გიორგი ვაშაძე: „პრემიერის განცხადება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას გონებაში სხვა ზრახვები უტრიალებს“

„საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა _ ახალი საქართველო“ თავს მოვალედ მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს საკუთარი პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ფედერაციის მისამართით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება შეიცავს ისეთ გზავნილებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ბატონმა კვირიკაშვილმა, საკუთარი მიმართვით, პრაქტიკულად, თანაბრად გაანაწილა პასუხისმგებლობა აგრესორსა და აგრესიის მსხვერპლს შორის.
ემოციური თვალსაზრისით, ეს არის უკიდურესი უსამართლობა, ხოლო პრაქტიკულად, ამგვარი მიდგომა ანგრევს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ და სამართლვებრივ პოზიციას, რუსეთ-საქართველოს ომისა და მის შედეგებთან დაკავშირებით.
პრემიერის მიერ გაჟღერებული „წინადადება“ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ მთლიანად იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კონცეფციას. ამავე დროს, ამგვარ ვითომდა პირდაპირ მოლაპარაკებებში გიორგი კვირიკაშვილი შუამვლობას თავად ოკუპანტ ქვეყანას სთხოვს.
ამ განცხადებით შექმნილ ვითარებაზე თავადვე უხსნის პასუხისმგებლობას აგრესორ ქვეყანას და ითრევს საქართველოს უკიდურესად წამგებიან და დამღუპველ პროცესში.
რუსეთმა, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრსიით, საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია, რაშიც საქართველომ სისხლიანი ფასი გადაიხადა. რუსეთის შეჩერება და შემდგომ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება მოხერხდა და დღემდე ხერხდება საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობით.
რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, პრემიერის განცხადება ემსახურება აგრესორის წადილს, გამოთიშოს ამ სიტუაციიდან ძლიერი საერთაშორისო მოთამაშეები და ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური განადგურების პროცესი.
შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, პირველად, მთლიანად დაემთხვა საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის მიერ მართული და დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიცია.
მიგვაჩნია, რომ საქმე არ გვაქვს შემთხვევით პროცესთან და ვითარება მოითხოვს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ჯანსაღი ნაწილისა და მთლიანად საზოგადოების აქტიურ რეაგირებას, რათა შეჩერდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი უსაფრთხოების ხელყოფის პროცესი“, _ აღნიშნულია ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში.

ამ და სხვა მიმდინარე თემებზე „ქრონიკა+“ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ესაუბრება:
_ სამწუხაროდ, რთული რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. პრემიერის განცხადება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას გონებაში სხვა ზრახვები უტრიალებს. მსგავსი მიმართვა სახელმწიფო ინტერესებს არ ემსახურება. მეორე, საგანგაშო გზავნილებია პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ჟენევის ფორმატი კი არის ნახსენები, მაგრამ ამაზე, ფაქტობრივად, უარს ვამბობთ, ამით რუსეთთან პირისპირ დარჩენა ხდება და ა. შ. მოკლედ, ამ განცხადებაში იმდენი საფრთხის შემცველი მომენტია, რომ მართლაც საგანგაშოა.
შემდეგი თემაა, თუ რა კონტექსტში ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში პრორუსული ძალების გააქტიურებას ვხედავთ, რაღაც ღია წერილები ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი შინაარსისაა.
გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რა გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს. რუსეთის, პუტინის მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები და რაღაც ბაქიბუქია. მათ შორის, მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე რუსული დელეგაციის გამოსვლას ვგულისხმობ. იქაური წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში რაღაც იარაღს აჩვენებენ, რომელზეც კაცმა ვერ გაიგო, სინამდვილეში, აქვთ თუ არა; რადგან საუბარია ვიდეორგოლებზე, რომელიც ინტერნეტში სამი წლის წინათ უკვე არსებობდა.
ამერიკიდან ახლა ჩამოვედი, შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან ბევრ ანალიტიკურ ჯგუფთან, სადაც საქართველოს პრობლემატიკაზე აქტიურად ვსაუბრობდით. ამ გადმოსახედიდანაც პრემიერის ეს განცხადება კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია, არანარი სიმპტომი არ არსებობდა, რომ ქართულ მხარეს მსგავსი მიმართვა გაეკეთებინა.
კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრია, დღევანდელი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ქვეყანაში პირველი პირია. არ არის რიგითი დეპუტატი, რომელსაც რაღაც წამოსცდა ან გააკეთა. ეს არის საჯარო წერილი, რომელიც ამ ჯგუფმა დაწერა და გაავრცელა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთთან ურთიერთობაში კომპრომისული განცხადებებით რამე შედეგზე გავალთ, აგერ არის ფაქტი. ეს ბოლო განცხადებაც რუსეთმა ისევე წყალივით შეირგო, როგორც აქამდე იყო ეს ყველაფერი, _ ტატუნაშვილი ისევ გადმოსასვენებელია და პრობლემა ისევ ამად რჩება.
საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია უკვე არასახელისუფლებო ძალების, საზოგადოების ჯგუფების, რომ სტრატეგიულად საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე სერიოზული რყევები არ მოხდეს. ძალიან კარგად ესმის „ქართულ ოცნებას“, თუ ისინი საბოლოოდ გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ რუსეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მომხრე ვართ, ამით ქართული საზოგადოებისგან ძალიან მძრაფრ რეაქციას მიიღებენ. საქართველოში პრორუსული მთავრობა ვერ იქნება და ეს მათ ძალიან კარგად ესმით.
აქედან გამომდინარე, ეს წერილები უფრო შენიღბული პრორუსული განცხადებებია, რომელიც პრობლემებს ქმნის.
_ რატომ არ არის რეაგირება პრემიერის მიმართვაზე მეორე მხრიდან და, საერთოდ, ეს რამდენად მოსალოდნელია?
_ როგორც ჩანს, ქართული მხარის პოზიცია იმდენად გაუფასურებულია, რომ არაფრად აგდებენ მსგავს განცხადებებს. ასევე ჩანს, რუსეთისთვის ეს არასაკმარისია და მეტი უნდათ. ეს „მეტი“ რა არის, ამაზე, უბრალოდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ. გაცილებით მეტი სურთ, მაგრამ სანაცვლოდ საქართველო რომ რამეს მიიღებს, ამის გამოცდილება უკვე გვაქვს დამოუკიდებლობის მთელ პერიოდში. ქართული მხარე რაც მეტ დათმობაზე მიდიოდა, მით უფრო უარესდებოდა ჩვენი მდგომარეობა ყველა სტრატეგიულ პროცესში.
_ ამ საკითხში ქართული მხარის ქმედითი ნაბიჯები როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო?
_ აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩვენ მრავალნაბიჯიანი სტრატეგია უნდა გვქონდეს: თუ რას ვაკეთებთ; არის თუ არა შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან; შესაბამისი განცხადებები საერთაშორისო ინსტიტუციების მხრიდან; გაეროს უშიშროების საბჭოზე აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი, რაც ახლა ცხინვალის რეგიონში ხდება. ყველა ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
სხვა ვითარებაში ვიღაც ელჩის ვიღაცასთან რომელიღაც ქვეყანაში შეხვედრა და მისთვის რაღაცის თქმა, მსგავსი ტიპის სამუშაოები, აბსოლუტურად უშედეგოა. ახლა საქართველო პანიკას უნდა ტეხდეს იმასთან დაკავშირებით, რაც ცხინვალის რეგიონში ხდება. რუსეთმა ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ არა მხოლოდ ტატუნაშვილი უნდა გადმოასვენონ, არამედ ხელი აიღონ აგრესიაზე, რომელიც გრძელდება.
თქვენი აზრით, როდესაც პრემიერის ამ წერილს წაიკითხავდა, ვთქვათ, ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა ან ჩვენი სხვა პარტნიორი, რა მოსაზრება გაუჩნდებოდათ? ყველა იფიქრებდა, რომ საქართველო რაღაც სხვას აპირებს, არა ჩვენთან ერთად, არამედ თავისი რაღაც გეგმა და განრიგი აქვს ამ პირობებში. რეალურად, ეს მათში კითხვის ნიშნებს გამოიწვევდა.
თუ ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის ეშინია, რომ კიდევ უფრო გაააქტიუროს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მოქმედებები, ოპოზიციამაც არაერთხელ შევთავაზეთ, რომ ეს არის თემა, სადაც შეგვიძლია პოლიტიკური განსხვავებები დავივიწყოთ და ამ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მივიღოთ. საერთო პროცესი იყოს ამ სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადანაწილდეს.
მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამ პროცესს მაქსიმალურად ხურავს, რადგან, როგორც ჩანს, ერთს ამბობს და, რეალურად, მეორე სტრატეგია აქვს.
_ აშშ-ს ელჩის, იან კელის განცხადებით: „მნიშვნელოვანია მკაფიო მესიჯები გქონდეთ _ თუ თქვენ არ განსაზღვრავთ ნარატივს თქვენი ქვეყნისთვის, ამას ვინმე სხვა ჩრდილოეთით განსაზღვრავს“…
მათ შორის, მიანიშნებს იმ რეალურ სურათზე, რასაც ამერიკული მხარე საქართველოში ხედავს. ორაზროვანი განცხადებები, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია მინდა და, მეორე მხრივ, ასეთი ტიპის განცხადებები, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რასაკვირველია, აბსოლუტურად ყველაში გაუგებრობას იწვევს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ხომ არ იცვალა საგარეო კურსი ქვეყანამ ან ამ ცვლილების სიმპტომები ხომ არ არის?
_ ვიმეორებ, შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში და ამ განცხადებიდან და პოზიციებიდან გამომდინარე მათშიც სერიოზული დაბნეულობაა. კარგად გესმით, ამერიკის ელჩი არასოდეს აკეთებს განცხადებას, სერიოზული გათვლისა და საფრთხის არსებობის გარეშე.
_ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოლიტიკური გაერთიანების პოზიცია როგორია?
_ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: „ქართულ ოცნებას“ რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ეს ფაქტია, მაგრამ იმისთვის, რომ დავამარცხოთ, აუცილებელია პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია, რომ ეს ბრძოლა, საარჩევნო მარათონი, ერთი ერთზე იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ რეალურად გვინდა, რომ შეჩერდეს ინსტიტუციების ჩამოშლის პროცესი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიდის და რაზეც აბსოლუტურად ყველა თანხმდება. ნახეთ 15 ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის განცხადება, რომლებიც ძალიან კარგად ხედავენ პროცესს, თუ რაც ხდება ქვეყანაში.
ამის შეჩერებისთვის აუცილებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ გაიმარჯვოს საკუთარი კანდიდატით და ვფიქრობ, ეს მხოლოდ გაერთიანებული ძალებით არის შესაძლებელი.
სხვა დანარჩენი, პირდაპირ გეტყვით, რომ მეორე ტურებზე საუბარი და რაღაც მსგავსი ზღაპრები, ხელისუფლების თამაშია.
სამწუხაროდ, საქართველოში ასე ჩამოყალიბდა, _ გვყავს ბევრი პოლიტიკური პარტია და ჩემს განცხადებაში ესენი სამ ჯგუფად დავყავი: აქ არის პირველი ჯგუფის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ და აბსოლუტურად აწყობთ არსებული სტატუს კვო. თუ ასეთ ჯგუფებს საკუთარი სახელი არ დავარქვით, ვერც ერთ შემთხვევაში სასურველ შედეგზე ვერ გავალთ, რადგან ერთ წყალში იხარშება ამის გამო ამომრჩევლების თვალში სრულიად ოპოზიცია;
მეორე ჯგუფი ნიჰილიზმში მყოფი პოლიტიკური პარტიებია, რომლებიც მართლაც სტატისტის როლში დარჩნენ. მუდმივად ფიქრობენ, მიიღონ თუ არა საარჩევნო ან სხვა პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ეს პარტიები ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ რეალობა სხვა არის, ფაქტია, რომ ეს ძალები არსებობა-არარსებობის ზღვარზე იმყოფებიან;
მესამე ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, ეს შესაძლებელია და გაერთიანებულ ოპოზიციურ ფრონტს ამის ძალები ყველა შემთხვევაში ექნება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება უნდა მოხდეს იდეების გარშემო. ეს ახალი განრიგი, რაც საქართველოს შეუძლია ჰქონდეს, შესამუშავებელია და ასეთ შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია.
ახლა, რაც შეეხება ვინ სად მოიაზრებს საკუთარ თავს, ვფიქრობ, რომ ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ. არიან ამ გაერთიანების ჩამშლელები, რითაც თავისთავად ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. მაგალითად, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა სულ მეორე ტურზე საუბრობს. სასაცილო აქ იცით, რა არის? 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ფრაქციაში შემავალმა დეპუტატებმა (რომელთა უმრავლესობა მაჟორიტარად იყრიდა კენჭს), მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ანუ მეორე ტურში ბრძოლის წინ კაპიტულაცია გამოაცხადეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით.
ამიტომ აღნიშნული ჯგუფიდან საუბარი, რომ მეორე ტური გაერთიანების საფუძველია და ა. შ. ყველას კარგად ესმის, რომ ეს წარმოუდგენელი ზღაპარია.
_ „ოცნების“ შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატებზე რა შეგიძლიათ თქვათ?
_ როგორც ვიცი, ერთი თეა წულუკიანის კანდიდატურა გაჟღერდა და მეორე სალომე ზურაბიშვილია. ჩემი აზრით, წულუკიანის კანდიდატურას არ დააყენებენ, რადგან „ოცნებაში“ ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური იმიჯის მქონე ფიგურაა. მეორე, გახსოვთ, რომ სასამართლო რეფორმის ე. წ. ტალღებს იგივე წულუკიანი აკეთებდა, რომელმაც სრული კრახი განიცადა. ხედავთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. უვადოდ ნიშნავენ უკვე ყველაზე ანგაჟირებულ მოსამართლეებს, აღებ-მიცემობა, პირდაპირი კორუფციაა სასამართლო ხელისუფლებაში. „ობშიაკებს“ აგროვებენ, სიტუაცია მთლიანად ანკლავიზირებულია, არაფერი შანსი აღარ დარჩა, რომ ვინმემ შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.
აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია შესაძლებელი, წულუკიანის კანდიდატურა დააყენონ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, შეიძლება ეს თემა განვიხილოთ. შეიძლება ამის ნაწილი იყო, რომ ის თავის დროზე დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს არჩევნებში. თუმცა სალომე ზურაბიშვილი არ არის ის კანდიდატურა, რომელიც მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი მიდგომები საკმაოდ მოძველებულია. ახლა, ფრანგული გამოცდილებიდან გამომდინარე, საგარეო მინისტრის როლშიც ვნახეთ, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი იყო. ამიტომ ძალიან სუსტი კანდიდატურაა და ის ფიგურა არ არის, რომელიც შეიძლება ძლიერი პრეზიდენტი იყოს და რაღაცნაირი შემაკავებელი როლი შეასრულოს ინსტიტუციების რღვევისა და ჩამოშლის პირობებში.
ვფიქრობ, რომ ამ კანდიდატების შერჩევის დროს „ოცნება“ სერიოზულ კრიზისშია. ყველა აქტიურ სახეს ნეგატიური იმიჯი და სერიოზული პრობლემები აქვს, აღნიშნული იმიჯიდან გამომდინარე. ამ არჩევნებში ძლიერი კანდიდატის მოძიება ძალიან გაუჭირდებათ.
ისევ და ისევ, აქ მთავარი ამოცანაა, ოპოზიცია მოახერხებს თუ არა გაერთიანებას, მძლავრი საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას ამ არჩევნებზე. თუ ოპოზიციამ ეს მოახერხა, ჩემი აზრით „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
_ როგორია თქვენეული „წარმატების ქართული მოდელი?“
_ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პროდასავლური ძალები უნდა გაერთიანდნენ, აზრთა სხვადასხვაობის დროს უცილებლად პრაიმერის მექანიზმი უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან ეს ერთადერთი სწორი და დემოკრატიული მექანიზმია, რომლითაც ეს აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება აღმოიფხვრას. ეს გაერთიანება იდეის გარშემო უნდა მოხდეს და ეს იდეა ჩემთვის წარმატების ქართული მოდელის შექმნაა საქართველოში. ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია. ეს მაქსიმალურად მეტ ადამიანს უნდა გავუზიაროთ საქართველოში და ეს არის ხსნა გაჭირვებიდან და პრობლემებიდან.
რა შეეხება პოლიტიკურ დისკუსიას, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი პოლიტიკური პარტია გაერთიანების მომხრე იქნება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ გაერთიანებაზე უკვე წლებია, ვსაუბრობთ. თვითმმართველობის არჩევნების დროსაც სწორედ ამ სტრატეგიას ვთავაზობდით. სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა ხელი გვკრა და თქვა, რომ მეორე ტურში ვიფიქრებთ ერთმანეთის მხარდაჭერაზეო, თუმცა თქვენ თვითონ დაინახეთ, რომ ამან ნულოვანი შედეგი მისცა ზოგადად სახელმწიფოს და შემგომ უკვე პოლიტიკურ პარტიებს.
დღეს ამის მომხრე უფრო მეტია, რესურსები ნამდვილად არის, ოპტიმისტურად დარწმუნებული ვარ, რომ, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.
ასევე, ერთია გაერთიანება და მეორე ის, რომ ქვეყანას აუცილებლად ახალი პოლიტიკური კლასი სჭირდება. პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკური კლასი დაძველდა. ძალიან მაგარი ახალი თაობაა, არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ყველა თაობის, მაგრამ ახალი ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან აქტიური და პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესებში და იმედი მაქვს, რომ ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით.

გელა მამულაშვილი