ჟურნალისტური გამოძიება: „მერსედესის“ ცენტრი საქართველოში

„ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას შპს „აკას“ („მერსედესის“ წარმომადგენლობა საქართველოში) გარშემო და პირველად ქართულ სივრცეში დეტალურად აღწერს წილის „ახევის“ სქემას ერთ-ერთი პარტნიორისთვის _ დავით ძოწენიძისთვის.

ლადო სანიკიძე, დავით ძოწენიძის ადვოკატი:

_ მას შემდეგ, რაც არაფრით დადასტურდა დავით ძოწენიძის მიერ რაიმე ისეთი ქმედების ჩადენა, რაც უკანონოდ ჩაითვლებოდა, ახალ ფაზაში გადავედით. შპს „აკას“ ვეუბნებოდი, რომ შეიძლება ფორმალურად რაღაც სწორედ ვერ გააფორმეთ, ნოტარიულად ვერ დაამოწმეთ, მაგრამ რაღაც დოკუმენტი მაინც ხომ შეგიძლიათ მოიტანოთ… ეს მათ სასამართლო პროცესზე ვუთხარი. ახლა რა მოხდა: ბუღალტერ მაყვალა (რაია) ჯანხოთელს ვკითხე, _ რა ანგარიში ჰქონდა გახსნილი შპს „აკას“-მეთქი? _ კერძო ანგარიში გვქონდა და იმაზე აღმოჩენილი 260 ათასი მარკით მანქანის ნაწილები შევიძინეთო. ეს ის თანხა იყო, რომლზედაც კახი ასათიანი ამბობდა, რომ დავით ძოწენიძემ პირადი ანგარიში გახსნა გერმანიაშიო. ანუ რა მიზეზითაც ასათიანმა ძოწენიძე დირექტორობიდან გაათავისუფლა, ეს მას არ ჩაუდენია, რაც ბუღალტერმა დაადასტურა. ეს სასამართლოზე 2016 წელს თქვა და აღნიშნული მოსამართლემ არ გაითვალისწინა. კითხვაზე, _ თქვენ თუ შეესწარით იმ ფაქტს, როცა დავით ძოწენიძეს კრებაზე უთხრეს, რომ ის გარიცხულია პარტნიორთა კრებიდან-მეთქი? _ ეს მე არ მომისმენიაო, _ თქვა ბუღალტერმა. ანუ არც ამ მოწმემ დაადასტურა და, აქედან გამომდინარე, არანაირი ახლად აღმოჩენილი გარემოება არ არსებობს.
_ მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც ახალი გადაწყვეტილება მიიღო?
_ მოწინააღმდეგე მხარემ ბევრი ადვოკატი გამოიცვალა. 2012 წლის შემოდგომაზე უკვე გავაფორმეთ დივიდენდების გამოთხოვა შპს „აკასგან“. ისევ თქვეს, რომ 2012 წლის დივიდენდი არ გავანაწილოთო. ესეც გავასაჩივრეთ. ზაფხულში დავით ძოწენიძე დადის საწარმოში და თავიდან რომ მოეშორებინათ, ახალი დირექტორი მოიყვანეს, რომელსაც 7 ათასი ლარი ხელფასი დაუნიშნეს და ორი კვირის თავზე, 2013 წლის 9 სექტემბერს მივიდა მაგიდასთან მჯდომ დავით ძოწენიძესთან, დაახლოებით ერთწუთიანი საუბრის შემდეგ ძოწენიძეს სახის არეში ბასრ ნივთს ურტყამს. ძოწენიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი წლის შემდეგ, 2015 წელს, მას აქეთ შემოუტრიალეს საქმე. ამის შემდეგ რა ხდება: როცა სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზა ჩატარდა, დეკემბერში განცხადება აქვს შეტანილი ჩიქოვანს გამომძიებელთან, რომ მე მინდა, განმეორებით დამკითხოთო. დეკემბერში დაკითხეს და განაცხადა, რომ იმ ჩხუბში თითი მომტყდაო. შედეგად, დავით ძოწენიძეს თავს დაესხნენ და დამნაშავედ ის ცნეს. ორი წლის შემდეგ, 2015 წელს საქმე შემოგვიბრუნეს და დადგენილება წაგვიკითხეს ბრალის შესახებ. დღეს 27-ე პროცესი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. უკვე გითხარით, რომ მთავარმა პროკურატურამ წერილი ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნა…
_ დიახ, ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტის შესახებ წინა პუბლიკაციებში ვისაუბრეთ, რა მოხდა ამასთან დაკავშირებით?
_ აი, მაშინ გადაუგზავნა გენინსპექციას. ამის შემდეგ დავით ძოწენიძემ განცხადებით მიმართა ხსენებულ უწყებას, სადაც კონტექსტი იყო ასეთი: „პასუხში რომ წერთ, თითქოსდა არ იცით, როდის შემოვიდა ეს დოკუმენტი ანდა არ გვაქვს აღრიცხული, როდის გავიდა ფინანსთა სამინისტროს შენობიდან, იქნებ, გამოიკვლიოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?“ ამაზე ძოწენიძეს პასუხი მოუვიდა, რომ ჩვენ ვერაფერს გამოვიკვლევთო. ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა მთავარ პროკურატურას წერილი გადაუგზავნა მოთხოვნით, რომ პროკურატურიდან გამომძიებელმა ჩვენი რაღაც დოკუმენტები ამოიღო და თუ ეს კანონდარღვევით მოხდა ან გამომძიებელს ზეწოლა ჰქონდა ჩვენს თანამშრომელზე, თუ შეიძლება, გამოიძიეთო.
_ რა პასუხი გასცა პროკურატურამ ამ მოთხოვნაზე (ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტრომ პროკურატურის უკანონო მითითება შეასრულა, ამიტომ გადაუგზავნა გამოძიებისთვის პროკურატურას უკან ეს პროცესი, რომ პროკურატურას საკუთარ თავზე აეღო)?
_ რა და გენინსპექციიდან პასუხი მოვიდა, არავის არაფერი დაუშავებიაო.
_ კი მაგრამ, მოწმეების დაკითხვის ოქმები რომ ამოიღეს, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება და სასამართლომ დასაშვებად ცნო, ამით ხომ ერთი წელი დაგაკარგვინეს?
_ ვინაიდან ამ გარემოებათა გამო ეს საქმე შეჩერდა, მთავარ პროკურორს მივწერე, რომ 2013 წელს გაქვთ გამოძიება დაწყებული, ამიტომ ან ბრალი წაგვიყენეთ, ან შეწყვიტეთ საქმე, რომ ელემენტარულად ვიცოდეთ, რით დამთავრდა აღნიშნული საქმე. დავით ძოწენიძის წინააღმდეგ არაფერი იყო პროკურატურაში. ომბუდსმენსაც მივწერე უამრავჯერ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ყველასგან მოდის პასუხი, რომ რა ვქნათ, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავით ძოწენიძეს არ აქვს საპროცესო სტატუსი, ვინაიდან დაკითხულია მხოლოდ მოწმის სახით და ვერ მოგცემთ ინფორმაციასო. იმ პერიოდში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე კურირებდა გამოძიებას, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო ქალბატონი მაია მწარიაშვილი, რომელიც უაღრესად გამოცდილი ქალბატონია და დღესაც იძლევა ექსპერტულ დასკვნებს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ნაცვლიშვილი არის მთავარი პროკურორის მოადგილე, მწარიაშვილი არის დეპარტამენტის უფროსი და ორივეს შეკვეთა აქვს, სასწრაფოდ დაკითხონ ვიღაცები და დაიწყონ გამოძიება, პარალელურად რამე დოკუმენტი შექმნან ისეთი, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებად გამოადგებოდათ… ანუ მთავარი პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი ნახეს ისეთი, რასაც ახლად აღმოჩენილი გარემოება დაერქმეოდა!
_ ბატონო ლადო, რეალურად, სიყალბის „ჩადენას“, ე. წ. ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი?
_ პირველი სიყალბე მათ ჩაიდინეს, თან ჩვენგან მალულად. 2012 წლის 28 თებერვალს რომ გაიგეს გადაწყვეტილების შესახებ, 15 თებერვალს, ანუ უკანა რიცხვით „გამოაცხვეს“ პარტნიორთა კრების ოქმი დირექტორის შეცვლისა და დივიდენდების გადანაწილების შესახებ. საჯარო რეესტრმა ეს მათ რეგისტრაციაში არ გაუტარა. ამაზე სასამართლოში იჩივლეს და მესამე პირად ჩვენ ჩაგვრთეს. შემდეგ გადაწყვიტეს, 2011, 2012, 2013 წლების დივიდენდები არ გავანაწილოთო და აბსოლუტურად ყველაზე საჯარო რეესტრმა უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან დაკავშირებით ყველა საქმე სასამართლოში მოვიგეთ, მათ შორის, ორი უზენაეს სასამართლომდე მივიდა და ერთი ამჟამად შეჩერებულია.
_ რა ხდება შემდეგ?
_ 2016 წელს, როდესაც მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, ანუ ჩვენი კერძო საჩივარი რომ არ დაკმაყოფილდა და ითქვა, რომ 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს, ეს განჩინება ძალაში შევიდა. მაგრამ ეს არის 2012 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დავით ძოწენიძე 20% წილის მფლობელია. ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, როდესაც საქმე განახლდება, თუ წინა საქმე არ არის აღსრულებული, პროცესი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ამას გადაწყვეტს, ამიტომ თვითონ ეს განჩინება რომ მიეტანათ სასამართლოში და საჯარო რეესტრში ჩაებარებინათ, ვერაფერს ვეღარ შეაჩერებდნენ, ამიტომ დასხდნენ, პარტნიორთა კრება ჩაატარეს და თქვეს, _ ვინაიდან სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შევიდა და ვინაიდან ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იყო დავით ძოწენიძე აღდგენილი ჩანაწერებში, დავით ძოწენიძის 20%-იანი წილი ისე გავინაწილოთ, რომ წესდება შევცვალოთ ჩვენი 100%-იანი პარტნიორობითო. აი, სწორედ ეს დოკუმენტი ჩააბარეს საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრმა პირველად ჩაიდინა ეს უკანონობა და ასეთი უაზრო გადაწყვეტილება დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, სასამართლოში გავასაჩივრეთ და ორივეს ბათილობა მოვითხოვეთ. სასამართლოში ეს საქმე ისევ მოსამართლე ქოჩიაშვილს დაეწერა.
_ აკი, ელექტრონულად ხდება საქმეების განაწილება სასამართლოშიო?
_ ალბათ ისეთ საქმეებზე, რომელზედაც ზემოდან ინტერესი არ არსებობს.
ქოჩიაშვილმა რაც გააკეთა უზრუნველყოფის ღონისძიებაზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მოქმედება შეეჩერებინა, ისევ არ დაგვიკმაყოფილა უზრუნველყოფის ღონისძიება. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და იქაც ისევ მოსამართლე ქირიას დაეწერა, მანაც არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა, სხვებიც დაინიშნენ და საქმეების განაწილების მიზნით, მაინცდამაინც, ჩვენი საქმე გადასცეს კანცელარიას, რომ რაც შეიძლება გვიან ჩატარებულიყო პროცესი. შედეგად, ის სხვა მოსამართლეს დაეწერა, რომელსაც ჩვენ გარდა კიდევ უამრავი საქმე გადაეწერა და დღემდე არ აქვს განხილული. ახლა ელოდება, უზენაესმა თუ მიიღო სხვანაირი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე იმოქმედებს. ასე და ამრიგად, 2015 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, რაც მოსამართლე ვანო წიკლაურმა შპს „აკას“ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, მიხვდნენ, რომ თუ ვიღაცები არ ჩართეს და ზეწოლა არ მოახდინეს, არაფერი გამოუვიდოდათ. იმდენად მართლები ვართ, რომ არაფერი გამოსდით, სხვა ბერკეტი აამოქმედეს. ერთი და იგივე მოსამართლეების მონაცვლეობა დაიწყო: ქირია-ქოჩიაშვილი ა. შ. მთელი წელი ასე აბურთავეს. მანამდე რომ შედიოდა სარჩელები, ერთი ჭუნიაშვილს დაეწერა, მეორე _ სვიანაძეს და ახლა ერთი და იგივე პირებზე ტრიალებდა. არადა, მანამდე, 2016 წლის 23 მარტამდე, ჩვენ არც ერთი საასამართლო პროცესი არ წაგვიგია.
საქმეში დევს ორი განჩინება, რომელიც იზიარებს პირველი ორი ინსტანციის სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ფაქტების დადგენასა და ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებასთან დაკავშირებით. ეს უკვე იმდენად სავალდებულოა გასათვალისწინებლად და გასაზიარებლად, რომ როგორც გითხარით, გადაწყვეტილების ნახევარი ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული და ამ გადაწყვეტილებას თავისი ფაქტები და თავისი სამართლებრივი შეფასება თან ახლავს და ის ძალაშია. მეორე: ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსში შემოტანილი არის ახლად აღმოჩენილი გარემოების დროს, როდესაც კმაყოფილდება განცხადება, რომ კერძო საჩივრით საჩივრდება და თუ კერძო საჩივარი, როგორიც გამოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რჩება ძალაში და არ საჩივრდება ცალკე, გამოდის, რომ პროცესუალურად საკასაციო ინსტანცია თითქოს არ იხილავს ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძვლიანობას, მაგრამ, ახალი გადაწყვეტილების გამოტანის ფარგლებში, უზენაესი სასამართლო ვალდებულია, ადრე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და ფაქტები, ამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, შეუდაროს ახლად აღმოჩენილი გარემოების შემდეგ ახალ დასაბუთებას და სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას. და აი, ამ დასაბუთებებში ეძებოს იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული მტკიცებულების გავლენა გადაწყვეტილებაზე. უზენაესი სასამართლო ამას ვერ გაექცევა, ვინაიდან ეს ეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებას. სახელმწიფოში ორი სააპელაციო სასამართლო გვაქვს: ერთი თბილისში, მეორე ქუთაისში და რადგან სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, ჩვენ შეგვიძლია ორი სხვადასხვა გარემოება და ბევრი სხვადასხვა პრაქტიკა გვქონდეს, იმიტომ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხუთი კოლეგიაა და ორი კოლეგიაა ქუთაისში. ამათ, შესაძლოა, ყველამ სხვადასხვა პრაქტიკით დაადგინოს და თუ უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება, ერთიანი პრაქტიკა ვერ იქნება ამასთან დაკავშირებით და რა არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომლის გამოც, შეიძლება, გადაწყვეტილება შეიცვალოს, ეს კრიტერიუმი არ გვექნება ქვეყანაში, თუ უზენაესმა სასამართლომ ამაზე წესიერად არ იმსჯელა. პირველი ინსტანციის სასამართლო თუკი ჩათვლიდა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება არის, იქვე იტყოდა, განცხადება საფუძვლიანია, საქმე წარმოებაში მივიღე, გავაუქმე გადაწყვეტილება, ვაგრძელებთ პროცესს და ამ პროცესის მოსმენით ან ვცვლი გადაწყვეტილებას, ან ვტოვებ, მაგრამ სასამართლოს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მასზე დაიშვება აპელაცია, კასაცია და იგი ძალაში არ შედის. მაგრამ აქ რა მოხდა: ქოჩიაშვილის გამოტანილ უკანონო განჩინებაზე კერძო საჩივარი დავწერე, ქირიამ თქვა, ეს არ დაკმაყოფილდესო, შევიდა კანონიერ ძალაში, დასხდნენ ჩემი მოწინააღმდეგეები, ეს სასამართლოს განჩინება წინ დაიდეს და პარტნიორთა ახალი კრება ჩაატარეს, გადაინაწილეს დავით ძოწენიძის კუთვნილი ოცი პროცენტი და შეცვალეს წესდება, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებაზე პარიტეტის პირობები იყო დაცული.

თამარ როსტიაშვილი