მთავარი მსოფლიო რა შედეგები ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ნატოს სამიტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე?

რა შედეგები ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ნატოს სამიტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე?

320
0
გაზიარება

2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. როგორც საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალი საბანაძე აცხადებს, ამ ეტაპზე, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ, თუ ვინ დაწერს რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებენ.

ნატალი საბანაძე პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საპარლამენტო რეზოლუციის მიღების თაობაზე და არ გამორიცხავს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, გარკვეულწილად, ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახოს:
„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ოკუპაციაზე, ძირითადად, ომსა და ოკუპაციის შედეგებზე. რეზოლუციის მიღებას, ალბათ, ზაფხულში უნდა ველოდოთ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე. ამ კონტექსტში ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილება ძალიან დროულია. მუშაობა გაგრძელდება იმაზეც, რომ ევროპარლამენტმაც თავისი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ამაზე რამდენიმე კვირის წინათ საუბარი იყო ევროპარლამენტში საქართველოს პარლამენტის მრავალპარტიული დელეგაციის სტუმრობის დროს“, _ განაცხადა საბანაძემ.
რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შესულ პირებს, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ დაუწესდეთ, ელჩის განმარტებით, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს მონახაზი, რა ტიპის შეზღუდვებზეა საუბარი და შემდეგ გავრცელდეს მოწოდება, რომ სხვებმაც მხარი დაუჭირონ ამ ნაბიჯს:
„სამუშაო იქნება იმის შესახებ, თუ რა სახით დაუჭერს ევროპარლამენტი მხარს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას“, _ დასძინა ნატალი საბანაძემ. ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრება:
_ ვფიქრობ, ევროპას ახლა სცალია, რომ საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდეს. თუ ვსაუბრობდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ აქტუალურობის ხარისხმა ცოტა იკლო (განსაკუთრებით ოკუპაციის საკითხში), ახლა, როგორც ვხედავთ, დასავლური ქვეყნების ლიდერებმა ეს საკითხი ისევ წინ წამოწიეს და, ალბათ, ეს საერთო პოზიციაზე ზეგავლენას მოახდენს.
ასე რომ, თუ ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, ის საკმაოდ მკაცრი იქნება, სადაც უფრო ხისტი მოწოდებები დაფიქსირდება. შესაბამისად, მას მეტი რეზონანსი ექნება ევროპის სახელმწიფოებსა და მთელ მსოფლიოშიც.
_ აღნიშნული ფონის შეცვლა რა პროცესებმა გამოიწვია?
_ იმან, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის პოლიტიკა მეტად აგრესიული გახდა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მომხდარი ომის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს კიდევ ერთი შანსი მისცა და მოსკოვთან, თითქოს, გარკვეულ დათმობებზე და დათბობაზეც კი წავიდა.
იმის მაგივრად, რომ რუსეთის მთავრობას შემხვედრი ნაბიჯები გადმოედგა, მათ ეს, როგორც დასავლეთის სისუსტე, ისე მიიღეს, რამაც, მთლიანობაში, დასავლეთის პოლიტიკა რუსეთისადმი ჩიხში შეიყვანა.
რასაკვირველია, უკრაინის კონფლიქტმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დასავლეთში უკვე სხვა შეხედულებები ჩამოყალიბდა. რუსეთის მიმართ უკვე ღია სკეფსისი გაჩნდა, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნის ტრანსფორმაცია, შეუძლებელია ეს ქვეყანა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაუბრუნდეს, ამ გზას დაადგეს მაინც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლოდროინდელმა ინციდენტმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოხდა. მტკიცდება, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ სანქცირებული იყო ქიმიური იარაღის გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ; ეს ყველაფერი კი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ხდება.
აქ საუბარია იარაღზე, რომელიც საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია. ეს ამტკიცებს, რომ აღნიშნული იარაღი რუსეთში აქამდე მზადდება, გამოიყენება და, თანაც, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე იყენებენ, რაც აგრესიის ნიშნებს შეიცავს.
ამან, მთლიანობაში, ბიძგი მისცა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სხელმწიფოების მობილიზაციას. ამ კონტექსტში, თავისთავად, რუსეთს ყველა ის ცოდვა გაუხსენეს, რომელიც ჩაუდენია და დღემდე მოუნანიებელი დარჩა; აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქართველოს საკითხია, სადაც ამ მიმართულებით კრიზისი სულ უფრო და უფრო ღრმავდება, ხოლო გამოსავალი, ჯერჯერობით, არ ჩანს.
_ საქართველოს ხელისუფლება რამდენად ამოძრავდა ზემოაღნიშნული ფონის სათანადოდ გამოსაყენებლად?
_ ხაზგასასმელია, რომ აქამდე ხელისუფლებას ზუსტად ისეთივე კურსი ჰქონდა აღებული ამ მიმართულებით, როგორც დასავლეთს. ეს იყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზა. მაგრამ ჩვენ უფრო დიდი პრობლემები გვქონდა რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე დასავლეთს, მოსკოვის აგრესიული პოლიტიკისგან გაცილებით მეტად დავიჩაგრეთ. ამ კუთხით, რეალურად, ცოტა ასცდა ერთმანეთს დასავლეთის ქმედება და ის, რაც ჩვენ გვინდოდა, რომ მიგვეღო.
ამ ვითარებაში დასავლეთს რუსეთთან საბრძოლველად ბევრად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე საქართველოს. როგორც ჩანს, რესურსების ამ უკმარისობა-ნაკლებობაში საქართველოს მთავრობამ, გარკვეული დროის განმავლობაში, არ ვიტყოდი, რომ შემრიგებლური, მაგრამ უფრო რბილი პოზიცია დაიკავა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს მდგომარეობა ეკავა.
ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე ძლიერდება. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა საქართველოს ხელისუფლებაც უკვე ამ სიტუაციის გამოყენებას იწყებს. ამ შემთხვევაში, გამოყენებას კარგი გაგებით, ანუ ამ სიტუაციაში თავისი ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ ისწრაფის.
აქ ხაზგასასმელია ოპოზიციასთან ერთობლივად (ტატუნაშვილის საქმეზე) საპარლამენტო რეზოლუციის მიღება, რაც ძალიან მისასალმებელია, რისი შედეგებიც, ალბათ, ის იქნება, რომ ამ მიმართულებით ახალი პოლიტიკა შემუშავდება, რომელიც ისეთივე რბილი და დამთმენი აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო.
რასაკვირველია, ხელისუფლებას საკმაოდ რთული გათვლების გაკეთება მოუწევს, რომ შემდგომი ნაბიჯები რისკის შემცველი არ იყოს, რადგან საქართველო, ჯერჯერობით, ისევ რჩება რუსეთის აგრესიის მიმართ მოყწვლადი, რომელიც უკვე განხორციელდა და ეს შეიძლება კიდევ მოხდეს.
ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფრთხილი, მაგრამ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ერთდროულად ფრთხილი და გაბედული იმას ნიშნავს, რომ საქმესა და მოქმედებაში უფრო გაბედული, მაგრამ განცხადებებში ზედმეტად გამომწვევი არ იყოს.
აი, აქ რაღაც ოქროს შუალედი არის მოსაძებნი.
_ ამ ფონზე, პუტინის მორიგი გაპრეზიდენტება მიმდინარე პროცესებზე რა ზეგავლენას ახდენს?
_ პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებამაც დასავლეთს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. შესაძლოა, ეს ყველაფერი პირიქით მოხდეს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ამ არჩევნების შედეგად თავისი ხელისუფლება განიმტკიცა, ის, ალბათ, კვლავ ეცდება ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებას, რომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც აქამდე ეწეოდა; ამით კიდევ უფრო გააღრმავოს კრიზისი ევროპაში და, კერძოდ, მაგალითისთვის, უკრაინასა და საქართველოში.
ამიტომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებით შეიძლება რაღაც შემობრუნება მოხდეს და ახალი ეტაპი დაიწყოს. აქ ხარისხობრივად ახალ ეტაპს ვგულისხმობ. შეიძლება პირიქით, პროცესების უფრო გამწვავებას ველოდოთ.
ის დრო მოვიდა, რომ დასავლეთი რუსეთის აღნიშნული პოლიტიკის წინააღმდეგ მობილიზებას აწარმოებს და, რასაკვირველია, ყველა თავის მოკავშირესთან ერთად შეეცდება, რომ ერთიანი ძალებით მოახდინოს უფრო მეტი ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე.
სწორედ აქ გვაქვს შანსი, რომ დასავლეთს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, მასთან ერთ ბანაკში აღმოვჩნდეთ. ამ თვალსაზრისით, ერთი და იგივე საფრთხის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები და მოთამაშეები, ალბათ, უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოავლენენ. აქ, პირველ რიგში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში კიდევ უფრო სწრაფ წინსვლას ვგულისხმობ.
_ ამ კონტექსტში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დასავლელ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სამოქმედო პროგრამის (მაპი) გავლით უნდა მოხდეს. უახლოეს პერიოდში ეს რამდენად რეალურია?
_ ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან დღევანდელ ვითარებაში შეიძლება ამის შანსები გაიზარდოს. როგორც მოგახსენეთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მეტი მჭიდრო თანამშრომლობა და უფრო დაახლოება ამ სივრცესთან, კერძოდ, მაპის მინიჭებით ნატოში გაწევრიანების პროცესის განმტკიცება, რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ამ კონსოლიდაციისა დასავლეთის სახელმწიფოებთან.
_ არსებული სირთულეების ფონზე, რამდენად შეიძლება დადგეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი?
_ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გარკვეული რისკები არსებობს, მაგრამ დასავლურ სახელმწიფოებიდან ამ კუთხით დაინტერესება არ არის და არც იქნება, რადგან უვიზო რეჟიმი გარკვეული გავლენის შესაძლებლობაა. ახლა რუსეთსა და დასავლეთს შორის ჭიდილი მიმდინარეობს სწორედ გავლენების გამო, რომელიც ადრე ასე მკვეთრად არ ჩანდა.
დღეს ეს გავლენები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, _ ანუ ევროპული გავლენა სულ სხვა ტიპისაა, ვიდრე რუსული ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ევროპული გავლენა ქვეყნების დამონებასა და დაჩაგვრას არ გულისხმობს, არამედ ის ქვეყნების ტრანსფორმაციასა და მათ ხელშეწყობას, მათთან პარტნიორობის განმტკიცებას ითვალისწინებს.
ეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის დაკარგვაც დასავლეთს არ მოუნდება, ამიტომ იმის ძალიან ნაკლები შანსები არსებობს, რომ მათ ეს უვიზო მიმოსვლა გაგვიუქმონ.
თუმცა ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ამის საფუძველი არავის მივცეთ. თავის მხრივ, დასავლეთის, ევროკავშირის მხრიდანაც მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რომ ჩვენ აქ ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რომელიც იმ პრობლემებს აღმოფხვრის, რომელმაც უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი წამოჭრა.

„საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად მაპის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) გავლით უნდა გახდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.
პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტისას „ამერიკის ხმასთან“ ბრიუსელში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და ამ სამიტში საქართველოს როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბრიუსელის სამიტისგან საქართველო მისი წარმატებული პარტნიორობის აღიარებას ელოდება:
„ბრიუსელის სამიტიდან საქართველო მოელის იმას, რომ მოხდება ძალიან წარმატებული პარტნიორობის აღიარება, რაც ნატომ და საქართველომ განვლეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენი ამბიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული. გვაქვს ყველა მექანიზმი: საქართველო ყველა მოთხოვნაში, რაც ნატოსგან არსებობს, არის საუკეთესო ასპირანტთა შორის, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. არის ფორმატი, რომ ნატო გახლავთ კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა. ნატოს გარდა ჩვვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.
ნატო გვიფიქსირებს შემდეგ პროცედურულ დინამიკას – ჩვენ აუცილებლად მაპის გავლით უნდა გავხდეთ ალიანსის წევრები. ჩვენი ამბიცია არის წევრობა და მაპი არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მთავრობისა და კომისიის წევრებმა პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცეს, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარადგენს.
ასევე, განიხილეს ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესი.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კომისია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც ნატოში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესში საქართველოს სტრუქტურების კოორდინებულ მუშაობას უზრუნველყოფს:
„ალიანსში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. აღნიშნული ვალდებულება ახალ კონსტიტუციაშიც აისახა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მეტად დინამიკურად ვითარდებოდა ნატოსთან თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესი. შარშანდელი წელი ამ კუთხით ძალიან წარმატებული და მეტად დატვირთული იყო როგორც პრაქტიკული თანამშრომლობით, ასევე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. 2017 წელს, მაღალი დონის ვიზიტებთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, მინდა გამოვყო ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საქართველოში, რომელიც გახლდათ ჩვენი წარმატებული განვლილი რეფორმების კიდევ ერთი დადასტურება საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მრავალი ფორმატი აკავშირებს, რომელსაც მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს; საქართველო კი ნატოს მიერ აღიარებულია, როგორც ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზოგ წევრ ქვეყანაზე უფრო აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობის ფორმატებსა თუ საერთაშორისო მისიებში.
„საქართველო გახდა ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და ნატოსთან თავსებადობის დონის მნიშვნელოვნად ამაღლებას, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასა და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გამყარებას, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორისა. მოკავშირეები და ნატოს ოფიციალური პირები, გენერალური მდივნის ჩათვლით, მუდმივად ხაზს უსვამენ ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს, თავდადებასა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამასთან, ასპირანტი საქართველო აგრძელებს ნატოს წევრობისკენ სვლას და მას, ნატოს აღიარებით, ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს, რათა გაწევრიანებისთვის მოემზადოს“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ნატოს წლევანდელი სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მიღებიდან, ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნებისა და წლიური ეროვნული პროგრამის დაწყებიდან 10 წელი სრულდება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოკავშირეებთან როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთხით, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ სამიტისთვის და საქართველო შესაბამის დონეზე იყოს წარმოდგენილი წლევანდელ სამიტზე. ამასთან, ვმუშაობთ, რათა სამიტზე შედგეს მსჯელობა და მასში აისახოს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, შიდა რეფორმებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევების დაფიქსირება და აღიარება, ისევე როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის დადასტურება, ამ მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარების რაკურსში. ასევე, ველით შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ნატოსა და საქართველოს შორის პერსპექტიული თანამშრომლობის საკითხის განხილვას და სამიტის დღის წესრიგში ამ საკითხის ასახვას“, _ აღნიშნა პრემიერმა.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ნატოს ბრიუსელის სამიტისთვის მზადების შესახებ დეტალურად ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც სამთავრობო სტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ჩაიბარა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გელა მამულაშვილი

დატოვეთ კომენტარი