაძე საყოველთაო ღლიცინის ობიექტი შეიქმნა, ხელად აიღეს ჩუმად და ღლიცინის საყოველთაო ტალღას აჰყვნენ. ისე აგვყვნენ, გეგონება, ერთი-ორი საათის წინ გაავებულები არ გმობდნენ „ძალადობას“.
მოკლედ, „იაღლიში“ მოუვიდათ, როგორც არაერთხელ მოსვლიათ. მთელ ამ პროცესში კი საინტერესო სწორედ ისაა, რომ ვიწრო წრის გარდა ეს „იაღლიში“ აღარავის მოუვიდა და სწორედ ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა _ ერი აღლიცინდა. მოკლედ, რაც აქამდე გასდიოდათ, ის აღარ გაუვიდათ.
თავიდან ალალად გავბრაზდი კიდეც, ვინ ვგონივართ ამ ბრეგაძეს და რა ეგონა, გაიქნევდა პოსტს „მაწამეს“ და ყველა დავიჯერებდით, რომ აწამეს-მეთქი? ან იმ ფოტოს დავხედავდით ვინმე და დავიჯერებდით, რომ იქ ნაწამები იწვა და არა თავმომკვდარუნებული?
მერე ამ ალალმა გაბრაზებამ გამიარა და მივხვდი, რომ გასაბრაზებელი არაფერი იყო. ბრეგაძეს, უბრალოდ, კოკა გაუტყდა წყალზე. დიახ, ამაზე უარესები გასვლიათ მასაც და სხვასაც და ამიტომაც არ შეჰპარვიათ ეჭვი, რომ საზოგადოება ამასაც ჭამდა! აბა, ერთი კარგად გაიხსენეთ, ჭამა თუ არა მთელმა ერმა, რომ უკანალში ცოცხგაყრილ ადამიანს ჩვეულებრივ ლაპარაკი შეუძლია? არ გახსოვთ ის „საკრალური“ კადრი, ცოცხი რომ აქვს გაყრილი და რომ ლაპარაკობს?
იშვიათების გარდა არავის გახსენებია, რომ ცოხცგაყრილი ადამიანი არათუ ვერ ისაუბრებს, ან გონს დაკარგავს, ან არაადამიანურად იღრიალებს. ხოდა, რაღა იქნებოდა დაუჯერებელი იმაში, რომ ნაწამებ ადამიანს ტელეფონი ეჭიროს და პოსტავდეს? რა, შუშანიკს რომ სმარტფონი ჰქონოდა, ვერ დაპოსტავდა: „მოვიდა მგელი იგი ვარსქენ“ ან „აღიღო ასტამი, მიხეთქნა თავსა ჩემსა და თუალი ერთი დამიბუშტა“? ჰოდა, სანდრომაც, წამებულმა, როგორც კი დრო იხელთა, დაწერა: „მაწამეს“.
რას წარმოიდგენდა, რომ არ დაიჯერებდნენ მის წამებას, როცა უაპელაციოდ დაიჯერეს 26 ათასი ვაჟკაცის გაუპატიურება. დაიჯერეს ისე, რომ კალკულატორიც არ აიღეს და 26 ათასი არ გაყვეს ცხრაჯერ 365 დღეზე. რომ გაეყოთ, აღმოაჩენდნენ, რომ „ნაცებს“ ყოველდღიურად რვა ვაჟკაცი უნდა გაეუპატიურებინათ ცხრა წლის მანძიზლე, თან ისე, რომ დღე არ უნდა ჩაეგდოთ. ეს დაიჯერეს და ჩემს წამებას არ დაიჯერებენო? _ ფიქრობდა სანდრო და პოსტავდა: „მაწამეს“.
წამებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მას ღრმად სწამდა, რომ მისი ეს პოსტი იმუშავებდა. იმუშავებდა როგორც საზოგადოებაში (მას დაუჯერებდნენ, ე. ი. ჭამდა ხალხი მის ტყუილს), ისე ხელისუფლების, სამართალდამცველების წინაშე. მას ეგონა, რომ შსს-ს შეაშინებდა სკანდალით, წივილ-კივილით, მაგრამ ვერც ეს სკანდალი შედგა და ვერც გახარია შეაშინა.
ბავშვი ტიროდა. ჰკითხეს _ რა გატირებსო? _ გამდის და ვტირივარო. ასე იყო „ქართული მარში“, გასდიოდა და მარშირებდა. ამჯერად აღარ გაუვიდათ, როგორც ჩანს, დასრულდა მათი ბედნიერი „ბავშვობის“ ხანა. აქამდე ვერავინ ბედავდა მათ დაჭერას, დააკავებდნენ და უშვებდნენ, სასაცილო ჯარიმას აკისრებდნენ, ამჯერად არც ლოცვამ გაჭრა და არც იმის ძახილმა, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსია და თავისი ხაზი აქვს _ სადღობელაშვილის მხრიდან. მოხდა ის, რაც მათ არ ეგონათ.
თუმცა თუ კიდევ ერთხელ გულდასმით გადავავლებთ თვალს სანდროს წამების ჰაგიოგრაფიას, სხვა არც თუ უსაფუძვლო აზრიც გაგიელევებს თავში. კერძოდ ის, რომ მას სრულიად სხვა ამოცანა ჰქონდა და არ დაგიდევდათ, მის „წამებას“ ირწმუნებდა თუ არა ვინმე.
გავიხსენოთ, რა მოხდა: ბრეგაძემ პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ის გულის ჩივილებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. ამის შემდეგ იყო „მაწამეს“, ამის შემდეგ იყო ფოტოც. რა მოხდა რეალურად? მოხდა ის, რომ მან ამ სიმულაციით ჩვენების მიცემის შეწყვეტა და დროის მოგება მოახერხა. რეალურად, სიგნალი გაუგზავნა პატრონებს, რომ ემოქმედათ და მისთვის მიეხედათ. მეორე დღეს კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო კომიკური გაგრძელება ჰქონდა, ექიმები აცხადებდნენ, რომ მას აღარაფერი სჭირდა, უშვებდნენ და ის ცოცხალი თავით არ მიდიოდა. რა, ამ ეტაპზე ხომ მაინც იცოდა, რომ მისმა ტყუილმა არ გაჭრა? დავიჯეროთ, ისეთი სულელია, კიდევ ჰქონდა იმედი, რომ თუ საავადმყოფოში რამდენიმე საათით მეტი გაჩერდებოდა, მის წამებას ვინმე დაიჯერებდა? ან თუ მისი დაჭერა გადაწყვეტილი იქნებოდა, რა, არ იცოდა, რომ საავადმყოფოში მისი გამაგრება მის დაჭერას რამდენიმე საათით, ჰა, ჰა, კიდევ ერთი დღით გადაავადებდა?
ორში ერთია _ ის ან მართლა პანიკიორია და დაჭერის შიშმა სრულ ისტერიკაში ჩააგდო, ისეთ ისტერიკაში, რომ საქციელზე პასუხს აღარ აგებდა, ან, უბრალოდ, დროს წელავდა და პასუხს ელოდა პატრონებისგან. გამორიცხული არც ისაა, რომ ეს ორივე ერთად იყო _ ისტერიკაც დაემართა და პასუხსაც ისტერიკულად ელოდა. ამ ყველაფრის შემდეგ მას, ბოლო-ბოლო, დაატოვებინეს ღუდუშაური და ჩვენების მიცემა მოუწია… სადღობელაშვილისგან გასხვავებით ის არ დაუპატიმრებიათ და ითქვა ისიც, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა… ეს თანამშრომლობა პირდაპირი შედეგია იმ მოლოდინის, რომელიც, როგორც ჩანს, ამაო გამოდგა.
ითანამშრომლა და მთელი წვალება გულყრებამდე დაიყვანა. გულყრები მქონდაო. ისე, დინამიკაში რა რთული გადასატანია, მარსელი რომ ხარ, შენი ლიდერი ჯერ რომ გეტყვის, _ მაწამებო, რომ ირწმუნებ და მერე რომ გაირკვევა, რომ თურმე კი არ აწამეს, გულყრა და გულის პრანჭვები ჰქონდა.
ისე, სწორედ ეს ბრეგაძე იყო, სააკაშვილს რომ კურდღელს ეძახდა და ახლა თავად გამოჰყავდათ ღუდუშაურიდან, სწორედ, დაჭერის შიშით და კი იწვა, როგორც განაბული მოზრდილი კურდღელი. აი, ასე, წამწამიც არ გაუტოკებია, ისე თქვა, გულყრები მქონდაო. გეგონება, მანამ ცურტაველმა ამცნო ქვეყანას მისი წამების ამბავი. თუმცა მანამ, ვიდრე სანდრო წამებული წამებას გულყრად გადატალღავდა, მისიანებმა შეარბილეს წამება. სხვა რა გზა ჰქონდათ, ექიმებმა თქვეს, არანაირი დაზიანებები არ ჰქონდაო. ჰოდა, სანდროსიანებმაც, _ ოთახში უჰაერობა იყო, არც იარაღი ჰქონდა, არც ტელეფონიო. თურმე, ეს ყოფილა წამება. თურმე, პოლიციელები თავად ჟანგბადს ისუნთქავდნენ და სანდროს მარტო ნახშირორჟანგს ასუნთქებდნენ. გეგონება, იარაღი ჩამოართვეს და დაკითხვაზე კი არა, ფრონტის ხაზზე შეაგდეს. არა, ძმაო, 21-ე საუკუნეში რომ ტელეფონს ჩამოგართმევენ, წამებაა, აბა, არაა წამება?
მოკლედ, წამება იქცა „სასტიკ ცემად“, სასტიკი ცემა იქცა უჰაერობით წამებად, ბოლოს ყველაფერი გულყრად. არადა, იყო თავის მომკვდარუნება. მიზანი, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი გახალისება არ ყოფილა, მიზანი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა იყო რამენაირად. გადაჭრით ზუსტად ვერ იტყვი, რა ჰქონდა გეგმაში _ ამ გზით, სკანდალით, წივილ-კივილით შაეშინებინა შსს თუ, როგორც უკვე ვთქვით, დრო მოეგო, უფრო სწორად, პატრონებისთვის მიეცა დრო, რომ მიეხედათ. მისი მესიჯი არცთუ ძნელად გასაშიფრი იყო, _ ან მომხედეთ, ან თავს მივხედავ და ყველაფერს ვიტყვი…
ეს ამბავი მაინც ერთი კონკრეტული ისტორიის ნიუანსებია, მნიშვნელოვანი კი, ამ ყველაფერში, ჩემი აზრით, მაინც ისაა, რომ საზოგადოებამ აღარ ჭამა ტყუილი და მას, ვინც მის მოტყუებას ცდილობდა, დასცინა და დააჰაჰავა. ცხადია, უმრავლესობას ვგულისხმობ, თორემ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ღრმად სწამდა, რომ ბრეგაძე ნაწამები იყო. საინტერესოა ისიც, რომ ვისაც ბრეგაძის წამების სჯეროდა, არჩილ ტატუნაშვილს წამების არ სჯეროდა…

რეზო შატაკიშვილი