“ტვინების გადინება” – პროცესი, რომელიც საქართველოს ემუქრება


ნებისმიერი ქვეყნისთვის წინსვლისა და განვითარების განმსაზღვრელი საკუთარი მოსახლეობაა. უფრო კონკრეტულად _ განათლებული, მოაზროვნე და საინტერესო ადამიანები. ეს არის ის რესურსი, რომლის შენარჩუნებასა და ინტელექტის ხარისხზე ქვეყანამ არც ერთ ეტაპზე უნდა დაიხიოს უკან. თუმცა ისეც ხდება, რომ ეს ადამიანები ტოვებენ საკუთარ სამშობლოს და, განათლების მისაღებად, სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან. საქართველო ერთ-ერთია მსგავს ქვეყნებს შორის. ამ პროცესს „ტვინების გადინება“ ჰქვია, ის ქვეყნიდან მაღალკვალიფიციური კადრების გასვლას გულისხმობს, რასაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.

„ტვინების გადინების“ მასშტაბური პროცესი 80-90-იან წლებში იღებს სათავეს. ამ პრობლემებს, ხსენებულ პერიოდში, ზოგადად, მძიმე სოციალური და პოლიტიკური გარემო განაპირობებდა. ეს იყო დაბალი ხელფასი, უმუშევრობა და ა. შ. „საქსტატის“ მონაცემებით, 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა.
არსებობს „საქართველოს კანონი დასაქმების შესახებ“, რომლის მეორე თავი სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებს შეეხება დასაქმების სფეროში. ამავე თავის მეექვსე მუხლის (სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება) მიხედვით, შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებაში შედის მასობრივი უმუშევრობის თავიდან აცილებისა და დასაქმების პრობლემების მოწესრიგების მიზნით უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია; ასევე, ამავე თავის მეშვიდე მუხლის მიხედვით (საქართველოს მოქალაქის უფლებები) საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს პროფესია და საქმიანობის სახეობა, დამსაქმებელთან უშუალო კონტაქტით მოიძიოს სამუშაო ადგილი, ისარგებლოს დასაქმების კერძო სააგენტოს ან დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მომსახურებით, მიიღოს კონსულტაციები და ინფორმაცია სამუშაოს დაწყების, პროფესიის არჩევის, პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ასევე, მას აქვს უფლება, აირჩიოს სამუშაო ადგილი და დაიწყოს მუშაობა საზღვარგარეთ (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით).
სხვა საკითხია, საქართველოს მაგალითზე რა განაპირობებს ქართველი ახალგაზრდების სწრაფვას საზღვარგარეთ განათლების მისაღებად?
ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით: გამომდინარე იქიდან, რომ ინტელექტუალების მომზადებაში, სხვა საკითხებთან შედარებით, მეტი სახსრები იდება, „ტვინების გადინების“ პროცესი ქვეყნისთვის გრძელვადიან უარყოფით შედეგებს განაპირობებს. ის ორ მოტივს გამოყოფს, რის გამოც ხსენებული პროცესი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე: 1. ქვეყანა გარკვეულ სახსრებს დებს განათლების მიღებისთვის; 2. დაბალია შანსი იმისა, რომ საზღვარგარეთ გასული ინტელექტუალი მოსახლეობა კვლავ თავის სამშობლოში დაბრუნდება. ბატონი სოსო იმ მოტივებზეც საუბრობს, რამაც, შესაძლოა, ქართველ ახალგაზრდებს, განათლების მისაღებად, უცხო ქვეყანაში წასვლის სურვილი გაუჩინოს. პირველ მიზეზად ის ასახელებს, რომ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად მეტი სახსრები იდება. მაგალითად, ევროკავშირთან შედარებით, საქართველოში დაბალი ხარჯებია განათლებაზე. ასევე, საქართველოს გარეთ ქართველი ახალგაზრდები იოლად ახერხებენ მუშაობასა და კარიერის აწყობას, რაც მათში მოტივაციას აჩენს.
მარიამ ლეკიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს. მონაწილეობა მიიღო Erasmus+-პროგრამაში. სწორედ მის ფარგლებში გერმანიაში, ვიადრინას უნივერსიტეტში იმყოფებოდა სასწავლებლად. ძირითადი განსხვავება საქართველოსა და გერმანიაში სწავლების მეთოდებს შორის არის ის, რომ გერმანელები საკუთარი შეხედულებების წინა პლანზე წამოწევას, ანალიზსა და კრიტიკას ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება პროფესიით დასაქმების საკითხს, მარიამის თქმით, გერმანიის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც სწავლების ყველა საფეხურს დაამთავრებ, სავალდებულოა, პრაქტიკულები ან ერთი სემესტრით საზღვარგარეთ წასვლა (გაცვლითი პროგრამით). გამომდინარე აქედან, მარიამის შეფასებით, მათთვის დასაქმება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
მარიამისგან განსხვავებით, ნინო ზარიძეს არ სურს სხვა ქვეყანაში განათლების მიღება. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ნინოს შეფასებით, არ არის სწორი ის აზრი, რომ თუ ახალგაზრდები საზღვარგარეთ წავლენ, სამომავლოდ მეტი პერსპექტივა ექნებათ. მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან გასვლას ისურვებდა (მხოლოდ რამდენიმე თვით), არის ინგლისური ენის შესწავლა.
ფილოლოგი და თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი (სერტიფიცირებული) მასწავლებელი, მაცაცო მაღრაძე, საქართველოში განათლების მიღების შესახებ საუბრობს: „ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობის დონე სასურველ სიმაღლეზე ნამდვილად არ არის. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ ყოვლისა, მოუწესრიგებელი სასწავლო გარემო და სასკოლო ინფრასტრუქტურა. უფროსი თაობის მასწავლებლები, ხშირად, ჩვენს გამოცდილებას პრეროგატივად მივიჩნევთ და ნაკლებად ვცდილობთ, დროს ფეხი ავუწყოთ“. როგორც ქალბატონი მაცაცო ამბობს, თავისი სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი სასწავლებლად გერმანიაში წავიდა და მათი მცირე ნაწილი დაბრუნდა უკან, თუმცა მათ არ აქვთ საკუთარი ცოდნის შესაბამისი სახელმწიფო სამსახური. მისივე თქმით, მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც უცხოეთში დარჩა, წარმატებულია სხვადასხვა სფეროში.
საქართველოში „ტვინების გადინების“ მასობრივ პროცესებს შესაბამისი მიმართულებით აფასებს ფსიქოლოგი მაია კალანდარიშვილიც. ის ახალგაზრდებში ქვეყნიდან გასვლის ტენდენციურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდებში მოდის აყოლა იყოს. სხვა შესაძლო მიზეზები, გარდა უმუშევრობისა და დაბალი ხელფასისა, ქალბატონი მაიას შეფასებით, არის ის, რომ სამუშაო ადგილებსა და, ზოგადად, საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანთა უფლებები.
„ტვინების გადინების“ აქტიური პროცესი საქართველოსთვის, ნებისმიერ დონეზე, პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის ეს პრობლემაა, რადგან ქვეყანას უამრავი პროფესიონალი კადრი აკლდება. საკუთარ სამშობლოში დარჩენა და პირადი რესურსების აქ გამოყენება, საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის წინსვლის გარანტიაა. მოქალაქეებთან მიმართებით, მათი ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, ისინი წყდებიან სამშობლოსა და მშობლიურ გარემოს. საჭიროა, ქვეყანამ დროულად შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის გეგმები და მათი მოგვარების ეფექტიანი გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების სისტემური გადინება წამგებიანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის.

მარიამ ტიელიძე