თაღლითობის საქმეს დასასრული ისევ არ უჩანს

„ქრონიკა+“-მა ადრე გამოაქვეყნა სტატია: „თაღლითობის საქმე, რომელსაც დასასრული არ უჩანს“. პუბლიკაციას დიდი რეზონანსი მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ შეტანილი კოლექტიური განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ათი ადამიანი საქმეზე დაზარალებულად ცნო, ერთი გამონაკლისის გარდა, დღემდე სამართლიანობას ვერავინ მიაღწია. პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები ისევ „გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთნით“ პრინციპით მოქმედებენ.

ამჯერად „ქრონიკა+“ გახმაურებული საქმის დეტალებზე ერთ-ერთ დაზარალებულს, ოთარ დვალაძეს ესაუბრება:
_ მეტწილად სოფელში, ქვედა შაურაში (ამბროლაურის რაიონი) ვცხოვრობ. 2014 წლის ნოემბერში თბილისში ჩამოვდივარ და მეუღლე მეუბნება, შენი მეგობარი რეკავს, აუცილებლად უნდა ვნახოო; რამდენჯერმე დამირეკაო; ვინ არის ა. გ. (ზუსტ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), ჩვენთან არასოდეს მოგიყვანიაო.
_ ეგ სხვა მიმართულებით მუშაობდა, მე სხვა, გარეთ თუ შევხვდებოდით, ისე, ბავშვობისას, რაჭაში, სოფელში ერთად გავიზარდეთ-მეთქი, რიონზე ერთად დავდიოდით, ლახტს ვთამაშობდით და ა. შ., რომ იტყვიან, „ტრუსიკის“ მეგობრები ვიყავით.
ტელეფონი მქონდა და დავურეკე, _ სად შევხვდეთ-მეთქი? _ სადაც გაგიხარდება, იქ, ისეთი თემა მაქვს, რომ გაგიხარდება და შენი ცხოვრებით კმაყოფილი იქნებიო.
ამ დროს, ეს დიდი საქმოსანია, ადრე ლაზიშვილებთან მომუშავე, მის შემდეგ მთელი თბილისის საკონდიტროების უფროსი, მინისტრთა საბჭოში ჩოგოვაძე რომ იყო, მისი შვილის ახლობელი და ა. შ. მოკლედ, დიდი ქონება შეიძინა. აღმაშენებელზე დიდი ობიექტი, დიღომში სამსართულიანი დიდი სახლი, იქ მასზე უკეთესი ბინა არ არის, 2 ათას კვ.მ მიწის ფართობს ფლობს და ა. შ.
შევხვდით და, _ ოთარ, შეიძლება, შენთვის ეს პროფესიონალურად მისაღები არ იყოს, მაგრამ რესტორანი გავაკეთე და მინდა, რომ წამომყვე და გვერდში დამიდგეო. გამეცინა, _ მე და რესტორანი რანაირად, ჩემს ცხოვრებაში ასეთ საქმესთან, ხომ იცი, შეხება არ მქონია-მეთქი.
_ არა, იქ მხოლოდ გვერდში დამიდექი და მეტი არაფერიო. ერთი მყავს თაღლითი, მეორე ასეთივე და მე და შენ ერთად ვიქნებით, მერე პატივისცემა ჩემზე იყოსო.
_ კაპიკი არ მაქვს-მეთქი.
_ ვიცი, შენ ფული ვინ მოგცა, მე იქ ფულს გაშოვნინებო.
_ არ გამოვა, ასი წლის დედა მყავს, ახლა აქ ჩამოვიყვანე და ისევ რაჭაში უნდა დავაბრუნო, ამას დავდევ და აბა, როგორ-მეთქი?
_ აქ სამი-ოთხი თვე ხომ იქნები და მომეხმარე, საქმე რომ აეწყობა, პატივსაც გცემო.
_ კი ბატონო, აქ ვარ, პესნიაზე ვიმყოფები, რამე ისეთი საქმე არ მაქვს და ვნახოთ, რა და როგორ არის, შენი ობიექტი მაჩვენე-მეთქი.
წავყევი და მართლაც დიდებული შენობა მანახა, _ ამაში სისხლი ჩავღვარეო. ახლა არ ვარ გაცნობიერებული, ეს მისი საკუთრებაა, დაქირავებულია, თუ როგორ არის. ვფიქრობ, რომ მისია, ნაყიდია, რადგან დიდი ფულის პატრონი იყო და მისთვის ეს არაფერი იქნებოდა. ეს რესტორანი ყიფშიძის ქუჩაზეა.
შევედით, დავათვალიერეთ. მაინც ვეუბნები, _ არ გამოგადგები-მეთქი.
_ ბიჭო მეგობარი ხომ ხარ, ვიღაცები თაღლითობენ და გვერდში კაცი მინდაო. მერე, როცა წახვალ, წადი რაჭაში, აქ რომ იქნები, გვერდით დამიდექიო. _ კარგი, დავფიქრდები-მეთქი.
მერე მაინც გადავწყვიტე, ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი და აღარ დავურეკე. თავად მირეკავს, _ ოთარ, რას შვრები, ჩემთან არ მოდიხარო? _ არ მინდა, მაგ საქმეს ნუ ამკიდებ-მეთქი.
_ ბავშვობა, მეგობრობა გავიხსენოთ, დიდად არ დაგტვირთავო.
კიდევ მივედი. ახლა ასე მეუბნება, _ ხომ იცი, მდიდარი კაცი ვარ, სად არ ვიმუშავე, ახლა ისე მოხდა, რომ ფულზე ხელი არ მეკიდებაო; ჰოდა, არ მინდა, ჩემი რომელიმე ქონება გავყიდო, შენ კარგი მეგობრები გყავს და ეგებ, ვიღაც მოვიდეს, აქ ჩვენთან ერთად იყოს, ფულსაც დადებს და მას წილშიც შევიყვანო; შენ კი ფულის შემოტანა არ დაგჭირდებაო. ის კაცი წლიდან წლამდე გამყვება და შენ ჩახვალ რაჭაში, ჩამოხვალ და შემოგვიერთდებიო. როგორც მეგობარს, შენ უყურადღებოდ მაინც არ დაგტოვებო.
_ ვნახავ, ჩემი ასაკის ადამიანები დასაქმებული არ არიან, იქნებ, ვინმეს თანხა შემონახული ჰქონდეს ან დაინტერესდეს, ისესხოს და წამოვიდეს-მეთქი.
მართლაც, ერთ, გვერდზე მცხოვრებ მეგობარს მივადექი, _ თენგიზ, ასეთი ამბავია, ჩვენი ხნის კაცია, მეგობარია, საქმე წამოუწყია, ამ სფეროში შენ უფრო ნამუშევარი ხარ და ერთად ვნახოთ, შეიძლება, კარგი საქმეა და თავად განჭვრეტ, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია-მეთქი.
_ კი, ოთარ, წავიდეთ, შენი ხნის კაცი თუა და დამდგარი პიროვნება, მოვილაპარაკოთო. წამომყვა და ამ ჩემმა მეგობარმა თენგიზიც ენით „მოქარგა“, _ ესა და ეს ვარო. მერე სარწმუნო რომ გახდეს, მანქანაზე დავსხდეთ და ჩემს ქონებას განახებთო, ბინებზეა საუბარი.
დავბრუნდით რესტორანში და თენგიზმა უთხრა, _ ყოჩაღ, შენ საკუთარ თავს გამოდგომიხარო.
_ აბა, როგორ, ამასავით კი არ ვარო, _ ჩემზე ეუბნება. _ ეს საქმოსნებს სისტემიდან ყრიდაო, _ ადრე პარტიული ხაზით ეს დავალება მქონდა, შევარდნაძის დროს საკადრო პოლიტიკაში ვმუშაობდი და ამას მართლა ვებრძოდი.
_ მიუკარებელი კაცი იყო და ამიტომ მშიერი დარჩაო, _ ჩემზე ეუბნება.
მას აუხსნა, _ თენგიზ, 6 ათასი დოლარი შემოიტანე და ჩემთან ერთად სრულფასოვანი წილი გექნებაო. თენგიზმა, _ ოთარიო? _ ოთარს ფული არ აქვს, ჩვენ მოგვეხმარება და ისე არ დავტოვებთო.
_ არა, როცა წილზეა საუბარი, ის გვერდზე რატომ იყოსო? _ თენგიზი პასუხობს. ამ დროს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი გამართლდება და ამ მხრივ სწორადაც მოიქცა. _ მე ჩემსას თუ ვიშოვი, რა გახდა, ოთარისთვის ერთი 5 ათასი ვეღარ მიშოვიაო?
მოკლედ, 11 ათასი დოლარი მოუტანა, სრულფასოვანი წევრი ოთარიც იქნებაო და ჩააბარა.
ახლა, ოჯახში ხომ გაიგეს ეს ყველაფერი, ქალიშვილი გამყვა, _ მამა, ვნახავ ადგილზე, რა და როგორააო.
_ კარგი სიტუაციაა, ერთი თაობის ხალხი, მეგობრები ხართ და გადახედეთ, გარემო მომეწონა, კარგი ნამუშევარია და აქ ხალხიც მოვა, თუკი მოინდომებთ, მუშაობა შეიძლებაო.
მიუხედავად ამისა, ა.-ს ვუთხარი, _ მეგობარი მომყავს, ჩემი ფულიც მან დადო, თავისიც, რაღაც რომ მოხდეს, მე უბედურ დღეში ჩავვარდები და რაღაც ქაღალდზე დაწერე-მეთქი.
_ ამ დროს წილებზე არაფერი გაქვთ შედგენილი?
_ არა, არაფერი გვაქვს დაწერილი.
_ ხედავ, თენგიზ, ვაპატიოთ, როდის იყო, საქმოსანი და ქურდი რამე ხელწერილებს დებდნენ, ბიჭო, არ გრცხვენიაო? _ მეუბნება; ოთარიკა (რაჭულად), ხელწერილი დაგიწერო შენაო? ეგ როგორ გამიბედე, შემირცხვენია ქაღალდები, აგერ არ ვარ კაციო? თენგიზმა ფეხი მიმარტყა, გაჩერდიო.
მუშაობა დავიწყეთ. თენგიზმა შესთავაზა, რომ საქმე გაგვეფართოებინა, ტელევიზორები დაგვედგა (დიდი ფეხბურთი იყო მაშინ) და ა. შ. თანახმა იყო, _ აბა, როგორო. გავიდა ერთი დღე _ არაფერი, მეორე იგივე, მესამე დღე _ არაფერი კეთდება, მეოთხე დღეს იქით ჩოჩქოლის ხმა გავიგე და ვიღაცას ფული გადასცა. ვიგრძენი, ამას ვალი ხომ არ ჰქონდა-მეთქი?! მეორეს ვეკითხები (ვისთანაც კარგად არაა), _ რა მოხდა-მეთქი? არ დამიმალა, _ ვალი მისცაო. _ ჩვენი მატანილი ფული-მეთქი? _ კიო. გულზე შემომეყარა და, _ შენ რას აკეთებ, ბიჭო-მეთქი.
_ არა, აგერ, პლეხანოვზე ერთი ებრაელია და ჩემს ობიექტში 9000 დოლარს მაძლევს, ასე რამ შეგაშინაო; მარა ჯერ ეს არ მინდა, მაცალე და შემოვბრუნდეთო; მე რომ ასე შემშინებოდა, ამხელა ქონებას შევიძენდიო? _ მპასუხობს.
ვუთხარი, _ ჩემი რომ იყოს, სხვა ამბავია, ხომ იცი, ეს ფული ჩემი არაა, მეგობარმა მომიტანა და ვატყობ, აქ სხვა რამ ხდება, რაღაცნაირად, ვეღარ გცნობ-მეთქი; შენ ის აღარ ხარ, რაც ბავშვობაში იყავი, ახლა შენ კაი კაცი არ ხარ-მეთქი.
ამ დროს, რესტორანი ცოტ-ცოტა მუშაობს, მე არაფერს მაძლევს, არც ვთხოვ, _ არაფერი არ მინდა, ჩემი ფული მომეცი-მეთქი. _ კი მოგცემო. კადრებში ნამუშევარი ვარ და კაცი აღარ მომწონს, _ ყნოსვა მაქვს უკვე და… _ შენგან აღარაფერი მინდა-მეთქი. სამი თვე ასე მატარა, კაპიკი არ ამიღია, დამპირდა და შედეგი არაფერია.
გავიხედე რამდენიმე დღეს, მთელ კვირას სამსახურში არ მოდის, ვურეკავ და ტელეფონს არ იღებს. ჩამოდის მეპატრონე და მეკითხება, _ სად არისო? _ არ ვიცი და რა ხდება-მეთქი?
_ მაგას ფული აქვს მოსატანი და მოიტანოს, იქ რაღაც გადმომცა, მაგრამ კიდევ დამაკლო და აუცილებლად მომიტანოსო. თურმე, ეს რესტორანი დაქირავებული აქვს. მანამდე ეგეც არ ვიცოდი.
კარგი, რაღაცნაირად, იქამდე მივაღწევ და ვნახავ-მეთქი. მივდივარ სახლში პეტრიაშვილზე და კარს არ მიღებენ, ვითომ სახლში არაა. მივდივარ-მოვდივარ, ტელეფონზეც ვრეკავ და არ იღებს. ისევ მივედი და წერილი დავუტოვე, შედეგი არაა. მერე, როგორც იქნა გამოჩნდა, _ ბიჭო, სად ხარ-მეთქი? _ ავად ვიყავი, კინაღამ წერილი წავიღე, ახლა კარგად ვარო.
_ ბიჭო, მეპატრონესთან ვალები გაისტუმრე და გასაღები ჩააბარე-მეთქი. ის კაცი კაცურად მოგვეპყრო და შენც ასე მოიქეცი-მეთქი.
_ მე არ შემიძლია და თუ კაცი ხარ, გასაღები წაუღეო.
_ გასაღები კი არა, კიდევ ფული გაქვს მისაცემი, ხომ უნდა მისცე-მეთქი? _ მაგას არ დავუკარგავ და გასაღები მიუტანეო.
ჩავუტანე გასაღები (რესტორანი უკვე გაჩერებულია), _ თვითონ სად არისო?! _ დაიმუქრა. ამის შემდგომ ა. სულ გაქრა. არსად ჩანს. მეზობელ ქალბატონს წერილი დავუტოვე გადასაცემად. მერე მითხრა, რომ მის შვილიშვილს გადავეციო.
ახლა რა მოხდა: პროკურატურაში დაკითხვის შემდგომ ეს კაცი საავადმყოფოში წაიყვანეს, იქიდან სრულიად ჯანმრთელი გამოიყვანეს და სამ დღეში გარდაიცვალა. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მოხდა. ეს უკვე 2015 წლის ამბავია.
_ რატომ საეჭვოდ?
_ საავადმყოფოდან ჯანმრთელი გამოიყვანეს. მერე მანამდე ის ჩვენ დაგვიმალეს, კავშირში არ შემოიყვანეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ოჯახის წევრმა სამუდამოდ ჩამოგვაშორა. ამის შემდეგ პროკურატურამ, შესაბამისმა ორგანოებმა ჩვენ წინაშე პასუხისმგებელი ქალიშვილი გახადეს.
ჰო, მანამდე მოვასწარით და პროკურატურას მივმართეთ.
_ რა გადაწყვეტილება მიიღო?
_ პროკურატურამ ათი ადამიანი, მათ შორის, მეც, დაზარალებულებად გვცნო. ერთი და იგივე შემთხვევებია. აქედან სამი კაცი საერთო საქმეში ვყავდით, დანარჩენისგან თანხები იყო აღებული.
_ საქმე როგორ გაგრძელდა?
_ ჩვენი საქმე დაშალეს, ათი საქმე ერთი და იგივე შინაარსის კოლექტიურად შეტანილი გვქონდა და გაგვაცალკევეს, ეს უკვე სასამართლომ გააკეთა. ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ. _ არაო. იქვე იყო ჩადებული ჩვენი პერსპექტივა. საუბედუროდ, დამცველმაც ჩვენ წინააღმდეგ იმუშავა.
_ ქალიშვილმა ორგანოებს რა უპასუხა?
_ არაფერი, _ აგერ სასამართლო, მეც ადვოკატს ავიყვან და ჩემ მაგივრად ის იმოქმედებსო. საქმე სასამართლოში წავიდა. ჩემი საქმე დააწინაურეს და განიხილეს. 2015 წლის ივნისში პირველმა საქალაქო სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უჩემოდ გამოიტანა, როცა რაჭაში ვიმყოფებოდი. 11 ათასი დოლარის დაბრუნებას ვითხოვდით, რაც არ გაითვალისწინეს.
_ გადაწყვეტილების მიზეზი რა გახდა?
_ ხელწერილი არ გაქვს და იმიტომო. მაგას ათასი მოწმე რომ ჰყავდეს, მაინც ხელწერილი მინდაო, _ მოსამართლემ. პროკურატურამ კი ეს ყველაფერი, ბუნებრივია, რომ თაღლითობად ჩათვალა, გარემოება რომ არ შეცვლილიყო, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვქონდა საქმე.
_ ამის მერე რა გააკეთეთ?
_ ზედა ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში წავედი. იქ გოდერძიშვილმა, _ მეცოდები, მაგრამ რა ვქნა, მაგ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შევცვლითო.
_ როგორ, სასამართლოზე მონაწილეობა არ მიმიღია, სიტყვით არ გამოვსულვარ, არაფერი მითქვამს და ასე ჭეშმარიტება როგორ უნდა დაადგინოთ-მეთქი? თუ მე არ მელაპარაკებით, აბა, ეს ჯანდაბა ხელწერილი რაღა არის-მეთქი? აგერ მანქანამ კაცი გაიტანა და მოწმეს ეძებთ, კაცი მოკლეს და მოწმეს დაეძებთ, რა გახდა ასეთი ამ ფულის ამბავში-მეთქი? რვაასი მოწმე მყავს, მთელი რესტორანი, ამის გარდა, თვითონ მეპატრონე, აგერ ფულის გადაცემისას მის გვერდით მომუშავე, მეტი რაღა გინდათ-მეთქი?
მართალი ხარ, მაგრამ მე რა ვქნაო.
_ მერე რა მოიმოქმედეთ?
_ უზენაეს სასამართლოში წავედი. ქვეყნის საბუთები მივიტანე, მთელი თვეები მალოდინეს და იგივე გაიმეორეს. უზენაესმა ეს საბოლოო გადაწყვეტილება იმავე 2015 წელს მიიღო, პირველი ინსტანციის არასწორი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ამის შემდეგ წერილი ცალკე დავუწერე უზენაესის თავმჯდომარე გვენეტაძეს, ცალკე მურუსიძეს, არასამთავრობო ორგანიზაციებში დავდივარ, უჩა ნანუაშვილს მივწერე და ა. შ. შედეგი არაფერია, _ რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევცვლითო.
_ სად არის ჭეშმარიტება, კაცმა უჩემოდ სასამართლო ჩაატარა, მეტი რა გინდათ, იმ კაცმა რაც უნდა ქნას, ეპატიება-მეთქი? როგორ შეიძლება, ის სასამართლო შემდგარად ჩაითვალოს, როცა მასზე არ ვესწრებოდი, სიტყვით არ გამოვსულვარ, როცა არ დამასაბუთებინეს, რა და როგორ მოხდა?
_ მოპასუხე რას ამბობს?
_ იბრძოლეთ და თუ გაიმარჯვებთ, კი ბატონოო.
_ დანარჩენ დაზარალებულებს რა პოზიცია აქვთ?
_ დამცველმა ყველას ჩამოუარა და, _ ხედავთ, ოთარს უარი უთხრეს, ამიტომ სარჩელი თქვენც გაიტანეთო, მაინც ტყულიად იწვალებთ, ინერვიულებთ და აქედან არაფერი გამოვაო. მერე გაატანინა კიდეც. ჩემი და თენგიზის საქმეც გაყვეს ერთმანისგან, როცა ერთი თანხაა. სამი კაცი დავრჩით, ვინც ბრძოლა გავაგრძელეთ.
_ რა გზა დაგრჩათ?
_ ვიბრძვი, რადგან სასამართლო, რეალურად, არ ჩატარებულა, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სტრასბურგში ვერ წავედი, ადრე თუ გვიან, სიმართლეს ვიპოვი-მეთქი და ამიტომ.
მოეწყოს ნორმალური სასამართლო. როგორც ამას სამართლებრივი სამსახურები საჭიროდ მიიჩნევენ, საქმე ისე გააკეთონ. ვისთან აღარ ვიჩივლე.
ახლა სახალხო დამცველს მინდა შევხვდე და ისიც თავს მარიდებს, _ ეს ჩვენი სამსჯელო არ არის, ეს სახელმწიფოებრივი საქმეაო. _ მოქალაქის დამცველი თუ არ ხარ, სახალხო დამცველი რატომ გქვიათ-მეთქი? თანამშრომლები მეუბნებიან, _ ახლა ვერა, აპრილის დასაწყისში მოხერხდება შეხვედრა და მაინც უშედეგო იქნებაო.
მოვითხოვ სასამართლოს, ობიექტურ გამოძიებას და ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.
ასევე ეჭვი მაქვს, რომ სასამართლო კორპუსი მოსყიდულია და გადაწყვეტილებებს კონკრეტული ნეპოტიზმის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. ერთ-ერთ ჩვენნაირ მოსარჩელეს, ჩხეიძეს, მეორე მხრიდან დამცველი არ მოუყვანეს. ამის გამო ჩხეიძე გამარჯვებულად ჩათვალეს. ეს კაცი აყვირდა, _ მე ასეთი გამარჯვება არ მინდა, დანარჩენ ხალხსაც ხომ უნდა ჩაესახოთ რაღაც იმედიო; დავიტანჯეთ ეს ხალხი და ცალკე ასეთი გამარჯვება მართლა არ მინდაო, _ ეს კაცურად თქვა ჩხეიძემ.
მოკლედ, მეორე მხარის დამცველი რომ არ მოვიდა სასამართლოზე და არგუმენტები ვერ წარმოუდგინა, ჩვენგან მარტო ჩხეიძე გამარჯვებულად ჩათვალეს.
_ ეს რაში გამოიხატა?
_ ჩადებული თანხა, 6 ათასი დოლარი და პროცესების დამატებითი ხარჯები დაუბრუნეს. ჩხეიძის ნათქვამი ყველას დაკმაყოფილებაზე ვითომ ვერ გაიგეს. ეს გადაწყვეტილება კი მის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ჩემი საქმე ამ დროისთვის უკვე გავლილი იყო. ათი კაციდან თანხა მხოლოდ ჩხეიძეს აუნაზღაურეს, ჩვენ ასე დავრჩით.
მართლა მაინტერესებს, სახალხო დამცველი რატომ არ უნდა დაინტერესდეს ჩვენი საქმით. თუ ამ მომენტში არ დამეხმარებიან, აბა, მათი დამცველობა რაში გამოიხატება?
ახლა კიდევ ვამზადებთ წერილს აშშ-ს ელჩზე და ქვეყნის პირველ პირებზე. ყველა უნდა ჩავრთოთ შედეგის მისაღწევად. ამ ხნის კაცს სახლში აღარ მიმესვლება, ისეთ დღეში ვარ ჩავარდნილი. ამ თენგიზს კიდევ თვითონაც ფული კი არ ჰქონდა, მანაც მეგობრისგან აიღო, მეც მისი მეგობარი ვარ და მენდო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნები ამ ყველაფრის გამო!

გიორგი მეფარიძე