პარტიების დაფინანსების, ანუ პარტიების განადგურების კანონპროექტი

ოპოზიციური პარტიები თავიანთი ახალ-ახალი გაერთიანებებით „ქართული ოცნების“ ნერვებზე თამაშს განაგრძობენ. ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებაში ნერვს უტოკებთ, ეს ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაა. გასულ კვირას რამდენიმე ასეთი ერთობა ვიხილეთ. ოპოზიციამ მოახერხა და ისეთი თემები გამოძებნა, რომლის გარშემოც სრულიად განსხვავებული იდეოლოგიებისა და ინტერესების მქონე პარტიებმა ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა და საერთო დოკუმენტზე ხელმოწერა მოახერხეს.

რა თქმა უნდა, სტერეოტიპების დაძლევისთვის ამ პარტიებს პრემიაც კი ეკუთვნით, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მაინც ბიძინა ივანიშვილსა და მის მეოცნებეებს უნდა ვუთხრათ, _ რომ არა მათი დაუღალავი მცდელობა, გაანადგურონ ოპოზიცია, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა „პროდასავლელებისა“ და „პრორუსების“ ერთად ხილვა; რომ არა ივანიშვილის მცდელობა, „შუა გაკრიფოს“ და თავის სატელიტ ბოკერიასთან ერთად კიდევ მრავალი წელი მართოს ქვეყანა, წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ოპოზიციური პარტიების ერთად დგომა, რომლებსაც არა მხოლოდ პოლიტიკური უთანხმოება აქვთ, არმედ ერთმანეთს მუდამ ციხეში ჩასმითაც ემუქრებიან.
ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ ივანიშვილმა ეს შეძლო. მან, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა. რამდენად მყარად გააერთიანა, ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა ის უკვე ცნობილია, რომ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, 17 ოპოზიციური პარტია ერთიანი პოზიციით წარდგება. მათ ხელი მოაწერეს სარჩელს, რომლითაც საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვენ იმ ტოტალური გაყალბების დადასტურებას, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მოხდა.
გაყალბებებით საქართველოში ძნელია, ვინმე გააკვირვო. ჩვენ, ამ მხრივ, ისეთი ტრადიციები გვაქვს, რომ კიდევ ბევრს „შეშურდება“, მაგრამ ამდენი თავხედური სიყალბე, რაც ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებზე იკადრა, ჯერ არც ერთ არჩევნებზე არ გამოაშკარავებულა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ამდენი გაყალბება ხელისუფლების შესანარჩუნებლად ჯერ არავის დასჭირვებია;
ადმინისტრაციული რესურსის ღია და დაუფარავი გამოყენება; ამომრჩევლის მოსყიდვა და მათთვის ფულის ღიად დარიგება; საარჩევნო უბნებზე მოსული ადამიანების დაშინება, მათი პირადი ნომრების ამოწერა და იმის გარკვევა, ვის აძლევენ ხმას. ამას გარდა, მთელმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა კადრები, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი ზედიზედ რამდენჯერმე აძლევს ხმას; როგორ იპარავენ „ოცნების“ აქტივისტები ცარიელ ბიულეტენებს და იკუჭავენ ჯიბეში სომხური კარუსელისთვის; ფარულად გადაღებულ კადრებში შესანიშნავად ჩანს, როგორ აძლევენ ხმას ადამიანები, რომლებსაც პირადობის მოწმობები არ გააჩნიათ და ა. შ. ერთი სიტყვით, ამდენი დადასტურებული გაყალბება, თავისი გაყალბებული ოქმებით, თავისი გაყალბების ამსახველი ვიდეომასალით და თავისი მოწმეებით, რომლებიც თავისი ხმების ასახვას ითხოვენ, ქართული არჩევნების ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ, რა?!. არც არაფერი!!! გაყალბების ასეთი ფაქტების გასაჯაროების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სულ მცირე, ის უბნები მაინც უნდა გაეუქმებინა, რომლებზედაც ეს დარღვევები დაფიქსირდა. რად უნდა იმას მტკიცება, რომ უბანზე, სადაც კარუსელები ტრიალებს, ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევს ხმას, ხოლო ბიულეტენებს ბღუჯა-ბღუჯა იპარავენ, იქ არჩევნები გაყალბდა და ყველა ეს დარღვევა არჩევნების შედეგებზე მოახდენდა გავლენას?! ეს უბნები არათუ არ გაუქმდა, საჩივრები არც კი განხილულა.
ამ უპრეცედენტო გაყალბებების დამადასტურებელმა ფაქტებმა ყველა დონის ქართული სასამართლო მოიარა, ხოლო ჩვენმა „საამაყო“ სასამართლო სისტემამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი თემიდა სულაც არაა ბრმა. პირიქით, იგი გაფაციცებით შესცქერის თვალებში ბიძინა ივანიშვილს, შემთხვევით რამე ხომ არ გამომრჩაო?.. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენები სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ, რათა სტუდენტებმა ისწავლონ, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე.
პირველი სერიოზული ოპოზიციური ერთობა სწორედ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში შეიკრა. თითქმის მთელმა ოპოზიციამ ერთად გაასაჩივრა ეს ტოტალური უკანონობა. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმოდა, რომ ქართულ სასამართლოში სამართალს ვერ იპოვიდა. ან რა სამართლის პოვნაზეა საუბარი, როცა მოსამართლეები არც ინტერესდებოდნენ იმ მასალებით, რომლებიც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა?! მოსამართლეები გაყალბების დამადასტურებელ ვიდეომასალას უყურებდნენ და ამთქნარებდნენ, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ ამ ვიდეომასალას ისინი არ დაეყრდნობოდნენ.
და მაინც, ოპოზიციას ეს გზა უნდა გაევლო, თუნდაც იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, საქმე სტრასბურგის სასამართლოში წასულიყო. სტრასბურგმა საქმე წარმოებაში რომ მიიღოს, მან საქართველოში ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს. რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც, სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ იქნება, არჩევნებთან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნის შეცვლას შეუწყობს ხელს. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას ობიექტური განწყობების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. როცა ყველანი გავიაზრებთ და დავრწმუნდებით, რომ გამყალბებელი ხელისუფლება გვყავს, რომელიც პარტიებს ხმებს ჰპარავს, ხოლო ამომრჩეველს _ არჩევანს, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება. უფრო ზუსტად, ყველას მოგვინდება ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა.
ამიტომაც 17 პოლიტიკური პარტიის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელს გაცილებით დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე სამართლებრივი. ადგილობრივ არჩევნებს თავიდან არავინ ჩაგვატარებინებს; არც არჩევნების შედეგების გადათვლას დაავალებენ ხელისუფლებას, მაგრამ როგორც კი სტრასბურგის სასამართლო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ გაყალბების ფაქტებს დაადასტურებს, ამას „ქართული ოცნებისთვის“ მეხის გასროლის ეფექტი ექნება.
როგორ ფიქრობთ, რატომ ბედავს ამდენს „ქართული ოცნება“?.. რატომ აყალბებს არჩევნებს ისე, რომ ერთი წამითაც არ ეშინია პასუხისგების?… იმიტომ, რომ მას აქამდე არ ჰქონდა გამყალბებელი ხელისუფლების იმიჯი. საერთაშორისო დონეზე „ოცნების“ მიერ ჩადენილი გაყალბებების დადასტურების შემდეგ კი „მეფე გაშიშვლდება“ და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველოს გამყალბებელთა ბანდა მართავს. რომ არა არჩევნების ფალსიფიკაცია, დიდი ხანია, ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე იქნებოდნენ გადაგდებულნი.
ვიმეორებ: ყველას ესმის, რომ ორ წელიწადზე ადრე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამიტომ შარშანდელ, ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის, სამაგიეროდ, მას შეუძლია, ძალიან ბევრი რამ შეცვალოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ის, რომ საერთაშორისო სასამართლო ტოტალური გაყალბების ფაქტებს დაადასტურებს, ამან, უპირველეს ყოვლისა, ბევრი რამ უნდა გახადოს ნათელი საქართველოში. ქართული საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის ცნობიერება უნდა შეიცვალოს _ ყველამ უნად დაინახოს, რომ გვატყუებენ და თავი აღარ უნდა მოვატყუებინოთ.
კიდევ ერთი ოპოზიციური ერთიანობის დემონსტრირება შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება იქნება. ეს ბოიკოტებიც ძალიან ანერვიულებს ხოლმე „ქართულ ოცნებას“. მას მაშინვე უჩნდება თავის ტკივილი, როგორმე მარტო არ დარჩეს არჩევნებზე, რადგან მარტო დარჩენა კიდევ უფრო ნათლად დაანახვებს ყველას, რომ „ქართული ოცნება“ მარტოა და ყველა სხვა პოლიტიკური პარტია ერთად არის. ასევე გამოაშკარავდება, რომ „ოცნება“ არაფრით განსხვავდება კომუნისტური პარტიისგან, რომ ქვეყანა ერთპიროვნულად იმართება და რომ ყველანი ერთად ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ. ყოველივე ამისგან თავის დასაღწევად „ოცნებაში“ მაშინვე იძახებენ სატელიტებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ შესანიშნავად იცის ამ სატელიტების შესახებ, ორპარტიული შუალედური არჩევნები მაინც უკეთესია ხოლმე, ვიდრე ერთპარტიული. ბუნებრივია, ასეთი ორპარტიული დემოკრატიის პირობებში ხელისუფლებაზე მეტად სწორედ ის მეორე, ვითომ ოპოზიციური პარტია ზარალდება. თუმცა „ევროპულმა საქართველომ“, როგორც ჩანს, თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მათ ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის დანაპირებს იმის შესახებ, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“, შეასრულებს და მეორე პოლიტიკურ პოლუსად ქვეყანაში, სწორედ, „ევროქოცებს“ დაისვამს. ყველა დარჩენილი პარტია განადგურდება ან მათ შეეხევეწება მიერთებას და საბოლოოდ აღარავინ დარჩება ისეთი, რომ ბოკერია-უგულავას გუნდი სატელიტებად მოიხსენოს.
ვერაფერს იტყვი, „ფანტასტიკური“ ოცნებაა, მაგრამ არის ერთი პრობლემა: დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი გაქრობას, განადგურებასა და გაკრეფას არა და არ თანხმდება. არც საზოგადოებას მოსწონს ორპარტიული პოლიტიკის იდეა, მით უმეტეს ისეთი ორპარტიული პოლიტიკის, როცა ორივე პარტიას ბიძინა ივანიშვილი მართავს. პოლიტიკური გემოვნების მრავალფეროვნებით ქართველები ევროპელებს უფრო ვგავართ, ვიდრე ამერიკელებს. ჩვენი პოლიტიკური მრავალფეროვნება ორ პარტიაში არ ეტევა. ივანიშვილის ხელში ქართულ მრავალპარტიულ პოლიტიკას მომავალი თუ უწერია, ის, ალბათ, ხუთ-ექვს პოლიტიკურ პარტიას მაინც დაიტევს. რაც შეეხება მუდმივ ისტერიას 200-ზე მეტ პარტიასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ თემით სპეკულაციაა. ყველას კარგად ესმის, ქვეყანაში არავითარი 200-ზე მეტი პარტია არ ფუნქციონირებს. პოლიტიკაში ყველაზე ღრმად ჩახედული ადამიანიც კი, რომ სთხოვოთ, 20-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიას ვერ ჩამოთვლის, იმიტომ რომ ამაზე მეტი არც არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი პარტია წერია ფურცელზე და ინახება საჯარო რეესტრის სიაში? ისინი არც არაფერს აკეთებენ და, შესაბამისად, არც არავის აწუხებენ, არც დაფინანსებას იღებენ და მათი სახელებიც არავინ იცის. მაგრამ ყველა ხელისუფლება ყოველთვის სპეკულირებს იმით, რომ ქართველოში, თურმე, 200-ზე მეტი პარტიაა, რომლებმაც, თურმე, შეჭამეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, დღეს არსებული ოცი პარტიიდანაც ბევრი არაფრის გამკეთებელია, მაგრამ ამ ყველაფრის ალტერნატივა ნამდვილად ვერ იქნება ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ორპარტიული საქართველო.
ამჯერად ნარატივი: „რად გვინდა ამდენი პარტია?“ _ ახალი ძალით აქტიურდება. ჩვენმა ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც კარგა ხანია, არ გამოჩენილა პოლიტიკურ ამბიონზე, ცოტა ხნის წინათ თავი შეგვახსენა და გამოგვიცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი უნდა გადაიხედოს, რადგან ამ მიმართულებით, თურმე, ბევრი უსამართლობა ხდება. კობახიძე შარშანაც გვიმტკიცებდა, რომ საშინლად ბევრი ფული იფლანგება ბიუჯეტიდან, სინამდვილეში კი საქართველოში დღეს 21 კვალიფიციური პარტია არსებობს, რომელიც ბიუჯეტიდან სხვადასხვა თანხით ფინანსდება. ყველა პარტიაზე ერთად, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 9 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხის თითქმის ნახევარი _ 4 მილიონი ლარი _ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე მიდის. ე. ი. მთავრი დაფინანსების პრობლემა კი არ არის, არამედ ოპოზიციური პარტიების განადგურებაა მთავარი, რათა ვერავინ ვეღარ გაერთიანდეს და „ოცნებასაც“ კონკურენცია ვერავინ გაუწიოს.
თუ რას ნიშნავს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში მოსალოდნელი ცვლილება, ხელისუფლებას ჯერ არ განუმარტავს. პარლამენტის თავმჯდომარე, ჯერჯერობით, ზოგადი შინაარსის ფრაზებს ისვრის, საიდანც ვიგებთ, რომ დღეს არსებული ოცი კვალიფიციური სუბიექტი, 2020 წლის შემდეგ, სულ მცირე, უნდა განახევრდეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის განახევრებას „ოცნება“ ბლოკში გაერთიანებული პარტიებისთვის დაფინანსების შეკვეცით აპირებს, ანუ თუ დღეს ბლოკში გაწევრიანებული ყველა პარტია, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, დაფინანსებას თანაბრად იღებს, ახალი კანონის მიღების შემდეგ მთელ დაფინანსებას მხოლოდ ერთი, ბლოკის ჩამონათვალში პირველ ადგილზე მყოფი პარტია მიიღებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამით ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი 9 მილიონი ერთი თეთრითაც არ შემცირდება, უბრალოდ, ეს ფული ოცის მაგივრად ათზე გადანაწილდება ან კიდევ უფრო ნაკლებზე, დანარჩენი კი „გაიკრიფება“.
როგორც ხედავთ, საბიუჯეტო სახსრების ეკონომია აქ არაფერ შუაშია. ხელისუფლებისთვის მთავარია, როგორმე პარტიების გაერთიანებას შეუშალოს ხელი. ივანიშვილს ერთდროულად ორი კურდღლის მოკვლა უნდა: ერთი ის, რომ პარტიებს ბლოკში გაწევრიანების, ანუ გაერთიანების სურვილი ჩაუხშოს, მეორე კი დაფინანსების გარეშე დარჩენილი პარტიები გასრისოს.
ყოველივე აქედან კეთდება დასკვნა, რომ თუ დღეს „ქართულ ოცნებას“ რაიმესი ეშინია, ესაა პოლიტიკური პარტიების შესაძლო ერთობა, რომელიც უკვე მერამდენედ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას და ხელისუფლებას მმართველობიდან ჩამოაშორებს… თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ბლოკებისადმი შიშსა და მათი აკრძალვის სურვილს სხვაგვარად ხსნიან. მთელი ვირეშმაკობა და პოლიტიკური უტიფრობა ის არის, რომ ხელისუფლება პარტიების განადგურებას, პარტიების განვითარებაზე ზრუნვასა და ხალხის დაკვეთის შესრულებას უწოდებს, ანუ რას ნიშნავს „ოცნების“ ენაზე პარტიების განვითარებაზე ზრუნვა?.. ეს ნიშნავს, რომ პარტიებს წინასაარჩევნოდ აღარ ექნებათ გაძლიერებისა და გამსხვილების საშუალება, ისინი ბლოკებითა და კოალიციებით პოლიტიკურ სინერგიას ვეღარ შექმნიან და ერთობლივი ძალებით ხელისუფლებას კონკურენციას ვერ გაუწევენ.
პოლიტიკური კონკურენცია კი ჩვენს ქვეყანაში, ყველას კარგად მოეხსენება, როგორია. დღევანდელი საარჩევნო, მაჟორიტარული სისტემის წყალობით, სახელისუფლებო პარტია, რომელსაც მისული ამომრჩევლის მხოლოდ 48%-მა დაუჭირა მხარი, საკონსტიტუციო უმრავლესობით ზის პარლამენტში. ამ პარტიის დამფუძნებლის ბიუჯეტი აღემატება ქვეყნის ბიუჯეტს. ამას დაამატეთ ადმინისტრაციული რესურსი და ყველასთვის გასაგები ხდება, რომ გამსხვილების გარდა პოლიტიკურ პარტიებს არავითარი ბერკეტი არ რჩებათ საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
პარტიებზე ზრუნვის კიდევ ერთი ოცნებისეული გამოვლინებაა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მზრუნველი ტონით ურჩევს ოპოზიციას, ერთმანეთს შეერწყან, ანუ გააუქმონ პარტიები და სხვა პარტიებში გაწევრიანდნენ. ერთი შეხედვით, რა პრობლემაა?!. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“, _ ვინ ეკითხება ხელისუფლებას, როგორ გაერთიანდებიან მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები ან როგორ შეიძლება აიძულო გაერთიანება ლიბერალსა და კონსერვატორს, ან კიდევ პრორუსებსა და ნატოისტებს? და, საერთოდ, ვინმემ ჰკითხა საზოგადოებას, უნდა კი ასე ხელოვნურად და ეკლექტურად შერწყმული პოლიტიკური სპექტრი?..
ასეთი, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ეკლექტური გაერთიანება კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით ჩვენ უკვე ვიხილეთ, როცა ხელისუფლებაში მოსულებმა მთელი ოთხი წელი ერთი ადგილი ტკეპნეს, რადგან ყველა თავისკენ ეწეოდა და ქვეყანა ერთი ადგილიდან ვერ დაძრეს.
ხელისუფლება, რომელიც ამგვარ ლოგიკას ავითარებს, საინტერესოა, თავად რატომ არ წავიდა ამ გზით?.. თუ პარტიების ხელოვნური შერწყმა მათთვის მისაღებია და ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის ეს დადებით მოვლენად მიაჩნიათ, მაშინ თავად რატომ არ შეირწყეს თავისივე კოალიციის ყოფილი წევრები?! ამითი ხომ პარტიების რაოდენობაც შემცირდებოდა და მათი აზრით, ხალხიც „ბედნიერი“ იქნებოდა? თუმცა ყველას ესმის, რომ ბედნიერი ასეთი შერწყმით მხოლოდ კონსერვატორი ზვიად ძიძიგური და „მრეწველი“ გოგი თოფაძე თუ იქნებოდნენ, რომლებიც ისედაც ყველანაირად უარს ამბობენ საკუთარი პარტიების პოლიტიკურ აქტივობაზე და თავის მთავარ პოლიტიკურ მიზნად „ქართულ ოცნებაში“ პერსონალურ ინტეგრაციას მიიჩნევენ. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა, რატომ?!. იმიტომ, რომ ეს მის პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა, _ ის, რაც თავისთვის არ მოსწონს, უნდა, რომ სხვას მოახვიოს თავს. ამ ინიციატივის უკან კიდევ ერთი აჩრდილი იმალება, _ არასტაბილური მომავლისადმი შიშის აჩრდილი. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ხვდებიან, რომ მათი დასასრული უკვე დაიწყო და იმისთვის, რომ ეს დასასრული ცოტათი მაინც გადაავადონ, ხელოვნურად სხვას უნდა შეუზღუდონ გაძლიერების შანსი,
თუმცა სანამ ივანიშვილი, საკანონმდებლო დონეზე, ოპოზიციურ პარტიებს ჟანგბადს გადაუკეტავს, ოპოზიციასაც შეუძლია, ბევრი რამ მოასწროს და საკუთარ „გაკრეფას“ შეეწინააღმდეგოს. პირველი, რაც ამისთვის გასაკეთებელია, ესაა კიდევ უფრო მეტი ერთიანობის დემონსტრირება. ამის ყველაზე კარგი არეალი საპრეზიდენტო არჩევნები და ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანებაა. ოპოზიციას ასეთი ერთიანი კანდიდატის შესარჩევად დიდი-დიდი ორი თვე თუ რჩება. მაისის შუა რიცხვები, ალბათ, ბოლო ვადაა იმის გასარკვევად, შეძლებენ თუ არა ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთი პირადი ამბიციების გვერდზე გადადებას და საერთო საქმისთვის შეთანხმებას.
ჯერჯერობით რაიმე გაუმჯობესება ამ მხრივ არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით, რომ 15 არასაპარლამენტო პარტიისგან შექმნილი „ლიდერთა საბჭო“ კვირაში ერთხელ ამ თემაზე მსჯელობს. რაიმე სხვა იმედის მომცემი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. კვლავინდებურად პრეზიდენტობა ძალიან უნდა ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილს; საკუთარ თავზე უკეთესი პრეზიდენტი, ვერავინ წარმოუდგენია ნინო ბურჯანაძეს; ასევე იკვეთება მესამე კანდიდატურაც, ნელ-თბილად, მაგრამ საკუთარ თავს ოპოზიციას უკვე სთავაზობს დავით უსუფაშვილი. ისმის კითხვა, _ აქვთ კი ამ ადამიანებს იმის პოლიტიკური ოფსილა, რომ დასხდნენ და ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ?.. და თუ მოხდა სასწაული და შეთანხმდნენ, არიან კი ლიდერთა საბჭოს გარეთ არსებული პარტიები მზად, მიიღონ და მხარი დაუჭირონ რომელიმე პარტიის პოლიტიკურ კანდიდატს?.. ძნელი სათქმელია. ალბათ, უფრო არა, ვიდრე კი. ძალიან საჭვოა, რომ ერთიანი კანდიდატი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი აღმოჩნდეს. პარტიის ლიდერი საერთო კანდიდატად ნიშნავს პოლიტიკური პარტიების მიერ ერთი კონკრეტული პარტიისთვის პრიორიტეტის მინიჭებას. ეს ნიშნავს, რომ მთელმა ოპოზიციამ ერთი პარტიისა და მისი ლიდერის პიარი უნდა აწარმოოს მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დიდი ფორა უნდა მიეცეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ძალიან საჭვოა, რომ ასეთ რამეზე პარტიებმა ხელი მოაწერონ.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ, ჯერჯერობით, არავინ მსჯელობს უპარტიო კანდიდატზე. არადა, თუ რამე შანსი არსებობს, ამ საკითხზე კონსენსუსი შედგეს, ესაა კანდიდატი, რომელიც არც ერთ პარტიასთან არ იქნება ასოცირებული და არავისთვის იქნება პოლიტიკურად მიუღებელი. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება შანსი, ის გახდეს ყველასთვის მისაღები.
თვეზე მეტია, ვერ დააყენა საშველი და ოპოზიციას პასუხი ვერ აღირსა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა. მის ერთადერთ პოზიტივზე, ზეპარტიულობაზე ჩაბღაუჭებული ოპოზიცია, ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ დარჩება. თებერვლის დასაწყისში მას გარკვევით ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის კენჭისყრას და თუ აპირებს, რას ფიქრობს შეთავაზებაზე, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი? პასუხის მაგივრად მარგველაშვილი შემხვედრ კითხვებს უსვამს პარტიებს, რომლებიც უფრო ფილოსოფიური შინაარსისაა, ვიდრე პოლიტიკური. მაგალითად, მას ძალიან აინტერესებს, არის თუ არა ოპოზიცია მთელი გულით მზად, დაინახოს თავისი როლი და ფუნქცია საპრეზიდენტო არჩევნებში და ა.შ.(?!!) ასეთ საქციელს პოლიტიკაში უპრინციპობას ეძახიან, როცა თან გინდა და თან ვერ ბედავ ან, კიდევ, უარესი, _ უფლებას არ გაძლევენ. ასეთ დროს იწყებ იმაზე ფიქრს, ღირს კი, საერთოდ, ასეთი ჩამოუყალიბებელი და მერყევი ადამიანის ასეთ საპასუხისმგებლო ბრძოლაში შეშვება?!
ფაქტია, რომ მარგველაშვილის პასუხზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა ოპოზიცია სხვა ზეპარტიული კანდიდატის ძებნას. ასე რომ, მარგველ, ჩამოყალიბდი, ბოლოს და ბოლოს, და თქვი, რა გინდა?..

დემნა ვეშაპიძე