ქართველი ემიგრანტის გერმანული ყოველდღიურობა

მიგრაციის პროცესი ქართულ მოსახლეობაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. დასაქმების, სწავლისა თუ სხვა მიზნით საზღვარგარეთ გასულ ქართველს მარტივად იპოვით, თუმცა თითოეულ ემიგრანტს საკუთარი ისტორიები, მიზეზები, მიზნები და გარემოებები განასხვავებს.

23 წლის გვანცა კალანდია პროფესიით მედდაა. 18 წლის ასაკში, 2013 წლის იანვარს, სკოლის დასრულებისთანავე, მან საქართველო დატოვა და გერმანიის გზას დაადგა.

_ საქართველოს დატოვება რატომ გადაწყვიტეთ?
_ 15 წელზე მეტია, რაც ბიძაჩემი გერმანიაში მოღვაწეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს სახსრები არ ჰქონდა, ჩემთვის განათლება საქართველოში მოეცა და, ასევე, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი იმის მიმართ, რომ უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ ადვილად დავსაქმდებოდი, გადაწყდა, სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში წავსულიყავი და აქ გამეგრძელებინა სწავლა. სკოლის პერიოდში ბევრს ვორჭოფობდი, მინდოდა, თუ არა აქეთ წამოსვლა, მაგრამ დამოუკიდებლობა ყოველთვის მიზიდავდა და მე-12 კლასში, საბოლოოდ, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. მინდოდა, სიახლეებს შევჯახებოდი, მეტი მენახა, მეტი გამეგო.
_ საზღვარგარეთ რას საქმიანობთ?
_ ოპერად ჩამოვედი. ერთ წელს გერმანულ ოჯახში ვიცხოვრე. ენა ვისწავლე, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს გავეცანი. რაც მთავარია, გავიზარდე, ვისწავლე მარტო გადარჩენა, გადაწყვეტილებების მიღება, ნაბიჯების გადადგმა, პასუხისმგებლობა. ოპერის შემდეგ სოციალური წელი დავიწყე. ვმუშაობდი მოხუცთა სახლში და ვესწრებოდი სემინარებს, სადაც, აგრეთვე, სოციალურ სფეროებს, მათ პრობლემებსა და კარგ მხარეებს გვაცნობდნენ. სოციალური წლის შემდეგ გადავწყვიტე, ამავე სფეროში გამეგრძელებინა სწავლა. სამ წელიწადს ვისწავლე მედდის პროფესიაზე და ახლა იმავე მოხუცთა სახლში ვმუშაობ გერონტო-გერონტოფსიქიატრიულ განყოფილებაში. უნდა ვაღიარო, რომ როგორც უცხოელს, რომელსაც ევროპაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ვიზა სჭირდება, დიდი არჩევანი არ გაქვს, სად იმუშავებ ან რას ისწავლი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ მომწონს, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ თუ აქ დარჩენა და სწავლა გინდა, ვიზის მისაღებად ან დიდი სახსრები უნდა გქონდეს, ან სოციალურ სფეროში უნდა დაიწყო სწავლა/მუშაობა. ყველაზე დიდი შანსი გაქვს, სასწავლო/სამუშაო ვიზა მოგცენ. მოკლედ, ხუთი თვეა, ვმუშაობ, როგორც პროფესიონალი მედდა.
_ იმავე პროფესიით საქართველოში რატომ არ დასაქმდით?
_ საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან რთულია, იშოვო სამუშაო ადგილი და, მით უმეტეს, რთულია, იშოვო სამსახური კარგი ანაზღაურებითა და კარგი სამუშაო პირობებით.
გარდა ამისა, აქ დავმკვიდრდი, მომწონს აქ ცხოვრება და კმაყოფილი ვარ იმ პირობებით, რომელსაც სამსახური მთავაზობს.
_ რამდენად ბევრი ქართველია იმ სივრცეში, რომელშიც იმყოფებით? ძირითადად, რას საქმიანობენ ისინი?
_ იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან ბევრ ქართველს ვხვდები, მაგრამ ურთიერთობა ცოტასთან მაქვს. ახალჩამოსულები, ძირითადად, ოპერებად მუშაობენ ან სოციალურ წლებს აკეთებენ. ბევრი სხვა, როგორც მე, სოციალურ სივრცეებში მუშაობს. რა თქმა უნდა, არიან სხვა სფეროებში დასაქმებულებიც, მაგრამ მე, პირადად, თითქმის არავის ვიცნობ ასეთს.
_ როგორც ემიგრანტი თქვენი დასაქმების სფეროში რაიმე სახის შეზღუდვას ხომ არ განიცდით?
_ როგორც აღვნიშნე, იმის გამო, რომ ვიზა გვჭირდება, ყველა სფეროში ვერ ვსაქმდებით, რამდენადაც მე ვიცი, იმ მარტივი მიზეზით, რომ გერმანიაში საკმარისი გერმანელია, რომლებიც იმ ადგილებზე იმუშავებენ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნადია. უცხოელებს ვიზას იმ სფეროებში მუშაობისთვის უფრო გვაძლევენ, სადაც მუშახელი აკლიათ. თვითონ სამსახურში არანაირი პრობლემები არ იქმნება. აქ ძალიან ბევრი უცხოელია და ჩვეულებრივი ამბავია, როცა ემიგრანტი ხარ. ყოფილა შემთხვევები, როცა შევსწრებივარ, როგორ ექმნებათ სხვა ემიგრანტებს სამსახურში პრობლემები ენის არცოდნის გამო, მაგრამ ბუნებრივიცაა, როცა ვერ იგებ, რა დავალება გაქვს და არასწორად აკეთებ შენს საქმეს, ან როცა კლიენტს/პაციენტს ინფორმაცია სჭირდება და ვერ აწოდებ იმიტომ, რომ ენა არ იცი, ან შენ თვითონ უნდა იმუშაო საბუთებთან და ვერ ახერხებ, უკმაყოფილო რჩება როგორც დამსაქმებელი, ასევე ის, ვისთანაც მუშაობ, თუმცა ზუსტად ამ მიზეზით ითხოვენ სასწავლებლები და სამუშაო ადგილები ენის მაღალი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
_ როგორც ემიგრანტს, რა სახის ყოველდღიური პრობლემა შეიძლება შეგექმნათ?
_ როგორც ემიგრანტს, რომელიც ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში, პრობლემები არ მექმნება. კანონი ყველას, ემიგრანტსაც და მოქალაქესაც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ერთნაირად გვაჯარიმებს.
_ რამდენად მარტივად გადაადგილდებით (რა სიხშირით) გერმანიიდან თქვენს სამშობლოში?
_ პირველი სამი წლის მანძილზე, სახსრებისა და სურვილის არქონის გამო, არ ვყოფილვარ საქართველოში. იმ სამი წლის განმავლობაში სახსრების გამოძებნა, ალბათ, შეიძლებოდა, თუნდაც ერთხელ რომ ჩავსულიყავი, მაგრამ სიახლეებით, ჩემი დამუკიდებელი ცხოვრებითა და ვიზების გადაგრძელებით, რომლებიც დროსა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ისე ვიყავი გატაცებული, რომ საკმარისად არ მომინდომებია საქართველოში ჩავსულიყავი. სამი წლის შემდეგ წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ მაინც, აუცილებლად ჩავდივარ.
_ გერმანიაში რამე სამომავლო ცვლილებებს თუ გეგმავთ?
_ ძალიან ახლო მომავალში ცვლილებელს არ ვგეგმავ. სამომავლოდ ვაპირებ, სხვა სფეროშიც მივიღო განათლება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, სადაც ახლა ვსაქმიანობ, მაგრამ ჩემი ძირითადი მიზანი მაინც ისაა, რომ განვვითარდე, გავძლიერდე, დამოუკიდებელი გავხდე და საკუთარი ძალებით ვიარო წინ. თუ საკუთარი თავი არ გავიძლიერე, სულ ერთია, რა ცვლილებებს დავგეგმავ, მაინც ვერ განვახორციელებ.
_ სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
_ იცით, ჩემი სული და პიროვნება ნახევრად საქართველოშია, ნახევრად _ გერმანიაში. ძალიან მინდა, ვიყო იქ, ჩემს მიწაზე, ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან, ჩემს ძმისშვილთან. მინდა, ყოველდღე ვხედავდე დედაჩემს და ვეხმარებოდე იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელთაც ხვდება. უბრალოდ, ახლოს ვიყო ჩემს ოჯახთან და ყოველი წუთით დავტკბე, ერთად აღვნიშნოთ დაბადების დღეები, დღესასწაულები. ერთად განვიცადოთ ნებისმიერი სხვა სასიამოვნო თუ სევდიანი შემთხვევები. რაც დრო გადის, სულ უფრო მინდება მათთან ერთად ყოფნა. ამ ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოვთვლი, რამდენჯერ მომინდა უკან დაბრუნება, რამდენჯერ მართლა გადავწყვიტე და დაგეგმვაც კი დავიწყე, როგორ დავბრუნდებოდი და იქ რით დავსაქმდებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მონატრება მტკივნეულია და რეალობა _ არანაკლებ. მე არ მჯერა, რომ იქ ჩავალ და სამსახურს ვიშოვი, რომ ისევ ისეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება მექნება, რომ იქაც ისე დამიცავს კანონი, როგორც აქ, რომ იქ ისეთივე სამედიცინო დახმარებას გამიწევენ, როგორც აქ, რომ იქაც ისე შევძლებ ჩემს ოჯახს დავეხმარო, როგორც აქედან. ასე რომ, მთელი გულითა და მთელი არსებით მინდა საქართველოში ყოფნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში ჯერ ვერ დავბრუნდები. სამომავლოდ, არავინ იცის, რა შეიცვლება და როგორ მოეწყობა ჩვენი ცხოვრება და თუ ვიგრძენი, რომ უნდა დავბრუნდე, აუცილებლად დავბრუნდები.

მარიამ ტიელიძე