57 მილიონი ოქროს ღირებულების ქონება

ისევ და ისევ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მომიწევს საუბარი. ეს იმის მიუხედავად, თუ რა განწყობა და დამოკიდებულება აქვს საპატრიარქოს „გარეშე პირების“ ჩარევასთან მიმართებით მის „საშინაო“ საქმეებში.

დიახ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნამდვილად არ უდგას კარგი დღეები, მაგრამ მისი ისტორია, განვლილი გზა, იმის იმედს ტოვებს, რომ ეს პროცესები ჩაივლის. რამდენად უმტკივნეულოდ, ამის პროგნოზირება უმადური საქმეა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეს ინსტიტუტი თავად არ ცდილობს პროცესების ფორსირებულად გაჯანსაღებას და უფრო პირიქით, არსებულ პრობლემებს ეკლესიის უხილავ მტრებს აბრალებს. ცალკეული პერსონები ეკლესიის შიგნით ცდილობენ, რომ „აუხსნელი“ გადაწყვეტილებები და ქმედებები შავბნელ ძალებს გადააბრალონ. ვითარებაში გარკვევის ლეგიტიმური სურვილი, რომელიც ყოველი ქართველი მართლმადიდებლის უფლებრივი მდგომარეობაა, ეშმაკის მხრიდან ცდუნებად და ცოდვად უნდათ, რომ შერაცხონ.
უბრალოდ, არსებობს ერთი უმთავრესი გარემოება, რომელსაც შეშინებული ან/და ცალკეული არასასურველი მიზნებით მოტივირებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი მღვდელმსახურნი არ ითვალისწინებენ _ „გარეშე პირებიდან“ არავინ დაობს საეკლესიო დოგმებზე და არავინ მოითხოვს ნათლობის, ზიარებისა თუ სხვა წესების აღსრულების შეცვლას. ეს პირები ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიის გულშემატკივარნი მისი მესაჭეებისგან ღიაობას, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას, პროგრესისა და სახელმწიფოს თანადგომას მოითხოვენ.
ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ საქართველოს საპატრიარქოში და არა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მიმდინარე პროცესები სულ უფრო და უფრო ემსგავსება აბსურდის თეატრს და მისი პათოსი უნისონში მოდის ფარისევლისა და მებაჟის იგავთან.

სამი ქორეპისკოპოსის დახურულ კარს მიღმა გამართული თათბირის შედეგად გავრცელებული, კომუნისტური პათოსით გაჟღენთილი განცხადების აბსურდულობა, მტრების ძიება ეკლესიის გარეთ, თვალნათლივ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ეკლესიის მმართველნი დაცლილნი არიან არა მხოლოდ პრაგმატიზმისგან, არამედ რწმენისა და სიყვარულისგან.
არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა მიაქცია ყურადღება საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ფსიქოლოგებიც ესწრებოდნენ, მაგრამ ფაქტი, რომელიც ამ შეხვედრისას წარმოჩნდა, მართლაც რომ დამაფიქრებელი და საგანგაშოა. მათ ისაუბრეს ყველაფერზე, „გადასწვდნენ“ მსოფლიოს ყველა სატკივარს, გაწკეპლეს ნიცშე, ლამის მასკის პროგრამების უგუნურობასა და მიუღებლობასაც შესწვდნენ, მაგრამ არავის, დიახ, არავის სიტყვაც კი არ დაუძრავს სიყვარულზე.
მოსაყდრემ რამდენჯერმე პატრიარქის აზრების კორექტირებაც კი სცადა, რამდენად არგუმენტირებულად და კორექტულად, ეს სულაც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას, მაგრამ მისი ერთგვარი მოწოდება _ ხალხში გასვლასა და მისიონერობის შესახებ, ნამდვილად არის ზემოთ ნახსენები აბსურდის თეატრის ერთი აქტი. რა უნდა გააკეთონ ხალხთან სიყვარულისგან დაცლილმა პირებმა? თუ იმით უნდა „მოაქციონ“ გზას აცდენილნი, გაბუტულნი თუ ურწმუნონი, რომ ეტყვიან, _ თუ არ იწამებ, უფალი დაგსჯისო? აქვს კი ამჟამად საქართველოს ეკლესიას სიყვარულის რესურსი და უფრო მეტი _ ჰყავს კი საკმარისად ისეთი ღვთისმსახურები, რომლებსაც აქვთ საზოგადოებასთან „ქუჩაში“ საუბრისთვის სათანადო განათლება და, უპირველესად, შინაგანი მოწოდება სიყვარულისა? და ეს ყველაფერიც რომ გვერდზე გადავდოთ, იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებლობა თავისი ფილოსოფიური რაობით, უპირველესად, ცხოვრების წესია, არიან კი ისინი სამაგალითონი საკუთარი ცხოვრების წესით? ანუ ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა, უფრო თუ დავკონკრეტდები, ეკლესიის მსახურთა უმეტესობის ცხოვრების წესი, შეესაბამება კი მართლმადიდებლობის ფილოსოფიურ რაობას? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვინ უნდა იმისიონეროს? იქნებ, მეუფე შიო სხალთის ეპისკოპოს სპირიდონის ქადაგებებს მიიჩნევს სამაგალითოდ, მით უფრო, რომ მისი იდეოლოგიური შეხედულებები ბევრად არ განსხვავდება ამ ეპისკოპოსის შეხედულებებისგან, რადგან მას არსად და არასოდეს უქადაგია რუსეთისა და მისი ეკლესიის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ. არსად და არასოდეს უთქვამს და, რაც მათვარია, არ დაუწერია(!) კირიონ II-ის, ამბროსი ხელაიას, ალექსანდრე ოქროპირიძის, ალექსი ბერისა და სხვათა მოწამეობრივი ბრძოლის თაობაზე რუსეთისა და მისი ეკლესიის მიმართ. ანუ რა არის მისიონერობის იდეოლოგიური ბაზა _ მხოლოდ ის, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა? ამას ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო, დღევანდელ ეპოქაში თავადაც გაარკვევს. კონკრეტული მაგალითები? თუ ეს კონკრეტული მაგალითები ისტორიული წარსულიდან იქნება მოხმობილი, მაშინ ნებისმიერ მორწმუნეს თუ ათეისტს შეუძლია, მისიონერს ჰკითხოს: თქვენ რატომ არ ცხოვრობთ ამ მაგალითების შესაბამისად? თქვენ რატომ არ იბრძვით? თქვენ რატომ არ ხართ კეთილი მწყემსი და რატომ გაკლიათ სიყვარული?

***
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უდიდესი ფენომენური ნიჭი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი დამეთანხმება ამაში, მაგრამ ამ ნიჭზე ნამდვილად ღირს იმედის დამყარება. თვითგანწმენდა _ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ნიჭთან ერთად ერთგვარი რეფლექსიც არის. ცალკეულ ისტორიულ ეტაპებზე ეს ხდებოდა საერო პირების ხელშეწყობითა და უშუალო ჩარევით, სხვა დროს კი ამას ეკლესია ახერხებდა შიგნიდან. არ შევუდგები ამ მიმართებით ცალკეული მაგალითების მოხმობას და მხოლოდ გრიგილ ხანძთელის ეპოქასა და რუის-ურბნისს მოვიხმობ გასახსენებლად. გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამოაზრეების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლი ნამდვილად სამაგალითოა დღესაც და ნურავინ მოახდენს აპელირებას ეპოქებზე. ისევე, როგორც სამაგალითო და პრეცედენტულია გიორგი ჭყონდიდელისა და დიდი მეფის _ დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რეფორმირებისა და სახელმწიფო ინტერესების რეალიზების კუთხით.
ნურავის დაავიწყდება, რომ მე-15 საუკუნიდან სწორედ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იტვირთა უდიდესი მისია, რომ დაუძლურების გზაზე დამდგარი და დაქუცმაცებული ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებელი სვეტი ყოფილიყო. დიახ, თუ ვინმეს არ ახსოვს, იმასაც გავახსენებ, რომ დედა ეკლესია ყველაზე მძლავრად აღუდგა და შეებრძოლა რუსულ იმპერიას და ამის გამო სასტიკად დაისაჯა საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ.
დიახაც, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მამებმა არაერთი თავდადების მაგალითი მისცეს ქართველ ხალხს. გაგახსენებთ მხოლოდ ერთ მაგალითს, განსაკუთრებით სხალთის ეპისკოპოსმა მიაპყროს ამას ყურადღება და მისმა მრევლმა: 1924 წელს კათალიკოსი ამბროსი წერილს უგზავნის ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელშიც, კიდევ ერთხელ, სიმბოლოს დონემდე, აერთიანებს ერისა და ბერის ტკივილსა და შემართებას _ ალავერდობას დაამთხვიეთ თქვენი გამოსვლა! რუსეთუმეებო, „პარადზე“ გამოსვლას კი არ გულისხმობდა კათალიკოსი, არამედ საერთო-სახალხო აჯანყებას.
და შემდგომ უდიდესი ტკივილის, უდიდესი დანაკარგების, უდიდესი წნეხისა და უდიდესი შანტაჟის ქვეშ ყოფნის მიუხედავად, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერება. აქაც, იმის მიუხედავად, ვის მოსწონს და ვის არა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, ეს პროცესი სწორედ რომ მის სახელს უკავშირდება.
თუმცა პარალელურად მიმდინარე პროცესები _ ეკლესიის რიგების შევსება ახალი მღვდელმსახურებით და მრევლის არნახული ზრდა _ ხშირ შემთხვევაში იდეოლოგიური ბაზისა და შეგნების გარეშე, ნაწილობრივ განაპირობებს დღევანდელ ცუდ დღეებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. სულაც არ არის სამარცხვინო იმის აღიარება, რომ ლენინის კერპის უარმყოფელმა ადამიანებმა ერთ დღეს მასობრივად დაიკიდეს მკერდზე ჯვარი და იმ პირობებშიც კი, როცა უმეტესმა მათგანმა „მამაო ჩვენო“ არ იცოდა, მიაწყდა ეკლესიებს (ამ ქმედების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ანალიზს აქ არ ვაპირებ, რადგანაც საკმაოდ ვრცელი თემაა). ეს პროცესი სწრაფად განვითარდა. ეკლესიამ მიიღო და მრევლად მიიჩნია ყველა, ვინც კი მის კარს მიადგა, თუმცა არ აღმოაჩნდა რესურსი და შესაძლებლობა, „სულიერი შვილების“ სულზე ეზრუნა. არც იმის რესურსი აღმოაჩნდა, რომ სათანადო განათლება მიეცა მრევლისთვის. ამ პირობებში, როდესაც ამბიონსა და ტაძარში იდგნენ ხშირად განსხვავებული ინტელექტის, შესაძლებლობებისა და რწმენის ადამიანები, ამბიონზე მდგომთა უმეტესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მრევლი ტაძარში შიშით გაეჩერებინა. ქადაგებებში გაჩნდა აზრები დასჯაზე, განკითხვაზე, მორჩილებაზე, შეზღუდვებზე და ეს ყველაფერი, ლამის, იმ დონემდე მივიდა, რომ მრევლის არც თუ მნიშვნელოვანი ნაწილი იქცა საკმაოდ აგრესიულ, არარეალიზებულ და ვიწრო თვალსაწიერში ჩაკეტილ მასად, რომელსაც, მეტწილად, არასწორად ინტერპრეტირებული დოგმებითა თუ სწავლებებით აშინებდნენ. მით უფრო რთული საცქერი და გასაანალიზებელი გახდა მარხვის ერთდროულად დიეტად იდენტიფიცირება და რწმენად დემონსტრირება, სხვა ცალკეულ წესებზე რომ საერთოდაც არაფერი ვთქვათ, რომელიც არანაირად არ ჯდება „ცხოვრების წესში“, ანუ მართლმადიდებლობაში. პარალელურად დაიწყო სხვა რელიგიების გმობა, რაც ცალკეულ შემთხვევებში სცდებოდა ეკლესიის ფარგლებს და აგრესიისა თუ აგრესიული ქმდებების საფუძველი ხდებოდა.
ამ კონტექსტში თავი დავანებოთ იმაზე საუბარს, რომ ამას აკეთებდნენ ცალკეული ღვთისმსახურნი; იმაზეც, რომ მხოლოდ ცალკეულნი იყვნენ მომხვეჭელები, ამბიციურები, აგრესიულები. ფაქტია, რომ ეს პროცესი იქცა სენად, რომელიც ასევე განაპირობებს ეკლესიის დღევანდელ მძიმე დგომარეობას.
და ერთიც: კომუნისტურ ეპოქაში აღზრდილმა პირებმა ან მათმა შთამომავლებმა, რომლებმაც ეკლესიაში იპოვეს საკუთარი „რეალიზების“ ადგილი, ფილოსოფიური სხვაობა ვერ იპოვეს ლენინსა და იესოს შორის. ამის დასტური იყო და არის ის ფაქტი, როდესაც ცალკეული კრიზისული მდგომარეობისას ან ქმედებისას ისინი ისევე ამოეფარებოდნენ ზურგს უკან საქართველოს კათალიკოს-პატრიატრქის ავტორიტეტსა და მართლმადიდებლობას, როგორც კომუნისტები _ ლენინსა და პარტიას. რაოდენ სავალალაოა, რომ ისინი ვერ ათვითცნობიერებდნენ და ვერც ახლა ათვითცნობიერებენ იმ პრობლემებს, რასაც ამ ქმედებით უგროვებდნენ ეკლესიას და პირადად მის უწმინდესობას.
დიახ, ამ პროცესების შედეგიც არის ის, რაც დღეს დედა ეკლესიაში ხდება. და რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს პროცესი? ვფიქრობ, სასარგებლო, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნამდვილად საჭიროებს შინაგან თვითგანწმენდას და ეს გარდაუვალი პროცესია. ეს პროცესი არანაირად არ აყენებს ჩრდილს მართლმადიდებლობას, არც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპრყრობელს და არც რწმენას. იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ეკლესია კარგავს მრევლს, სწორედ ამიტომ, პროცესმა რომ შეუქცევადი სახე არ მიიღოს, ეკლესიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს თვითგანწმენდის პროცესი და ამ პროცესში არ უნდა არსებობდეს არანაირი ავტორიტეტი. ერთადერთი ავტორიტეტი ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს უნდა იყოს ღმერთი _ სიმართლე. სუბიექტურ დამოკიდებულებებს ამ ვითარებაში ნამდვილად ვერ ავცდებით, მაგრამ ვეცადოთ, _ მართლაც რომ მინიმალურად.

***
ზემოთ ქორეპისკოპოსების შეკრების შემდეგ საპატრიარქოს სახელით გავრცელებული განცხადება ვახსენე. დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებას არ ეთანხმება უამრავი ღვთისმსახური, თუნდაც იმიტომ, რომ განცხადებაში პირდაპირი და ირიბი შეურაცხყოფები მიაყენეს არაერთ სოციალურ, საზოგადოებრ ჯგუფსა თუ სახელმწიფოს ცალკეულ ინსტიტუტს. განცხადებაში ახსენეს ნარკოპოლიტიკა, ანუ მისი მხარდამჭერები; ლგბტ პრობლემები, ანუ რეალურად ეს უმცირესობა; შეეხენ ოჯახის სიწმინდეებსა და ტრადიციებს, მაგრამ ძირითადი სათქმელი მაინც „ციანიდის საქმის“ მოსალოდნელი განვითარებაა.
ცხადია, რომ „რუსთავი 2“-ის შეფ ნიკა გვარამიას ჩართვა აღნიშნულ საქმეში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ მოცემულობას და საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს საქმეზე და ამ დრომდე პასუხგაუცემელ კითხვებზე, რისი გასაჯაროებისგანაც დეკანოზ მამალაძის ადვოკატებს მიზანმიმართულად ზღუდავდნენ.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ნათელი მოეფინება არა მხოლოდ ცალკეული მეუფეების სიხარბესა და მომხვეჭელობას, არამედ მათ კორპორაციულ მიზნებს საპატრიარქოს შიდა საქმიანობაში, ასევე ქონებრივ თუ ბიზნესინტერესებსა და ხელისუფლების როლს აღნიშნულ საქმეში.
სავარაუდოდ, ამ მოსალოდნელი მხილების „პრევენცია“ იყო გაკეთებული განცხდება. რაოდენ სავალალოა, როდესაც ქორეპისკოპოსებმა საკუთარი თუ კორპორაციული ინტერესების დასაცავად განცხადების ტექსტში პატრიარქის მაღალი ავტორიტეტის გამოყენება გადაწყვიტეს და მის ზურგს უკან დამალვა განიზრახეს. აღნიშნულის დასტურია ეს სიტყვები: „ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“.
ნიკა გვარამიას მიერ „შაბათის კურიერში“ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელიც პატრიარქთან მის შეხვედრას აღწერდა, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლებისა და ამ ინსტიტუტთან დაახლოებული პირების მიერ აგორებული ჭორი, რომ „ნიკა გვარამია აპირებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას“. სახელდებოდა მასალის სრულიად აბსურდული შინაარსიც.
და ამის მიუხედავად, თავს უფლებას ვაძლევ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პატრიარქის სახელის ხსენება აღნიშნულ განცხადებაში ემსახურება კონკრეტული მეუფეებისა თუ მღვდელმსახურების მიერ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობას, რათა მრევლი დაარწმუნონ, რომ სამომავლოდ თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი მავანთა ავ ქმედებებზე (აქ კატეგორიულად გამოვრიცხავ ვინმეს პირად ცხოვრებაზე აპელირებას), ეს ჩაითვალოს აბსურდად და ცილისწამებად. კონკრეტული პირები ცდილობენ, ვითომ პრევენციული, მდარე ხარისხის, სიძულვილით აღსავსე, სრულიად არაკვალიფიციური შინაარსის განცხადებით, აიცილონ მორალური პასუხისმგებლობა. ხოლო შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები და ფაქტები, რომელთა გამჟღავნებასაც ასე უფრთხიან, საზოგადოებას წარუდგინონ, როგორც ცილისწამება და „დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება“.
იმედს ვიტოვებ, რომ გვარამია ამხელს იმ პირებს (როგორც საერო, ასევე სასულიერო), რომლებმაც დეკანოზ მამალაძის საქმეში ნამდვილად შეასრულეს და ასრულებენ საზიანო როლს, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქართული სახელმწიფოს მიმართ.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს აქვე გავახსენებ, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და მაქსიმალურად შეეცადონ, თავი შეიკავონ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევისგან, ასევე ცალკეული პირებისა თუ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების დისკრედიტების მცდელობისგან. დიახ, დღეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნამდვილად ჰყავს მტრები _ პირველ რიგში, თავისსავე წიაღში, _ ცალკეული ღვთისმსახურების სახით, რომელთა ერთი ნაწილი საკუთარი სიხარბის, ამბიციისა და არასათანადო განათლების გამო ეკლესიის ავტრორიტეტს ლახავს; ხოლო სხვები კი ღიად უპირისპირდებიან ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს განვითარებას რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ და მეორე _ ეს არის სიყვარულის დეფიციტი ეკლესიის შიგნით, მოძალებული აგრესია, „კუდიანებზე ნადირობის“ შეფარვითი მოწოდებები ეკლესიის მტრებზე აპელირებით, რომელიც ამ ინსტიტუტის ფარგლებს გარეთ გამოდის და საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებსა თუ ინდივიდებს ერთმანეთთან აპირისპირებს.

***
ახლა კი თავს უფლებას მივცემ და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გავახსენებ: აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოიძია მნიშვნელოვანი არქივი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების შესახებ. გაირკვა, რომ გუჯარის (სიტყვა გუჯარი XI საუკუნიდან შემოდის ქართულ ლექსიკაში და იგი მეფისგან ნაბოძები საბუთის ზოგადი სახელწოდებაა. დიდი ლექსიკოგრაფის, სულხან-საბას განმარტებით, გუჯარი არის დიდი სიგელი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი, _ ავტ.) კალენდრის მიხედვით: 1864 წლისთვის დასავლეთ საქართველოში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა ქონება, რომელიც შეფასებეული იყო 29 მილიონ ოქროდ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შეფასებული ქონების მოცულობა 28 მილიონი იყო. ეკლესია ფლობდა ათობით ათას დესეტინა მიწას, საამქროებს, საწარმოებს, ოქრო-ვერცხლსა და ა. შ. ამ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ შემდგომ რუსეთში გაიზიდა, ეს, ვგონებ, ყველასთვის გასაგებია (არ ვგულისხმობ სხალთის ეპისკოპოსს, მესაყდრე შიოსა და მათ აზრზე მყოფ ეკლესიის მსახურთ თუ მრევლს). ბატონმა პაატა კოღუაშვილმა ასევე დაადგინა, რომ 1918 წელს მაშინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეკლესიის კუთვნილებაში იყო 24 ათასი ჰა მიწა. 1990 წელს პაატა კოღუაშვილმა ზვიად გამსახურდიასთან ერთად გააჟღერა წინადადება ეკლესიისთვის 1918 წლისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე ტოლი რაოდენობის მიწების გადაცემის შესახებ.
მოგვიანებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა 22 ათასი ჰა მიწა, რამდენიმე საწარმო, საბჭოთა მეურნეობები.
როგორც ირკვევა, დღეის მდგომარეობით ეკლესია ფლობს 9 ათას ჰა მიწას. იბადება ლეგიტიმური კითხვა, _ სად წავიდა დანარჩენი მიწა? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმეტეს შემთხვევაში მუშაობდა ერთი და იგივე სქემა. საეკლესიო პირები მიმართავდნენ ადგილობრივ ხელისუფლებებს იმის მოთხოვნით, რომ ისინი ვერ უვლიდნენ აღნიშნულ მიწის ფართობებს და სახელმწიფოს დაებრუნებინა მიწა მის მფლობელობაში. ხორციელდებოდა ცალკეული პროცედურები და შემდგომ ამ მიწების უმეტესობა გადაეცემოდა კონკრეტულ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი იმ მღვდელმსახურებთან, რომლებმაც ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოისურვეს, ან თავად ამ მღვდელმსახურებს თუ მათი ოჯახის წევრებს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა ანგარებითი მოქმედებებიც.

***
საკმარისია, მხოლოდ ამ მიმართულებას ჩავუღრმავდეთ და საფუძვლიანად შევისწავლოთ, რომ მასში უამრავ საგანგაშო და ანგარებით განხორციელებულ მოტივებზე მოგვიწევს საუბარი, თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულებებზე _ დაწყებული თაღლითობით და სხვისი ქონების მითვისებით დასრულებული. ფაქტობრივად, უმეტეს შემთხვევაში, ვხედავთ სასულიერო და საერო პირების დანაშაულებრივ გარიგეგებს ანგარებისა და პირადი გამორჩენის მიზნით.
საეჭვო გარიგეგებზე თვალი დავხუჭოთ და ასე, თითქოს, არაფერი საეჭვოც არ იყოს, დავსვათ კითხვა: ვინ ეკითხებოდა ცალკეულ ღვთისმსახურებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ამ მიწების _ ეკლესიის ქონების ასეთი ფორმით „მოვლას“? დაიჯერებს ვინმე, _ იმის გამო, რომ მიწას ვერ უვლიდნენ, კეთილშობილი მიზნებით დაუბრუნეს სახელმწიფოს? და რას ჰქვია დაუბრუნეს? აქტი, რომლითაც ეკლესიამ მიწა მიიღო, ხომ ერთგვარი რესტიტუცია იყო, ანუ საუკუნეების განმავლობაში კუთვნილი ქონების დაბრუნება კანონიერი მესაკუთრისთვის?
ანუ ეკლესიამ ამ დროისთვის რეალურად გაანიავა 13 ათას ჰა-მდე მიწა. თავი დავანებოთ იმას, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებს მის საკუთრებაში დარჩენილი 9 ათასი ჰა-ს ეფექტიან მართვას. ეკლესიის მესვეურებს შევახსენებთ, რომ სწორედ ამ მიწიდან და მასზე დამაგრებული სხვადასხვა შენობიდან თუ საწარმოდან მიღებული შემოსავალი-ქონება, მთლიანად, ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნეში ოქროს სახით, ჯამურად, შეადგენდა 57 მილიონს. და ესეც რომ არ იყოს, რა უფლება ჰქონდათ ეკლესიის მესვეურებსა თუ მსახურებს, გაენიავებინათ ქონება და ცალკეულ შემთხვევებში რეალურად, კორუფციულ გარიგეგებში შესულიყვნენ საერო პირებთან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

***
ზემოთ მოყვანილი მაგალითის კონტექსტში შევხედოთ დეკანოზ მამალაძის საქმეს. იმთავითვე ითქვა, რომ დეკანოზი მამალაძე იმიტომ გახდა სამიზნე, რომ მან საპატრიარქოს კუთვნილი ქონების განკარგვაში არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი აღმოაჩინა. და თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს მიწასთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, არც არის მოხვედრილი მამალაძის მიერ გამოვლენილ ფაქტებში, ნამდვილად არსებობს იმის განცდა, რომ მამალაძის ციხეში ყოფნა გარიგეგებში მყოფი მეუფეებისა თუ საპატრიარქოში გავლენის მქონე საერო პირების ინტერესებში შედიოდა. შესაბამისად, ის განცხადებაც, რომელის პათოსიც „დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება“ და ეკლესიის მტრებზე აპელირებაა, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა ცალკეული (არ ვგულისხმობ ერთეულებს მასშტაბების გათვალისწინებით) მღვდელმთავრისა და პირადად შორენა თეთრუაშვილის მხრიდან (ისე, ამ ქალბატონზე ერთი კითხვა მიჩნდება: ის არ გახლავთ სასულიეოი მოღვაწე და როდესაც მის მიმართ კითხვები ჩნდება, რატომ იმალება? სხვა თუ არაფერი, იმ პირობებში, როდესაც ქალბატონ შორენას შემსრულებელთა გუნდიც გაუცვდა, მის მიერ მოფიქრებულ და დალაგებულ კომბინაციებს უკვე დიდი გაშიფვრა არ სჭირდება, რადგან აშკარაა, რომ მეთოდები დაუძველდა).
დაბოლოს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ეკლესიის მსახურების კუთვნილება, ეკლესია არის ყველასი, ვისაც სწამს უფალი. რწმენის სიძლიერე და სიწმინდე არ განისაზღვრება ადგილით საეკლესიო იერარქიაში და არც ეკლესიისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლით. რატომ არ უფიქრდებიან ღვთისმსახურნი იმას, რომ იქნებ, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ეკლესიის მტრებად მოიხსენიებენ და მიიჩნევენ, არიან ისინი, რომლებსაც უფალმა დააკისრა უდიდესი ტვირთი და ვალდებულება _ ამხილონ. არ დაგავიწყდეთ, რომ თვით მაცხოვარი არ აღიარეს და მასში უფალი ვერ შეიცნეს ფარისევლებმა. სანთელი სასანთლეზე უნდა იდოს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი და არა საწოლის ქვეშ და ამიტომაც „რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზის სახარება, თავი XIII).

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი