მერი – კაბინეტში შეკეტილი, ხალხი – უკმაყოფილო, კანონი – არეული

„საჯრო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ ვინაა საჯარო მოსამსახურე. კერძოდ, საჯარო მოსამსახურედ მიიჩნევა პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისთვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სწორედ ასეთი საჯარო მოხელეები იყვნენ მერისა და გამგებლის წარმომადგენლები სოფლებსა თუ ქალაქის რომელიმე ადმინისტრაციულ ზონაში. ყველა საჯარო მოხელეს, თავის დროზე, გამოცდაც ჩააბარებინეს და გასაუბრებაც გაიარეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი პროფესიული საჯარო მოხელეები იყვნენ და უვადოდ დაინიშნენ.
თუმცა, რატომღაც, ადგილობრივ არჩევნებამდე, სულ რაღაც, 3 თვით ადრე საქართველოში მასობრივად დაიწყო გამგებლისა და მერის რწმუნებულების ხელშეკრულებით გადაყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი გარკვეული დროით ჰყავდათ და მერისა თუ გამგებლის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი მერი თავად გადაწყვეტდა, უნდა მიეღო თუ არა ისინი კვლავ ხელშეკრულებით.
2017 წლის ივლისში ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო სექტორის კრიტიკა მოჰყვა. მაშინ არასამთავრობო სექტორი პროცესებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებდა, კერძოდ კი
2017 წლის ივლისში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტებში დასაქმებული, კონკურსგავლილი საჯარო მოხელეების ხელშეკრულებებზე გადაყვანა მასობრივად დაიწყეს. ეს პროცესი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლებისა და მერების წარმომადგენლებს (ე. წ. სოფლის რწმუნებულებს), მრჩევლებსა და თანაშემწეებს შეეხო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მას შემდეგ მიიღეს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადა მოახლოვდა და, ამ კანონის 125-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების სამართლებრივი სტატუსი საჯარო მოსამსახურის სახეების შესაბამისად უნდა განესაზღვრათ.
როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაცია საჯარო სამსახურის ბიურომ ისე გასცა, არც გახსენებია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10%-ს“. აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ მუნიციპალიტეტები დილემის წინაშე დადგნენ, ვინაიდან, ამ ადამიანების ხელშეკრულებით აყვანით, კოდექსით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებენ. თუმცა გამოსავალი აქაც მოინახა და საქართველოს პარლამენტმა სახელდახელოდ კენჭი უყარა ცვლილებების პროექტს, რომლითაც 6 თვით – 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე ამ 10%-იანი ლიმიტის მოქმედება შეაჩერა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 125-ე მუხლზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ახალი საშტატო ნუსხები დაამტკიცეს, რომლებშიც გამგებლებისა და მერების წარმომადგენლები, მრჩევლები და თანაშემწეები აღარ არიან. მათ შრომითი ხელშეკრულებები 1-ლი ივლისიდან გაუფორმდებათ. არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, ისევე როგორც მრჩევლებსა და თანაშემწეებს, გამგებელი/მერი საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა ნიშნავდეს, ვინაიდან მას წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში ეხმარება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მკაფიოდ არ განმარტავს, თუ ვინ შეიძლება იყოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ჩანაწერი ძალიან ზოგადია: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ჩაითვლება ის პირი, „რომელსაც, საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის/მერის წარმომადგენელი ადგილობრივი პრობლემატიკის შესწავლასა და მუნიციპალიტეტის პირველ პირთან საკითხების მიტანას უზრუნველყოფს. ამიტომაც რატომ ჩაითვალა, რომ გამგებლის წარმომადგენლები არამუდმივ ამოცანას ასრულებენ, ან რატომ არიან ისინი დამხმარე მოსამსახურეები, ერთობ გაუგებარია და, სამწუხაროდ, ამას არც არავინ განმარტავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, გამგებელი/მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. ის წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას. შესაბამისად, გამგებლები და მერები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს, ნიშნავენ. იმის თქმა, რომ ეს ადამიანები არამუდმივ და დამხმარე სამუშაოს ასრულებენ, ამ არგუმენტის მქონეთა მხრიდან კანონის არცოდნაზე მიუთითებს.
კოდექსის 156-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით უკვე 2018 წლის 1-ლი იანვრიდან კვლავ საჯარო მოხელეებად გამოცხადდნენ სოფლის წარმომადგენლები თუ მერის მრჩევლები, თუმცა მათ უკვე სპეციალურ მუნიციპალიტეტში არსებულ კომისიაში უნდა გაიარონ გასაუბრება, ანუ ისევ გამოცდა, უფრო სწორად, ისევ საქმის ჩაწყობა…
ე. ი. საჯარო სამსახურის ბიურომ და პარლამენტის დროებითმა ცვლილებამ ხელი შეუწყო შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულ მერს თავის ჭკუაზე მიეღო ან გაეგდო კონკურსგავლილი საჯარო სამართლის სპეციალისტი. სწორედ ასეთი სურათი მიიღო თელავის მუნიციპალიტეტმა. მუნიციპალიტეტის ე. წ. კომისიამ აღარ დააკმაყოფილა სოფლების: აკურის, რუისპირის, იყალთოს, კურდღელაურის რწმუნებულები, ასევე აღარ დაასაქმა გამგებლის მრჩეველიც. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოფელ კურდღელაურის მოსახლეობის მღელვარებაც მოყვა: „დააბრუნეთ გურამ ბახურაული სოფელ კურდღელაურის რწმუნებულად!“ _ ამ მოთხოვნით თელავის სოფელ კურდღელაურის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივები გურამ ბახურაულის განთავისუფლებას აპროტესტებენ და თელავის მერს ურჩევენ, მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
„ამ კაცის დამსახურებაა, რომ სოფელში ათასი პრობლემა მოგვარდა. მისი ძალისხმევით დაიგო გზები, გაკეთდა ამბულატორია და სხვ. დღეს ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამისთვის 400-კაციანი ხელმოწერა მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ, თუმცა თელავის მერი დღეს არ ჩამოვიდა. ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი: რატომ გაათავისუფლეს კვალიფიციური კადრი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში სოფელში ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა?!“ _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
„არ ვიცი, რად მათავისუფლებენ, არც ერთხელ არ მქონია შენიშვნაც კი. მრავალი წლის მანძილზე ვემსახურები სოფელს და მას სჯერა ჩემი, მაგრამ, ალბათ, თელავის მერი ვერ დავაჯერე. გარდა ამისა, ჩემი განთავისუფლების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ეს პოსტი იმ ადამიანმა დაიკავოს, ვინც მორჩილად ყველაფერს გააკეთებს. წრფელი გულით მინდა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო იმ ასეულობით ადამიანის მიმართ, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო უსამართლობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კურდღელაურელებს, რომლებმაც თბილი სიტყვები არ დაიშურეს, გვერდით დამიდგნენ და გმირობის ტოლფასი იყო მათი თანადგომა. მადლობა ყველას, ვინც გააპროტესტა თელავის მერის _ შოთა ნარეკლიშვილის არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება… თუმცა ცხოვრება გრძელდება!“ _ აღნიშნა ბახურაულმა.
მოსახლეობა, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, თელავის მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება.
იგივე სურათია სხვა სოფლებშიც.
სოფელ რუისპირის მოსახლეობა სხვადასხვა სოფლისთვის საინტერესო საკითხებზე საპრტესტო აქციებს არ წყვეტს. ეს კი იმის ფონზე, როცა მათ არც მერის წარმომადგენელი ჰყავთ, არც ამბის მიმტანი და არც რეკომენდატორი.
სუსისგან დაშინებული თელავის მერი „ქრონიკა+“-თან არ საუბრობს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, კომენტარსა და ინტერვიუზე ბოლო თვეების მანძილზე მარადიულ უარს აცხადებს, კულუარებში კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თელავის განყოფილება ამისთვის საყვედურს გამოუცხადებს.
ასე რომ, ხალხი უკმაყოფილოა, მერი _ კაბინეტში ჩაკეტილი, კანონი კი _ არეული.

მაკა მოსიაშვილი