ბაზრის განვითარების ძლიერი მხარეები და ძირითადი გამოწვევები

საქართველოში რომ ფინანსური სექტორი განვითარებას მოითხოვს, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ამ მიმართულებით მუშაობა კარგა ხანია, მინდინარეობს, თუმცა, ჯერ კიდევ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასახვეწი ან, კიდევ, შესაცვლელი.

ცალსახაა, რომ საბანკო სექტორი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს და ფინანსური ბაზრის მთლიანი თუ არა, საგრძნობლად მნიშვნელოვანი ადგილი აითვისა. ამის პარალელურად ძალიან სუსტად მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის ზრდა. ამ კუთხით შესაბამისი, სტანდარტებს მორგებული, უსაფრთხო და მიმზიდველი რეგულაციაც კი არ არსებობს.
სწორედ ამ თემაზე გამართა ღონისძიება გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა „GEთ საქართველომ“. აქ საბანკო სექტორის შეფასებამ ბაზრის განვითარების ძლიერი მხარეები და მისი ძირითადი გამოწვევები გამოავლინა, რომელიც მნიშვნელოვანი და საყურადღებო აღმოჩნდა როგორც ფინანსურ სექტორში ჩართული, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის.
ცნობისთვის: გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი „GET საქართველო“ გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში 2014 წლიდან ეხმარება. მას გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო აფინანსებს და საკონსულტაციო ფირმა „ბერლინის ეკონომიკის“ მიერ ხორციელდება. სწორედ ამ ჯგუფმა წარადგინა წლიური საბანკო სექტორის მონიტორინგის შედეგები, მონიტორინგის ეს პროდუქტი კი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. მასზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ საბანკო სექტორი ინვესტიციის გარემოს მნიშვნელოვანი აქტივია.

მათ მიერ გამოვლინდა ძირითადი მიგნებები:
• საბანკო სექტორის კონსოლიდირება გრძელდება; სესხის პროცენტის შემცირება და სექტორში ეფექტიანობის გაუმჯობესება იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია კარგად მუშაობს;
• კორპორაციული მართვის პრაქტიკა ორი ქართული უმსხვილესი ბანკის უცხოური წილებით ხასიათდება. მთავრობამ ადგილობრივი კანონი ამ კუთხით კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს;
• სისტემა კარგად გაუმკლავდა გაცვლითი კურსის ცვალებადობას. ბანკების კაპიტალის თანაფარდობას საკმარისი რეზერვი (ბუფერი) აქვს;
• კრედიტზე ხელმისაწვდომობა მთლიანობაში დადებითია, თუმცა მცირე და საშუალო საწარმოების კრედიტების ზრდამ საცალო სესხების მატებას ფეხი ვერ აუწყო.

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფ „GET “-ის ლიდერმა, დოქტორმა რიკარდო ჯიუჩიმ აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების შემოღებით ეროვნულმა ბანკმა საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში უცხოური ვალუტის გამოყენების ეტაპობრივ შემცირებას. ცოტა ხნის წინათ გაჟღერებული დაგეგმილი მარეგულირებელი ღონისძიებები ამ პროცესს მომავალშიც შეუწყობს ხელს. სხვა განვითარებული ბაზრების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამას დრო სჭირდება და ადგილობრივი ვალუტის კაპიტალის ბაზრის განვითარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ალექსანდერ ლემანი _ ფინანსური სექტორის ექსპერტი, დოქტორი:
_ საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ მომდევნო წლებში ევროკავშირის ფინანსური მომსახურების სისტემას დაუახლოვდეს. ეს ის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი სიახლეა, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს მოიზიდავს, თუმცა ბაზარი, ჯერ კიდევ, ახალგაზრდაა და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები ბაზრის განვითარების ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად უნდა დაბალანსდეს.
მანვე „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კორპორაციული მართვის პრაქტიკის კუთხით, მთავრობამ ადგილობრივი კანონი კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც ბანკების, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ეს უკანასკნელი კი ძალიან განუვითარებელია, ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო. ორი წლის წინათ სახელმწიფომ სტრატეგია შეიმუშავა, რომელსაც მიყოლა სჭირდება. დიდი პრობლემაა კაპიტალის ბაზრის რეგულირების კუთხითაც, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ასე რომ, სამუშაო ბევრია, თუმცა ყველაფერს იმედით ვუყურებთ.

„ქრონიკა+“ უფრო დეტალურად ესაუბრა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფ „GET “-ის ლიდერს, დოქტორ რიკარდო ჯიუჩის, რომელმაც ქართული ეკონომიკის მთავარ გამოწვევად მაინც დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი დაასახელა:
_ რა არის კაპიტალის ბაზრის განვითარების მთავარი პრობლემა?
_ თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო მარტო არ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზაზე. ეს საკმაოდ რთული პროცესია. თუ ბანკების შემთხვევაში ძალიან მარტივად და გასაგებადაა ყველაფერი, კაპიტალის ბაზარი უფრო აბსტრაქტულია. ამ ნაწილში აუცილებელია, ძალიან გასაგები რეგულაციის ქონა, რათა დარწმუნდე, რომ როცა მასში ფულს ჩადებ, იქ შეგენახება და მოგებასაც მოგიტანს. ასე რომ, თქვენ გჭირდებათ ძალიან ძლიერი რეგულაცია, მართვის სტრუქტურა, ცოდნა, საკმარისი ინფორმაცია ობლიგაციების, ფასიანი ქაღალდებისა და მათი ვალიდობის შესახებ. ეს მარტივი პროცესი არ არის. ამიტომაცაა, რომ ბევრ ქყვეყანაში ძალიან რთულია ამის განხორციელება. ახლა საქართველო იმ ეტაპზეა, როცა ბევრ და სასარგებლო კანონს იღებს, ფინანსური სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას კი DCFTI-ის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ ძლიერი, გამჭვირვალე და გასაგები რეგულაცია, მერე, რა თქმა უნდა, ხალხსაც ეცოდინება, რა ხედვა გაქვთ და აქ ინვესტირება უსაფრთხო იქნება. აი, სწორედ აქ ვცდილობთ, რომ ვიპივოთ გზა. იდეალური ბალანსი და საკმარისი დაცვაა საჭირო, მაგრამ არა გადაჭარბებული. სხვანაირად კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდება.
თუ ყველაფერი სწორად წავა და კაპიტალის ბაზარი განვითარდება, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის კომპანიის აქციების გამოშვებას და როცა ისინი ვალიდობას გაზრდიან, ბანკებისგან უფრო მეტს მიიღებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ კაპიტალის ბაზარი არ არის ბანკის პირდაპირი კონკურენტი, კომპანიის აქციები და სესხები ერთმანეთს ავსებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბანკები არ არიან წინააღმდეგი კაპიტალის ბაზრის განვითრებისა და მეტიც, საქართველოში დიდი ბანკები ინვესტირებას უწევენ და თანხას დებენ ამ ბაზრის განვითარებაში.
_ მთავრობისგან თუ არის მხარდაჭერა ამ ბაზრის განვითარებისთვის?
_ ჩვენ, მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად ვმუშაობთ. მხარს ვუჭერთ რეკომენდაციებსა და რჩევებს ვაძლევთ მთავრობას. ვფიქრობ, რომ ისინიც არიან დაინტერესებულები, უნდათ, რომ ყველაფერი თანმიმდევრობით გააკეთონ, არა სწრაფად, არამედ თანმიმდევრობით. მათ უკვე განავითარეს კაპიტალის მარკეტის სტრატეგია, წინ დგამენ ნაბიჯებს, ეს ხანგრძლივი პროცესია და ხალხი არ უნდა ელოდებოდეს, რომ ერთ ან ორ წელიწადში შეიცვლება ყველაფერი. ამას დრო და მოთმინება სჭირდება.
_ და მაინც, რა არის დღეს საქართველოს ფინანსურ სექტორში ყველაზე მთავარი პრობლემა?
_ ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა არის დოლარიზაციის მაღალი ხარისხი, მაგრამ ეს ჯერ ბანკების პრობლემაა და ამაზე უნდა იმუშაოთ. ესეც გრძელი პროცესია. აქ არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომ დავაჭიროთ და უმალ გადავჭრათ იგი. რასაც დღეს ეროვნული ბანკი აკეთებს, სწორია, ისინი სწორად საზღვრავენ ინფლაციის თარგეთირებას. გარდა ამისა, მათ უნდა დაარწმუნონ და დაანახვონ ხალხს თანხის ლარში შენახვის უპირატესობა და აუცილებლობა. მეტი ინფორმაცია სჭირდება ხალხს, რომ ლარის გამოყენების უპირატესობები გაიაზრონ აშშ დოლართან შედარებით. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით უკეთესობა აუცილებლად გექნებათ.

ერთი ცხადია, _ ფინანსურ სექტორში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და რეგულაციაა საჭირო. სწორად დასაგეგმად და განსახორციელებლად კი მუშაობა აუცილებელია. პროცესი დაწყებულია, რომლის შედეგიც, მართალია, მომავალი 2-3 წლის მანძილზე ვერა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად უნდა ვიხილოთ.

„ქრონიკა+“ მადლობას უხდის „GET საქართველოს“ თანამშრომლობისთვის.

ნინო ტაბაღუა