აბობოქრებული კახეთი


გასული კვირა კახეთში ხმაურითა და სახალხო გამოსვლებით გამოირჩეოდა, ძირითადი პრობლემა კი გლეხების იყო.
უბრალოდ, გლეხებს პროტესტისთვის ორი მიზეზი ჰქონდათ: საძოვრები და წყალი.

იყალთო _ კისისხევი

სოფელ რუისპირის მოსახლეობამ მხოლოდ მას მერე გაიგო, მათი სოფლისთვის არსებული საძოვრები რომ გაიყიდა, როცა მიწებს უკვე კერძო ინვესტორი მოადგა.
ადგილობრივი მოსახლეობა 15 ჰა მიწის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მიწა ორ სხვადასხვა ინვესტორს 3 წლის წინათ მიჰყიდა და ადგილზე მდიდრული აგარაკის მშენებლობა იწყება. რუისპირელების თქმით, ტერიტორიას ადგილობრივები საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებენ.
რუისპირელები აცხადებენ, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მიწა ორ სხვადასხვა ინვესტორს ჩუმად, კანონის დარღვევით მიჰყიდა, რომლებმაც მშენებლობა უკვე დაიწყეს.
რუისპირელების მტკიცებით, ტერიტორიას ადგილობრივები საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებენ. ისინი გაყიდული მიწების უკან დაბრუნებას ითხოვენ. თუ პრობლემა არ მოგვარდება, ადგილობრივები მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
„ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს, ისე გაასხვისეს 15 ჰა-ზე მეტი მიწა, რომლის ნაწილს საძოვრებად, ნაწილს კი ზაფხულში დასასვენებლად ვიყენებდით. როგორც გავიგეთ, მიწა კერძო მესაკუთრეებმა იყიდეს და ვილა და სასტუმრო უნდა ააშენონ. ინვესტორმა ადგილზე უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტერიტორია შემოსაზღვრეს და იქ შესვლის საშუალებას აღარ გვაძლევენ. ჩვენთვის ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზაფხულში იქ დასასვენებლად ბავშვები აგვყავდა. ინვესტორს არ მივცემთ მუშაობის საშუალებას. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამ მშენებლობას შევაჩერებთ. შესაძლებელია, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს“, _ განუცხადეს knews.ge-ს სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა.
სოფლის მცხოვრებლებმა ადგილზე მობილიზებულ ტექნიკას მუშაობის უფლება არ მისცეს, რის გამოც პოლიციაც გამოიძახეს.
ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას სამართლებრივი გზით ურჩევს, ინვესტორები კი ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული მიწის ფართობი მათ კანონის დაცვით მიჰყიდა.
ზურა ნაცარაშვილი _ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი:
„არ არსებობს! არ დავთმობთ, სასამართლოშიც ვიჩივლებთ, ხალხს უკანასკნელი იმედი ეცლება ხელიდან, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ოჯახს არ ეყოლება ძროხა, ამით კი არსებობის შესაძლებლობები სრულიად გაუქრებათ“.
იყალთოშიც იგივე სურათი იკვეთება, თუმცა ერთი განსხვავებით: აქ მიწები ჯერ არ გაყიდულა და როგორც მოსახლეობა ამბობს, უახლოეს მომავალში გაიყიდება. უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა განცხადებას ხელი მოაწერა და კახეთის გუბერნატორს მიმართა, თუმცა განცხადების გარდა სოფლის მცხოვრებლები რუისპირელებთან ერთად შეიკრიბნენ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მივიდნენ.
მოთხოვნა ერთი იყო: რიგგარეშე საკითხად გაეტანათ მიწების გაყიდვის საკითხი და რეგლამენტით დადგენილ საკითხთა ნუსხაში მათი პრობლემა პირველ ნომრად ჩაენიშნათ.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის განხილვას დათანხმდა, თუმცა რიგითობა არ დაარღვია, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება, ჩხუბი და აყალმაყალი მოყვა.
მეც, როგორც „ქრონიკა+“-ის მშვიდობის ჯარისკაცმა, ჩხუბის გაშველებაში ჩემი წვლილი შევიტანე, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.
იყალთოელი გლეხი:
„სახლში 8 თვის ბავშვი მყავს. თუ საძოვარი აღარ მექნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძროხა აღარ მეყოლება, შემოსავალი აღარ მექნება. ან მე რით ვირჩენ ჩემს თავს, ან _ სხვები?“
სოფელში ფიქრობენ, რომ იყალთოს მიწების გაყიდვის უკან პარლამენტარ გელა სამხარაულის პირადი ინტერესები იკვეთება, რასაც მაჟორიტარი უარყოფს,
იყალთოელებისა და რუისპირელების მიწებზე პროტესტმა პანკისში ახალი პრობლემა დააყენა დღის წესრიგში

პანკისი
პანკისის ხეობაში მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, განთავსდება, ჰესს კი წყალი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მიეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით, 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.
სოფელ ბირკიანში მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად სატვირთო მანქანებს უკვე გადააქვთ 2 მ დიამეტრის უზარმაზარი მილები.
„ხადორი 3“ ჰესი საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრშია. მოსახლეობა სოფელთან ასე ახლოს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

მელსი მაღაკაშვილი, პანკისელი:
_ „ხადორი 3“ ჰესის პროექტი და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში 317-გვერდიანი დოკუმენტია, რომელიც შპს „გამა კონსალტინგმა“ შეასრულა.
პანკისის მოსახლეობის უმრავლესობა სასმელი წყლით მდინრე ალაზნის წყლით მარაგდება.
ახლა კი მოვიყვან ციტატას „ხადორი 3“-ის პროექტის წყლის ხარისხზე ზემოქმედების ნაწილიდან, სადაც კარგად ჩანს, სასმელი წყლის ხარისხთან მიმართებით, რა მაღალი რისკის წინაშე დგას ხეობა:
ა. ზემოქმედება მდ. ალაზნის წყლის ხარისხზე: სამუშაოების პროცესში მდინარის წყლის ხარისხის გაუარესება მოსალოდნელია ნარჩენების (მათ შორის, ჩამდინარე წყლების) არასწორი მართვისა და მდინარის კალაპოტში სამშენებლო სამუშაოებისას გარემოსდამცველი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ბ. მშენებლობის ეტაპზე გაცილებით საყურადღებოა ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების რისკები. მდინარის დაბინძურება შეიძლება მოხდეს:
• მდინარის აქტიურ კალაპოტში ან კალაპოტის სიახლოვეს მუშაობის დროს (განსაკუთრებით სადაწნეო მილსადენის დერეფნის საწყისი მონაკვეთი). ამ ტიპის სამუშაოების შესრულებისას მომატებულია წყალში შეწონილი ნაწილაკების ზრდის რისკები;
• მყარი და თხევადი (მათ შორის, სამეურნეო-ფეკალური წყლები) ნარჩენების არასწორი მენეჯმენტის გამო;
• საწვავის/ზეთის შემთხვევითი ჩაღვრის შედეგად;
გ. ჰესის ექსპლუატაციის პერიოდში მდინარის წყლის დაბინძურება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
• ძალური კვანძის ტერიტორიაზე ზეთების დაღვრა და დამაბინძურებლების გამყვან არხში ჩაჟონვა;
• ტურბინებიდან გამომავალი წყლის ზეთით დაბინძურება;
• ნარჩენებისა და სამეურნეო-ფეკალური წყლების არასწორი მენეჯმენტის გამო მათი გამყვან არხში ან პირდაპირ მდინარეში მოხვედრა; სარემონტო სამუშაოების პროცესში წყლის ხარისხზე ზემოქმედება დამოკიდებული იქნება სამუშაოების მასშტაბსა და ტიპზე.
„ხადორი 3“ პროექტის თანახმად, პანკისში ჰესების მშენებლობა სავარაუდო უარყოფით ზეგავლენას მოახდენს შემდეგ მიმართულებებზე
_ სასმელი წყლის ხარისხი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დგება. ასევე მდინარის წყლის დონე შემცირდება, რაც, თავის მხრივ, სასმელი და სარწყავი წყლების პრობლემას გამოიწვევს.
მნიშვნელოვანი იქნება ბიოლოგიურ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა: მოიჭრება ხეები, რაც გაზრდის ეროზიის საფრთხეებს; მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას მოახდენს იქტიოფაუნაზე (თევზი და ფაუნა). ფაქტობრივად, თევზი საერთოდ განადგურდა. მნიშვნელოვნად შეიცვლება მდინარე ალაზნის კალაპოტის მიმდებარე ბუნებრივი გარემო. დაგეგმილი ჰესიდან 100 მეტრში იწყება ბაწარის ნაკრძალი, სადაც ხარობს უნიკალური უთხოვარი, ბინადრობენ ენდემური სახეობის ძუძუმწოვრები და ქვეწარმავლები, რომელთა გამრავლება მაღალი რისკის ქვეშ დგება.
ასევე, ჩემი მხრივ, საყურადღებოა: თუ ხეობის მთავარი განვითარების პერსპექტივა არის ეკოტურიზმი, აღნიშნული ჰესების მშენებლობა პირდაპირ მაღალი რისკის ქვეშ აყენებს ამ დარგს, სამომავლოდ კი ალაზნის ხელოვნურად მილებში მოქცევა და ალპურ ზონაში სამუშაოების წარმოება რა ბუნებრივ კატაკლიზმებსაც გამოიწვევს და რა სირთულეებს შეუქმნის ხეობას, თავის მხრივ, ასევე მაღალი რისკების შემცველია. ალაზნისა და ბაწარის წყლის ადიდება აქამდეც დიდ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას და სახლებში წყლის შევარდნის არაერთი შემთხვევა გვახსოვს ბოლო პერიოდშიც.
შესაბამისად, მე წინააღმდეგი ვარ პანკისში ჰესების მშენებლობის!!!
დაე, მტკიცების ტვირთი იკისროს „ფერიმ“! იმის მაგივრად, რომ მოსახლეობას ნიშნის მოგებით ელპარაკება არგუმენტების არქონაზე, თავად მოიტანოს არგუმენტები და ამტკიცოს ჰესის საჭიროება.
კომპანია „ფერი“, უბრალოდ, უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა პანკისის ხეობაში „ხადორი ჰესის“ პროექტის სახალხო განხილვა არ მოაწყო. ერთი წლის წინათ ახმეტაში ორგანიზებული შეხვედრა არ არის მოსახლეობის ინფორმირება. ახმეტელები არ დგანან საფრთხის წინაშე. პანკისში პანკისელებთან უნდა შეესრულებინა კომპანიას კანონით დაკისრებული მოვალეობა და მოსახლეობის ინფორმირება-დისკუსია უნდა ეწარმოებინა.

მაკა მოსიაშვილი