„თითო ხე ტუბერკულოზით დაავადებული თითო ადამიანის გადასარჩენად!“

24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მხოლოდ 2016 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადების 10.4 მლნ ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 2 მლნ ადამიანია გარდაცვლილი. ამ დაავადების გართულებების შედეგად ყოველ 20 წამში ერთი ადამიანი კვდება! _ ასეთია სტატისტიკა.
დაავადება, რომელმაც მისი გავრცელებიდან დღემდე ორ მილიარდამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დროულად გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში სრულად განკურნებადი და დამარცხებადია!

უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა ხელი არ შეეწყოს სტიგმისა და სტერეოტიპების გაღვივებას. სწორედ ამიტომ, 24 მარტს, „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“ ამ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც არა ერთდღიანი, არამედ კვირეულის ხასიათი მიეცა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მედიის როლის გამოსაკვეთად მოეწყო მწვანე ნარგავების აქცია, რომლის ფარგლებშიც, პრეზენტაციასა და შეხვედრაზე დასწრების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, თითო ხე დაერგოთ ტუბერკულოზით დაავადებული თითო ადამიანის გადასარჩენად!
ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე, მაია ლაგვილავა, ასევე, დავით ბიბილაშვილი ესწრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოდგილე ირმა ხონელიძე, აქვე იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციები და კერძო პირები.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ავალიანმა, დღის მნიშვნელობაზე, დაავადების ფორმებსა და ხანგრძლივობაზე, კონკრეტულ ქეისებზე ისაუბრა, რომლის გაცნობიერებაც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია:
„დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ კვირეულში ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ და, ბუნებრივია, აქტიუარადაა ჩართული ჩვენი ცენტრიც. მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება პრობლემის გაცნობიერებასთან დაკავშირებით. ტუბერკულოზი სოციალური პრობლემაა და არა მხოლოდ სამედიცინო. ის ძალიან დიდ ჯგუფს მოიცავს, ეხება უამრავ ოჯახს, საზოგადოებას.
უკვე ახალი მედიკამენტები და დანადგარები გვაქვს, ვატარებთ უამრავ კვლევას _ ამ ყველაფერს, მკურნალობის ჩათვლით, სახელმწიფო აფინანსებს. მკურნალობის კურსი კი არ არის მცირე ხანგრძლივობის, იგი, დაახლოებით, 22 თვეს მოიცავს. დღეს მოწოდებული წამალგამძლე ფორმებისთვის კი, სამწუხაროდ, ხშირად რამდენიმე წელს აღწევს იგი, მაგრამ ხანგრძლივობის შესამცირებლად ახალი რეჟიმები მუშავდება და გვინდა, იგი 6 ან 9-თვიან რეჟიმებამდე დავიყვანოთ, რომელიც ეფექტიანად უნდა დასრულდეს.
ჩვენი ცენტრი აქტიურადაა ჩართული კვლევებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მაგრამ ისევ და ისევ პრობლემად რჩება საზოგადოების მხრიდან გაუცნობიერებლობა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შეწყვეტილი მკურნალობები, დაგვიანებული მიმართვები. ტუბერკულოზს ისეთი ნიშნები აქვს, რომელიც, ერთი შეხედვით, სასწრაფო დახმარებას არ „გთხოვს“, მაგრამ მას თავიდანვე სჭირდება სწორი დიაგნოზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უარყოფით შედეგებს მოგვცემს!
აქვე, ინფორმირებულობისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ფილტვის გარეშე ფორმებზე საზოგადობას ინფორმაცია არ აქვს, არადა, ყოველი მე-5 შემთხვევა ფილტვგარეშე ფორმის არის! უშვილობის 27%-ზე მეტი ტუბერკულოზით გამოწვეულია. ყოველი მე-6 დაავადებული ტუბერკულოზით დიაბეტიანია. არსებობს თითქმის ყველა ორგანოს, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ქუთუთოს, თვალის, კანის ტუბერკულოზი და ეს ყველაფერი ძალიან რთულად საპროგნოზოა. აქ ერთი, ცალკეული ტესტით ზუსტ პასუხს ვერ მიიღებთ, მათი კომპლექსია საჭირო! ახლა შემოსულია „ჯინ ექსპერტ ტექნოლოგის“ ახალი საშუალება, მოლეკულური ტესტირების ტექნოლოგია, რომლითაც ბიოლოგიური მასალიდან, მაგ., გამონახველიდან, საშუალებას იძლევა, დავადგინოთ არა მხოლოდ ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის არსებობა, არამედ ისიც შევაფასოთ, თუ რამდენად მგრძნობიარეა დაავადება რომელიმე პრეპარატის მიმართ. ჩვენთან კონტაქტის კვლევაც ხდება, ანუ დაავადებულის ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების, მეზობლების. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იქამდე მისვლა უჭირთ ადამიანებს! სტიგმა, გაცხადების შიში აქვთ და ამ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, ავუხსნათ, რომ მათ უნდა დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ შვილები, გარშემომყოფები, ეს სირცხვილი არ არის!
იყო შემთხვევა, როცა 7-შვილიანი ოჯახი გვყავდა. მამას ტუბერკულოზი ჰქონდა, არ იმკურნალა და დედას გადასდო, არც ის მოვიდა და 7-დან 5 შვილს გადასდეს, ამათგან 2 ჩვენთან იწვა და ერთი რეანიმაციაშიც კი გადავიყვანეთ, იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა. აი, ეს არის ჩვენი ცნობიერების დეფექტი!
ბავშვებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ აქ დაავადების მაჩვენებელი 2.5%-ია და ბოლო წლების მანძილზე, საბედნიეროდ, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ გვაქვს! ერთი წლის წინათ გვქონდა ტოტალური რეზისტენტულობის, ნებისმიერი წამლის მიუღებლობის პრობლემა ერთ-ერთ ბავშვთან და იმ ახალი მედიკამენტებით გადავარჩინეთ, რომელიც ახლა შემოვიდა _ ეს ჩვენთვის უდიდესი გამარჯვება იყო!
ჯანმრთელი ცხოვრების წესი და დაავადების თავიდან არიდება გაცილებით იაფი ჯდება და უფრო შედეგიანია _ ეს მუდმივად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ვისურვებდი, დღევანდელი დღე და მწვანე ნარგავები იყოს ფუნდამენტი, ნაყოფიერი და მუდმივი თანამშრომლობის სიმბოლო, რომ ტუბერკულოზი მხოლოდ 24 მარტს არ გაახსენდეს საზოგადოებას!“

ღონისძიებას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში ის დადებითი ტენდენციები აღნიშნა, რაც ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით დღეს საქართველოში გვაქვს:
„დღევანდელი დღე უკვე რამდენიმე ათეული წელია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერის, რობერტ კოხის პატივსაცემად დაწესდა, რომელმაც ტუბერკულოზის გამომწვევი ვირუსი, კოხის ჩხირი აღმოაჩინა, ამიტომ ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღვნიშნავთ, რათა მეტი ინფორმაცია შევიდეს მოსახლეობაში იმაზე, თუ რა არის ტუბერკულოზი, როგორ ვითარდება იგი და ხაზი გაესვას იმას, რომ იგი გახლავთ სრულად განკურნებადი დაავადება, თუ ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ და ვმკურნალობთ მის სენსიტიურ თუ რეზისტენტულ ფორმებს.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, იგი ჯერაც გლობალური პრობლემაა.
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული პროგრესი შეინიშნება, ახალი და რეზისტენტული შემთხვევების რიცხვიც მცირდება, მაგრამ ჯერ მაინც შორს ვართ ევროკავშირის მაჩვენებლებისგან, ამიტომ სერიოზული მუშაობა გვჭირდება.
ამ კვირაში ბათუმშიც აღინიშნება ეს დღე და მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინიციატივაც გაჟღერდება _ აჭარა ტუბერკულოზის გარეშე! გვინდა, რომ მომავალი 5-6 წლის მანძილზე ეს მხარე სრულად განთავისუფლდეს ტუბერკულოზისგან. ვაპირებთ, აჭარით დავიწყოთ და შემდეგ მთელ საქართველოზე გავრცელდეს იგი!
ამ დაავადების ყველა ფორმის მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. ჩვენ შარშან ბავშვთა განყოფილება გავხსენით, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და დღეს უკვე ტუბერკულოზით დაავადებული ჩვენი ბავშვები ძალიან კარგ პირობებში არიან, ანუ მათ სრულად ეძლევათ ის სერვისი, რაც დასავლეთის ნებისმიერი ქვეყნის ბავშვს.
ასევე, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტელემედიცინის პროექტი დაიწყო, რომელშიც წამყვანი როლი ტუბერკულოზის ცენტრს უკავია და აქ ტელეხიდით მოხდება კონკრეტული საკითხებისა და ქეისების გარჩევა. ტუბერკულოზის ცენტრს ძალიან სერიოზული სამეცნიერო კავშირები აქვს და ესეც ვითარდება. აქ უკვე ორი ამერიკელი რეზიდენტი გვყავს, რომლებიც ტრენირებას ტუბერკულოზის ცენტრში გადიან. იქნება გაცვლითი პროგრამებიც.
ასე რომ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა არის პირველი ნიშნები (გახანგრძლივებული ხველა, ოფლიანობა, სისუსტე), რომ აუცილებელია მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ გამოკვლევა. თუ დადგინდა, რომ ტუბერკულოზი გვაქვს, ეს არ არის საშიში და სტიგმის საფუძველი. იგი სრულად განკურნებადია და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
90-იან წლებში წელიწადში 5000 ახალი შემთხვევა გვქონდა, დღეს ჩამოსული ვართ, დაახლოებით, 2000 ახალ შემთხვევაზე და განკურნების 85%-ზე მეტი მაჩვენებელი გვაქვს“.

მას შემდეგ, რაც ცენტრში გამართული ღონისძიება, ლექცია დასრულდა, ჟურნალისტებმა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა და სამედიცინო პერსონალმა ბავშვთა ცენტრის უკან მდებარე ეზოში გადაინაცვლეს და სიმბოლურად, ხეები დარგეს:

თამთა ქარქაშაძე, სააგენტო Media City.ge-ს ჟურნალისტი:
„დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი აქცია მოეწყო, რასაც განსაკუთრებით ინფორმირებულობის თვალსაზრისით ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საკმაოდ დიდი ხანია, მსოფლიოში მომძლავრდა, ინფორმაციულობის დონე საზოგადოებაში მაინც ძალიან დაბალია. ჟურნალისტებმა ხეები დავრგეთ სიმბოლური დატვირთვით „თითო ხე ტუბერკულოზით დაავადებული თითო ადამიანის გადასარჩენად“.

ირაკლი კუნჭულია _ ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ჟურნალისტი:
„24 თებერვალი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში კვირეული ტარდება, რომლის ერთ-ერთი აქტივობა არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ხეების დარგვა. მგონია, რომ მთავარი პრობლემა არის სტიგმა, რომელიც ამ დაავადების ირგვლივ არსებობს. მნიშვნელოვანია, ადამიანებს ვუთხრათ, რომ დროული აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა დაავადებისგან თავის დაღწევის საშუალებაა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო სრულ კურსს აფინანსებს. ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს კვირეული დიდად დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებას“.

მწვანე ნარგავების აქციაში, რა თქმა უნდა, „ქრონიკა+“-მაც მიიღო მონაწილეობა და რედაქციის სახელით ტუბერკულოზით დაავადებული ერთი ადამიანის გადასარჩენად ერთი ხე დაირგო!

ნინო ტაბაღუა