ხათუნა ლაგაზიძე: „ხელისუფლებას ეშინია საკუთარი საზოგადოების გამოფხიზლების“

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე „ქრონიკა+“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში _ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომელიც უკვე პოლიტიკური პაზლის ეფექტსაც არ ტოვებს, რომ ცოტა თავი მაინც ვიმტვრიოთ მის დასალაგებლად, ცხადყოფს, რომ სახელმწიფოში ჰიბრიდული ომი მძვინვარებს და საპასუხოდ, „ჩვენ“ ენძელებისა თუ ყოჩივარდების ცქერით ვერთობით _ ეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. როცა ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ხელისუფლებას. და მაინც, თუ სწორად გავიაზრებთ პროცესებს, რისი ბრალია ეს აწმყო?
_ მიზეზი კომპლექსურია: ხელისუფლებას ეშინია საკუთარი საზოგადოების გამოფხიზლების, ამიტომაც ერი ინდიფერენტულ ან დეპრესიულ მდგომარეობაში მას ყველაზე მეტად აწყობს, რასაც თან ერთვის ოპოზიციის უკიდურესი სისუსტე და გაცვეთილობა; სრულიად დეგრადირებული განათლების სისტემა, რომელიც დიდწილად ლუზერებს უშვებს სივრცეში; ამერიკული და ევროპული გრანტებით და განათლებით შექმნილი პროდასავლური ელიტა, რომლის დიდი ნაწილიც საკუთარ, ობივატელურ ზრახვებში ჩაიძირა, ზოგი ხელისუფლებას შეერწყა, ზოგიც მოდუნდა და საზოგადოების რეალური ლიდერობის ფუნქცია ვერ იტვირთა; ჩამოუყალიბებელი და საკუთარ პრობლემებში ჩაფლული დასავლეთი, რომელმაც, ფაქტობრივად, დათმო ქართული საინფორმაციო ველი და საგანმანათლებლო სივრცე და, სამწუხაროდ, ვერ ხვდება, რომ მხოლოდ სამხედრო დახმარებით საქმეს ვერ უშველის; გაძლიერებული რუსეთი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს საზღვრებთან თავის სამხრეთ ფლანგს, ქმნის ახალ სამხედრო ქალაქებს, მათ შორის, ვლადიკავკაზში, უახლესი მოდიფიკაციის ტანკებით და ჯავშანტექნიკით და ა. შ.; რომ ხელისუფლებაში, ძირითადად, შემთხვევითი ადამიანები არიან და რომელთაც არც იდეა და არც საქმის კეთების ამბიცია არ აერთიანებთ.
ბოლო პერიოდში, თითქოსდა, ხელისუფლებაში სამი ჯგუფი გამოიკვეთა _ კალაძის, გახარიასა და ბახტაძის, რომლებსაც, თითქოს, ესმით რა უნდათ, რა შეცვალონ და რატომ. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა რამის შეცვლას ისინი.
_ შორს ვარ აზრისგან, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ვგულისხმობ რუსეთთან ჯერ კიდევ ომის მდგომარეობას, თითქოს უამრავი ზემოქმედების ბერკეტი გვქონდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაზედაც მოსკოვი დღეს გვაიძულებს ჟენევაში ხელის მოწერას, 6-წლიანი ინერტულობის შედეგიც არის. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, თუნდაც, ლობისტების ჯგუფის ფორმირება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უამრავი დღის წესრიგიდან გააქრო საქართველო და კარგად გვახსოვს, უკრაინის გვერდით საქართველოს მოხსენიებაც კი ცალკეული პერსონებისთვის მიუღებელი იყო. თვალნათლივ გვახსოვს, რომ თავად ხელისუფლება როგორ აყოვნებდა უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებებსა თუ რეზოლუციებს. როგორ ფიქრობთ, ეს იყო შეცდომა, რომელიც ამ დრომდე გაუაზრებელია, თუ ეს არის გეგმა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის საზიანოდ ახორციელებს?
_ როგორც ეს ხელისუფლება უწოდებს _ ეს არის რუსეთთან დათბობისა თუ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. იმ პირობებში, როდესაც ევროპის ელიტები ეკონომიკურ-ენერგეტიკული თუ ბიზნესინტერესებით საკმაოდ მჭიდროდ არიან მიბმული რუსეთზე, როცა აშშ-ს ობამას მმართველობის პერიოდში ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს, ლამის, ყველა რეგიონში, ყველა ფლანგზე უთმობდა პოზიციებს რუსებს, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვირჩევდნენ, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთის ბაზრის ხარჯზე გაგვეუმჯობესებინა და ახლაც იგივე დაგვიბარა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ პოსტის დატოვების წინ, ამ პოლიტიკას გარკვეული ახსნა შეიძლება მოეძებნოს, გარდა ერთისა _ ეს არის ქართული საინფორმაციო სივრცის, ფაქტობრივი, კაპიტულაცია რუსული საინფორმაციო პროპაგანდის წინაშე, რომლის ყველაზე ნეგატიური შედეგი ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში კაპიტულანტური განწყობის გაძლიერებაა _ რუსეთს მაინც ვერ მოვერევით და მოდი, გავუწვეთ _ ეს არის მთავარი ნარატივი. ასეთი პოზიციის მქონე საზოგადოებაში, რუსეთს, რა თქმა უნდა, ნებსიმიერი თემის გატარება გაუადვილდება. საზოგადოების ეს ნაწილი ბრძოლაზე, შემართებაზე, განვითარებაზე ხელჩაქნეული ხალხია. ის ფიქრობს, რომ რუსეთი არის ძალა, რომელთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმა დანებებაა. ეს ხელჩაქნეული ხალხი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არ გამოვა. ისინი შეიძლება არ იყვნენ რუსეთის მომხრეები, მაგრამ არაფერი გააკეთონ მისი ინტერესების საქართველოში გატარების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, რომ სხვა ყველაფერი გამოსწორებადია და თანაც, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში _ მოკლე დროში. ყველაზე დამანგრეველი კი სწორედ ეს განწყობაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დასავლეთმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე უკონტორლოდ არ დაეტოვებინა: რას აკათებს დასავლეთი საქართველოში რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად?! ფაქტობრივად, _ არაფერს. დააფინანსა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომელმაც, წესით, რუსული საინფორმაციო პროპაგანდის განეიტრალება უნდა იკისროს. ე. ი. ამით ხელებიც დაიბანა.
მნიშვნელოვანი წყალგამყოფი რუსეთთან დათბობასა და დათმობას შორის იქნება, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების უახლოესი რაუნდი: თუ იქ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიერთების პროცესში რაიმე ფორმით ჩვენი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მხარეებად აღიარება მოხდა, ეს იქნება რუსეთთან დათმობის პოლიტიკის აშკარა დასტური, რომელსაც ზვავის ეფექტი ექნება.
_ საზოგადოების ცალკეულ ნაწილში ხშირად ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ დასავლეთი საკვანძო ან უმნიშვნელოვანესი საკითხების დროს გვერდით არ გვიდგას, გვღალატობს. გასაგებია, ასე ვითარების წარმოჩენა ვისაც აწყობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველო არ არის ნომერ პირველი და არც ნომერ მეხუთე პრობლემა დასავლეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. რა არის ამის მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი არსებულ ვითარებას? ან, იქნებ, სულაც კარგ მდგომარეობაში ვართ ამ მხრივ და ეს სტატუს კვო უნდა შენარჩუნდეს?
_ ობამას ამერიკა და ტრამპის ამერიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან: ტრამპის ამერიკა ეს ის ამერიკაა, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტის ტექსტში შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთი არის აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის ოკუპანტი და რომ ამერიკის მთავრობა არ დააფინანსებს არანაირ პროექტს, რომელიც „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ხელს შეუწყობს“. ეს ის ამერიკაა, რომელიც საქართველოსთვის 3-წლიან უპრეცედენტო სამხედრო დახმარების პროგრამას იწყებს, რომლის მსგავსიც 2003 წლის შემდეგ არ ყოფილა და რომელიც, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, ითვალისწინებს „ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას ცხრა ბატალიონისთვის“, მათ სრულფასოვან წვრთნასა და განათლებას. საუბარია საქართველოს დახმარებაზე ჰაერში, წყალსა და მიწაზე. თუმცა ობიექტურები რომ ვიყოთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პროგრამის განხორციელებას, ჯერ კიდევ, 2016 წლის ზაფხულში, ობამას პრეზიდენტობისას მოეწერა ხელი. ეს ის ამერიკაა, რომელსაც სტრატეგიულ ინტერესებსა და პარტნიორებს იოლად ხელიდან ვერავინ გამოაცლის და ამის ძალიან ნათელი მაგალითი
თურქეთია: სულ ახალი ინფორმაციით თურქეთი ზენიტურ-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართავს. როგორც ვიცით, აქამდე თურქეთი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სუ-400-ების შეძენას აპირებდა. როგორც ჩანს, აშშ-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნატოს წევრ და მის ბოლო დრომდე პარტნიორ ქვეყანაში არ დაეშვა რუსული შეიარაღება.
როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, ევროპაც თანდათან იწყებს რუსეთის, როგორ ეგზისტენციური საფრთხის გაცნობიერებას.
თუმცა როგორც აშშ, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებიც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, რათა თავიდან აირიდონ მორიგი ესკალაცია. თვით ამერიკის ელჩმა იან კელიმ დაგვიბარა: „რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად“. და ეს გასაგებიცაა იმ პირობებში, როცა დასავლეთი პუტინის რუსეთთან გადამწყვეტი შერკინებისთვის ემზადება. და პუტინი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს.
_ პუტინი, რომელიც მორიგჯერ გახდა რუსეთის მმართველი…
_ დიახ, დაიწყო ვლადიმირ პუტინის ბოლო ვადა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, როცა რუსეთსა და დასავლეთს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ: პუტინის მიზანია, ერთი მხრივ, შიდა პოლიტიკაში საკუთარი გარემოცვის ისე გაძლიერება, რომ 2024 წლის შემდეგაც ძალაუფლება მის პოლიტიკურ გუნდს დარჩეს, ხოლო სგარეო პოლიტიკაში _ მისი პრეზიდენტობისას რუსეთის მიერ საერთაშორისო სივრცეზე დაბრუნებული პოზიციების შენარჩუნება-გამყარება და ახალი პოზიციების ათვისებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ამ კუთხით საფრთხე სწორედ საქართველოსკენაც არის მომართული.
რაც შეეხება დასავლეთის ამოცანას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პუტინისთვის, დიდი ალბათობით, ბოლო ვადაა, დასავლეთი შეეცდება რუსულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში იმგვარი განწყობების ხელშეწყობას, რომ პუტინის შემდეგ რუსეთში უფრო თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკური ელიტა მოვიდეს და ლიდერი, რომელიც დასავლეთთან დიალოგისთვის მზად იქნება. რუსეთში მოდის ე. წ. სმარტფონების თაობა, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ეცდება დასავლეთი პუტინის ჩასანაცვლებლად 2024-ში.
ასე რომ, ჩვენ წინ გველოდება საგარეო ურთიერთობებში ძალიან რთული ფაზა. შეიძლება გაცილებით რთული, ვიდრე ჩვენ გვქონდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს არ იქნება ერთ-ორთვიანი ან, თუნდაც, ერთწლიანი პერიოდი. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იქნება. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ნასხლეტები საქართველოს აუცილებლად მოხვდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, არ გავხდეთ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი სცენა. დამეთანხმებით, ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორ მოვახდენთ ჩვენი თავის პოზიციონირებას. ამას წინათ თურქეთის საგარო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს უზარმაზარ წერილი წავიკითხე, სადაც ის ნათლად უხსნის ევროპას თურქეთის მნიშვნელობას იგივე ტერორიზმის შეკავებისა და ლტოლვილთა ნაკადებისგან ევროპის დახსნის საქმეში. ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანა უახლოეს მომავალში სწორედ ეს იქნება: რაც შეიძლება ნათლად და მკვეთრად დაანახვოს დასავლეთს საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა, მისთვის განსაკუთრებულ, გამოწვევებით, მტრებითა და ქაოსით სავსე რეგიონში. თორემ შტორმში მოყოლილი ნაფოტივით ყოფნა, მოსალოდნელი გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, ჩვენთვის, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.
_ რეალურად, ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ რუსეთთან „ბაბაიას“ პოლიტიკა გვაქვს, მაგრამ ეს პოლიტიკა როგორ უნდა განხორციელდეს, უცნობია, რადგან თუნდაც კრიზისებზე ვერ ვრეაგირებთ. ამ პირობებში ქვეყანა, ფაქტობრივად, უშიშროების საბჭოს გარეშე დარჩა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამდენად აქტუალურია ამ ან ანალოგიური სახის ორგანოს არსებობა და რა ფუნქციით?
_ მე ვიტყოდი, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს. ხვალინდელი დღით თუ გვინდა ცხოვრება და ის, რომ ჩვენი მომავლის პროგნოზირება ჩვენს ხელთ იყოს, მაშინ უშიშროების საბჭოს ფუნქციის მატარებელი სტრუქტურა აუცილებელია, ოღონდ ამჯერად არა პრეზიდენტთან, არამედ _ პრემიერთან, რადგან ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი მართლაც იმდენად უუფლებოა, რომ აზრს კარგავს მასთან მსგავსი ტიპის სტრუქტურის არსებობა. ამ სტრუქტურაში უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა, თავდაცვის სექტორის განვითარების პროცესის კოორდინაცია, ყველა ტიპის კრიზისის უმაღლეს დონეზე მართვა, საშინაო და საგარეო საფრთხეების შეფასება, პროგნოზირება და, შეძლებისდაგვარად, პრევენცია, თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლადაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სტრატეგიული დოკუმენტებისა და საბაზისო კონცეფციების შემუშავების ორგანზება და სხვ. როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანა ასეთი მაკოორდინებელი რგოლის გარეშე და რა არგუმენტი დგას ამ სტრუქტურების გაუქმების გადაწყვეტილების მიღმა? _ ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია.
_ სამომავლო ვითარებაც გავაანალიზოთ: რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარედან _ კეთილმოსურნე მეზობლის ძალისხმევით? ეს მსჯელობა მით უფრო საინტერესო და აუცილებელიცაა, რადგან ხელისუფლებამ, ჯერჯერობით, ვერ შეძლო ვერც ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც არ დააზიანებდა ქვეყანას და მის იმიჯს. თუნდაც რამდენიმე გავიხსენოთ _ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, ჩატაევის შემოსვლა ქვეყანაში, ტატუნაშვილის ფაქტი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც აცდენილია რეიტინგებს, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებს. აქვე, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება კრიმინოგენური ვითარება. ანუ რა მოლოდონები უნდა გვქონდეს არსებულის გათვალისწინებით?
_ მოკლედ, მივყვეთ საფრთხეების ჩამონათვალს, რომელთაგან ნაწილზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ: ტერორიზმი, რომელიც თავისთავადაც საფრთხეა და დამატებით _ იარაღი რუსეთის ხელში; კაპიტულანტური და ინდიფერენტული განწყობა საზოგადოებაში; პოლიტიკური ელიტის განახლებისთვის არასაკმარისი რესურსი და მზაობა; ახალგაზრდებში პოლიტიკის კეთების მიმართ ინტერესის გაქრობა, რაც უიმედობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს; ავტორიტეტების მიზანმიმართული ნგრევა და ამ მიზნით სოციალური ქსელები სამომავლოდ კიდევ უფრო ვერაგულად იქნება გამოყენებული; განათლების სისტემა, რომელიც სრულიად არაადეკვატურია თანამედროვე გამოწვევებთან; პუტინ-დასავლეთის დაპირისპირების უმწვავეს ფაზაში გადასვლა და რისკი, რომ ამ დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ სცენად ვიქცეთ; ამ ფონზე, მეხუთე კოლონა, რომელიც აშკარად რევანშისთვის ემზადება; მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მაღალი ალბათობა იმისა, რომ პირველად 1990 წლიდან მმართველი პოლიტიკური ძალა გაურკვეველი დროით დარჩეს სახელმწიფოს სათავეში, რაც კიდევ უფრო მოშლის ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებს, გაამძაფრებს საზოგადოებრივ ნიჰილიზმსა და ა. შ.
_ ამ კითხვასაც ქვეყნის უსაფრთხოების პრიზმაში ვსვამ. როდესაც პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ოპონენტები ხშირად მიგვითითებენ, რომ გამოსავალი უნდა შევთავაზოთ. ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება იმდენად უღიმღამო და არაფრის მთქმელია, რომ თუნდაც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაც კი ვერ გახდა პოლიტიკური სპექტრისთვის გამაერთიანებელი ფაქტორი. ცხადია, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს არსებულ პირობებში. ახალი ძალა, რომელიც ყველას სათანადო ადგილს მიუჩენდა და კონკრეტული იდეით წარდგებოდა ხალხის წინაშე, არ ჩანს. ამ პირობებში როგორ არის შესაძლებელი, ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული გავხადოთ, ხოლო ოპოზიცია ქმედითი?
_ დღევანდელი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თავისი რესურსი ამოწურა, განახლების არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა. რასაც ახერხებს, ისიც დიდია, რომ საგარეო ფლანგზე და ხანდახან, შიდა საკითხებშიც, ხელისუფლებას შეცდომებისგან თუ გადაცდომებისგან უკან დაახევინოს. მათ ამისთვის უზარმაზარი მადლობა ეკუთვნით, რომ არა ისინი, საით გაუტევდა ხელისუფლება, ცხადად ჩანს.
მაგრამ, ვფიქრობ, რომ კონკურენციის პროცესები უფრო ხელისუფლების შიგნით წავა, რომელშიც, ამ ეტაპზე, სამი ძალის თუ მიზიდულობის ცენტრი აშკარად იკვეთება: კალაძე, გახარია, ბახტაძე _ თუკი ის მოახერხებს და პრემიერი გახდება. თუ დასავლეთის მხრიდან არ წამოვიდა ძალიან მკაფო მესიჯი, რომ „ოცნება“ 2020-ისთვის, მესამე ვადით, ამ სახით არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ ეს ჯგუფები ერთად, თუმცა შიდა ჭიდილის პირობებში, დააკომპლექტებენ 2020-ში „ოცნების“ საპარლამენტო სიას. თუ დასავლეთმა მკვეთრად აგრძნობინა „ოცნებას“, რომ ის არ მიესალმება საქართველოში ხელისუფლებათა ცვლის დემოკრატიული ტრადიციის დარღვევას და „ოცნების“ მესამე ვადით დარჩენას სახელმწიფოს სათავეში, მაშინ „ოცნება“ კოალიციური მთავრობის სხვადასხვა ვარიაციას შემოგვთავაზებს, მაგალითად, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად, რომელთან თანამშრომლობის სურვილს ღიად აცხადებენ დღევანდელი თანამდებობის პირები. თუმცა ამ ვარიაციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ფაქტია, რომ ერთადერთი ცოცხალი პროცესი დღეს ისევ „ოცნების“ შიგნით მიდის: აქამდე თუ მარტო კალაძე ხვდებოდა აქტიურად საზოგადოების ყურს, ახლა გახარიაც შეემატა, რომლის მიმართაც დადებითი მოლოდინია საზოგადოებაში დაანონსებული საინტერესო რეფორმების გამო და ბახტაძეც, რომელმაც ფინანსთა მინისტრად ყოფნის მცირე ვადაში მოასწრო რამდენიმე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ცვლილების ინიცირება და პრემიერად მოსვლის შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებული სკამის შემავსებელზე გაცილებით აქტიური იქნება.
_ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს რა ვუყოთ?
_ რაც შეეხება დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების გამოცოცხლების სქემას: დასავლეთმა უნდა დაიწყოს საგანმანათლებლო მოძრაობის ახალი, ძალიან მასშტაბური ტალღა, ისეთი როგორიც ჰქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში _ მოიძოს და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩართოს სამოქალაქო აქტივობებში და გახადოს საზოგადოებრივად აქტიური, ეს დღესვე დასაწყები პროცესია. აუცილებელია ახალგაზრდების შემოყვანა აქტიურ სივრცეში, არა იმათი, ვისაც ტვინი კომუნისტურ-რუსული ნარატივით აქვთ სავსე, არამედ ჯანსაღი ძალების. მაგალითად, იგივე რუსეთში დასავლეთი „სმარტფონების“ _ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გაზრდილ თაობაზე აკეთებს აქცენტს. აქაც სპეციალური პოლიტიკაა შესამუშავებელი, რომ ახალ, ჯანსაღ თაობას პოლიტიკაში მოსვლის პირობები შევუქმნათ. არადა, დასავლეთიც ძველ წრეზე ტრიალებს: როცა საელჩოების წარმომადგენლები მხვდებიან, ისევ იმას მეკითხებიან, _ ვის აქვს შანსი მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალის დაკავების 2020-ში _ „ნაციონალებს“ თუ „ევროპულ საქართველოს“? რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ სცენაზე დარჩენის შანსი აქვთ, მაგრამ გლობალური განახლებისთვის სრულიად ახალი პოლიტიკური იდეები და სახეებია საჭირო.
_ საზოგადოება არ რეაგირებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, არ რეაგირებს ერთპარტიულ კონსტიტუციაზე, არ რეაგირებს დანაშაულზე, არ რეაგირებს უამრავ გამოწვევაზე, რომელიც მთლიანობაში თავისუფალი საზოგადოებისა თუ ინდივიდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა. რა უნდა გახდეს საზოგადოების მოტივატორი იმ პირობებში, როდესაც თავისუფლებისადმი დამოკიდებულება ჩვენს საზოგადოებაში ბოლომდე გაუცნობიერებელია?
_ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა, რომელზედაც პასუხის გაცემაც მიხდება: ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრის მართვის სრულიად ახალ რეალობაში შევედით _ სოციალური ქსელები თუ, ერთი მხრივ, საზოგადოების აგრესიის განეიტრალების, ბოლის გამოშვების მშვენიერ საშუალებად იქცა, მეორე მხრივ, ავტორიტეტების ნგრევისა და იდეების დევალვაციის იარაღად გამოიყენება. ჩვენ დღეს გვჭირდება: იდეა, ფული და ერთი შანსი, ანუ, უფრო ზუსტად _ ამანთებელი იდეა, საზოგადოების ნდობის რესურსის მქონე ახალი ავტორიტეტები და თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტირებული საინფორმაციო პოლიტიკა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენ ძველი მეთოდებით ვცდილობთ საზოგადოებასთან საერთო ენის გამონახვას, ამიტომაც ვერაფერს ვაღწევთ. საქმე მარტო მოტივაციაში არ არის, მეთოდშია _ ამ ეტაპზე კი არც ერთი გვაქვს _ არც მოტივატორი, არც გამხმოვანებელი _ ანუ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ლიდერი თუ ლიდერთა ჯგუფი და არც მეთოდი ვიცით, ანუ ის, თუ როგორ გავუმკლავდეთ უზარმაზარ ხორცსაკეპ მანქანას _ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელთა მეშვეობითაც ყოველდღიურად ჩვენი ტვინების გადამუშავება ხდება _ ერთი მიზნით, რომ ჩვენ ბრძოლაში და განვითარებაში აზრი ვერ დავინახოთ. მე ერთი ვიცი, რომ მარტო შიდა რესურსი ამ საქმეს არ ეყოფა, ცხადია, მხოლოდ ფინანსურ რესურსს არ ვგულისხმობ. აი, იმ დასავლეთს კი ვინ აუხსნის ამის საჭიროებას, ეს ცალკე საკითხია.

გოჩა მირცხულავა