საკვირაო სკოლები ბაღდათისა და ზესტაფონის 12 თემში

სკოლა და სასკოლო პერიოდი ყოველთვის დასამახსოვრებელია. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები თითო ცხოვრებისეულ ნაბიჯს ყოველდღე დგამენ წინ. ბავშვების გასააქტიურებლად აქ არასამთავრობო ორგანიზაცია „youth2georgia“ მუშაობს.
ორგანიზაცია „worldvision“-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ფუნქციონირებს. 110 ქვეყანას შორის საქართველოცაა, უფრო კონკრეტულად: იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და თბილისი.

სწორედ ეს არის ის ორგანიზაცია, რომლის გრანტის ფარგლებშიც „youth2georgia“ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობს მათ განსავითარებლად… ის 2013 წელს დაფუძნდა.
იაკო თედორაძე _ „youth2georgia“-ს დამფუძნებელი: „ორგანიზაცია მიმართულია, ახალგაზრდებს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის სათანადო გარემო შეუქმნას, კრიტიკული აზროვნება განუვითაროს და საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები ასწავლოს, სოფლის ახალგაზრდებს კი ყოველთვის აკლიათ ამ კუთხით ზრდა-განვითარება, არადა, მათში ამოუწურავი რესურსი იმალება“. ორგანიზაცია სამომავლოდ დამატებით გრანტებსა და დონორებზე მუშაობას გეგმავს, რომ მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს მათ გვერდით ყოფნა.
ოთხი youthworker-ი ბაღდათისა და ზესტაფონის 12 თემში მუშაობს. 12 სკოლიდან თითოს სამში უწევს თანამშრომლობა. 12-დან 9 ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, 3 კი _ ზესტაფონს. „worldvision“-ის ხელშეწყობით ამ სკოლებში „საკვირაო სკოლა“ მოქმედებს. ეს ის სკოლაა, სადაც ბავშვებს ხელსაქმეს ასწავლიან. ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის შემდეგ მიზანი ერთია _ დაემხმარონ გაჭირვებულებს, მათ, ვისაც ხელის შეწყობა სჭირდება.
youthworker-ები ის ადამიანები არიან, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს პროექტების წერაში ატრენინგებენ. პროექტებს ისინი პრობლემური, აქტუალური და გასართობი მიმართულებით წერენ. დაწერილ პროექტს ბავშვები, youthworker-ებთან ერთად, არედაქტირებენ და ყველა ერთად გეგმავს ღონისძიების თარიღს, მოწვეულ სტუმრებს, სურვილებსა და მიზნებს. ფინანსდება ყველა პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების განვითარებაა.
გივი ბერაძე ოთხიდან ერთ-ერთი youthworker-ია. ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან ის სხვადასხვა სტატუსით ემსახურება მას. youthworker-ად ის ორწელიწადნახევარია, მუშაობს. გივის გარდა კიდევ 3 youthworker-ია _ 12 სკოლიდან თითოს 3 სკოლის მეთვალყურეობა უწევს. მათ მოვალეობაში შედის როგორც ბავშვების დატრენინგება, ისე ღონისძიებებზე დაკვირვება, მეთვალყურეობა, მონიტორინგი და შეფასება. „ჩვენ, უპირველესად, ღონისძიებებში გაცნობიერებულები უნდა ვიყოთ, რომ მოსწავლეებს ვურჩიოთ და კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს“. როგორც გივი ამბობს, ის აქ არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობს. ორგანიზაციას 4 მიმართულება აქვს: ჯანდაცვა, ბავშვთა დაცვა, ეკოლოგია და ადვოკატირება. გივი ადვოკატირებას სწორედ იმიტომ გამოყოფს, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი ბავშვების ჩართვით ხდება.
ორ კვირაში ერთხელ ისინი სესიებსა და სემინარებს ატარებენ. ასევე, ბავშვები ყოველდღიურად იკრიბებიან დამოუკიდებლად და ღონისძიებებს გეგმავენ. სამომავლო გეგმებზე გივი „ქრონიკა+“-ს პასუხობს: „იმ სკოლების რაოდენობის გაფართოებას ვგეგმავთ, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია მოიცავს. შედეგად _ მეტ ბავშვთან ურთიერთობა და მუშაობა“. კიდევ 3-4 სკოლაა, რომელსაც, ჯერჯერობით, ბიუჯეტის უკმარისობის გამო, ვერ მოიცავენ.
როგორ ახერხებენ ბავშვები პროექტის დაფინანსებას? ეს მარტივი პროცესი არ არის. მოსწავლეები ყველაფერს დეტალურად წერენ: პროექტს, ბიუჯეტს ისე, რომ კითხვის ნიშანი არ დაისვას. „პროექტის დაცვის დღე“ მათთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დღეს ღონისძიების ინიციატორი ორი მოსწავლე პროექტს წარადგენს. ანალიზის შემდეგ ის ფინანსდება. ზუსტად ამ ბავშვების ძალისხმევით სკოლებში ბიბლიოთეკებისა და ლაბორატორიების კეთილმოწყობა მოხერხდა.
სკოლების მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ამ მიმართულებით ბავშვები ყველა სპორტულ მიმდინარეობას მისდევენ, გარდა რაგბისა და ჭიდაობისა, ტრავმებისა და დაზიანების გამო. ობჩის მეორე სკოლაში გოგონებმა ცოტა ხნის წინ საფეხბურთო ჩემპიონატიც გამართეს. სპორტული მიმართულებით ხანდახან სამი-ოთხი სკოლაც იკრიბება და ერთმანეთს ეჯიბრება.
youth2georgia“-ს ბავშვების ინტერესები ჯანდაცვის სფეროსაც მოიცავს. „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევების“ ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები ქუჩებში აგიტაციებს მართავენ. ინფორმაციული სახის გამოსვლები ნაადრევი ქორწინების პრობლემასაც შეეხო. თემა იმერეთის საზღვრებსაც გასცდა და ბავშვებმა დედაქალაქშიც ჩაატარეს პრეზენტაციები. ბაღდათისა და ზესტაფონის სკოლების მოსწავლეები ასწავლიან მთელ თემს, სხვა ბავშვებს და უფროსებისთვისაც ინფორმაციულები არიან.
ჯუბა თავხელიძე იმ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა, რომელიც „youth2georgia“-ის ფარგლებში აქტიურობს. ის ორგანიზაციაში ადვოკატირების კუთხით მუშაობს, რაც მათი თემის პრობლემების ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიტანასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან განხილვას გულისხმობს. „ვფიქრობ, რომ თუ მომავალში შემეძლება, თავს კონკურენტუნარიანი ვუწოდო, ეს, უპირველესად, „youth2georgia“-ს დამსახურება იქნება“.
მათთვის გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, _ ყურადღების მიღმა არც ერთი თარიღი რჩება, რომელიც ეკოლოგიასა და დედამიწას უკავშირდება. ასუფთავებენ, უფრთხილდებიან, სწავლობენ, ვითარდებიან, ივსებიან, იზრდებიან…
ორგანიზაციის ფარგლებში ახალგაზრდული დებატკლუბის არსებობა ჯუბას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. სურვილისა და მოტივაციის მიხედვით ამ კლუბში სკოლის მოსწავლეები ერთიანდებიან: დებატობენ, ჯერ ადგილობრივ დონეზე, შემდეგ კი სკოლებს შორის ჩემპიონატებიც იმართება. სცდებიან ბაღდათსა და ზესტაფონს და ქუთაისში გადიან. ასევე ეჯიბრებიან სტუდენტებსაც. მათი უახლესი წარმატება საქართველოში მიმდინარე ჩემპიონატია. მონაწილე 64 გუნდიდან ბავშვები რჩეულ 8 გუნდში მოხვდნენ და ახლა მეოთხედფინალში იბრძვიან.
ანა ეგუტიძე ორი წელია, რაც სასკოლო კლუბის ლიდერია: „მაქვს პასუხისმგებლობები, რომელიც უამრავ უნარს მივითარებს. არსებულ პრობლემებზე მიზანი უნდა დავისახოთ და კვლევები ჩავატაროთ. ეს ჩვენი ასაკისთვის გამოცდილებაა _ აღმოაჩინო პრობლემა, შეიმუშაო მიზანი, განსაზღვრო აქტივობისთვის რესურსები, მოიძიო ისინი, შეხვდე გამგეობის, სკოლის დირექციის, ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გახვიდე შედეგზე და მიაღწიო მიზანს“. ანა ბანაკებსა და ფორუმებზეც საუბრობს. აქ მან უამრავი ადამიანი შეიძინა და ბევრი რამეს ისწავლა. განუვითარდა ლიდერის უნარ-ჩვევები, გახდა მეტად კომუნიკაბელური, პუნქტუალური, გამოცდილი და თამამი.
ყოველი წლის ბოლოს კლუბის წევრი ბავშვები სესიებისა და სემინარების მოსმენით შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ.
youth2georgia“-ს ბავშვები ყოველდღიურად ეძებენ განვითარებისა და წინსვლის გზებს, ძლევენ წინააღმდეგობებს, ეჩვევიან თანამშრომლობას და უფრო კომუნიკაბელურები ხდებიან. ორგანაცია გეგმავს, მეტი სკოლა მოიცვას და მეტ ბავშვს დაუდგეს გვერდით; დაეხმაროს მათ ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთობაში სამყაროს შესაცნობად.

მარიამ ტიელიძე