კახი კალაძე „ქართულ ოცნებას” ტოვებს?!

Capturess

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ქართული ოცნების“ ოფისიდან კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. საქმე ეხება სკანდალურ საკადრო დანიშვნას, რომელიც ამ დღეებში უნდა განხორციელდეს და რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიცე პრემიერია.

„არჩევნების წინ, კახი კალაძემ პირობა დადო, რომ ის პირები, ვინც საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ, დასაქმდებოდნენ. ამისათვის სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. როგორც გაირკვა, დავით ნარმანიამ მერად დანიშვნის შემდეგ, პირობა შეცვალა და ის ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დღე და ღამეს ასწორებდნენ, (სულ ორასი კაცი) ჰაერში გამოკიდებული დარჩნენ. ამას დაემატა ისიც, რომ თბილისის საკრებულოს პორტირებული თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელსაც შსს გენინსპექციის უფროსი ლობირებდა, წინასაარჩევნოდ კალაძის დაჟინებული მოთხოვნით სიაში აღარ ჩასვეს, ეს კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კახი კალაძე ამ საკითხზე პირადად ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამ დღეებში კი საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი შიხიაშვილის ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას ვიცე პრემიერის მხრიდან პროტესტი და პოსტის დატოვების მუქარა მოყოლია. ამის მიუხედავად, ირაკლი შიხიაშვილი დღეს რუსთავში ჩასულა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კულუარული შეხვედრები გაუმართავს. ეს ფაქტი კალაძისთვის ბოლო წვეთი აღმოჩენილა – არც ვიცე პრემიერის პოსტი მჭირდება რამეში და არც ენერგეტიკის მინისტრის, ჩემი პრინციპების დათმობას არ ვაპირებ, საერთოდ მილანში წავალ და აქ, აღარ გავჩერდებიო, – უთქვამს კახი კალაძეს.“ – უყვება „ქრონიკა+”-ს კარგად ინფორმირებული წყარო.

ირაკლი შიხიაშვილი „ქართულ ოცნებაში” „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან დაპორტირდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნის ბრძანება ამ დღეებში გახდება საჯარო.