მთავარი მსოფლიო პრეზიდენტის ვიზიტი ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის

პრეზიდენტის ვიზიტი ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის

158
0
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი ევროპაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. იგი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ინტეგრაციის პროცესზე საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო გეგმებიზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე მათ შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტებიც მიმოიხილეს; ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. აქვე მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.
რაც შეეხება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრას, აქ მხარეები ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ აგრესიულ ქმედებებს; ტატუნაშვილის საქმეს; სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას; ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. ამ კუთხით კი, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პარტნიორებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგას უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, საქართველოს ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა და როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს წარაგზავნის.

რა სარგებელს მოუტანს საქართველოს აღნიშნული შეხვედრები და როგორ აისახება იგი საქართველოსა და NATO-ს ან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ამაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტიძეს ესაუბრა:

_ ბატონო ნიკა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ვიზიტები და კონკრეტულად პრეზიდენტის ბოლო სამუშაო ვიზიტი ევროპაში? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მან?
_ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც პრეზიდენტი ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს ხვდება და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტის ან მხოლოდ პრემიერის ვიზიტი არ არის საკმარისი! ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების პროცესი ყოველდღიურად უნდა მიმდინარეობდეს!
გარკვეულწილად, შესაძლებელია, პრეზიდენტის ვიზიტმა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, თუმცა შემდეგ საკითხებზე: თავშესაფრის მაძიებლები, უვიზო რეჟიმი, ევროკავშირთან თავსუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ნატოსთან თანამშრომლობა ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში და ა. შ. ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტის ვიზიტს, არამედ ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს.
_ ცნობილია, რომ იგეგმება განათლების მიმართულებით ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავება. როგორ შეიძლება, ამ კუთხით ევროპა უფრო დიდი ინტენსივობით ჩაერთოს?
_ საბედნიეროდ, ევროპაში არსებობს ჩვენი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი განათლების პროგრამები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რის შედეგადაც აქ დაინერგა განათლების ევროპული სისტემა, ანუ საქართველო გადავიდა იმ სამსაფეხურიან სისტემაზე, რომელიც გულისხმობს ბაკალავრიატის 4 წელს, მაგისტრატურის 2 და დოქტორანტურის 3-წლიან სწავლებას თავისი საკრედიტო სისტემებით. ამ სისტემით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებული დიპლომი მიღებულია ევროპის უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს სწავლის გაგრძელება შეუძლიათ ევროპაში მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე.
მეორე მხრივ, უნდა გაიზარდოს დაფინანსება. არსებობს დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმი (მე პირადადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა ევროპაში). ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩვენს ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ ბევრი მათგანი შესაბამის სტიპენდიას ვერ იღებს, ვერ აგრძელებს სწავლას ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. ამ შემთხვევაში, თუნდაც, იგივე, ერასმუს მუნდუსის ან სხვა პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ წასვლა (საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, იმ ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს) უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უდრის (თუმცა ეს უკანასკნელი ზოგჯერ ნეგატიურადაც კი აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, თუ ჩავთვლით იმას, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 35%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ჩანან ის ადამიანები, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს).
ქვეყანაში აუცილებელია, საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით წავიდეს თანხა. ქვეყანა განიცდის ინჟინრების, არქიტექტორების, საბუნებისმეტყველო მეცნიერების დანაკლისს. ამ მხრივ პრობლემები გვაქვს და მგონია, რომ ახალი პროგრამები უნდა ამოქმედდეს, რათა ქართველი ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებებით დაეუფლონ ცოდნას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კაპიტალის 64% მოდის ადამიანურ კაპიტალზე, ამიტომ ადამიანურ ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება! სახელმწიფო საჭიროებს კვალიფიციურ, ევროპაში განათლებამიღებულ კადრებს. ჩვენთან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ბევრი პრობლემაა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 129 კვლევითი ინსტიტუტიდან ნახევარი დაიხურა, დარჩა 65, მათი უმრავლესობა თავმოყრილია თბილისში, ამიტომ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით მეცნიერება ვერ ვითარდება.
_ უფრო ზუსტად რას გულისხმობს ახალი, დარგობრივი თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულება?
_ მე როგორც ვიცი, ეს ხელშეკრულება რამდენიმე მიმართუელებას მოიცავს: პოლიტიკას, ეკონომიკას, სამართალს, განათლებას, უსაფრთხოების სფეროს. ეს კი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირზე საქართველოს საგარეო ვაჭრობის 25%-ზე მეტი მოდის. იგივე უსაფრთხოების სექტორშიც ვთანამშრომლობთ, როდესაც საქართველო ევროკავშირის სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაშია ჩართული, ვთქვათ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ასევე ნატოს ეგიდით 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს ავღანეთში და ვფიქრობ, რომ ეკონომიკის, განათლების მიმართულებითაც რომ განვითარდეს თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი იქნება. უვიზო რეჟიმის ამოქმედებით, პირველ რიგში, სარგებელი უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც განათლების მიღება და გაგრძელება ევროპაში სურთ.
_ რაც შეხება ვიცე-პრემიერის ვიზიტს ევროპაში, რა დატვირთვისა და მნიშვნელობისაა იგი ჩვენთვის?
_ უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია იგივე იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც თავშესაფრის მიღებას ცდილობს ევროპაში. საქართველომაც და ევროკავშირმაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რომ პრობლემები არ შეექმნას ამ რეჟიმს მხოლოდ იმის გამო, რომ ცალკეული მოქალაქეები არღვევენ მას. ეს სამწუხარო ფაქტორია! თუნდაც მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-მდე მოქალაქემ მიმართა გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით და თითქმის 100% უარყოფილი იყო, რადგან ისინი შენგენის ზონის ქვეყნებში საეჭვო რეპუტაციის მქონე პირები აღმოჩნდნენ. რთულია გააკონტროლო, ვინ მიდის ან არ მიდის ევროპაში, მაგრამ მგონია, რომ ჩვენმა მხარემაც უნდა შესთავაზოს (მე შევთავაზებდი, დავაყენებდი) ინიციატივა, კერძოდ, რომ საზღვარზე პროცედურები გამკაცრდეს. მესაზღვრეს უფლება აქვს, შენგენის ტერიტორიაზე არ შეუშვას კონკრეტული მოქალაქე, რომელმაც, თავის მხრივ, დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს, თუ რა მიზნით ჩამოვიდა: დაბრუნების თარიღი, მომწვევი ორგანიზაცია, სად გაჩერდა და ა. შ. ამ მიმართულებითაა საჭირო პროცედურების გამკაცრება, რომ არც საქართველო აღმოჩნდეს უხერხულ მდომარეობაში და არც ევროკავშირის ქვეყნები.
_ რაც შეხება ბოლოს მომხდარ არჩილ ტატუნაშვილის ამბავს, აქ რამდენად სწორი პოზიცია უჭირავს საქართველოს და რა პოზიციაზეა ევროპა?
_ ქართული მხარე მუშაობს, მაგრამ მგონია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო. გლობალურ მასშტაბში რომ განვიხილოთ, ბუნებრივია, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმე უკავშირდება იმას, რომ ორი რეგიონი ოკუპირებულია. კრიმინალების მიერ კი სხვადასხვა ვითარებაში იქნა ლიკვიდირებული გიგა ოთხოზორიაც და არჩილ ტატუნაშვილიც, ორი ქართველი გმირი. საქართველოს მხრიდან ცხედრის გადმოსვენებაზე განხორციელებულ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემას იმაში ვხედავ, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი არსებობს შემდეგი მოთხოვნა, რომ სანქციები შესაძლებელია გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის შეათანხმებას შეასრულებს, რომლიც, თავის მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო პროცესში ხელის შეწყობას გულისხმობს. ნაწილობრივ, ეს ყირიმის პრობლემას უკავშირდება. სანქციები დასავლეთმა მას შემდეგ შემოიღო, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს საკითხი ნაკლებად დგას დღის წესრიგში, არადა, ჩვენი ქვეყნის გასაჭირი და პრობლემა გაცილებით აქტუალური უნდა იყოს! _ უკრაინას არ ემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე, მისი ტერიტორიის 7% არის ოკუპირებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი კიევის მიმართულებით შეტევას განახორციელებს, დასვამს იქ მარიონეტულ მთავრობას და ა. შ. საქართველოსთან მიმართებით კი განსხვავებული მდგომარეობაა, თბილისიდან 40 კმ-ში იმყოფებიან რუსი ოკუპანტები. რუსეთს შეუძლია, გადაკეტოს მთავარი მაგისტრალი (რასაც მხოლოდ 400 მეტრი აშორებს) და ხერხემალში გადატეხოს საქართველო, სწორედ ამიტომ მგონია, რომ გაცილებით აქტიურად უნდა იყოს ჩართული საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პრობლემის მოგვარებაში (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველი ვარ!). დასავლეთისთვისაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია აქვს.
სწორედ ესაა მიზეზები, რატომაც უნდა მოხდეს ქართული ინტერესების ყოველდღიური ლობიერება ევროპაში და ჩვენმა მხარემ უნდა დაარწმუნს ისინი, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ამიტომ ერთნაირად უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა თუ ევროკომისიასა და ა. შ.
საბოლოოდ, მსგავსი ვიზიტები ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ბოლოს განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ უფრო მტკიცე პოზიცია რომ ყოფილიყო ოთხოზორიასთან დაკავშირებით (არა მარტო საქართველოს, არამედ დასავლეთის პოზიციაც), შესაძლებელია, არ გამეორებულიყო ის შემთხვევა, რომელიც დღეს უკვე ქართველ გმირს _ არჩილ ტატუნაშვილს უკავშირდება.

ნინო ტაბაღუა

 

დატოვეთ კომენტარი