ნინა ლონდარიძე: „არატენდენციურობა არის „ჰობი ჯორჯიას“ მთავარი კოზირი“

დასაფასებელია ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ადამიანი წარმატებისა და მრავალფეროვნებისთვის დგამს. კიდევ უფრო დასაფასებელია, როცა ის ქმნის ხელნაკეთს, ამუშავებს ყველა დეტალს საკუთარი ფანტაზიით, საკუთარი გონებით და არ ენანება, საბოლოოდ, არჩევანი საზოგადოებას შესთავაზოს.
26 წლის ნინა ლონდარიძე ხელნაკეთ ჩანთებს ქმნის. დახვეწილი დიზაინითა და გემოვნებით, დღესდღეობით, ის „ჰობი ჯორჯიას“ წარმოადგენს:

_ დავიბადე, გავიზარდე და ვმოღვაწეობ თბილისში. პროფესიით იურისტი ვარ. მყავს ხუთი წლის შვილი და გვერდით ადამიანი, რომელიც ლეჩხუმური სიდინჯით იტანს ყველა ჩემს ახირებას. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები და მეგობრები, რომელთა გარემოცვაში ყოფნა უკვე იმას ნიშნავს, რომ არასოდეს მოიწყენ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მათი თანადგომის გარეშე გამიჭირდებოდა, „ჰობი ჯორჯია“ წარმედგინა საზოგადოებისთვის.
_ დიზაინის სამყაროში როგორ მოხვდით?
_ იმისთვის, რომ დიზაინის სამყაროში აღმოვჩენილიყავი, არასდროს ჩამიდენია, გამიზნულად, რაიმე განსაკუთრებული. უბრალოდ, შევქმენი „ჰობი ჯორჯია“ და მან თავად გაიკვლია გზა ამ სფერომდე. რაც უფრო დიდ დაინტერესებას იწვევ საზოგადოებაში, მით უფრო მეტად მინდება, გავხდე მაგალითი ადამიანებისთვის, ვინც თავს იკავებს საკუთარი საქმის წამოწყებისგან მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰყავს საჭირო ნაცნობები და შეიძლება, საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ აღმოჩნდეს. მჯერა, რომ დიდი შრომით, ახალი იდეებითა და ინდივიდუალური სტილის დამკვიდრებით აუცილებლად მიაღწევ მიზანს. მთავარია, აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და არასდროს დანებდე.
_ თქვენი ეს საქმიანობა თქვენ მიერ შექმნილმა პირველივე ჩანთამ განაპირობა?
_ ჩემი დღევანდელი საქმიანობა განაპირობა წარსულში ნაგროვებმა უამრავმა ემოციამ და განცდამ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე პროფესიის არჩევისას. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება უფრო ფერადი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მივიღე იმპულსური გადაწყვეტილება, მივატოვე ყველაფერი (სამსახურის ჩათვლით) და გადმოვინაცვლე ჰობის ჯადოსნურ სამყაროში. მოკლედ, ის, რომ მე დღეს თქვენი რესპონდენტი ვარ, ერთ რამეს მოწმობს _ ამჯერად, გადაწყვეტილების მიღებისას არ შვმცდარვარ :), ბევრი ისეთი წინაღობა მქონდა, რამაც დამაფიქრა, საერთოდ, ღირდა თუ არა ამ საქმისთვის ხელის მოკიდება.
_ ჩანთებს რა მასალისგან ამზადებთ?
_ ჩანთების დასამზადებლად ვიყენებ ყველანაირ მასალას. არ აქვს მნიშვნელობა, მისი ძირითადი დანიშნულება რა არის. მთავარია, წარმოვიდგინო, ამ კონკრეტულ მასალას როგორი კომბინაციით გავაცოცხლებ ჩემს ნაწარმში. ინსპირაციას ვეძებ ყველგან და ყველაფერში, დიდ ყურადღებას ვაქცევ დეტალებსა და პროდუქციის ხარისხს. ფურნიტურასა და სამუშაო იარაღს, ძირითადად, ვიწერ, რადგან რთულია, საქართველოს ბაზარზე მოძებნო ის, რაც მე მჭირდება.
_ როგორია ის სამუშაო გარემო, რომელშიც ისინი იქმნება?
_ სამუშაო გარემო და, ზოგადად, სამუშაო პროცესი არის ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. ესკიზებს წინასწარ არ ვქმნი, არც ფერების კომბინაციებზე ვფიქრობ. უბრალოდ, მასალას ვიწერ, თემატიკას განვსაზღვრავ, საყვარელ მუსიკას ვრთავ და მერე დრო როგორ გადის, ვერც კი ვგრძნობ. ჩემი სივრცე მაქვს, სადაც, სხვისი გადმოსახედიდან, სრული ქაოსია. მასალებს ფერების მიხედვით ვანაწილებ და სამუშაო მაგიდაზე ვშლი. როცა ყველაფერი წინ მაქვს, იდეებს უფრო მარტივად ვუყრი თავს.
_ რა ახასიათებს მათ ისეთი, რაც სხვების ნამუშევრებისგან გამოარჩევს?
_ არატენდენციურობა არის „ჰობი ჯორჯიას“ მთავარი კოზირი. მე არ ვცდილობ, მოგების გაზრდის მიზნით ჩემი სტარტაპი ბაზარს მოვარგო და ვინმეს დავემსგავსო ან, მაინცდამაინც, ის ფერები გამოვიყენო, რაზედაც მოდის სამყაროს გურუები მიგვითითებენ. „ჰობი ჯორჯიას“ ადამიანები იმისთვის ირჩევენ, რომ უკეთ გამოხატონ საკუთარი ინდივიდუალიზმი. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოში უამრავი ასეთი ადამიანია. ზოგადად, ხელნაკეთი ნივთი გარდა იმისა, რომ უნიკალურია, იმითაც ფასობს, რომ განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია. ყოველთვის, როცა ჩანთას ვქმნი, ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ და თუ ეს ასე არ არის, ჩანთა, უბრალოდ, არ გამომდის. ეს მაშინ ხდება, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და გიყვარდება ის, რაც შექმენი.
_ ჩანთების დიზაინის იდეები საიდან მოდის? ვის ეკუთვნის?
_ იდეები და დიზაინი მეკუთვნის მთლიანად მე. ვცდილობ, მათი საშუალებით ზრდასრულ ადამიანებს ბავშვობის ლაღი ფერები დავუბრუნო; აი, დაახლოებით, ის დრო, როდესაც მუხლებგადაგლეჯილებს საერთოდ არ აღელვებდათ, იმ წელს რა იყო ტრენდული. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევ, არ ვუწესებ შეზღუდვებს, მაგრამ, ხანდახან, სხვისი თვალითაც მიწევს შევხედო ჩემს ნაწარმს და განვსაზღვრო, რამე ხომ არ გადავაჭარბე. ძალიან აზარტულია ამ ყველაფერზე ფიქრი და შემდეგ მათი განხორციელების პროცესი. ხშირად ვათვალიერებ ქართულ სტარტაპებს არა იმიტომ, რომ მათგან ავიღო იდეა, უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რას საქმიანობენ, რომ მათგან განსხვავებული შევქმნა. აქვე მინდა, უდიდესი წარმატება ვუსურვო ქართველ დიზაინერებს უამრავი საოცრების შექმნისთვის. მათი საქმიანობა დიდი სტიმულია ჩემთვის.
_ თუ არის შესაძლებელი, მომხმარებელმა მისთვის სასურველი დიზაინის ჩანთის შეკვეთა მოგცეთ?
_ შეკვეთის ხასიათს გააჩნია. მაგალითად, როდესაც მთხოვენ, შევქმნა რაიმე მათი ინტერესების გათვალისწინებით, სიამოვნებით ვთანხმდები. ვაგროვებ ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც ესკიზის დამუშავებაში დამეხმარება და რამდენიმე სატესტო მოდელს ვქმნი. დამკვეთი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს ერთ-ერთს ან, ხშირ შემთხვევაში, ვეღარ არჩევს, რომელი უფრო მოსწონს? და ასე მუშავდება საბოლოო ვერსია. არის შეკვეთები, რაზედაც უარს ვამბობ. მაგალითად, როცა რომელიმე ბრენდის უკვე მზა ჩანთის ფოტოს მიგზავნიან და იმის გამეორებას მთხოვენ, ამაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. ასე რომ, არ ვთანხმდები.
_ თქვენი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ თუა მოთხოვნადი?
_ საქართველოს საზღვრებს „ჰობი ჯორჯია“, რახანია, გასცდა. არის რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ მარტო იმიტომ არ ვაჟღერებ, რომ მინდა, სტერეოტიპები დავანგრიო და ქართულ საზოგადოებას ისე დავაჯერო ქართული ნაწარმის პერსპექტივების შესახებ, რომ არ ვახსენო ქვეყნები, სადაც „ჰობის“ ჩანთებს სიამაყით დაატარებენ.
_ გარდა ჩანთებისა, რაიმე სხვა ხელნაკეთ ნივთებს თუ ამზადებთ?
_ თითქმის ყველანაირი ხელნაკეთი ნივთის დამზადება შემიძლია, თუმცა მათი ჩემს ბრენდში გაერთიანება არ იგეგმება.
_ ამ მიმართულებით, სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?
_ სამომავლოდ უამრავი აქტივობა მაქვს ჩანიშნული: მეწარმეთა გამოფენა; ახალი კოლექციის პრეზენტაცია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ა. შ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს, ვინც ამ სფეროს წარმოადგენს, მეტი ყურადღება და ხელშეწყობა გვესაჭიროება. თანდათან წამოვიდა ტენდენცია ხელნაკეთი ნივთების დაფასებისა, თუმცა საზოგადოების ნაწილს მაინც ურჩევნია, რომელიმე ბრენდის დაპატენტებული ვერსიით მოიწონოს თავი და უარი თქვას სპეციალურად მისთვის შექმნილ ნივთზე. მეტი ინფორმაციულობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფოს ჩართულობა, სხვადასხვა აქტივობა, ვფიქრობ, წაადგებოდა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ძალიან მინდა, ერთხელაც გავიღვიძო და განცდა გამიჩნდეს, რომ აქ, საქართველოშივე, ისეთ დონეზე ფასდება შემოქმედი ადამიანი, რომ მას აღარ უჩნდება სურვილი, იმედგაცრუებულმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოიპოვოს აღიარება.

მარიამ ტიელიძე