რა პრობლემები აწუხებთ დევნილებს?

90-იანი წლების კატაკლიზმები უამრავი ოჯახის ბედზე აისახა. გარედან ისპირირებულმა სამხედრო კონფლიქტებმა საქართველოს ნახევარ მილიონამდე დევნილი მოსახლეობა გაუჩინა, რომელიც დღემდე არსებობისთვის იბრძვის. ადამიანები მშობლიურ მიწაზეც მშვიდობიანად ვეღარ გადაადგილდებიან.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტი რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, გოგა აფციაურია:
_ ბატონო გოგა, შეუძლებელია, ამ თემაზე საუბარი ოკუპირებულ ახალგორში ჩადენილი დანაშაულით არ დავიწყოთ…
_ ამდენი დრო გავიდა და ტატუნაშვილის საქმეში არავითარი სიცხადე არ არის. ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს თვითონ ოსური მხარე ავრცელებდა. ჯერ თქვეს, რომ დაკავებისას ბადრაგს იარაღი ამოაცალა, მერე ისევ პირველ ვარიანტს დაუბრუნდნენ და ოსური მხარე ამ ვერსიებში დაიკარგა. ამან უამრავი კითხვა გააჩინა როგორც ოჯახში, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებში.
ოჯახი ამას ცალსახად აფასებს, როგორც მკვლელობას წამებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით. იმ ვერსიის არ სჯერათ, რომ რაღაც გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან ის ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო. ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული.
მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა. ვერსიას, რომ თითქოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა (ოსი ხალხის მიმართ დივერსიულ-ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდაო), აქარწყლებს ის, რომ 2008 წლის აგვისტომდე ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. მხოლოდ 11 აგვისტოს დაბრუნდა ეს ბატალიონი, სააკაშვილმა მაშინ სასწრაფოდ რომ გამოიძახა. შესაბამისად, მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არც მიუღია.
იმიტომ ვამბობ, რომ ეს ბიჭი ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული, უამრავი საწვრთნელი პროგრამა ჰქონდა გავლილი, ამიტომ ოჯახში და სოფელშიც არავის სჯერა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსია, რომ რაღაც ექსპერტიზა ჩაატარეს და მერე მასალები რუსეთში გადააგზავნეს, ოჯახს ესეც ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია და ამბობენ, რომ აქ საუბარი იმაზეა, ლაქები, სისხლჩაქცევები დაიშალოს და ქართულ ექსპერტიზას ამ ძალადობის კვალის დადგენა გაუჭირდეს.
ასევე, ახალგორში ჩვენი წყაროები გვეუბნებიან, რომ ამ ადამიანებს მანამდე გარკვეული კონფლიქტი ჰქონდათ ახალგორის მილიციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, არის ასეთი მილიციის უფროსი საშკა ჯიოევი. საუბრობენ, რომ მასთან ქუტაშვილს ჰქონდა კონფლიქტი. ამ საშკა ჯიოევს ახასიათებენ, როგორც სასტიკ ადამიანს, რომელიც ხშირად აკავებს ახალგაზრდებს, თითქოს ნარკოლოგიურში შესამოწმებლად მიჰყავს, შემდეგ იქ ფიზიკურად ძალადობს და ა. შ.
სხვათა შორის, გარდაცვლილის მამაც ამბობს, რომ თავდაპირველად ამ ახალგაზრდების დაკავების მიზეზი ნარკოლოგიურში გადაყვანა იყო. მანამდე, ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ იყო კოფლიქტი.
მოგეხსენებათ, ეს ბიჭები, _ ქუტაშვილი, ტატუნაშვილი და პავლიაშვილი _ თბილისიდან ახალგორის მიმართულებით ხანდახან დღეში სამჯერაც კი ახერხებდნენ პროდუქტების შეტანას, იქ მაღაზიებში აბარებდნენ. ცოტა ხნის წინ ე. წ. საბაჟო გახსნეს, სადაც ამისთვის ფულს კრეფენ. ამასთან, თანხას არა მარტო იქაური „დადგენილი“ ტარიფებით კრეფენ, არამედ ადგილზე კორუფციული გარიგებებიც ხდება. ხშირად ტვირთების გადამტანებს პირდაპირ ფულს სძალავენ. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ამასაც უკავშირდება, ანუ გამოძალვის მცდელობით დაიწყო ეს ყველაფერი.
შემდეგ უკვე ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები: მიიყვანეს ახალგორში, იქიდან ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. იქ დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, რომლის გადმოსვენებაც დღემდე ვერ ხერხდება. იმედი გაჩნდა, როდესაც რუსეთის პატრიარქი ჩაერია. შემდეგ ჩვენმა პრემიერმა თქვა, რომ ეს უახლოესი დროის საკითხია, მაგრამ სადღეისოდ აღარანაირი ინფორმაცია აღარ ვრცელდება, _ არც ოსური, არც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ყველა ამ გაჭიანურებული პროცესის მოწმე ვართ.
_ ცხინვალის რეგიონიდან დევნილების რა მთავარ პრობლემებს გამოჰყოფთ?
_ დევნილები კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ცხოვრობენ და ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ბევრგან გზის პრობლემაა, ასევე წყლის პრობლემა შავშვებში, ხურვალეთში, სადაც ეს ვერ მიეწოდება. მოგეხსენებათ, ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სოფლებში ჭაბურღილების სისტემა კი ააწყო, მაგრამ ხშირად იქვე ძრავები იწვის და მოსახლეობს ეს წყალი სისტემატურად ვერ მიეწოდება.
გარდა ამისა, ხშირად დევნილებს სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ, რადგან ეს სარწყავი სისტემები მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და 2008 წლის ომის შემდეგ ოსურმა მხარემ ეს არხები ჩაკეტა. ჩვენი ხელისუფლება ალტერნატიულ სისტემებს კი ქმნის, მაგრამ ხშირად ესეც ვერ ამართლებს, სარწყავი წყალი ბოლომდე ვერ მიდის ამ დასახლებებამდე, სადაც დევნილები ცხოვრობენ. მათთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, რთულია ხოლმე, როდესაც რწყვის სეზონი იწყება. მოგეხსენებათ, მათი შემოსავალი მიწის დამუშავებაზე, ამ მოსავლის მოყვანაზეა დამოკიდებული და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
კოტეჯები, სადაც ისინი აღნიშნულ დასახლებებში ცხოვრობენ, თავის დროზე, ნაჩქარევად აშენდა და ამან ახლა იჩინა თავი: იატაკი ჩაიმტვრა, ამაზე სულ სამინისტროს მიმართავენ, რომ როგორღაც ეს პრობლემა მოგვარდეს. იქ ნესტიანი ნიადაგია და ამის გამო იატაკი ხშირად იმტვრევა, სამინისტროს ამის აღსადგენად მიმარათვენ.
ამ ადამიანებს უამრავი ყოფითი პრობლემა აქვთ. ათი წელი გავიდა ომის მერე და მათი სრულფასოვანი ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ აეწყო.
_ ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ რასაკვირველია, ჩართულობის პრობლემა არსებობს. ხშირ შემთხვევაში მათ არც კი იციან, რა სახელმწიფო პროგრამები მუშაობს მათ სასარგებლოდ. სახელმწიფო რაღაცას აკეთებს იგივე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებისთვის, სტუდენტებს აფინანსებს, ენერგოვაუჩერებს გასცემს ხოლმე, ასევე, ზოგიერთი ორგანიზაცია, განსაკუთრებით აგროსექტორში, მიკროსესხებს გასცემს. ხშირად ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ აქვთ, ეს პრობლემა ნამდვილად დგას. ამის გამო ჩართულობის პრობლემაც დღის წესრიგშია.
ამიტომ ამ ადამიანებს, პირველ რიგში, სრულფასოვანი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. მხოლოდ მედია ვერ ახერხებს მთლიანად მოიცვას ეს პრობლემატიკა, სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს დევნილებს და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს.
ამიტომ საჭიროა, მათთან ჩავიდნენ კომპეტენტური ადამიანები, მიაწოდონ ინფორმაცია და ჩართულობა, ბუნებრივია, ამის შემდეგ გაიზრდება. დღეს ისინი ინფორმაციის დეფიციტს ნამდილად განიცდიან და ეს ფაქტია. რაღაცნაირად სახლებში სხედან და ელოდებიან, ხვალ ვიღაც მოვა, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს. და პროცესში თვითონ თუ არ ჩაერთნენ, არ გააქტიურდნენ პრობლემების მოგვარების საკითხში, შეუძლებელია, რომ ვიღაცამ ასე ერთბაშად გადაუწყვიტოს არსებული პრობლემები. ამას მათი მხრიდანაც სათანადო აქტივობა სჭირდება.

დევნილთა პრობლემებზე „ქრონიკა+“-ის კიდევ ერთი რესპონდენტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე _ ბესო შენგელია:
_ დევნილებს უამრავი პრობლემა აწუხებთ, მაგალითად, ეს არის საცხოვრისით უზრუნველყოფა (უმეტესობა ამორტიზებულია და იქ ცხოვრება წარმოუდგენელია), 45-ლარიანი შემწეობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები. კონკრეტულ ციფრებსა და მაგალითებს გთავაზობთ:
ა) სადღეისოდ, საქართველოში 278 166 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათ შორის, 251 455 აფხაზეთიდან და 26 711 სამაჩაბლოდან დევნილია, 200 024 არის სრულწლოვანი, 78 166 _ არასრულწლოვანი;
ბ) 1 456 დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტია საქართველოში. დასავლეთ საქართველოს 24 რაიონში _ 639, აღმოსავლეთ საქართველოს 20 რაიონში _ 173 და თბილისის 10-ვე რაიონში _ 643. ამ ობიექტების 70%-ს სჭირდება რეაბილიტაცია.
განსაკუთრებით რამდენიმე მათგანს გამოვყოფ. ესენია: ცხვარიჭამიაში მდებარე ყოფილი პანსიონატი „სიჭაბუკე“, სადაც 21-ე საუკუნეში არ არის ბუნებრივი აირი, კანალიზაცია, წყალი, იქ მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებში არიან. დაახლოებით, ორ კილომეტრზე მეტის გავლა უწევთ იმისთვის, რომ წყაროსთან მივიდნენ და სათლები აავსონ. ზამთარში ძალიან ძნელია ყოველივე ამის გაკეთება. არის საშინელი ანტისანიტარია. არსებობს რამდენიმე ლაბორატორიის დასკვნა, რომ აქ ცხოვრება საშიშია ჯანმრთელობისთვის და იწვევს სხვადასხვა დაავადებას; ასევე
საერთაშორისო დამკვირებლებმა და სახალხო დამცველმა თავიანთ დასკვნებში პირდაპირ მიუთითეს, რომ ამ ობიექტზე ცხოვრება სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის საშიშია. ანალოგიური მდგომარეობაა თბილისში, ლილოს დასახლებაში, იუმაშევის ქუჩაზე აეროპორტის მოპირდაპირედ, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს. სახალხო დამცველმა 2016 წლის დასკვნაში პირდაპირი რეკომენდაცია გასცა, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის საშიშია და დევნილები ალტერნატიულ ფართში უნდა გადაიყვანონ.
ასევეა, აეროპორტის დასახლება „აგროტრანსის“ მეორე ავტოფარეხის ადმინისტრაციული შენობა, სადაც 10-მდე ოჯახს ერთი საერთო საპირფარეშო აქვს. ოთახებში წვიმს, არის საშინელი ნესტი და პლუს ამას იქ მცხოვრებმა დევნილებმა ეკონომიკის სამინისტროსგან საჩუქარი“ მიიღეს _ აღნიშნულმა სამინისტრომ კორპუსს „იყიდება“ ისე მიაწერა, რომ დევნილები არც კი გააფრთხელეს. მგონი, იქ მცხოვრებლებიანად ყიდიან ამ შენობას.
ინგრევა დევნილთა საცხოვრებლები ზუგდიდში (მაგ.: სოფელი კახათი) აბაშაში, ხობში. განსაკუთრებული ყურადღება არის მისაპყრობი თეთრი წყაროს დევნილთა დასახლებისთვის. ახალმოსული იყო ხელისუფლება, როცა ყოფილი საავადმყოფოს შენობა გაარემონტა და 200-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი შეასახლა. და რა ვითარებაა დღეს? ადგილზე დარჩენილია 15-მდე ოჯახი, შენობა განადგურებულია, არის საშინელი სუნი, ნესტი, კედლებზე სოკოები და ობი. ამ შენობაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი სასუნთქი გზების პრობლემებით გარდაიცვალა. მცხოვრებლებისგან ეს შენობა თითქმის დაიცალა. მიზეზი ორია: ერთი, რაც ზემოთ მოვიყვანე, ხოლო მეორე _ გამეფებული უმუშევრობა. თეთრი წყაროში თავს ვერაფრით ირჩენდნენ, ვერანაირ სამსახურს ვერ შოულობდნენ.
ზოგადად, უმუშევრობა ეროვნული პრობლემაა, მაგრამ ეს დევნილებში განსაკუთრებით მტკივნეული თემაა და, მით უმეტეს, თეთრი წყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი გაჩერებულია. მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულები გრძნობენ კარგად თავს.
მინდა, ყველას გასაგონად ხმამაღლა ვთქვა, რომ თეთრი წყაროს დევნილთა დასახლებაში (მის.: თამარ მეფის #5) ცხოვრობს მარტოხელა დედა, რომელიც ზრდის ორ უნიჭიერეს ვაჟკაცს, მესამე და პირველ კლასელებს. ბავშვებს ახალ წელს შოკოლადი კი არა, პურიც არ ჰქონდათ, სხედან იატაკზე და ისე მეცადინეობენ. საწერი მაგიდა და სკამიც კი არ აქვთ, მაგრამ მაინც საუკეთესოები არიან სკოლაში. ყველას ვთხოვ, ამ ბავშვებს მიაქციონ ყურადღება, მათი ხელფასების პრემია-დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების გაზრდის მაგივრად.
დღეს დევნილის შემწეობა შეადგენს 45 ლარს, ანუ დღეში 1.50 თეთრს, ხოლო მინისტრ სუბარს ხელფასის სახით ანაზღაურება დღეში 208 ლარზე მეტი გამოსდის. დავუმატოთ კომფორტული ავტომობილი, საწვავისა თუ საკომუნიკაციო ხარჯები და ამ ფუფუნებიდან, ალბათ, ძნელია იმ გაუსაძლისი პირობების დანახვა, რაზეც თქვენთან ინტერვიუში ვსაუბრობთ.
იგივე შეიძლება ვთქვათ აფხაზეთის ა/რ მთავრობასა, თუ უმაღლეს საბჭოზე. დღეის მდგომარეობით, 39 816 იძულებით გაადადგილებულ პირს აქვს მიმართული სამინისტროსთვის განცხადებით, ფართის დაკმაყოფილების მოთხოვნით. რას აპირებს სამინისტრო, მათთვის უცნობია.
არ ვვითარდებით სწორი მიმართულებით, არ არსებობს სწორი სტრატეგია. როცა „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა, იქ მომუშავე 40 დევნილი ოჯახი დაზარალდა. ამ ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა და არანაირი დახმარება არ გაუწევიათ ზემოთ აღნიშნულ სამთავრობო სტრუქტურებს, რომელთა პირდაპირი ფუნქცია და ვალდებულებაა დევნილთა უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა (მხოლოდ 150 ლარი ჩაურიცხეს ერთჯერადად).
ფართების მიღებასა თუ დაკანონების საკითხში მძვინვარებს კორუფცია, პირდაპირი ქრთამის აღებ-მიცემობაა გაჩაღებული. ჩვენ ორი წლის წინათ გავასაჯაროეთ მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებული ფარული ვიდეოჩანაწერი და საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე დუმან, სრული განუკითხაობაა.
არ არსებობს მიზანმიმართული სწორი სტრატეგია აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა თუ აღმოფხვრის საკითხებში. ალბათ, არც ნება-სურვილია მთავარი, თორემ დევნილთა სამინისტროს 96 200 000 ბიუჯეტით ან აფხაზეთის მთავრობის 14 მილიონზე მეტი ბიუჯეტით ბევრად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. აქ მომუშავე თანამდებობის პირები იქცნენ ბიუჯეტის ფაროსნებად და საქმის კეთების ნაცვლად ყველაფერს ანადგურებენ.
ამ ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბოლო აქტივობებსაც გთავაზობთ, რომელსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს:
– ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
სოფელ ბაზალეთში 8-სართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და შენობაში ლიფტის დამონტაჟებას ითხოვდნენ. ამ მიმართულებით დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში 118 167 ლარი გამოიყო და დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში არსებული პრობლემები გადაიჭრა.
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით კი ამავე შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოეწყო. ამ დრომდე დევნილ ოჯახებს საბავშვო ბაღამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღს 9 აღსაზრდელი ჰყავს. გარდა ამისა, შენობაში დევნილი ოჯახებისთვის ბიბლიოთეკა და საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს;
– სამინისტრომ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება.
განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი _ თამარაშვილის ქ. #15ა;
• ბათუმი, ქალაქის მერიის შენობა _ ასათიანის ქ. #25 (26 მარტიდან _ 1-ლ აპრილამდე).
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო _ აბაშიძის გამზ. #27;
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო _ ხუბულავას ქ. #6.
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, სადაც ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა, 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება;
– მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში, დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალ დასახლებაში, სადაც 1 238 ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.
საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. დევნილთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაცია „ჰიპმა“ საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა.
ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია;
– საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 333 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები თბილისში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში დაუკანონდებათ.
დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული ოჯახები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.
2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გელა მამულაშვილი