„ტორმუზაწყვეტილი“ ბიძინა და მისი მჩხიბავი „პადრუგა“

აი, იმ ცხრა წლის მანძილზე, „სისხლი“ რომ „ღვარად მოედინებოდა“ და ახალაიებს „სამეფო კარის თამაშების“ სტარკებივით რომ მგლები ჰყავდათ, ყველაფერი რაც კი ხდებოდა, ყველაფერი მიშას ბრალი იყო.

ასე მაგალითად, რძალი რომ ძროხას ვერ მოწველიდა, ეზოს სიმრუდის კი არა, მიშას „დუტი კურტკის“ ბრალი იყო, ახლა კი, რაც კი რამ ხდება ამ ქვეყანაში, არაფერ შუაში არც ბიძინაა და არც მისი „კუკლებით“ დაკომპლექტებული მთავრობა. ყველაფერი, თურმე, ყველგან ხდება. როცა კი რამე მოხდება, ყველაფერზე „გაპრავების“ ერთი ტექსტი არსებობს _ იიი, ეგეთები ყველგან ხდება. ქალაქს წყალი წალეკავს და ატყდება ამბავი, _ იიი, ეგეთები ყველგან ხდება. არადა, აღმაშენებელივით სარზე რომ გასვა ან ბედუკაძესავით ცოცხი გაუყარო, ვერ დაგისახელებს ქალაქს, სადაც ასეთ დროს ბეჰემოთი დატანტალებს ან ზოოპარკიდან გამოვარდნილი და სადღაც მიმალული ვეფხვი კაცს ჭამს და ეს მაშინ, როცა მთავრობა ირწმუნება, ცხოველები ქალაქში აღარ არიანო.
ჩამოვარდება მეტრო და ატყდება გნიასი, _ იიი, ეგეთები ყველგან ხდება. არადა, მეხი რო დასცე, ვერ დაგისახელებენ ვერც ერთ მეტროპოლიტენს, სადაც ჭერი ვარდება და მეტრო თავში ეცემა ადამიანს.
სახელმწიფო დაწესებულების შენობიდან გადმოვარდნილი შუშა ბავშვს კლავს და ატყდება, _ იიი, ეგეთები ყველგან ხდება, მთავრობა რა შუაშიააა…. ამ დროს ისევ კეთილშობილება გაკავებს, რომ არ უსურვო, რომ ერთი ეგეთი რამ ზუსტად მათ თავსაც მოხდეს _ შენობიდან გადმოვარდნილი შუშა შიგ იმ „გამპრავებელ“ თავში მოხვდეთ. ისევ კეთილშობილება, თორემ სიმართლე რომ ითქვას, სრულიად სამართლიანი იქნებოდა მათი ამგვარი ფინალი. გუდაურში გაწყდება ბაგირი და ატყდება, _ იიი, ტროსი არ გამწყდარა, ძრავა გამოვიდა მწყობრიდანო, გეგონება, არსებითი მნიშვნელობა აქვს, ტროსის გაწყვეტა გიმსხვერპლებს თუ ძრავის მყობრიდან გამოსვლა. რაც მთავარია, _ იიი, ეგეთები ყველგან ხდება… ეს დედაბაგირგაწყვეტილი, როგორ ნამუსგაწყვეტილი უნდა იყო, რომ ყველაფრის „გაპრავება“ შეგეძლოს და ამტკიცო, არაფერი ამ მთავრობის ბრალი არაა, არც მათი უთავბოლობის, არც მათი უპასუხისმგებლობის, არც მათი მავნებლობის და ყველაფერი „პრავდება“ მარტივად, _ იიი, ეგეთები ყველგან ხდება. მართლა როგორ გინდა, თავი მოთოკო და არ უსურვო, თუ ეგეთები ყველგან ხდება, მათაც გაუწყდეთ ბაგირი და დაეცეთ მეტრო. რა მოხდა? ეგეთები ხო ყველგან ხდება და რაღა მათ თავს არ უნდა მოხდეს?
ამ ყველაფრის „გაპრავების“ შემდეგ რაღა გასაკვირია ის „გაპრავება“, რასაც მიმართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გლეჯისა და ჩეხვის დროს. მაგრამ „გაპრავებასაც“ ჰყავს თავისი რეკორდსმენები. ერთი მათგანი თქვენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონია, ნამინისტრალი, შევარდნაძის დროს რომ ეკავა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი _ ქალბატონ ჩხობაძეზე მოგახსენებთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფელ კვირიკეს მკვიდრმა, რეზო ხარაზმა, იმ გაჩეხილი ხეების ფოტოები გაავრცელა, რომელიც ევკალიპტის გადატანას შეეწირნენ. ის ევკალიპტი, ცხადია, ივანიშვილის უკანა ეზოში მიჰქონდათ.
გამოვიდა ქალბატონი ჩხობაძე, ტუჩის კუთხეებში ხელი ჩამოისვა და უტიფრად მოგვახსენა, რომ 200 ხის გაჩეხა კატასტროფა არაა. რაც გაჩეხეს, ენდემური ჯიშები არაა, არც წითელ წიგნში არაა შეტანილი და არანაირი პრობლემა არააო, აი, ენდემური ჯიშები რომ ყოფილიყო ან ეკოსისტემის შემქმნელი, მაშინ სერიოზული პრობლემა იქნებოდაო.
უფრო შორსაც გაინავარდა, ხეების გადატანით ეკოლოგიური პრობლემა არ იქმნება და მაგას ჩვენ, გარემოსდამცველი ენჯეოები ვერ გავაპროტესტებთო. აი, უაზრო ჩეხა სხვა საქმეაო, გაისროლა ფრაზა და იქვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, _ რაც გაიჩეხა, ეგ ენდემური სახეობები არ იყოო. ნუ, ხეების ასე უკანონოდ ჭრა ცუდია, თორემ მაგ ხეების ჭრა ნამდვილად არ გამოიწვევს არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფასო. იქვე იმ ცხრა წელს გადასწვდა, მთელ თბილისში იმდენი ხე გაიჩეხაო, პროტესტი გამოიწვიაო, დაამატა: „ახლაც მაქვს შინაგანი პროტესტიო“. ასეა, ბატონო, მიშას დროს მოჭრილ ორ ბუჩქზე პროტესტი ახლაც შინაგანში აქვს, ბიძინა რომ გლეჯს და ჩეხს, ამაზე არც შინაგანი პროტესტი აქვს, არც გარეგანი. რაის პროტესტი, პირი აქვს აქაფებული „გაპრავებისგან“. არ გაინტერესებთ, თურმე, როდის იქნება ეკოკატასტროფა _ როცა საქართველოში ყველა ხე გაიჩეხება. ჩხობაძის საქმე ისეა, ვინც არ ევასება, იმის ჭამა რომ ჭაპაჭუპად ეჩვენება და ვინც ევასება, იმის ღმურძვლა რომ არისტოკრატიულ სამხრად ესახება. რატომაც ევასება, ისიც კარგად გასაგებია და ერთადერთი გაუგებარი მისი ორგანიზაციის დასახელებაა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრები“. მისი „გაპრავების“ დიაპაზონიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, _ ბიძინაა დედამიწა თუ დედამიწაა ბიძინა? ეს ქალბატონი აშკარად ბიძინას მეგობარია! და თავისთავად ცხადია, მასავით მატყუარაც! დიახ, ბატონებო, ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულს დაჰპირდა ხალხს და მოატყუა, ამას იმდენი ფული არ ჰქონდა და რაშიც შეეძლო, იმაში მოატყუა! გასულ წელს გამოენთო და დაზაფრა ხალხი, საშინელი, აქამდე არნახული ცივი ზამთარი გველისო. ჯერ მის მიერ ნასროლ ფრაზას დააკვირდით:
„ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური კლიმატი“-ო! ვერ გავიგე, იმ ერთ-ერთმა ექსპერტმა თუ მსოფლიოს გაუმხილა, რაღა საიდუმლოა და, ბოლო-ბოლო, რაა საიდუმლო, ის რაც გაუმხილა, თუ იმ „ერთ-ერთის“ ვინაობა? ასე დავდგები, შევთხზავ ზღაპარს და სულ ბრიტანელ და ნორვეგიელ მეცნიერებს მოვიშველიებ და დავასკვნი, როგორ აპირებს ქალბატონი ჩხობაძე ბიძინას ეზოში ასწლოვან ხედ ქცევას. ქალბატონი ჩხობაძე გვაშინებდა, აი, იმ 2017 წლის შემდეგ, რომელიც იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური კლიმატი, მომდევნო წლიდან დიდი ცვლილებები დაიწყებაო. წლევანდელი ზამთარი უკვე ცივიაო, დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემაო, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები _ ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზეო. აპოკალიფსი დაგვიხატა და მერე გაგვიფერადა კიდეც. მეო, მაქვს ინფორმაცია, რომ სომხეთის ჰიდრომეტცენტრმა გააკეთა განცხადება და ძალიან არასახარბიელო პროგნოზებიაო, რომ ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურაო. მერე აქაურიც დაიანგარიშა _ როგორც წესი, ჩვენთან, მინუს 10 გრადუსია სომხეთთან შედარებით, ასე რომ, თბილისში -20 გრადუსს უნდა ველოდოთ, რაც სერიოზული პრობლემაა თბილისისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვისო. კიდევ უფრო შორს წავიდა და თბილისის დაქცევაც დაგვიხატა. ხომ გახსოვთ, ამ 3 წლის წინათ რომ მინუს 15 გრადუსი იყო, თბილისში კომუნიკაციებს სერიოზული პრობლემები შეექმნაო, მერე ისიც ჩააფინა, მშენებლები გვეუბნებიან, რომ ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა მინუს 8 გარდუსზეა გათვლილიო და ხანგრძლივად ვერ გაუძლებს მინუს 15 გარდუს ყინვებს და სერიოზული ზიანი მიადგება ინფრასტრუქტურასო.
ახლა მე თქვენ გეკითხებით, სადაა ის მინუს 15 და 20-გარდუსიანი ხანგრძლივი ყინვები? სადაა ის გახეთქილი „ტრუბები“ და მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა? მინუს 15 და 20 კი არა, საერთოდ ყინვამ სულ რამდენჯერ გაიკანკალა? ამ ქალბატონს პლუსი მინუსად მოეჩვენა? ასეთი თბილი ზამთარი საერთოდ ახსოვს თბილისს? ეს იყო გარემოს დაცვის მინისტრი? ჩხობაძეა თუ მჩხიბავი? მარტო ამ პროგნოზის ჩაფლავების გამო უნდა დაედო დუმილის აღქმა და პირზე დიდი ბოქლომი! სოფლის მკითხავი არ მოროშავდა ასეთ პროგნოზს, ვინმეს რომ ეკითხა. მაგრამ ვითომც არაფერი, ეს „კომპეტენტური“ ქალბატონი ასეთივე „კომპეტენტურად“ განაგრძობს ბიძინა ივანიშვილის „გაპრავებას“. მატყუარა მატყუარას ტყავს არ დახევს და არც პინგვინს გაუნაწყენებს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ გამოვიდეს და გვამცნოს, 200 ხის მოჭრა რა ეკოკატასტროფააო. დაუღალავად „აპრავებს“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ამდენი ხის გლეჯას და ამდენი ხის ჩეხას და ამ დროს, სოცქსელებში ამოაგდეს თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაკეთებული განცხადება.
„როდესაც შენ თვალწინ იჭრება ასწლოვანი ხეები, ხეები, რომელსაც სტიქიამაც ვერაფერი დააკლო. იჭრება, რომ მერე ერთმა კაცმა შეთითხნილი კედლების ფონი დეკორაციად გამოიყენოს, როცა იცი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი თვითმარქვია არქიტექტორის ამპარტავნების ასპარეზად არის გადაქცეული, არ შეიძლება არ მოგინდეს ამ კაცის შეჩერება“, _ გაჰკიოდა ივანიშვილი 2012 წელს და ახლა რატომ ვერ აჩერებს საკუთარ თავს, „ტორმუზი“ მოეშალა? თურმე, მიშას შეჩერება ასწლოვანი ხეების ჭრისთვის მოსდომებია და ახლა თვითონ ასწლოვან ხეებს საკუთარ ეზოში მიარბენინებს, გზად კი ასობით ასწლოვან ხეს ჭრის და არც გამკავებელია ვინმე, არც პასუხის გამცემი. არათუ არ ეუბნებიან, რომ გაჩერდეს, დაოკდეს, მთელი მონდომებით „უპრავებენ“ და უქებენ ჩანაფიქრს ხან რა გარნირით, ხან რა გარნირით. მთელი მისი გარემოცვაც და მის გარემოცვაში შეტმასვნის მსურველებიც ერთ დიდ, „გამპრავებელთა“ ამქრად არიან ქცეული. ივანიშვილის ხელისუფლება მისივე ზებრასავით ტალახში ტლინკაობს, ხალხს ტალახი შიგ სახეში ხვდება, მაგრამ მოწიწებით იწმენდენ და უსინდისოდ აცხადებენ, ტალახი კი არა, ცის ცვარი მოხვდათ სიფათში. მოითმენენ და „აპრავებენ“ ყველაფერს: საყდრისის აფეთქებასაც, ხეების გლეჯასაც, მტეროს თავში მოხვედრასაც, ბაგირის წყვეტასაც, ნარიყალას თხრასაც, თბილის გულში პანორამის გარჭობასაც, ქალაქის ცენტრის ლარად ყიდვასაც და იმ ყველაფერსაც, რაც ბიძინას, ჯერ კიდევ, არ ჩაუდენია და ჩაიდენს. მეტიც, იმასაც, რაც ჯერ ფიქრადაც არ გაუვლია…

რეზო შატაკიშვილი