უანგარო პედაგოგის უმნიშვნელოვანესი მისია

რამდენიმე კვირის წინ გაზეთში სტატია გამოვაქვეყნეთ სოციალურად დაუცველ ოსეფაიშვილების ოჯახზე, სადაც ოთხი შვილიდან ერთი აბიტურიენტი გახლავთ. ამის შემდეგ ერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ აბიტურიენტ ახალგაზრდას უსასყიდლოდ მოამზადებდა ქიმიასა და მათემატიკაში (ყველა დანარჩენ საგანშიც ინგლისური ენის გარდა). ჩვენ ეს კეთილი მასწავლებელი ოჯახს დავაკავშირეთ და უკვე XII კლასელი გიგი ოსეფაიშვილი და ქველმოქმედი მასწავლებელი ზაზა ტოტოჩავა ხელახლა გადიან მთელ პროგრამას და წარმატებით მიიწევენ უმაღლესი სასწავლებლისკენ.

დღეს სწორედ იმ ადამიანზე მოგიყვებით, რომელმაც უსასყიდლოდ გადაწყვიტა ახალგაზრდის დახმარება!
ზაზა ტოტოჩავა მათემატიკისა და ქიმიის მასწავლებელია, წარმოშობით გურიიდან გახლავთ. იგი ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოსის, 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე კოტე ტოტოჩავას შვილია და როგორც ამბობს, მამის სახელს განსაკუთრებით უფრთხილდება! თავად მარნეულში, მე-2 საჯარო სკოლაში ასწავლის. ბავშვებთან მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს და აბიტურიენტებსაც ამზადებს როგორც ქიმიაში, ისე მათემატიკაში. ყველაფერთან ერთად კარგად გამოჩნდა, რომ ადამიანების სატკივარი გულთან ახლოს მიაქვს და მათ დახმარებას ცდილობს.

დღევანდელი პერსონა ზაზა ტოტოჩავა გახლავთ, რომელიც საკუთარ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე გვიყვება:
_ რატომ დაინტერესდით ოსეფაიშვილების ოჯახით და რატომ გადაწყვიტეთ მათი დახმარება?
_ პირველ რიგში, მისი სოციალური მდგომარეობით დავინტერესდი. ბავშვი XII კლასელია და ფულადი სახსრები არ გააჩნია, რომ იმეცადინოს! ვიფიქრე, შევეხმიანები და ვნახავ, როგორ მიმიღებენ. რადგანაც ამდენი წელია აბიტურიენტები მყავს, ვიცი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების პრინციპი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი მისია შემესრულებინა.
_ გიგისთან რა მდგომარეობაა ახლა?
_ პირველად რომ შევხვდით, ჩვენ შორის ბარიერი იყო. აინტერესებდა, თუ ვინ ვიყავი, რა მიზნით დამებადა დახმარების სურვილი. პირველი ნახევარი საათი ჩვენ შორის ბევრი კითხვის ნიშანი იყო, თუმცა ავუხსენი, რომ ჩემი სურვილით მოვედი და თუ თავად მეტყოდა უარს, მეცადინეობას აღარ დავაძალებდი, მაგრამ თუ დაინახავდა, რომ მისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა, მაშინ გაიგებდა, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. თან ფინანსური და ყოფითი პრობლემები აქვს და ხელს უშლის სწავლაში…
მერე დედამისმა დამირეკა და მითხრა, თქვენ ჩვენთვის აღმოჩენა და ღმერთი ხართო. არა მგონია, ვინმემ გაზეთიდან გადაწყვიტოს სხვისი ასეთი საქმით დახმარებაო.
მე და გიგიმ სულ თავიდან დავიწყეთ _ ყველა მასალას ხელახლა გავდივართ. თუ გამომყვება, ეს დანარჩენი პერიოდიც, ყველაზე მცირე, გამსვლელ ქულას მიიღებს ეროვნულ გამოცდებზე და ესეც ძალიან დიდი რამეა მისთვის.
_ თქვენზე რომ ვისაუბროთ, თავის დროზე, რატომ დაინტერესდით ქიმიით?
_ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მსურდა, თეთრ ხალათს ძალიან ვაფასებდი, თუმცა შემდეგ დავინახე, ამ სფეროში ცოტა რთული იყო დამკვიდრება, ამიტომ გადავწყვიტე, ქიმიურზე ჩამებარებინა. ეს საგანი და მათემატიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში 5 წელი ვისწავლე, იქ დიდხანს ვმუშაობდი და 1991 წლიდან, როცა მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებულ მოსახლეობაში პედაგოგები სჭირდებოდათ, მარნეულში გადავწყვიტე წასვლა და დღეს ჩემს თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ ამ საქმის მონა-მორჩილი ვარ.
_ რა სირთულეები შეგხვდათ ცხოვრებაში?
_ 2007 წელს სკოლის დირექტორების კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ძალიან მაღალი ქულაც ავიღე, მაგრამ კომისიამ დამიწუნა და მითხრა, _ შენ უმაღლეს სასწავლებელშიც მუშაობ და სკოლის დირექტორობა მიუღებელი იქნებაო. მე ტექნიკურ უნივერსიტეტს არ დავტოვებდი და ასე მივანებე თავი.
ყოველთვის მინდა, რომ ჩაფიქრებული ავისრულო და ჩემი მისია _ ვიცხოვრო, ვიმუშაო, ვიაზროვნო და სიკეთით მქონდეს ურთიერთობა _ ეს ავასრულო. მინდა, ადამიანებს დავანახვო, რომ ფარისეველი არ ვარ, ჩემში არის ძალა, რომელსაც შეგიძლია მიენდო და დაეყრდნო. დედა პედაგოგი მყავდა, მამა _ მეცნიერი, მეუღლეც პედაგოგია.
_ როგორია მუშაობა ბავშვებთან რომელთაც არა მხოლოდ საგანს, არამედ ცხოვრებასაც ასწავლით?
_ მოსწავლესთან ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო დამრიგებელი, მერე მასწავლებელი. 27 წელია ვმუშაობ და ჩემი სიმკაცრე, შური, ღვარძლი ბოროტება არავის ახსოვს, პირიქით, თუ ბავშვში ცოდნის, კულტურისა და განათლების მარცვალი დავინახე, მის სასაკეთოდ დავთესავ ამას, რომ წლის ბოლოს თვითონ ბავშვმა ნახოს იგი.
ჩემი მოსწავლეებიდან ვინც უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო სწავლა, ისინი დღესაც ურთიერთობენ ჩემთან, ნებისმიერ რამეში ვეხმარები.
დღეს ვმუშაობ არაქართულ, აზერბაიჯანის ცნობილ დასახლებაში, მაგრამ, საბედნიეროდ, სვანების, აჭარლების ჩამოსახლებამ ის მოგვცა, რომ რაიონში ქართული სისხლი ჩქეფს. ქართულ ენასაც ძალიან დიდი გაქანება აქვს და მოსწავლეებიც ამბობენ, რომ ქართული ენის გარეშე ფონს ვერ გავლენ.
ვამაყობ, რომ სუფთა საქმეს ვემსახურები.
ჩვენი სკოლა ძალიან დიდია, 1300-მდე მოსწავლე გვყავს, რაც მისი დირექტორის, შორენა ხუხუას დამსახურებაა. ფართის სიმცირის გამო შეჭრილი ცვლები გვაქვს. პედაგოგთა უმრავლესობა აზერბაიჯანელია, მაგრამ ქართულ სექტორზე ყველა საგანს ქართველები წარმართავენ. უკვე აზერბაიჯანელმა მასწავლებლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ გადამზადება გაიარონ და ქართულ სექტორზე მოხვდნენ, აქ ასწავლონ.
_ ყველაზე ობიექტურად ვინ გიფასებთ შრომას?
_ კოლეგები და ბავშვები. ბავშვმა იცის, რომ მე მას შეფასებას არ დავაკლებ, პირიქით! თვითონ შეიძლება აღიქვას, რომ არ იმსახურებდა მაღალ შეფასებას, მაგრამ შემდეგ მეცადინეობაზე ის უკვე ამ პასუხისმგებლობას იგრძნობს.
_ ვისთვის არ გენანებათ რაიმე?
_ ბავშვისთვის და ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით 84 წლის დედისთვის, ჩემი შვილისთვის, რომელიც ახლა 23 წლისაა და ცოტა ხნის წინათ დაოჯახდა.
_ საქმის კეთების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თქვენთვის?
_ შედეგი, რომლითაც სხვა იქნება კმაყოფილი, მანამდე კი ურთიერთგაგება და პასუხისმგებლობა.
_ ადამიანში რას აფასებთ?
_ გულახდილობას, არ მიყვარს თვალთმაქცობა, ორპირობა და რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, შური და ღალატი. მოღალატე თვითონ უნდა მიხვდეს, რომ იგი, პირველ რიგში, საკუთარ თავს მტრობს და სხვასაც ჭაობში ძირავს.
_ რაიმე გადაწყვეტილებას თუ ნანობთ?
_ ჯერჯერობით, არა. როცა მარნეულში დავიწყე მუშაობა, ბევრჯერ ღამე მატარებელშიც გამითენებია, მაგრამ ოჯახში ვთქვი, რადგან დავიწყე, ბოლომდე მივყები-მეთქი. ჩემმა ახალგაზრდობამ, ფაქტობრივად, მარნეულში გაიარა და ბედნიერი ვარ, როცა ყველა მეუბნება, რომ 58 წელი არ მეტყობა.
_ რა გაღიზიანებთ?
_ თუ მივხვდები, რომ სხვას ჩემთვის რაღაც ცუდის, ვერაგის გაკეთება და მოტყუება უნდა.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
_ ვკითხულობ პრესას, ვეცნობი საინფორმაციო გადაცემებს და დავდივარ ბაზარში, რათა ოჯახი მოვამარაგო და ჩემი ხელი დავატყო _ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი!
_ მაქსიმალისტი ხართ?
_ ვცდილობ და ვახერხებ. მინდა, მცირე სიკეთე დავთესო და ნაყოფიც მოვიმკა.
_ რას გაძლევთ ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ იმედს, რომ ძალა და ენერგია მექნება, რათა ოჯახის წვერებთან დიდხანს ვიყო და ჩემი მისია, პედაგოგობა, პირნათლად შევასრულო. სულ იმას ვფიქრობ, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდე, გაკვეთილი პირნათლად ჩავატარო, არც ბავშვი და არც კოლეგა გავანაწყენო. შემდეგ, ასევე, მშვიდად წამოვიდე სახლში, დიდი გზა მაქვს გასავლელი.
_ რაზე ოცნებობთ?
_ აუცილებლად, როგორც ყველა ქართველი პატრიოტი, მშვიდობიან საქართველოზე. თუნდაც, ძველი პერიოდის საქართველოზე, სადაც შური, ღვარძლი, ბოროტება არ იყო. მეზობლობა, კოლეგიალობა ფასობდა. ძალიან კარგი ის იყო, რომ ეზოსა და ქუჩას დიდი პლუსი ჰქონდა. სამწუხაროდ, ახლა ამან ფასი დაკარგა!
_ როგორ გგონიათ, ვინმეს ჰგავხართ?
_ ძალიან მინდა „დიდოსტატის მარჯვენადან“ გიორგი III-ს დავემსგავსო იმ მხრივ, რომ ის იყო პატრიოტი, საქმის დამწყები და ბოლომდე მიმყვანი.
ზოგადად, ლიტერატურას ძალიან ვაფასებ! როცა ვკთხულობ, პერსონაჟში დადებითსა და უარყოფითს ვეძებ, მერე როგორ მიჰყვა ეს თვისება მას ბოლომდე ან როგორ იქცა უარყოფითი დადებითად.
_ მისაბაძი მაგალითი თუ გყავთ?
_ მამა, რომლის სახელს ვუფრთხილდები და ამიტომაა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი პლეადა კეთილადაა განწყობილი ჩემდამი.
_ დღეს რა პრობლემას ხედავთ თქვენი მოღვაწეობის სფეროში?
_ სახელმძღვანელოებს. ადრე წიგნს თავისი აღმზრდელობითი, დიდაქტიკური და საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა იგი მოცულობით გაიზარდა, მაგრამ არ წერია ის, რაც საგნის შესასწავლად, მისი სიყვარულისა და პედაგოგის სიყვარულისთვისაა საჭირო. გადატვირთულია ბევრი უმისამართო და გაუგებარი ტერმინოლოგიით, ლექსიკონი ძნელად აღსაქმელია ბავშვებისთვის და, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალიან მძიმე წიგნებია _ 3,5 კილომდე იწონის და რთულია მათი ტარება, მერე მშობლისთვის გასაგებია, თუ რატომ აქვს ბავშვს ხერხემლის და სხვა პრობლემები.
გარდა ამისა, ერთ საგანში 3-4 სახეობისა და სხვადასხვა ავტორის წიგნია, გამოცდები კი ერთ-ერთი ავტორის წიგნით ბარდება.
_ როგორ შეიძლება, ეს პრობლემა მოვაგვაროთ?
_ სამინისტროში ჯგუფი უნდა შეიქმნას, ან ავტორები გაერთიანდნენ, რომ ყველამ თავისი საკითხი წარმოაჩინოს, დაალაგოს და იმით შეიქმნას ერთი სახელმძღვანელო ანდაც პედაგოგთა დახელოვნების სკოლა უნდა გაიხსნას.
_ რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორები ბავშვის ცხოვრებაში?
_ ძალიან დიდი გავლენა აქვს ოჯახს, მან არ უნდა აიძულოს ბავშვი, რომ რადგან მისი მეგობარი სტუდენტია, თავადაც იგივე გააკეთოს. მშობლებმა ყველაზე კარგად იციან, როგორია მათი შვილი, რა უნარს ფლობს იგი. მარნეულში სამი შესანიშნავი კოლეჯია, სადაც გოგონებიც მრავლად სწავლობენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც მართლა გულით და სულით უნდა სტუდენტობა, მაგრამ ოჯახური ან ფინანსური ფაქტორი მოქმედებს. ყოველთვის ვცდილობ, მათ დავეხმარო.
_ რა არის თქვენთვის ის საქმე, რასაც აკეთებთ?
_ მისია, რომელსაც ვემსახურები. მომავალი თაობა მომავალი ცხოვრების მშენებელია. ექიმმა თუ ბიოლოგია, ანატომია, ჰისტოლოგია ან ქიმიკოსმა ორგანული და არაორგანული ქიმია არ ისწავლა, თუ მშენებელმა სამშენებლო კონსტრუქციების კლასიფიკაცია ზუსტად არ ისწავლა, მაშინ არაფერი გამოგვივა!
_ რისთვის იბრძვით საბოლოო ჯამში?
_ მოსწავლე-ახალგაზრდობის სიყვარულის, განათლებისა და თბილი დამოკიდებულებისთვის. ეს არის ჩემი კრედო სახლიდან გამოსვლის წინ. ქუჩაში (განსაკუთრებით მარნეულში) თავაწეული დავდივარ, რადგან ყველამ იცის, როგორი ვარ სულიერად, როგორც პედაგოგი. ზოგი ახლანდელი ჩემი მოსწავლის მშობელი ჩემი ყოფილი მოსწავლეა. ისინი რომ უხსნიან შვილებს, როგორ მოიქცნენ ზაზასთან, რომ პირველ რიგში მეგობრები უნდა იყვნენ, ეს არის ჩემთვის მთავარი. ისევ და ისევ, მომავალი თაობის განათლებას ვემსახურები და იმედი მაქვს, 20-30 წლის მერე ჩემი წვლილიც იქნება ამ თაობის განვითარებაში.
_ გაქვთ პრინციპი, რომელსაც არ ღალატობთ?
_ ვერასდროს ვუღალატებ ადამიანს, როცა იგი დახმარებას მთხოვს. მინდა, გვერდით დავუდგე და ბოლომდე ასე იყოს. გიგის ჩემი სურვილით ამოვუდექი გვერდით და ახლა რომ უარი ვუთხრა, საკუთარ თავშიც დიდ უნდობლობას დავინახავ და ღალატს ოჯახის მიმართ. ეს არ მოხდება!
_ რომ არა ის, ვინც ხართ, ვინ იქნებოდით?
_ ალბათ, ისევ ექიმი და დღესაც არ ვნანობ, რომ პედაგოგობას ვემსახურები.
_ ვინ არის ზაზა ტოტოჩავა?
_ პიროვნება, რომელსაც შეიძლება ენდო, დაეყრდნო, არასდროს გიღალატებს და შენც ვერ უღალატებ.
_ რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად?
_ როგორ მივაღწიო წარმატებას სამსახურში, ცხოვრებაში, ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე, დედის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ ის მისია, რასაც მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვა ჰქვია, მინიმალურად მაინც შევასრულო.
_ ვისი იმედი გაქვთ ცხოვრებაში?
_ საყრდენი ჩემი თავია, ცოდნა, კულტურა და, რა თქმა უნდა, საკუთარი ოჯახი, ჩემი დის ოჯახი, რომელიც ჩემი დიდი კონსულტანტია.
_ როგორ გგონიათ, ყველა ადამიანს აქვს მისია?
_ მგონია, რომ ამ ცნებას ხალხი სწორად ვერ აღიქვამს. რაღაცას რომ დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიჰყვე, არ გადაუხვიო იმ გზას, თორემ ის მისია იკარგება.
_ საყვარელი გამონათქვამი თუ გაქვთ?
_ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
_ განსაკუთრებული მოსწავლე თუ გყავთ?
_ ბევრია ასეთი, მაგრამ ახლა ძალიან კარგია მე-8 კლასელი მაია ახიევა, რომელიც ნებისმიერ გაკვეთილზე რომ გამოიძახო, ყოველთვის მომზადებულია და ისიც ერთი და იგივე შფასებით.
_ რას ურჩევთ იმ გოგონებს მარნეულში, რომლებიც ადრე თხოვდებიან?
_ მე მათ ცხოვრებაში, ისევ და ისევ, დამრიგებლის როლი მაქვს: რომ გაიაზრონ, თუ რა უნდა შექმნან ცხოვრებაში, რა სჯობს, საით წაიყვანონ თავიანთი საქმე და რით იყვნენ სულიერად კმაყოფილები, რათა იცოდნენ, რომ მათ ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია.
_ რა არის თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ ვიყოთ გულახდილები, მეგობრულები, პედაგოგის მისიაა მომავალი თაობის განათლება, მათი ზნეობრივად და მორალურად აღზრდა! „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი!“ _ ეს ყველამ იცოდეს. მეც უკვე, ალბათ, 1000-ზე მეტი ბავშვის მშობელი ვარ და ყველა მათგანი ჩემთვის საინტერესო წიგნის ფურცლებივითაა.

ზაზა ტოტოჩავა კვლავ აგრძელებს ბავშვებისთვის განათლების მიცემას, მათ დარიგებასა და სიკეთის თესვას. იგი ის კეთილი მასწავლებელია, რომელიც საკუთარ მისიას პირნათლად ასრულებს!

ნინო ტაბაღუა