დიდი დაპირისპირება ხელისუფლებაში

27 მარტს ჟენევაში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი საქართველოს სახელით აფხაზეთთან, ე. წ. სამხრეთ ოსეთთან და რუსებთან ერთად ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ხელს თუ მოაწერს, ის პოლიტიკურ კარიერასაც დაასრულებს და საქართველოს ისტორიაშიც პირველი პრემიერი იქნება, რომელიც, ფაქტობრივად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების დამოუკიდებლობას.

ჟენევის ფორმატის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა სანქციები კიდევ უფრო გააფართოვა. სანქციები შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა ან მომავალში აღიარებს. აშშ აძლიერებს ანტირუსული კამპანიის მხარდაჭერას, საქართველო მომდევნო წელს 105 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს. გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს, რომ პროდასავლური ლიდერია, წინ მძიმე გამოცდა ელის.
ამასობაში, „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ მოქალაქე ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ რევოლუციურ ცვლილებებს ამზადებს, როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში. ფაქტია, რომ მსგავსი სტაგნაცია ქვეყანაში „ვარდების რევოლუციის“ წინაც არ ყოფილა. ჩამოშლილი სახელისუფლებო ვერტიკალი, ელიტარული და რეგიონული კორუფცია, სკანდალებში გახვეული სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, უმოქმედო საკანონმდებლო ორგანო, გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები, დაპირისპირება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის და გავლენის სფეროების განაწილება ბიზნესში, _ ეს და სხვა პრობლემები ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო ღრმავდება, ხალხის უკმაყოფილება იზრდება და მათი მოთმინება უსაზღვრო ნამდვილად არ არის.
მართალია, ხელისუფლების კულუარებში საკადრო ცვლილებებზე ხმამაღალ საუბარს ერიდებიან, უფრო ზუსტად, არავის უნდა იმის აფიშირება, რომ არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში კონკრეტულად არავინ არაფერი იცის, ისევე როგორც წინა შემთხვევაში. პრემიერი კვირიკაშვილი ირწმუნებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილის განთავისუფლებას არ აპირებდა, მაგრამ ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის ადგილზე გიორგი გახარია დაინიშნა, მთავრობაში კი კიდევ ერთი ახალი სახე _ მამუკა ბახტაძე გამოჩნდა.
ასევე, სრულიად მოულოდნელი იყო საკადრო ცვლილებები მთავარ პროკურატურაშიც, _ ირაკლი შოთაძის განკარგულებით, 17-მა პირმა თანამდებობა ან დატოვა, ან პოზიცია შეიცვალა, მათ შორის, თანამდებობიდან განთავისუფლდა ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, რომელმაც ამ ცვლილების შესახებ დილით სამსახურში მისულმა შეიტყო. შაყულაშვილის კისერზეა ბოლომდე გამოუძიებელი პირადი ფირების საქმე, როცა საქმიდან გაქრა მთავარი მოქმედი პირი ვაჟა ციცილოშვილი, რომელზეც გელა ღურწკაია აცხადებდა, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს ფლობდა. დღემდე გამოუძიებელია „გორგიას“ მეპატრონის საქმე, რომელშიც პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნანა ყეენიშვილი ფიგურირებს. ასევე, შაყულაშვილმა დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა იმ პოლიციელების ქმედებებში, რომლებმაც ჩემს შვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, ხოლო შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია მთავარ პროკურატურასა და სასამართლოშიც ერთი თვის დაგვიანებით გააგზავნა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ხელისუფლების შიგნით დიდი დაპირისპირებაა, მთავრობაში კვირიკაშვილ-კალაძე-გომელაურის შემადგენლობით ახალი დაჯგუფება გაჩნდა. ისინი პირველად ერთად არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე გამოჩნდნენ, ამავე ჯგუფშია სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, მაგრამ მას სახალხოდ არ აჩენენ. მთავრობაში სრულიად დამოუკიდებელი ფიგურაა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც სამინისტროში საკუთარი გუნდით მივიდა და, ჯერჯერობით, დამოუკიდებელ და საკმაოდ ენერგიულ ნაბიჯებს დგამს პოლიციის რეფორმირებისთვის. გახარიას სახით მთავრობასა და ხელისუფლებაში ბუა გაჩნდა, მისი ყველას ეშინია და მას ყველა ერიდება.
ასევე დამოუკიდებელ ფიგურად ყალიბდება მამუკა ბახტაძეც, რომელიც, ძირითადად, საგარეო ფრონტზე ცდილობს ავტორიტეტისა და გავლენების მოპოვებას და არცთუ წარუმატებლად.
საზოგადოება და ხელისუფლება ერთად ელოდებოდა შს მინისტრის რეაგირებას „ქართული მარშის“ წევრების მიერ „რუსთავი 2“-თან გამართული საპროტესტო აქციისა და დემარშის მერე. მარშისტები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს გიორგი გაბუნიას, დავით ერაძესა და არხის იურისტ თამთა მურადაშვილს დაუპირისპირდნენ. დააზიანეს ავტომანქანა, სცემეს დავით ერაძე და კოლექტიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ გიორგი გაბუნიას.
ამ დრომდე ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთ ყველამ იცოდა, რომ ჯერ „თავისუფალი თაობა“ და შემდეგ „ქართული მარში“ სუსის პროექტი იყო და მის კურატორად დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბრეგაძე იყო დანიშნული. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება, თავის დროზე, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, ისევე როგორც მისმა სიმამრმა შექმნა ე. წ. პოლიტპატიმრების „იაჩეიკები“. ორივე სტრუქტურას ღარიბაშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. სანდრო ბრეგაძის მოკავშირე სუსის მაშინდელი უფროსი, გიორგი ზედელაშვილი იყო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძეს სუსის სპეცსახსრებიდან ყოველთვე 30 000 დოლარი მიჰქონდა, აქედან საქმეს $10 000 ხმარდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ცალკეული ჟურნალისტების მიერ მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ შავი პიარის დაფინანსება როგორც მედიაში, ასევე ფეისბუქზე. სანდრო ბრეგაძე ინტერნეტ-ტელევიზიის დაფუძნებასაც აპირებდა. ამ მიზნით, მას კონსულტაციებიც ჰქონდა დაწყებული ცალკეულ ჟურნალისტებთან, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მასთან ერთად სუსის უფროსიც შეიცვალა. ბრეგაძის ყველა პროექტი გაჩერდა, ფუნქციონირება შეწყვიტა „თავისუფალმა თაობამ“ და ლადო სადღობელაშვილი მისი გუნდით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მოგვიანებით, როცა სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური გახდა, კარგა ხანს ბრეგაძეც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, მას მინისტრის მოადგილის სავარძელთან განშორებამაც მოუწია, ბრეგაძე ოპოზიციაში წასვლითაც იმუქრებოდა, მაგრამ გავლენების დაბრუნება მაინც შეძლო, როცა სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი მისი პროექტების აუცილებლობაში დაარწმუნა. ეს ის პერიოდია, როცა „კახელების კარტელისა“ და გოგაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკური ოპონენტები და განსხვავებული პოზიციის კრიტიკული ადამიანები მათი სამიზნე ხდებიან. სანდრო ბრეგაძე სიამოვნებით იწყებს დავალებების შესრულებას და ნუგზარ ფოფხაძის დაწერილი შავი პიარის სქემის განხორციელებას. მას ამ საქმეში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ზაზა დავითაია, გიორგი გიგაური და ჯაბა ხუბუა ეხმარებიან. სააგენტოებზე ჩნდება სუსის უკანონო მოსმენების შედეგად მოპოვებული დამონტაჟებული ჩანაწერები, ლეგენდები სახელმწიფო გადატრიალებაზე, ინტერნეტსივრცეში იტვირთება პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, ჩემდა სამწუხაროდ, სანდრო ბრეგაძესთან იწერებოდა ის პასკვილები, რომლებიც „ასავალ-დასავალში“ ჩემ წინააღმდეგ ქვეყნდებოდა, მათ შორის, ზაზა დავითაიას ის ცნობილი ზღაპარიც, მე რომ ტყეში მიპოვეს საეჭვო ვითარებაში და სწორედ ამის გამო გადამიბირეს. მიუხედავად იმისა, რომ დავითაიას ზღაპარი სრული ბოდვა იყო, თბილისის პროკურატურას საჩივრით მაშინვე მივმართე, მაგრამ გამოკითხვაზე დაბარებულმა ზაზა დავითაიამ ფაქტი უარყო, არც ფოტო, არც ვიდეომასალა და არც სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია. ამის გამო არარსებულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
„ქართული მარშის“ დემარში, როგორც წესი, ორდღიანი დაკავებებით და ასლარიანი ჯარიმით მთავრდებოდა. დღემდე ვერც ერთმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვერ გაბედა „ქართული მარშის“ წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. „რუსთავი 2“-თან გამართული აქციის მერე მარშის წევრები გახარიას ულტიმატუმს უყენებდნენ, _ თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს დააპატიმრებ, ეროვნულ დაუმორჩილებლობას დავიწყებთო. გახარიამ გარისკა, არა მხოლოდ რიგითები დააკავა, დაკითხვაზე სანდრო ბრეგაძეც მიიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში სანდრო ბრეგაძე, მისივე განცხადებით, ცუდად გახდა, _ მაწამეს! _ დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ის გულის შეტევით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა თქვეს, რომ ბრეგაძეს ფიზიკური ზემოქმედების კვალი და შესაბამისი ტრავმები არ აღენიშნებოდა. მან კლინიკიდან საინტერესო მინიშნება გააკეთა, _ პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის დასახელებას მთხოვდნენო. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ეს პირდაპირი მესიჯი იყო გოგაშვილის მისამართით, _ მომეშველე, თორემ დაგასახელებო. მაგრამ ბრეგაძემ ვერ გაითვალისწინა, რომ გიორგი მღებრიშვილის განთავისუფლებისა და გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ შს სამინისტროზე გოგაშვილის გავლენები, თითქმის, ნულის ტოლია. ძალიანაც რომ მოენდომებინა, ის ბრეგაძის დასახმარებლად ვერაფერს გააწყობდა. ასეც მოხდა, კლინიკიდან გაწერის მერე „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ისევ დაკითხვაზე წაიყვანეს. გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ სანდრო ბრეგაძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა. ის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და განმეორებით დაკითხვაზე ხელახლა დაიბარებენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძემ გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა, დაასახელა „მარშის“ დამფინანსებლები და კურატორები, ღარიბაშვილის გარემოცვა და იოსებ გოგაშვილიც. იგივე წყარო ამბობს, რომ ბრეგაძის ჩვენებაში 25 კაცზე მეტია დასახელებული, ის პირებიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, აჭარაშიც) არეულობის მოწყობის ოგანიზატორები უნდა ყოფილიყვნენ. იგივე წყარო ამბობს, რომ ბრეგაძის ჩვენებას დიდი აურზაური და გაწევ-გამოწევა მოყვა ხელისუფლებაში. იმავე ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა სოსო გოგაშვილმაც. ღამის ორ საათზე „მოდულში“ სრული მობილიზაცია გამოცხადდა. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს გომელაური და გოგაშვილი ერთად განიხილავდნენ. გოგაშვილს თანამდებობიდან წასვლა არ უნდა, ის ან თავდაცვის სამინისტროში, ან გენერალურ ინსპექციაში გადაყვანას ითხოვს. მისი მოტივაცია გასაგებზე გასაგებია _ ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის მერე მას ჩეჩნების შურისძიების ეშინია და ეს ლოგიკურიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ გია ლორთქიფანიძე და ქართული მხარე უხუცესთა საბჭომ გაამართლა, ჩეჩნებმა ორჯერ სცადეს ლორთქიფანიძის აფეთქება: ერთხელ კახეთში, მეორედ კუს ტბაზე.
არადა, წასვლა მარტო გოგაშვილს არ მოუწევს. „ქრონიკა+“-ის წყარო მასშტაბურ სამთავრობო ცვლილებებს პროგნოზირებს:
თანამდებობიდან მიდის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი (70/50) ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლების მინისტრი ზურაბ ჩხენკელი; რადიკალური ცვლილებებია დაგეგმილი სუსშიც: თანამდებობას დატოვებენ ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი, თანამდებობიდან მეორედ გაათავისუფლებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროს გიორგი მღებრიშვილს. არსებული ინფორმაციით, სუსის უფროს ვახტანგ გომელაურს სწორედ მის ადგილზე დანიშნავენ. გადაიყვანს თუ არა მთავარი მეხანძრე მოადგილედ ისევ სოსო გოგაშვილს, თუ საბოლოოდ განთავისუფლდება მისი გავლენებისგან, ამას დრო გამოაჩენს. იუსტიციის მინისტრის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება. ის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტია. ძველი შემადგენლობიდან თანამდებობას შეინარჩუნებს სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, რომელმაც ციხეებს ისე მოუარა, რომ ბოლო წლებში არც ერთი სკანდალი ამ უწყებაში არ მომხდარა. ჩვენი წყაროს ინფორმაციის პარალელურად, კვირიკაშვილის ახლო მეგობრები თავს იმშვიდებენ და სახელდახელოდ ავრცელებენ ხმებს იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილებები მართლაც მოხდება, მაგრამ ის პრემიერს არ შეეხება და კვირიკაშვილი პოსტს შეინარჩუნებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი სახელისუფლებო ცვლილებები მხოლოდ მინისტრთა კაბინეტს არ შეეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა, მაგრამ მას უახლოესი გარემოცვა არწმუნებს, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შანსი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, ამიტომ „ქრონიკა+“-ის წყარო არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ცვლილებებს.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დილემა საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობის კანდიდატია. გუნდში ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის. საუბრობენ თეა წულუკიანის, სალომე ზურაბიშვილის, ზურაბ აბაშიძისა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზეც. „ოცნებაში“ ფრთხილობენ _ არ უნდათ, მარგველაშვილის მსგავსად, უმართავი პრეზიდენტი მიიღონ. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო პოსტი ცნობილ პოეტს, დავით მაღრაძეს უკვე შესთავაზა, მაგრამ, ამ ეტაპზე, მაღრაძეს კენჭისყრაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია და, სავარაუდოდ, ის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის. როგორც ჩანს, „ოცნების“ კანდიდატურის დასახელებას ელოდება მოქმედი პრეზიდენტიც და ამის შემდეგ საჯაროდ გამოაცხადებს, ერთვება თუ არა საპრეზიდენტო მარათონში.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე მწყრალადაა, ეს ინფორმაცია კულუარებიდან, ბოლო დროს, ხშირად ჟონავს. იგი განსაკუთრებით გაბრაზებული კვირიკაშვილის ცნობილი წერილის მერე ყოფილა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ პრემიერის წერილის ავტორი თედო ჯაფარიძეა, მისი შინაარსი კი ექსპრემიერმა მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ გაიგო და ძალიან გაბრაზდა, _ რას აკეთებთ, ამერიკელებთან ურთიერთობებს რატომ ამწვავებთო?! როგორც ამბობენ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს ივანიშვილი ტელეფონზეც კი არ პასუხობს. მისი დამოკიდებულება პრემიერისა და ქალაქის მერისადმი კიდევ ერთხელ არჩილ ტატუნაშვილის დასაფლავების დღეს გამოჩნდა _ ბიძინა ივანიშვილი დაკრძალვაზე მარტო, საკუთარი დაცვის თანხლებით მივიდა, პრემიერსა და ქალაქის მერს კი არც მიესალმა, ისე დატოვა წეროვნის ეკლესიის ეზო.
მთავრობაში ნერვიულობენ, ბიძინა ივანიშვილი კი, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.

ელისო კილაძე