მართლმსაჯულების მოლოდინში

2017 წლის 13 მარტს ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქრონიკა+“-ის რედაქტორის შვილი და ამავე გაზეთის თანამშრომელი დავით ხარშილაძე დააკავეს.
გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. ბრალში ნათქვამი იყო, რომ ხარშილაძემ დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინი“ და ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად გადაადგილდებოდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე.

ის, რომ დაკავება პოლიტიკური ხასიათის იყო, დღეს უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას ორი პოლიციელი _ ზაქარია ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხარშილაძეს შეჩერება მოსთხოვეს, მან გაქცევა დააპირა, რა დროსაც პროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს, ადგილზე კი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა შეადგინა.
საქმის ვითარება რეალურად სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. მოწმე შორენა ლალიაშვილის ჩვენების მიხედვით, ბოჭორიშვილის ქუჩაზე დილიდან პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა თანამშრომელთა ნაწილთან ერთად ჩასაფრებაზე იდგა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ყველა წევრი მუდმივი თვალთვალის ქვეშ ვიმყოფებოდით, ასევე მუდმივად ისმენდნენ ოფისსა და ჩვენს ტელეფონებს, იცოდნენ, რომ დღის განმავლობაში ჩემი შვილი აუცილებლად მივიდოდა ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ლომბარდში, სადაც იმ დღეს წინა თვეებში აღებული სესხის პროცენტი გვქონდა დასაფარი.
მოწმე შორენა ლალიაშვილი მეზობლების მონათხრობით იხსენებს, _ ჩემს შვილს, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ავტომანქანა დააჯახეს, რა დროსაც ის წაიქცა და გონება დაკარგა, სწორედ ამ დროს დაადეს მას ბორკილები, მიწაზე პირით დააგდეს. რაკი მას თან არანაირი ნარკოტიკული საშუალება, ცხადია, არ ჰქონდა, ზაქარია ვასაძემ ხელთათმანები გაიკეთა, რამაზ თარაშვილის მანქანიდან ორი პაკეტი ფხვნილი გადმოიტანა, გაკავებულ, ნაცემ და ბორკილებდადებულ ჩემს შვილს ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო.
მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ფირზე მკაფიოდ ჩანს, რომ ჩემი შვილის დაკავების ადგილას არა მხოლოდ სამი, არამედ ათზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა. ოპერაციას პირადად ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი ხელმძღვანელობდა. ოპერაციაში ზურაბ ვასაძესთან, ვალერიან ჩიბირაშვილთან და ზაქარია ქუმელაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არჩილ ოქრუაშვილი, ზაზა ჯახველაძე, მიხეილ ჩივიაშვილი, ალექსი კობერიძე. ზურაბ ქუმელაშვილს არანაირი დოკუმენტაცია ადგილზე არ შეუდგენია. დაკავების დროს ჩემი შვილი იმდენად ცუდად იყო, თავად აპირებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებას, მაგრამ რაკი ადგილზე ხმაური და ხალხი მატულობდა, დაკავებული მანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანეს. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ჰყავდათ შეჩერებული და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეს შენობაში, თან ისე, რომ, თურმე, ყველა ვიდეოკამერა გამორთული იყო და 13-14 მარტის კამერების ჩანაწერები მყარ დისკზე არ აღმოჩნდა (სწორედ ასე გვიპასუხეს, როცა ჩანაწერები მოვითხოვეთ). შემთხვევის ადგილას არ მომხდარა დაკავებისა და ნარკოტიკის ამოღების ფაქტის ვიდეო გადაღება, არ მომხდარა მანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მობილური ტელეფონის ამოღება, გაყალბებული იყო ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, გაყალბებული იყო დნმ და ნარკოლოგიური შემოწმების ბოლო ანალიზი (პირველი ორი შემოწმებისას ჩემს შვილს არანაირი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდასტურდა და ეს, პროკურორთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა), სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში მისი თანდასწრებით ჩემს შვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას, მიმართავდნენ ბილწი სიტყვებით, აგინებდნენ დედას და ცდილობდნენ მის პროვოცირებას. დაკავების ადგილას ძირს დაგდებულ, ბორკილებდადებულ ჩემს შვილს არჩილ ოქრუაშვილმა საკუთარი მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტო გადაუღო, რომელიც, ჩემი წყაროს ინფორმაციით, სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილს გაუგზავნეს. იგივე წყარო ამბობს, რომ გოგაშვილი ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე თავადაც იმყოფებოდა, ისევე როგორც კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ადგილზე პოლიციელთა ბევრად უფრო დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული და ყველა მათგანი კადრში ვერ მოხვდა, ისევე როგორც კადრში ვერ მოხვდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებით სავსე ერთი პიკაპი.
განსაკუთრებით ცინიკური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გამართული სხდომა. საქმეს მოსამართლე ვეფხია ლომიძე იხილავდა, დარბაზი კი, რატომღაც, სავსე იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. მოსამართლეს დაცვის მხარის არგუმენტები საერთოდ არ მოუსმენია, არც გაყალბებული ჩხრეკისა და დაკავების ოქმებისთვის მიუქცევია ყურადღება, ოც წუთში გაამწესა იგი გლდანის მერვე დაწესებულებაში.
სრული არაპროფესიონალიზმის დემონსტრირება იყო წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, რომელიც ადვოკატების მიერ დაყენებული ყოველი შუამდგომლობის მერე შესვენებას აცხადებდა და დარბაზიდან გადიოდა. მან მტკიცებულად არ მიიღო შემთხვევის ადგილას შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებული ფირი და მხოლოდ ბრალდებულისა და შორენა ლალიაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქეთევან ჯაჭვაძეს საერთოდ არ აქვს იურიდიული განათლება და მან საგარეჯოს საინჟინრო ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეურნეო სამართლის სპეციალობის ფაკულტეტი დაამთავრა.
დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ჩემი შვილის სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლების ფონზე: იოსებ გოგაშვილის აგენტურა სხვადასხვა სააგენტოსა და სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელებდა არნახული სახის დეზინფორმაციას ჩემი, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მისამართით; ხორციელდებოდა მუქარის ზარები ჩემს მობილურ ტელეფონზე; ჩემგან ითხოვდნენ ყველაფრისთვის თავის დანებებას; მერე კი დაიწყეს ასევე სუსის მიერ დაფინანსებული ე. წ. მხილების კამპანია საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ მეშვეობით, ინტერვიუზე კი გაზეთის მხოლოდ ორი თანამშრომელი _ ირინა გოგოსაშვილი და ზაზა სვანაძე დაითანხმეს, სხვა დანარჩენი, უბრალოდ, ლირიკა იყო. „ქრონიკა+“-ის წყაროების სიაში მოხვდა ყველა ის პირი, რომელთა თანამდებობაზე ყოფნაც გოგაშვილის ინტერესებში არ შედიოდა.
ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები და ამ ხნის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ სიმართლის დასამტკიცებლად. გამოჩნდა მოწმე, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფირი, მოვიპოვეთ პოლიციელთა ფოტოები, რამდენიმე კვირის გასვლის მერე ნარკოტიკების ჩადების სპეცოპერაციის ორგანიზატორები სოსო გოგაშვილი და გიორგი მღებრიშვილი უპირობოდ მიხვდნენ, რომ დავით ხარშილაძის დაკავებამ ვერც გრძელვადიანი და ვერც მოკლევადიანი შედეგი ვერ გამოიღო, არც გაზეთის გადაფორმებას ვაპირებდი და არც ბრძოლის დასრულებას, რადგან ჩემი შვილი დანაშაულს არ აღიარებდა, ჩემ უკან კი „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტთა კოლექტივი და მკითხველთა დიდი არმია იდგა, _ ადამიანები, რომლებიც სწორედ ჩვენი მეშვეობით ეძებდნენ სიმართლეს და ჩვენი იმედი ჰქონდათ.
პირველი იმედი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავების ადგილას მყოფი ყველა პოლიციელი იძულებული გახდა, სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა. ყველა მათგანის ჩვენება წინააღმდეგობებით სავსე იყო, მაგრამ ყველაზე „ორიგინალურად“, ამ მხრივ, მთავარი სამმართველოს უფროსი და თამაზაშვილის პროტეჟე რამაზ თარაშვილი, მეტსახელად „შტანგა“ გამოიყურებოდა. გარდა იმისა, რომ მან საკუთარი სამსახურის მისამართი და თანამდებობის ზუსტი დასახელება ვერ გაიხსენა, ვერ გაიხსენა რა გზით მივიდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რატომ გადაწყვიტა, რომ „დაეხედა“ ხარშილაძის დაკავების პროცესისათვის. თურმე, არ იცოდა, რომ ელისო კილაძის შვილს იჭერდა. ამავე დროს, მისმა წამოცდენამ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა სასამართლოში დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმის ბედი: რამაზ თარაშვილმა თქვა, რომ ხარშილაძეს ორი პაკეტი ფხვნილი ამოუღეს (ახსოვდა ის, რაც ჩასადებად მიიტანა), მაგრამ აღარ ახსოვდა, რომ დოკუმენტებით სხვა რამ გაფორმდა: ერთი პაკეტი ფხვნილი სამი აბი „სუბუტექსით“ შეიცვალა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულება გაყალბდა, გაყალბებული იყო ჩხრეკისა და დაკავების ოქმებიც და ისინი სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო. ჩემი შვილის დეტალური ჩვენების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილება მიიღო _ საკუთარი ინიციატივით იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და 13 ივლისს პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილება აშკარად დიდი მოულოდნელობა იყო პოლიციის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმის შეკერვაში მონაწილეობდნენ. გამომძიებელი ჯაბა ტეფნაძე დიდი მონდომებით ამტკიცებდა, რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო და დავით ხარშილაძეს საბოლოოდ აუცილებლად შეაბრუნებდნენ უკან. იმ დროს ვერავინ იფიქრებდა, რომ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევდა და რამდენიმე თვეში სუსის უფროსის მოადგილეს არც გავლენები ექნებოდა, რადგან იმდენად დიდი პრობლემა გაუჩნდებოდა ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის მერე, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოუწევდა და ჩეჩნების შიშით ცხვირს გარეთ ვერ გამოჰყოფდა.
დავით ხარშილაძის დაკავებას არც „ქართული ოცნების“ გუნდში გამოუწვევია განსაკუთრებით დიდი მღელვარება. არ ვიცი რატომ, მაგრამ დაკავების თემა პოლიტიკურ გუნდში ცალკე განხილვის საგანიც კი გახდა. უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე მხოლოდ ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ ჩემი შვილის დაჭერა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ შეიძლებოდა, სხვები, უბრალოდ, ჩუმად იყვნენ. განსაკუთრებული აგრესიით კი პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და სოფიო კილაძე გამოირჩეოდნენ, ისინი ჩემ სამაგალითო დასჯას და ჩემი შვილის ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვდნენ.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლო და 2017 წლის 20 სექტემბერს დავით ხარშილაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. გამამართლებელი განაჩენი არის საბრალდებო დასკვნა იმ პოლიციელების მისამართით, რომლებიც დაკავებისა და ნარკოტიკების ჩადების უკანონო სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. განაჩენში ხათუნა ხარჩილავამ ჩაწერა, რომ სასამართლო გაოცებულია გამოძიების არაკვალიფიციურობით და ტენდენციურობით. მისი განაჩენი პრეცედენტული გახდა, ზოგადად, ნარკოტიკებზე დაკავებული პირების საქმეში, რადგან მან დააწესა გაცილებით მაღალი სტანდარტი _ ორი პოლიციელის ჩვენება პირის ბრალეულობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით“, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში კილაძის გამართლებულ შვილზე ისევ ნერვიულობენ და სააპელაციო სასამართლოში განაჩენის შეცვლის შესაძლო ვარიანტებზე მსჯელობენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, პროცესზე, გარდა იმისა, რომ ხათუნა ხარჩლავას განაჩენს არ დაეთანხმა, არც ერთი დამატებითი არგუმენტი, მოწმე და ახალი გარემოება არ წარმოუდგენია.
პოლიტიკურ გუნდში კარგად ესმით, რომ მსგავსი ტიპის გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებელი განაჩენით შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ყველაზე მორჩილი მოსამართლეც კი ამ ტვირთს საკუთარ თავზე ვერ აიღებს, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტად ბესელია-კილაძის ტანდემი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის შეცვლას განიხილავს გაცილებით მსუბუქი ნაწილით, რომ ჩემს შვილს ან პირობითი სასჯელი, ან ჯარიმა დააკისრონ, რომ დედა „მაღალ ფეხებზე“ ვერ იდგეს სრულად გამართლებული შვილის გამო (ვციტირებ). „ქრონიკა+“-ის წყარო არ გამორიცხავს, რომ ეს წინადადება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას ეკა ბესელიას მოადგილე ვანო ზარდიაშვილის მეშვეობით მიაწოდონ.
გაუძლებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს კოლეგია ზეწოლას? ამ კითხვაზე პასუხი ზუსტად ორ დღეში, 22 მარტს გვეცოდინება, როცა მოსამართლეთა კოლეგია მურმან ისაევის, მანუჩარ კაპანაძისა და ნათია ბარბაქაძის შემადგენლობით დავით ხარშილაძის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ჩემს ამ განცხადებას და დაიცვას სააპელაციო სასამართლოს კოლეგია პოლიტიკური ზეწოლისაგან!
მივმართავ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას: სააპელაციო სასამართლოს 22 მარტის პროცესზე მონიტორინგის მიზნით მოავლინოს საკუთარი წარმომადგენელი!
მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების საელჩოებს: მუდმივი მონიტორიგი აწარმოონ დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესზე, რადგან ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადების სპეცოპერაცია და „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის სამაგალითო დასჯა იყო დამოუკიდებელი მედიის დასაშინებლად ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი.

ელისო კილაძე