პირველი ქართველი მორაგბე წყვილი, რომელმაც ხელი “აია არენაზე” მოაწერა

2017 წლის 10 ოქტომბერი – სწორედ ამ თარიღიდან მოყოლებული ქართულ სპორტულ სამყაროს ორი სპორტსმენის საერთო ცხოვრება ალამაზებს. ერთი შეხედვით უბრალო დასაწყისი, რომელმაც, გზადაგზა, უამრავი ქართველის ყურადღება მიიპყრო.

22 წლის სალომე სირაძე ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს ეკონომიკის ფაკულტეტზე; მისი მეუღლე, მორაგბე თემურ ირემაძე კი 23 წლისაა. წყვილი ქუთაისში ცხოვრობს.
რაგბის თამაში სალომემ 2016 წლის მაისში დაიწყო, თუმცა იქამდე, შვიდი წლის მანძილზე, მძლეოსნობაში ვარჯიშობდა. თამაშობდა ქუთაისის „აიაში“, შემდეგ კი „შვიდქალას ეროვნულ ნაკრებში“ მოხვდა. თემური აქტიურად ვარჯიშობს ქუთაისის „აიაში“ და „დიდი 10-ის“ მატჩებში“ მონაწილეობს.
მათი სასიყვარულო ისტორია 2016 წლის მაისში იწყება. ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შეხვედრის ადგილი ერთ-ერთი სპორტდარბაზია. შემდეგ მათ ურთიერთობა სოციალურ ქსელში განაგრძეს. დიდი დრო არ გავიდა და თემურმა სალომეს მისდამი საკუთარი სიმპათიები გაანდო. მას შემდეგ, რაც თემურმა სალომეს მორაგბეობის შესახებ შეიტყო, უთხრა: „ისე აღარ მომწონხარ, როგორც მომწონდიო“. მეორე დღესვე ის სალომეს მწვრთნელს დაელაპარაკა, მათ ვარჯიშში ეხმარებოდა და თამაშებზეც დაჰყვებოდა.
სალომე: „ძალიან საინტერესოა, რომ ორივე ერთ სფეროში ვართ. ეს იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, ვიცი, რაგბის რა სჭირდება, რა ტრავმებთანაა დაკავშირებული, რა არის საჭირო წინსვლისთვის, მიზნების მისაღწევად და ა. შ.“
თემური: „რადგან ორივეს საერთო პროფესია გვაქვს, ვიცით, რა გვიხარია. ჩვენი აზრი ყველა საკითხში ემთხვევა, საერთო გარემოში ვტრიალებთ და ამით ორივე ბედნიერები ვართ“.
სალომე: „როცა დაქორწინება გადავწყიტეთ, მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ მე კარიერას დავასრულებდი. ეს იმიტომ, რომ რთულია, როცა ოჯახს ქმნი და ისეთი სპორტის მიმდევარი ხარ, როგორიც რაგბია. თავისთავად მომიწევდა, რაღაც დროით, სპორტისთვის თავის დანებება. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შეფასებები, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ჩემმა მწვრთნელებმა, მშობლებმა, მეგობრებმა…“
თემური: „როცა სალომე ცოლად მომყავდა, თავიდანვე ვიცოდი, ხალხისგან რა კრიტიკაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ყურადღბას არ ვაქცევ, რადგან მე მიყვარს ჩემი მეუღლე და მასთან ბედნიერი ვარ“.
სალომე: „თავიდან განვიცდიდი, დისკომფორტი მქონდა იმ მხრივ, რომ ბიჭებმა იცოდნენ თქმა, _ რა უნდა გოგოს რაგბიში, წადი, იცეკვე, ან, საერთოდაც, წიგნი წაიკითხეო და ა. შ., თუმცა უკვე გვაფასებენ, გვეხმარებიან და იმდენად დისკომფორტს აღარ განვიცდით მორაგბე გოგოები. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის არანაირ დისკომფორტს არ ქმნის ის ფაქტი, რომ ორივე ერთ სფეროში ვართ. ასე რომ ყოფილიყო, დღეს ერთად არ ვიქნებოდით და არ გადავდგამდით იმ ნაბიჯს, რასაც ქორწინება ჰქვია.
არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა რაგბის თამაშს, მაგრამ ამის დიდი სურვილი მაქვს. ყოველ თამაშზე აქტიურად დავდივარ და თემურს ვგულშემატკივრობ. ხანდახან, როცა გასვლაზე აქვს თამაში, დასწრებას ვერ ვახერხებ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იქაც ჩავდივარ“.
საქართველოს პირველმა მორაგბე წყვილმა ხელი მოაწერა ქუთაისში, „აია არენაზე“.

მარიამ ტიელიძე