დაპირისპირება მაჟორიტარსა და მერს შორის

„ქართულ ოცნებაში“ რომ დიდი განხეთქილებაა, უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს რეგიონებში. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჭიათურის მუნიციპალიტეტია, ამ განხეთქილების მიზეზი კი შიდაპარტიული გავლენების მოპოვებაა, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს, თუ ვის დააყენებს „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარ კანდიდატებად.

მიუხედავად მოჩვენებითი სიამტკბილობისა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესა და ჭიათურის ახლად არჩეულ მერ პაატა ნადირაძეს შორის დაპირისპირებაა. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით აქ, ჯერჯერობით, ხელჩართულ ბრძოლაზე არ გადასულან, თუმცა მდგომარეობა დღითი დღე იძაბება და როდის გასკდება, არავინ იცის. ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის მერის პაატა ნადირაძის მოთხოვნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტი შემოვიდა, რომელიც წინა წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობას სწავლობს. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ 2013 წლიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ჭიათურის გამგებელი იყო, ყველაფერი ცხადი ხდება, _ სახელმწიფო აუდიტის შემოყვანა პარტია „ქართულ ოცნებაში“, მხოლოდ და მხოლოდ, მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძის „ჩაჩორტვას“ ემსახურება. ამ ბრძოლაში არც დეპუტატი მახათაძეა გულზე ხელდაკრეფილი. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მახათაძის გუნდი დომინირებს. შიდაპარტიული დიდი ბრძოლებით ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მისი მხარდამჭერები არიან არჩეულები. როგორც სანდო წყარო ამბობს, ჩასაფრებულები არიან, თუ როდის გადაუტრიალდება ფეხი ჭიათურის ახლად არჩეულ მერს, მანამდე კი კომპრომატებს აგროვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე სულ სამი თვეა, რაც აირჩიეს, მის საწინააღმდეგოდ არცთუ ისე ცოტა კომპრომატი დაუგროვდათ. ახლად არჩეულმა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გივი მოდებაძე დაინიშნა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებამდე ჭიათურის სოციალური მომსახურების ცენტრს ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე „ნაცების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მუშაობდა და როგორც ამბობენ, იმ დროს მან კანონის დარღვევით მამამისს ასაკის მომატებით სახელმწიფო პენსია დაუნიშნა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჭიათურის მაჟორიტარად ის კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინო ბურჯანაძის კვოტით. ბურჯანაძე-„ნაცების“ ცნობილი დაპირისპირების შემდეგ ის „ნაცებმა“ სხვა პიროვნებით ჩაანაცვლეს. სარწმუნო წყარო იმასაც ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ფარულად მერის თანამდებობაზე უჭირავს თვალი. ახლად არჩეულმა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მერიაში ყველა საკვანძო თანამდებობაძე „ოცნების“ სტაჟიანი აქტივისტები თავისი პირადი მხარდამჭერი კადრებით ჩაანაცვლა, მერიაში კი მნიშვნელოვან და წამყვან სამსახურის უფროსებად ყოფილი „ნაცები“ დააბრუნა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვან სამსახურს ხელმძღვანელობდნენ. წელს ჭიათურაში ინფრასტრუქტურული კუთხით რამდენიმე მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ამ მილიონების ხარჯვას საკრებულოში დეპუტატ მახათაძის გუნდი გამადიდებელი შუშით დაუკვირდება მით უფრო, რომ ჭიათურაში ყველამ კარგად იცის მუნიციპალიტეტის მერის _ ნადირაძის წინა წლების საქმიანობა და სიყვარული „ატკატების“ მიმართ. მუნიციპალიტეტის მერ ნადირაძეს იმასაც გაახსენებენ, რომ მერად არჩევიდან ერთ თვეში წინასაახალწლო პრემია მან, ახლად დანიშნულმა პირველმა მოადგილემ და თანაშემწემ ხელფასის 100%-ის ოდენობით მიიღეს; მერიის სხვა თანამშრომლებისთვის და სიიპ-ში დასაქმებულთათვის კი პრემიის სახით ხელფასის მხოლოდ 50% გაიმეტეს, ხოლო არჩევიდან ორი თვის თავზე მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასები გაიზარდეს, სიიპ-ების თანამშრომლები კი მომატებული ხელფასის გარეშე დატოვეს. სულ ახლახან მერმა პაატა ნადირაძემ გაურკვეველი საქველმოქმედო ღონისძიებისთვის „ჩვენ დავბრუნდებით“ წარმატებული ემიგრანტი ქალების დასაჯილდოებლად ჭიათურის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გადარიცხა. იმასაც ამბობენ, რომ ამ ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ნადირაძის პირად მხარდამჭერ, ჭიათურელ მანგანუმის მსხვილ მრეწველებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ დამატებითი თანხები დაადებინეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჭიათურიდან არც ერთი წარმატებული ემიგრანტი ქალი არ აღმოჩნდა, რომელსაც ამ ღონისძიებაზე დააჯილდოებდნენ. ამ დაპირისპირებასა და გაურკვევლობაში კი ჭიათურის მოსახლეობა დღითი დღე ღატაკდება. გაღატაკებულ მოსახლეობას „ოცნების“ დაპირისპირებული მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების შენახვა თავისი ჯიბიდან ყოველწლიურად, ბიუჯეტის გათვლებით, 6.500.000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარზე მეტი უჯდება, ეს მაშინ, როდესაც ჭიათურის მერმა ნადირაძემ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობისთვის წამლის საყიდლად 100-150 ლარის გასაცემ თანხებზე სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულებით შეზღუდვები დააწესა. ასეთი გაურკვეველი ვითარებაა დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერის არჩევიდან 6 თვის შემდეგ აქვს უფლება, მერის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს, უნდა ველოდოთ, რომ მდგომარეობა მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესა და მუნიციპალიტეტის მერ პაატა ნადირაძეს შორის კიდევ უფრო დაიძაბება.

მარიამ ბალანჩივაძე