„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სინოჰიდროს“ საქმიანობაზე რეაგირებისთვის ჩინეთის ელჩს მიმართეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოვლენილ დარღვევებსა და უკანონო მოქმედებების ფაქტებზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საპროტესტო წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სამი პროექტიდან, რომელსაც „სინოჰიდროს“ საქართველოს წარმომადგენლობა ახორციელებს, სამივე პროექტში კომპანია უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და შრომით კოდექსებს, აზიანებს გარემოს და არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

„ახალგარზდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური ურთიერთობების დრამატულად მზარდი ტენდენციის ფონზე, ნებისმიერი გადახრა კურსიდან, ნებისმიერი არამართლზომიერი მოქმედებები, ქართულ საზოგადოებაში ძალიან მტკივნეულ და არასასიამოვნო რეაქციას იწვევს. მისივე თქმით, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იანჩის და დოკუმენტურ მასალას გადასცემს „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესწავლისა და სამართლებრივ პრეტენზიებზე შემდგომი რეაგირებისთვის.
„ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზა და სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მეორე ლოტი. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე სამუშაოებს ახორციელებს „სინოჰიდრო“ და ყველა მაგისტრალზე ადგილი აქვს კანონდარღვევებს, გარემოსთან ბარბაროსულ დამოკიდებულებას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფას, სამუშაოების უხარისხო შესრულებას. თითოეულ მონაკვეთზე უხარისხობის გამო სამუშაოების შესრულება ხდება რამდენჯერმე, ხარვეზებისა და დარღვევების გამო, ყველა პროექტი ვადაში ვერ ეტევა და ხდება უკმაყოფილების მიზეზი, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჩვენი მოსახლეობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. აშკარაა, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქართველოს წარმომადგენლობის საქმიანობა აბსოლუტურად გასულია საქართველოს სამართლებრივი სივრციდან“, _ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში.
„კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი პატივისცემა და კეთილი სურვილები პირადად თქვენ მიმართ და განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპროტესტო წერილი არ არის მიმართული ჩინეთის მოქალაქეებისა თუ ჩინეთის კორპორაციების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვამოძრავებს პრაგმატული მიდგომა, რომ კრედიტის სახით, აზიის განვითარების ბანკიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოყოფილი სახსრები დაიხარჯოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ისეთი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც არაერთხელ გვინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და რომელიც საქართველოს მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს უზრუნველყოფს. ჩვენი უპირველესი სურვილია, რომ ყველა პროცესი, რაც დაკავშირებულია საქართველოს გადასახადის გადამხდელის დღევანდელ თუ სამომავლო ხარჯებთან, იყოს გამჭვირვალე, ღია და საჯარო და არ ემსახურებოდეს მხოლოდ ერთი მუჭა, იოლი გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ინტერესებს“, _ აღნიშნულია ელჩის მიმართ გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სინოჰიდროს წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის შესწავლა 2018 წლის იანვრიდან დაიწყეს. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი საგანგაშოა. ერთი მხრივ, უხეშად ირღვევა მესაკუთრეთა უფლებები, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესში დგინდება გარემოზე მიყენებული ზიანი, ვხედავთ უხარისხოდ და უნებართვოდ შესრულებულ სამუშაოებს, სახელმწიფო ჩინოვნიკებთან ფარულ გარიგებებს, რაც კორუფციულ რისკებს ტოვებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხებოდა, ის ბნელი მხარეები გამოავლინა, რომელიც პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის და ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულებისთვის ჩინური პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებლების მიმართ.
კვლევის შედეგები 2018 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.

მანამდე, ამ თემაზე „ქრონიკა+“ „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარეს _ არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრება:
_ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე წარმოებაში მიიღო. საქმის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ კომპანია „სინოჰიდროს“ მხრიდან განხორციელებული, საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები დგინდება. შესაბამისად, სასამართლოში წარდგენილია ყველა მტკიცებულება, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ინერტული მასალისთვის გამოყენების, უნებართვოდ საკუთრებაში შეჭრის ფაქტებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველ დოკუმენტაციას.
ყოველივე აღნიშნული უკვე სასამართლომ უნდა განიხილოს. ჩვენ წარვადგინეთ ერთ-ერთი მოქალაქის, ქალბატონი მაყვალა ჯაფარიძის კონკრეტული შემთხვევა და ქეისი, რომელიც უკვე 2014 წლიდან ამაოდ ითხოვს იმ კომპეტენციების შესწავლას, რომელიც კომპანიამ უკანონო, უნებართვო მოქმედების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანთან, ე. წ. ჭაინათის დასახლების ტერიტორიაზე განახორციელა.
ჩვენ მოვიპოვეთ და სასამართლოს წარვუდგინეთ უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ კომპანიამ, 2013-2014 წლებში, უნებართვოდ და უკანონოდ გამოიყენა მაყვალა ჯაფარიძის საკუთრება, საიდანაც ინერტული მასალა ამოიღო. დაახლოებით, 6 ათასი კვ.მ მიწის ფართობი განადგურებულია. იქ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იყო.
მოცემულ შემთხვევაში, ნიადაგი უკვე სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარია, რადგან მთლიანად ამოღებულია ინერტული მასალა, ტერიტორიაზე წარმოიქმნა ჭაობი და ზაფხულობით ყოველთვის იმის რისკი არსებობს, რომ ეპიდემიამ იფეთქოს.
გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლება შეილახა, უნდა აღვნიშნოთ, რომ „სინოჰიდრომ“ უზრუნველყო იმ ნორმატიული აქტების დარღვევა, რომლის დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსთან არსებული კონტრაქტით ჰქონდა, კერძოდ, გარემოზე მიყენებული ზიანის თვალსაზრისით. და სწორედ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა საჯარო უწყებისგან, რომლის მიხედვითაც, კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში, სხვა მოქალაქეების მიწის ნაკვეთების უნებართვოდ მიტაცებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენ სამართლებრივი გზით მივდივართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პრობლემასა და ჩინური სახელმწიფო კომპანიის საქართველოში საქმიანობას საზოგადოებამ, ხელისუფლებამ და შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა უფრო ფართო გაგებით შეხედონ.
_ რას გულისხმობთ?
_ ჩინური სახელმწიფო კომპანიის საქართველოში მოგებული ტენდერების თაობაზე კვლევა დავიწყეთ. ორგანიზაცია დასკვნამდე (დგინდება) მიდის, რომ ამ ჩინურ კომპანიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელების სახით არა მხოლოდ უბრალო მხარდამჭერი, არამედ მოკავშირე და პარტნიორი ჰყავს. იმ გაგებით, რომ სახელმწიფო საგზაო დეპარტამენტის სახით არავითარ რეაგირებას არ ახდენს იმ დარღვევებზე, საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებზე, რომელსაც კომპანია სჩადის.
მეტიც, ამის მიუხედავად, ეს კომპანია გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერებში არის გამარჯვებული. საუბარია მილიარდებზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში იმ გარემოებას ვხედავთ, რომ ეს კომპანია უკონკურენტოდ არის გამარჯვებული.
_ უფრო კონკრეტულად?
_ მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში შევისწავლეთ ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზა და სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ასევე მეორე ლოტი. აღმოჩნდა, რომ კომპანია, კონკრეტულად სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მეორე ლოტთან მიმართებით, სამუშაოებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით ახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ ამას უნებართვოდ აკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ შესაბამისი ექსპერტიზის განხორციელება იყო საჭირო. აღნიშნული საექსპერტო დასკვნა კომპანიას დღემდე არ გააჩნია.
საგზაო დეპარტამენტმა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებს ასეთი საექსპერტო დასკვნის გაცემასთან დაკავშირებით, როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დასრულებულია და, შესაბამისად, მისი შესრულების ხარისხიც უკიდურესად საკამათოა: რადგან რამდენიმე თვის წინათ დაგებული გზის საფარი მთლიანად ამორტიზებულია და ხელახლა სამშენებლო სამუშოების ჩატარებას საჭიროებს. აღნიშნული კი საქართველოს ბიუჯეტს მნიშვნელოვან ბეგარად დააწყვება.
თუ მოცემულ შემთხვევაში კომპანია ინფრასტრუქტურულ პროექტებს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების ფინანსური დახმარებით ახორციელებს, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების აღმოფხვრის ფინანსებს, სამწუხაროდ, უკვე საქართველოს ბიუჯეტი იღებს.
ჩვენ აქ მნიშვნელოვანი ეჭვი გვაქვს იმის თაობაზე, რომ კომპანია ამ შემთხვევაში შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფოსთან. ეს იმით გამოიხატება, რომ კომპანია ჯერ მაღალი ფასით შემოდის, მერე ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებების შედეგად ეს ფასი კორექციას, ცვლილებებს განიცდის, ამის შემდეგ უკვე დაბალი ფასი დგინდება, ხელშეკრულებაში შედის ცვლილებები, რომლის დასაბუთება, ახსნა-განმარტება, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ (მცდელობების მიუხედავად), კომპეტენტური საჯარო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან.
ამ შემთხვევაში ეჭვს იწვევს, რომ კომპანიასთან ფარული კორუფციული გარიგებები, ფარული შეთანხმებები არსებობს, რომლითაც საერთაშორისო თანხა საქართველოს ინფრასტრუქტურის პროექტებში უკონტროლოდ მიემართება.
_ ამ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით რამე უფრო კონკრეტული მონაცემები ხომ არ გაქვთ?
_ ჩვენმა ორგანიზაციამ 26 თებერვალს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, კვლევის შუალედური შეფასება გამოაქვეყნა. აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ გზების დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო გადაადგილებები ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა და ე. წ. კორუფციის შესახებ კანონს არღვევდა. ორგანიზაციამ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების შესწავლისა და შეფასების პროცესში დაადგინა, რომ დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სამუშაოდ იმ უცხოურ სამშენებლო კომპანიებში გადავიდნენ, რომლებმაც გამოცხადებული ტენდერები მოიგეს; და სატენდერო კომისიის წევრები დღეს ამ კომპანიებში დასაქმებული დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირები გახლავან.
აღნიშნული პირები არიან: გივი ჩოჩია, ირაკლი ხერგიანი, ზაზა სიმონია, ხოლო კიდევ ერთმა თანამდებობის პირმა, პაატა აბუთიძემ, პირიქით, უცხოური საწარმოს ფილიალი დატოვა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ გივი ჩოჩია საქმიანობდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ამჟამად თურქულ კომპანიაში აგრძელებს საქმიანობას. აღნიშნული თურქული კომპანია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. ჩოჩია მონაწილეობდა იმ სატენდერო კომისიის წევრად, რომლის გადაწყვეტილებითაც ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია გახდა.
რაც შეეხება ირაკლი ხერგიანს, საქმიანობდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ამჟამად მუშაობს კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობაზე ზედამხედველ კიდევ ერთ ჩინურ კომპანიაში, რომელსაც „დოხნა კონსალტინგი“ ჰქვია. აღნიშნული კომპანია, როგორც გითხარით, ზედამხედველობას უწევს თბილისი-რუსთავის გზის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და საქართველოს ათ შიდა და მეორადი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მათ შორის, „სინოჰიდროს“ მხრიდან მიმდინარე სამშენებლო პროექტებს.
ირაკლი ხერგიანი მონაწილეობს იმ სატენდერო და საკონკურსო კომისიის წევრად, რომლის გადაწყვეტილებითაც „სინოჰიდრო“ მილიონიან პროექტებში გამარჯვებული კომპანია გახდა.
ასევე ზაზა სიმონია დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საქმიანობდა, ამჟამად ამას კომპანია „სინოჰიდროში“ აგრძელებს. ზაზა სიმონიაც მონაწილეობდა იმ სატენდერო კომისიის წევრად, რომლის გადაწყვეტილებითაც „სინოჰიდრო“ მილიონიან პროექტებში გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება პაატა აბუთიძეს, ამჟამად დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საქმიანობს, თუმცა მანამდე უცხოური საწარმოს ფილიალის, სააქციო საზოგადოება „ინსტიტუტი იგჰუს“ მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც, რატომღაც, დატოვა.
ამასთან, დადგენილია, რომ პაატა აბუთიძეს, დეპარტამენტის მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძესა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე გივი ჩოჩიას შორის ახლო სამსახურებრივი და ბიზნესპარტნიორული ურთიერთობები არსებობს.
პაატა აბუთიძის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პერიოდში ტენდერებში გამარჯვებული აღმოჩნდა ის ხორვატიული კომპანიაც, რომელშიც ის ბოლოს მუშაობდა.
ჩვენ ეს დოკუმენტები გზების დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ, რაზედაც მოგახსენებთ: ეს არის სამართლებრივი ანალიზი და დასკვნა, რომელიც ამ მიღებული მასალების საფუძველზე გაკეთდა. ამას თვითონ დეპარტამენტი ასაჯაროებს და ჩვენი ვალია, რომ მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მოვახდინოთ.
მიგვაჩნია, რომ დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო გადაადგილებები (რომელიც წელიწადნახევრის წინათ განხორციელდა) მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისა და სატენდერო კომისიის წინასწარ დაინტერესებაზე.
ამასთან, არსებული ვითარება კითხვებს აჩენს, თუ რამდენად დაიცვეს სამართლიანი კონკურენცია და ეს გარემოება შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკებს კიდევ უფრო აღრმავებს. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ის რეალობა, რაც ჩვენ გამოვააშკარავეთ, არღვევს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს, რომლის თანახმადაც, ინტერესთა კონფლიქტი მივიღეთ.
_ კერძოდ?
_ ამ კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, განთავისუფლების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც ის ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად, სამსახურებრივად ზედამხედველობდა. ამ ხნის განმავლობაში მას, აგრეთვე, უფლება არ აქვს, შემოსავალი მიიღოს ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.
მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ. საგზაო დეპარტამენტის თავჯდომარის ყოფილი მოადგილეები მიდიან იმ კომპანიებში, რომელთა გამარჯვებაში მათი ერთი ხმა არსებობს, როგორც კომისიის წევრებისა და როგორც დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან.
მეორე მხრივ, ოთხი მათგანიდან ერთი, მის მიერ გამარჯვებული კომპანიიდან, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ბრუნდება.
ვსვამთ ლოგიკურ კითხვას, _ არის თუ არა ეს საეჭვო და სავარაუდო კორუფციული გარიგება?
_ სასამართლოსგან რა გადაწყვეტილებას ელოდებით?
_ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში მესაკუთრეთა უფლებები დაიცვან და მოცემულ შემთხვევაში კომპანია (ვინც არ უნდა იყოს ის) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად უნდა იცავდეს.
კვლევის შედეგად, არაერთი მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომელიც კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ ზესტაფონის მიდამოებში, რიკოთის უღელტეხილთან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში საკუთრების უფლების დარღვევის ახალ ფაქტებს ეხება. ჩვენ ამ ფაქტებს შევისწალით და საზოგადოებას მონაცემებს პერიოდულად მივაწვდით, ამაზე სამართლებრივი რეაგირება გვექნება სასამართლოების გზით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან ბატონი ჯაფარიძის კანონიერი ინტერესების აღდგენასა და დაცვას ველოდებით. საქართველოში ჩინეთის ელჩის მხრიდან სამართლიან და ობიექტურ რეაგირებას ველოდებით. „სინოჰიდრო“ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოში ჩინეთის სახელმწიფოს წარმოადგენს მისი სამართლებრივი სუბიექტი საელჩო, ამიტომ ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და შრომის კოდექსებით გათვალისწინებული დარღვევების ფაქტებზე, რომელსაც „სინოჰიდრო“ სჩადის. ასევე დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ კვლევის იმ შუალედური მონაცემის შესახებ, რომლის გამოქვეყნებასაც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ვაპირებთ.
სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებებით, საელჩოს სწორი რეაგირებით, სახელმწიფოს მხრიდან პასუხების გაცემით, ჩვენ ყველამ საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ, არსებობს თუ არა კორუფცია, უფლებამოსილების გადამეტება, ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები, რამდენად იცავს კომპანია საქართველოს კანონმდებლობას, ნამდვილად პრივილეგირებულია ის თუა არა და რამდენად არის შენარჩუნებული ტენდერებში კონკურენტული გარემო?
აი, ეს საკითხები გვაინტერესებს და ამ თვალსაზრისით „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმიანობას და მოკვლევას ყოველდღიურად აგრძელებს. საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით უახლოეს ინფორმაციას შევთავაზებთ.
_ ჩინეთის საელჩომ თუ გიპასუხათ?
_ ჯერჯერობით, საელჩო არ გამოგვხმაურებია. ჩვენ დოკუმენტაცია ქართულ ნენაზე წარვადგინეთ. შესაძლებელია, მის თარგმანს გონივრული ვადა დასჭირდეს. საელჩოსგან გამოხმაურებას ველოდებით.

გელა მამულაშვილი