ახდენილი ნატვრა, ანუ „დაიმახსოვრეთ, აქ ერთი ადგილი ჩემია…“

საბედნიეროდ, პატრიოტიზმს საქართველოს ბევრ მოქალაქეს ვერ დაუწუნებ, მაგრამ არჩილ ტატუნაშვილი ის კაცი იყო, რომელსაც არა მარტო სამშობლო უყვარდა, არამედ სამშობლოსთვის სიკვდილს ნატრობდა და იმდენად ხშირი იყო ეს ნატვრა, რომ ახდა კიდეც.

აჩის მეგობარი, ლევან შერმადინი ყვება, რომ არჩილი შანსს არ გაუშვებდა ხელიდან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ ასულიყო, წამოსვლის წინ კი მეგობრებს აუცილებლად ეტყოდა: „დაიმახსოვრეთ, აქ ერთი ადგილი ჩემია“.
სხვა მეგობრები კი აჩიკოს მრავალჯერ ნათქვამს იხსენებდნენ, _ როცა სამადლობელს ამბობდა სუფრასთან მისი დალოცვის დროს, აუცილებლად დააყოლებდა: სანამდისაც ვიქნები, ვიქნები, დაკრძალვით კი ან ახალგორში დავიკრძალები, ან მუხათგვერდის სასაფლაოზეო…
ბოლოს თებერვლის დასაწყისში ღამით ყოფილა მუხათგვერდზე. მის გამოსამშვიდობებელ სუფრასთან ეს ამბავი ბიძამისმა _ მერაბ ტატუნაშვილმა გაიხსენა:
„სულ მინდოდა, არჩილს ბევრი შვილი ჰყოლოდა, ერთი მაინც ხომ დაემსგავსებოდა…
ბოლოს თებერვლის დასაწყისში იყო მუხათგვერდის სასაფლაოზე. ძმაკაცებთან მჯდარა მანქანაში ღამით და უთხოვია, ამიყვანეთ, ბიჭებს მოვესიყვარულებიო, მანამდეც სულ ადიოდა…
ასულა, ტელეფონის შუქზე დაუვლია საფლავები, მოფერებია ბიჭებს და უკან გაბრუნებისას იმ ადგილას მოტრიალებულა, სადაც ახლაა დასაფლავებული, ხელი აუწევია და, _ კარგად იყავით, ბიჭებოო…
ახლა ჩვენ ვეუბნებით იგივეს, რადგან ის ჩვენთვის არ მომკვდარა:
კარგად იყავი, არჩილ!..“
წავიდა და ისე წავიდა, როგორც უნდოდა. ალბათ, ის წამება და აუტანელი ფიზიკური ტკივილიც უკვე გადატანილი ჰქონდა, რადგან ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად იყო.
წავიდა და დატოვა მისივე მსგავსი მეგობრები, რომლებიც ახლა ერთმანეთს ასე მიმართავენ, როცა აჩიზე საუბრობენ: „მისი წყალი გადმოგვსხმოდეს, ძმებო!..“
მუხათგვერდის სასაფლაოზე ზღვა ხალხი იყო, მაგრამ იმდენი მაინც არა, რამდენიც გმირულად დაღუპული ვაჟკაცის ბოლო გზაზე გაცილებას სჭირდება თუ შეეფერება. იყო აჩის ცხედრით მიმავალი კატაფალკის შესახვედრად მთელ გზაზე ჩამწკრივებული საპატრულო პოლიცია, რომელიც ტატუნაშვილს სამხედრო სალმით აცილებდა, იყო სამოქალაქო დერეფანი და დაჩოქილი მოქალაქეები, სანამ კატაფალკამ დროშებით გამწკრივებული საპატიო ყარაულის შუაში გაიარა, იყო აცრემლებული ხალხი, იყო აჩის მამა _ გივი ტატუნაშვილი, რომელიც ჯერ შვილის ცხედარს, მერე კი საქართველოს სახელმწიფო დროშას ეამბორა… მამა, ვინც ერთ თვეში დაბერდა, მაგრამ არ გამტყდარა…
მოვა დრო და აჩის მეგობრები მთავარ სათმელს იტყვიან _ როგორი ნაწამებია მათი მეგობარი. მათ ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც აქვთ, თუმცა ჯერ ქართული ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებიდან არავის მოუვა თავში, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკად წამების ფაქტი, მისი მოჭრილი თითი და თავში ნასროლი ტყვია დამალოს…
მანამდე კი… მანამდე რამენაირად გაიყოფენ ერთმანეთის დარდს მეგობრები: ერთად დასხდებიან, ჭიქას წააქცევენ, აჩის ხალისიან ცხოვრებას მოიგონებენ. აუცილებლად მოიგონებენ, მუდამ რომ გაჭირვებაში ჩავარდნილთა დასახმარებლად მიუწევდა გული, რომ მუდამ იმის გვერდით იდგა, ვისაც პრობლემები ჰქონდა _ მე შენ გეტყვი და, მოსაგონარი ამბები გამოილევა… ხანდახან საფლავზე ავლენ, პირით აჩისკენ დასხდებიან, სხვა ბიჭებსაც გადახედავენ, სამკუთხედ ქვებს ქვემოთ ჩათვლემილთ, აჩის წყნარად ეტყვიან: „შენს ეზოში ტყემალი აყვავდა, აჩი…“
ყანჩევეთი, სადაც არჩილი დაიბადა, წინათ ყანჩაეთად იწოდებოდა. ეს სოფელი ქართულ ისტორიულ წყაროებში ბევრჯერაა მოხსენიებული, რადგან ამ სოფლიდან საქართველოს ისტორიას მხოლოდ გმირი მეომრები ახსოვს _ აბჯარასხმულები, ცხენებზე ამხედრებულები, ალესილი ხმლებით…
ასე იყო წინათ, ასეა ახლაც. აჩიკოს კი სულ მუხათგვერდის სასაფლაოზე ეჩქარებოდა, სულ იქ ადიოდა, დაღუპული კი არა, მოკლული ბიჭების სულები ეძახდა, მათ ესიყვარულებოდა.
ესიყვარულებოდა და მალე მოსვლას, მათთან ერთად ყოფნას ჰპირდებოდა, მათთან ერთად ყოფნისკენ მიიჩქაროდა.
და რატომ არ ახდა, ნეტავ, ის ცნობილი ფრთიანი გამოთქმა, _ მოჩქარეს დაუგვიანდესო…

ლაშა ბერულავა