საპენსიო რეფორმა _ რისკები და გამოწვევები

საქართველოში დღეს არსებული საპენსიო სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: ძირითადი სახელმწიფო საპენსიო სისტემა და კერძო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ნაკლებადაა განვითარებული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დარეგისტრირებული იყო 732 000-ზე მეტი პენსიის მიმღები პირი ასაკის მიხედვით.
სახელმწიფო პენსია რეგულირდება საქართველოს კანონით პენსიის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციითა გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. პენსიის დაწესებით სახელმწიფო ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში.
პენსია ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში სხვადასხვა ასაკით განისაზღვრება: ქალებს პენსია ენიშნებათ 60 წლის მიღწევის შემდეგ, ხოლო მამაკაცებისთვის ეს ასაკი 65 წლით განისაზღვრება.
საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე, აქტიურად განიხილებოდა არსებული საპენსიო სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელიც ვიწრო პროფესიულ ჯგუფებს გასცდა და საზოგადოებრივ განხილვებში გადაიზარდა.
2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპენსიო რეფორმის სამსახური შეიქმნა და იმ წლიდან მოყოლებული აქტიურად საუბრობენ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმის შემდეგ ახალი ტიპის _ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.
თუმცა რეფორმა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ბოლო ინფორმაციით, ახალი საპენსიო სისტემა, რომელიც დანაზოგების შენახვასა და 40 წლამდე მოქალაქეების სისტემაში ჩართვას გულისხმობს, ამ წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება.
რას გულისხმობს, ზოგადად, დაგროვებითი საპენსიო სისტემა და რა საჭიროებებმა განაპირობა ჩვენს ქვეყანაში საპენსიო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა?
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის დადგენილება, რომელიც „საქართველო 2020“-ის სახელწოდებითაა ცნობილი, წარმოადგენს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას.
ამ დოკუმენტში რამდენიმე გვერდზე საუბარია საპენსიო სისტემის რეფორმის არსსა და იმ ძირითად მახასიათებლებზე, რაც ახალ სისტემას ექნება.
კერძოდ: დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი (გამოირიცხება თვითდასაქმებული პირები, რომელთა ხვედრითი წილი მთლიან სამუშაო ძალაში საკმაოდ მაღალია). ამ პირებს ექნებათ 6-თვიანი პერიოდი იმისთვის, რათა უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე. სხვა სიტყვებით, 6-თვიანი ვადა იქნება ის პერიოდი, რა დროშიც მონაწილეს სისტემიდან გამოსვლის შესაძლებლობა ექნება. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ რეფორმა გულისხმობს ნახევრად სავალდებულო ტიპის (ჰიბრიდული) საპენსიო სისტემის შემოღებას დამსაქმებელთათვის, თუმცა იგი სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისათვის.
რეფორმის მიხედვით, ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 22%-ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, 2% მიმართოს პირის დაგროვებითი საპენსიო ანგარიშისკენ. აღნიშნულის პარალელურად, დასაქმებული დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, დამატებით 2%-ს. აღნიშნულის თანახმად, ვიღებთ მოდელს, სადაც ხელფასის 6% დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან ირიცხება დასაქმებულის დაგროვებით ანგარიშზე, რომელსაც კერძო საფინანსო კომპანიები მართავენ. აღნიშნულის გარდა ასევე იარსებებს სახელმწიფო (სოციალური) პენსიაც, რომელიც პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება, დაეფუძნება საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფს მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას.
თუმცა უცვლელი რჩება უკვე არსებული სახელმწიფო საპენსიო სისტემა. ყველა მოქალაქე, განურჩევლად შემოსავლისა, სამუშაო სტაჟისა და ა. შ., სოლიდარულად მიიღებს პენსიის უცვლელ ოდენობას.
იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა მზარდია და ფინანსური ბაზრები განვითარებული, კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელი ამართლებს, რადგან დაბანდებული პენსია მაღალ სარგებელს იძლევა.
ბოლო ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოში დაგროვებითი პენსიის როლი გაიზარდა და, შესაბამისად, შემცირდა სახელმწიფო პენსიისა. საპენსიო რეფორმა ყველგან გატარდა ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით. არსებობს ქვეყნები, სადაც დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოა მონაწილეობის მიღება (სახელმწიფო პენსიასთან ერთად), ასეთებია: ავსტრალია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ისრაელი, ნორვეგია, პოლონეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია. ქვეყნების ნაწილში დაგროვებით პენსიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია: იტალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი.
მაგალითად, ლატვიაში შექმნილია სამდონიანი საპენსიო სისტემა. პირველ დონედ მოიაზრება სახელმწიფო სავალდებულო არაფონდისეული საპენსიო სქემა. მასში მონაწილეობს ყველა მოქალაქე და დაფუძნებულია „თაობათა სოლიდარობის“ პრინციპზე, ანუ მომუშავეს ხელფასიდან 20% ექვითება ამჟამინდელი პენსიონერის შესანახად.
მეორე დონედ მოიაზრება სახელმწიფო ფონდისეული, ანუ დაგროვებითი საპენსიო სქემა. შემდგომში პენსიის ოდენობა დამოკიდებულია ხელფასსა და საპენსიო შენატანებზე. დასაქმებულის სოციალური შენატანები მმართველობაში გადაეცემა ბანკს სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. პირს შეუძლია, თვალი მიადევნოს თავისი ფულის ბრუნვას. მოგებაც, რაღა თქმა უნდა, პირის საპენსიო ფონდში იდება. ამ სქემის გამოყენების დროს, პრაქტიკულად, შეუძლებელია თანხის დაკარგვა, რადგანაც გარანტორი სახელმწიფოა, განსხვავება არის მხოლოდ მოგების ოდენობაში. დაგროვებითი სქემა ლატვიამ 2001 წელს შემოიღო.
მესამე დონე არის კერძო, ნებაყოფლობითი ფულადი საპენსიო დანაზოგები, რომელიც შესაძლებელია განახორციელონ, როგორც ლატვიის ბანკებთან, ასევე უცხოეთის ნებისმიერ ბანკთან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, ფული არასაიმედო ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდეს. აქაც ხელშეკრულების საგანია, როგორ და სად შეინახონ დანაზოგები პენსიისთვის.
თუმცა მანამ, სანამ საქართველო განვითარებადი ქვეყნების რიგებშია და ბევრ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემას ებრძვის, ახალი რეფორმა, რომელიც უკვე წლებია, ინიცირებულია, ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა და მხოლოდ განიხილება.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუმა“ შემოგვთავაზა საპენსიო სისტემის რეფორმის ანალიზი, რომელიც დეტალურად განიხილავს მის არსსა და იმ კონკრეტულ გამოწვევებსა და რიკებს, რომელიც თან ახლავს ამ ახალ მოდელზე გადასვლას.
ანალიზში ნათქვამია, რომ ისევე როგორც ყველა მასშტაბურ რეფორმას, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის პროცესსაც ახლავს გარკვეული რისკები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეძლებს ეკონომიკა, აითვისოს საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები, რამდენად მდგრადი იქნება სისტემა ინფლაციური პროცესების მიმართ, აგრეთვე, გასათვალისწინებელია პოლიტიკური რისკიც, რათა რომელიმე პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმმა ფონდში არსებული თანხები არ მიითვისოს.
სწორედ მთავარი კითხვა და ეჭვი, რომელიც ამ ახალი რეფორმული მოდელის მიმართ ჩნდება, არის ის, თუ ვინ განაგებს დაგროვილ თანხებს და ვინ იქნება გარანტი, რომ მოქალაქეები საკუთარი შრომით დაგროვილ დანაზოგს წლების განმავლობაში არ დაკარგავენ.

„ქრონიკა+“-ს აღნიშნული პროცესების თანმხლებ გამოწვევებსა და რისკებზე ესაუბრება ეკონომისტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი _ შოთა გულბანი:
_ მოკლედ რომ განვმარტოთ, რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა?
_ ეს არის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც მოქალაქეების ფინანსურად ღირსეული სიბერე უნდა უზრუნველყოს. პრინციპი შემდეგია: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო თანხმდებიან, კერძო დაგროვებით საპენსიო ფონდში გადარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% თითოეულმა, ანუ ჯამურად 6%. რა თქმა უნდა, დასაქმებული არ არის შეზღუდული და მას შეუძლია, მეტი თანხა დაზოგოს, რაც, ბუნებრივად, გაცილებით მეტად გაზრდის მის მიერ მისაღებ სარგებელს, როცა პენსიაზე გავა. კერძო საპენსიო ფონდი ეცდება, რომ ფონდში აკუმულირებული სახსრები რაც შეიძლება მაღალ ლიკვიდურ აქტივებში დააბანდოს მოგების მიღების მიზნით და შესაბამისი სარგებელი დამგროვებლის ანგარიშზე დარიცხოს.
_ უკვე წლებია, საუბრობენ საპენსიო რეფორმაზე, თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ეს სისტემა ამ წლის მესამე კვარტლიდან დაინერგება. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება?
_ ვფიქრობ, რეფორმის დაწყებას ვერაფერი შეუშლის ხელს, ვინაიდან საკმაოდ მრავალი განხილვა გაიარა კანონპროექტმა პარლამენტშიც და სხვადასხვა საჯარო სივრცეშიც.
_ საქართველოში რამდენად გაამართლებს საპენსიო სისტემის დაგროვებითი რეფორმა და რა რისკები ახლავს ამ პროცესს ეკონომიკური თვალსაზრისით?
_ პირველ რიგში, გრძელი ფულის გაჩენის იდეა ძალიან კარგად ჟღერს, ვინაიდან თუ ამ თანხების ინვესტირება ქვეყნის შიგნით სწორად მოხდება, ბუნებრივია, ეს ბევრი მიმართულებით წაახალისებს ეკონომიკას. აქ არ არის საუბარი რამდენიმე ასეულ მილიონზე, აქ საუბარია მილიარდებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდება, შესაბამისად, ჩნდება ინტერესები, თუ ვინ იქნებიან ამ თანხების განმკარგავი სტრუქტურები. სამწუხარო რეალობა ის გახლავთ, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში, კანონის მიხედვით, ფონდში შეგროვილი თანხების 80% საზღვარგარეთის მაღალ ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში უნდა დაბანდდეს. არ ვამბობ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, ფონდის მენეჯერი იძულებულია, ასე მოიქცეს, რადგან ქვეყნის შიგნით არ არსებობს ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები, არც შესაბამისი გარემო, საფონდო ბირჟა ვერ უზრუნველყოფს ლიკვიდურობის მაჩვენებლების ელემენტარულ მოთხოვნებს, სად უნდა წაიღონ ეს თანხა ფონდის მენეჯერებმა? ერთადერთი გზა ქვეყნის შიგნით მთავრობის სახაზინო ობლიგაციებია.
უშუალოდ რისკებს რაც შეეხება, ეს დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან: თუ თანხების ძირითადი ნაწილის ინვესტირება საზღვარგარეთის საფონდო ბირჟებზე მოხდება, უკვე ვექვემდებარებით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს და ერთმა კრიზისმა, შეიძლება, თავდაყირა დააყენოს ყველაფერი და ეს დაგროვილი თანხები ჩვეულებრივად გაქრეს. ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს სტაბილურობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
_ არსებობს რისკი, რომ კერძო საპენსიო ფონდები შეიძლება კერძო ინტერესებისთვის გამოიყენონ და მთავრობისთვის მსუყე ლუკმა იყოს…
_ რისკი ნამდვილად არსებობს და ამის თქმის საფუძველს იძლევა მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტი, რომლის დასაბალანსებლად მთავრობა აქტიურად იყენებს სახაზინო ობლიგაციებს, რომლის შემსყიდველებიც მხოლოდ კომერციული ბანკები არიან.
_ რა ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს საპენსიო სისტემის ამ ფორმას და ემხრობით თუ არა მის დანერგვას ჩვენს ქვეყანაში?
_ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ასაკით პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაა. სხვადასხვა დემოგრაფიულ ანალიზზე დაყრდნობით ნავარაუდევია, რომ 2030 წლისთვის პენსიონერთა რაოდენობა 950 ათასს მიაღწევს, მაშინ როცა დღეს საპენსიო პაკეტის მიმღები 732 ათასი ადამიანია. დროის მოკლე პერიოდში აღნიშნული მატება მნიშვნელოვნად გაზრდის ფისკალურ ხარჯებს ბიუჯეტიდან პენსიონერთა დასაკმაყოფილებლად, თან გავითვალისწინოთ, რომ საბაზისო პენსიის ზრდაც აუცილებელია ყოველწლიურად ინფლაციის დონის გათვალისწინებით. აღნიშნულმა შეიძლება დღის წესრიგში დააყენოს გადასახადების ზრდა, რასაც კერძო სექტორი ვერასდროს მიესალმება.
დადებითს რაც შეეხება, თავად ეს რეფორმა, მისი შინაარსი და მიზანი რასაც გულისხმობს, რომ მოსახლეობამ საკუთარი დანაზოგით უზრუნველყოს სიბერე, ცხადია, მისასალმებელია, თუმცა მისი სავალდებულოობის კომპონენტი, ქვეყანაში არსებული ფარული უმუშევრობის მაღალი დონე და ასევე თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა, დასაქმებულთა მთლიან და რეფორმის სრულყოფილად რეალიზების ჭრილში გარკვეულ კითხვებს ბადებს.
_ „საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში“, _ ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოყენებულ კანონპროექტში. რას ფიქრობთ ამაზე, რა იგულისხმება აქ?
_ ეს ბუნებრივია, ვინაიდან ფონდმა გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს თანხების დაბრუნება ათეული წლის შემდეგ, რაც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინვესტირება განხორციელდეს სარისკო ფასიან ქაღალდებში.

საპენსიო რეფორმის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა. პროცესების მიმდინარეობასა და რისკებს რაც ამ ყველაფერს თან ახლავს განმარტავეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფრომაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი , ბატონი დავით ღონღაძე :
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, დონორების აქტიური მხარდაჭერით, მუშაობდა საპენსიო რეფორმაზე, ამ მიზნით შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის საჯარო განხილვა მიზნობრივ ჯგუფებთან სხვადასხვა ეტაპზე ბევრჯერ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რეფორმის შემუშავების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართული იყო დონორი ორგანიზაციები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, UშAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)). შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მკაფიო საერთაშორისო მხარდაჭერა კონკრეტულად ამ რეფორმის და ამ ფორმით განხორციელების პროცესში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური მიმართულებით და სისტემის ამოქმედება კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება.
დღეს არსებული სოციალური პენსია ვერ უზრუნველყოფს მაღალ ჩანაცვლების კოეფიციენტს. კოეფიციენტს, რომელიც წარმოადგენს პენსიის და ხელფასის შეფარდების მაჩვენებელს და რეალურად ასახავს საპენსიო სისტემის ეფექტიანობას, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცულობა. დაგროვებითი საპენსიო სისტემა მნიშვნელოვნად გაამჯობესებს ამ მაჩვენებელს, შესაძლებელს გახდის პენსია გახდეს სამართლიანობაზე დაფუძნებული და უზრუნველყოს „ღირსეული პენსია“. ამასთან, რეფორმის წარმატებით განხორციელება ისეთივე კავშირშია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, როგორც თავად ეკონომიკური მდგომარეობა რეფორმასთან. საპენსიო რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ეკონომიკური გავლენაც, რაც გულისხმობს გაზრდილ დანაზოგებს, ქვეყანაში გრძელვადიანი ფულადი ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს ყველაფერი კი ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.
დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის რეფორმა მრავალ ქვეყანაში დაიწყო გაცილებით უფრო ადრეული განვითარების ეტაპზე, ვიდრე დღეს საქართველოს ეკონომიკა იმყოფება და როგორც მათი გამოცდილების ანალიზი აჩვენებს, რეფორმას ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები აქვს როგორც სოციალური, ისე ზოგადად, ეკონომიკური მიმართულებით.
კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა (განსაზღვრული შენატანების სქემა) წარმოადგენს რეფორმის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფის საპენსიო შემოსავლის გაუმჯობესებას. არსებული სისტემის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდა შეუძლებელია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე. თუნდაც ისეთი სცენარის დროს, როდესაც სოციალური პენსია ინფლაციასთან ერთად იზრდება, ჩანაცვლების კოეფიციენტი მცირდება, მიუხედავად ფისკალური ხარჯების საგრძნობი ზრდისა. ამიტომ, საჭიროა ფინანსურ წახალისებაზე და მონაწილეთა შენატანებზე დაფუძნებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, რომელიც მომავალი თაობის პენსიონერებისათვის დამატებითი, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდება.
განსხვავებით სოციალური საპენსიო სისტემისაგან, სადაც საბაზისო პენსია განისაზღვრება ზოგადი და სოლიდარობის პრინციპების შესაბამისად, დაგროვებითი სისტემის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანებზე, საპენსიო ფონდის ამონაგებსა და დასაქმების ხანგრძლიობაზე (რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოხდება პორტფელში ინვესტირება, მით უფრო მაღალი ფინანსური შედეგი დადგება). განსაზღვრული შენატანების პრინციპის თანახმად, მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია პირის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და შენატანებზე. შესაბამისად იგი არის უფრო სამართლიანი და საგრძნობლად ამცირებს სამუშაო ძალის დინამიკასა და დემოგრაფიულ თუ ფისკალურ რისკებზე პენსიაში გასული მოქალაქის დამოკიდებულების ხარისხს.“
რეფორმა ისევ განხილვის საგანია, ითვლიან რისკებს, საფრთხეებსა და იმ შედეგბსაც, რაც შეიძლება ამ პროცესმა მოიტანოს.
80 წელს მიღწეული ლილი კარანაძე კი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პენსიონერთაგან, რომლისთვისაც სახელმწიფო პენსია უმნიშვნელოვანესი შემოსავალი და ფინანსური წყაროა.
ის უკვე წლებია, მარტო ცხოვრობს 19 წლის შვილიშვილთან ერთად და თავისი 180-ლარიანი პენსიით ჯანმრთელობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენასაც ვერ ახერხებს. ოჯახის წევრები დიდი ხანია, ემიგრაციაში იმყოფებიან და იტალიიდან უგზავნიან ფულს საარსებოდ.

ანა ურუშაძე