არდაბადებული გოგონების ამბავი

1898 წელს ქვეყნიერებას ცნობილი ქართველი პეიზაჟისტი _ ელენე ახვლედიანი მოევლინა. ოთხი და-ძმის შემდეგ ოჯახში გოგონას დაბადება განსაკუთრებით გახარებია მამას.
1924 წლის დეკემბერს გურიის სოფელ ხიდისთავში ქართული პოეზიის დედოფალი _ ანა დაიბადა. და-ძმა კალანდაძეების მერე ოჯახს პატარა გოგონა შეემატა.
მაყაშვილების ოთხშვილიან ოჯახში მარო 1902 წელს გაჩნდა. ქართველი ჟანა დ’არკის ისტორია ბევრისთვის უცნობი, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო და მისაბაძიცაა.

ამ ქალებმა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ისინი ქმნიდნენ, იბრძოდნენ და თავიანთ ადგილს იკავებდნენ საზოგადოებაში.
და თუ თითოეული ამ ქალის მშობელი გადაწყვეტდა, რომ, უბრალოდ, ეს გოგონები არ უნდა გაჩენილიყვნენ, მაშინ დანაკარგი ძალიან დიდი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. არ გვეყოლებოდა ანა, არც მაყაშვილების გმირი ქალი, არც პეიზაჟების დედოფალი ელენე და არც ოჯახის მეხუთე შვილი ნონა გაფრინდაშვილი.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ წარმატებული და ძლიერი ქართველი ქალებისა, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და საკუთარი საქმით დაიკავეს ღირსეული ადგილი ისტორიაში.
და დღეს უკვე ნაკლებად დაობენ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე და საღი აზრით თანხმდებიან, რომ თანაბარ პირობებში ორივე სქესის წარმომადგენელს წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი აქვს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გვხვდება ქართულ რეალობაში (და არა მარტო) ისეთი პრობლემა, როგორიცაა სელექციური აბორტი.
ექიმ-გინეკოლოგები აბორტსა და მის საჭიროებას ასე განმარტავენ:
აბორტი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით არის ეთიკურად გამართლებული. ან როდესაც ორსულობის გახანგრძლივება საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს, ან როდესაც ნაყოფი არის ისეთი დაავადებების, სიმახინჯეების მატარებელი, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია.
სხვა შემთხვევაში ეს პროცესი ქალის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აბორტის დროს, პრაქტიკულად, ყოველთვის საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკაა საჭირო. ამ დროს, რა თქმა უნდა, ზიანდება ენდომეტრიუმი, ანუ საშვილოსნოს ფუნქციური შრე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა ნორმალური ორსულობის პროცესისთვის. სწორედ ამიტომაც იქმნება საფრთხე, რომ პაციენტი დაკარგავს მეორედ განაყოფიერების უნარს. არის შემთხვევები, როდესაც იმდენად ზიანდება ენდომეტრიუმი, რომ შემდგომში დაორსულება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება.
რა არის აბორტის საკმაოდ გავრცელებული ფორმა, რომელსაც სელექციური აბორტის სახელით მოიხსენიებენ და ყველაზე ხშირად რა სახელდება ფემიციდის ამ ხშირი ფორმის მიზეზად?
სელექციურ (შერჩევითი) აბორტს, ზოგადად, უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული ნიშნის გამო ჩატარებულ აბორტს.
ყველაზე ხშირად ამ ფორმაში მოიაზრება მშობლისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემა, მაშინ როდესაც არსებობს რისკი, რომ ნაყოფს აქვს გარკვეული სახის დარღვევები და დეფექტები ან ნაყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მატარებელია. ამ დროს მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გააჩინოს ნაყოფი თუ გაიკეთოს აბორტი.
თუმცა სელექციური აბორტის ერთ-ერთი გამოვლენის ფორმა სქესს უკავშირდება და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში გვხვდება, სადაც გავრცელებული ტრადიციების გამო, ბავშვის სქესს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ეს პრაქტიკა, ძირითადად, მდედრობითი სქესის ფეტუსის აბორტს მოიცავს და გავრცელებულია საზოგადოებებში, სადაც კულტურული ნორმებით ოჯახში უპირატესობა ენიჭება ბიჭის ყოლას გოგონებთან შედარებით. სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტები განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთსა და კავკასიის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით.
არსებობს განსაზღვრული ბუნებრივი თანაფარდობა ადამიანებისთვის: ასახელებენ 103-დან 107-მდე ახალშობილ მამრს 100 მდედრზე. მაშინ როდესაც ეს ბუნებრივი თანაფარდობა ირღვევა, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში საკმაოდ ხშირია სელექციური აბორტები.
თავისთავად, ამ პროცესს საკმაოდ ბევრი საფრთხე ახლავს თან. სქესის მიხედვით სელექციური აბორტები გავლენას ახდენს მოსახლეობაში სქესთა თანაფარდობაზე.

ძირითადად რა იწვევს ჩვენს საზოგადოებაში სელექციური აბორტების სიხშირეს და შეიძლება მივიჩნიოთ თუ არა აბორტის ეს ფორმა ქალთა მიმართ ძალადობის, ანუ ფემიციდის ერთ-ერთ ფორმად?
„ქრონიკა+“-თან საუბრობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი _ ანა ლობჟანიძე:
_ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ფესვები კულტურაში უნდა ვეძებოთ, სადაც ვაჟი მიიჩნევა ოჯახის გვარის გამგრძელებლად, ხოლო ქალს, როგორც ღირებულების არმქონეს, ამ კულტურაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულ პრაქტიკას, როდესაც ის სისტემურ ხასიათს ღებულობს, მოჰყვება გენდერული უთანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის რისკის ზრდა, მოსახლეობის დისბალანსი და ადამიანის უფლებების დარღვევა. თუმცა 2015 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მონაცემებით, სქესთა თანაფარდობის მაჩვენებლის მიხედვით დაბადებისას, საქართველო 145 ქვეყნიდან 138-ე ადგილზეა. ზუსტი მონაცემი ამ მიმართულებით არ გაგვაჩნია.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, აბორტი დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სქესისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის ხდება. ამ მოთხოვნის შესრულებას, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში, მონიტორინგს უწევს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები არ გამოვლენილა.
სელექციური აბორტი წარმოადგენს სქესის საფუძველზე დისკრიმინაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და გენდერული უთანასწორობის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომა მიიღოს. რაც შეეხება უარყოფით შედეგებს, პირველ რიგში, სელექციური აბორტების ფართო მაჩვენებელმა შეიძლება გამოიწვიოს ქალთა რაოდენობის კლება, რაც გამოიწვევს შობადობის ნაკლებობას, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებზე. ეს პრობლემა მუდმივ ყურადღებას საჭიროებს და აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
2017 წელს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს რეკომენდაციით მიმართა, რომ აღმოფხვრას გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტრატეგიებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს მოზარდების ჯანმრთელობაზე; აივ/შიდსთან დაკავშირებით CRC კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, გააუმჯობესოს აივ ინფექციით დაავადებულ დედათა და ბავშვთა შემდგომი მკურნალობა და უზრუნველყოს ხარისხიანი და ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები.

ცნობილ ეკონომისტ ამარტია სენს ეკუთვნის „გაუჩინარებული ქალების“ სტატისტიკის იდეა, რომლითაც მან პირველად მიაპყრო ყურადღება სქესის მიხედვით სელექციური აბორტების პრობლემას.
სქესის მიხედვით გადარჩევა აშკარად გამოხატული დისკრიმინაციაა სქესის საფუძველზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი აწესებს ადამიანთა თანასწორობის პრინციპს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრინციპია სამართლებრივ სისტემაში.
რაც შეეხება უშუალოდ ქართულ კანონმდებლობას, იგი აბორტს ლეგალურად აცხადებს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია ორსულის სურვილის მიხედვით (გარკვეული წინაპირობების არსებობისას, როგორიცაა წინასწარი გასაუბრება, მოსაფიქრებელი ვადა და ა. შ.). 12 კვირის შემდეგ ორსულობა შეიძლება შეწყდეს სპეციალური სოციალური (საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით) და სამედიცინო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) ჩვენებების შემთხვევაში. სამედიცინო ჩვენებით აბორტის გაკეთება ნებადართულია ორსულობის 22-ე კვირამდე.
აბორტის გაკეთება შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ (საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 139, პუნქტი 2).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის მიხედვით, უკანონო აბორტი აკრძალულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას. ამით კანონმდებელი ახდენს ხაზგასმას, რომ აბორტის წესები ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული, კანონში გაწერილი და დაუშვებელია ამ წესებიდან ნებისმიერი გადახვევა.
კანონი ვერ იცავს 12 კვირამდელ ნაყოფს გენდერული დისკრიმინაციისგან, ანუ რომ დავაზუსტოთ, არ არსებობს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი უშუალოდ გენდერულ საფუძველზე წარმოშობილი დისკრიმინაციის აღკვეთისა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს რეგიონები, სადაც სელექციური აბორტის ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია: მაგალითად, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი.
2015 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა მსოფლიო ბანკის დახმარებით განახორციელა კვლევა, „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“, რაც განპირობებული იყო აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში დაბადებისას სქესთა შორის შესაძლო დისბალანსთან დაკავშირებული მზარდი ტენდენციით. კვლევის მიხედვით, საქართველოში სელექციურ აბორტებს, ძირთადად, სამი მიზეზი განაპირობებს: საზოგადოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, შობადობის კლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული და რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა. კვლევის თანახმად, საქართველოში უკვე შეინიშნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის კლების ტენდენცია, რაც ხელსაყრელი მომენტია საიმისოდ, რომ სახელმწიფომ გადახედოს იმ კულტურულ ნორმებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას ქვეყანაში და ასუსტებს ქალის როლს საზოგადოებაში.
თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას მძაფრად. ის საკმაოდ გავრცელებულია მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში სელექციური აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზერბაიჯანელი ექსპერტების მონაცემით კი ცენტრალურ აზიაში აზერბაიჯანი სელექციური აბორტების თვალსაზრისით ლიდერია. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, აზერბაიჯანში 100 ახალშობილ გოგონაზე 116 ბიჭი მოდის, სომხეთში – 114, საქართველოში – 113. ეს მაღალი მაჩვენებელი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მთელ კავკასიაში დემოგრაფიული სურათის შეცვლა შეუძლია.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება-XXI“-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე.
საპატრიარქოს დამოკიდებულება ზოგადად აბორტისა და ამ ფენომენის მიმართ ცალსახად ნეგატიურია. პატრიარქი თავის ეპისტოლეში ხშირად გმობს ნაყოფის ამ ფორმით მოშორებას და გარდა აუცილებელი შემთხვევებისა დედის მიერ აბორტის გაკეთებას ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად ასახელებს.
ბოლო პერიოდში, მეტ-ნაკლებად, გააქტიურდა სოციალური პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირების ზრდას გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ სამომავლო პერსპექტივაში ამ ფორმით არის შესაძლებელი შედეგის მიღწევა და სელექციური აბორტების რიცხვის შემცირება, რომელიც არა მხოლოდ დემოგრაფიაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და დისბალანსს იწვევს სქესთა შორის.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სელექციური აბორტის შემცირებასა და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად, სახელწოდებით „ჩემი გოგო“ უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ხორციელდება.
პროექტის სირთულეებსა და შედეგებზე საუბრობს მისი ხელმძღვანელი ეკა მიმინოშვილი:
_ 35 ახალგაზრდა მამას ვიღებთ, რომელთაც გოგონები ჰყავთ. ვამზადებთ ფოტოისტორიას და სოციალურ ქსელში ვდებთ. პროექტის ბოლოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ექსპოზიცია იგეგმება. მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სორსფაბრიკი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.
სელექციური აბორტი საქართველოში ჩავლილი პრობლემა აღარ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი.
სტატისტიკამ გვანახა, რომ ათასობით გოგონა დაიკარგა სწორედ მათი სქესის გამო.
ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და ბევრისთვის შეიძლება, ჩვენი ფოტოისტორიების გმირები სამაგალითოდ იქცნენ, ასე რომ, თითოეული ამბავი მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 _ გოგონა, თუმცა შობადობა შემცირებულია.
ეს საგანგაშო რიცხვებია და კიდევ უფრო სავალალო ის რეალობაა, რომელშიც ტრადიციებით და გვარის გამგრძელებლის ყოლის სურვილით შეპყრობილი მშობლები უარს ამბობენ შვილებზე მხოლოდ სქესის გამო.
და ასე არ იბადებიან ჩვენში გოგონები… ისინი, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ წარმატებული ექიმები, ძლიერი იურისტები, სახელგანთქმული მასწავლებლები ან, უბრალოდ, ქალები ჩვეულებრივი ცხოვრებით.

ანა ურუშაძე