კულტურული ძეგლების „არაკულტურული“ აწმყო

საქართველო რომ ისტორიულად და კულტურულად მდიდარი ქვეყანაა, ამაზე არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც ერთხმად თანხმდებიან.
ისიც ერთხმად აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის ისტორიისა და კულტურის საზომს მისი ისტორიულ-კულტურული ძეგლები წარმოადგენს, რომლებსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
ქართულ რეალობაში კი ამ კუთხით საკმაოდ ბევრი პრობლემაა: ხშირია მუზეუმების, თეატრებისა და სხვა ისტორიული ძეგლების ნგრევისა და ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტები. გაუკაცრიელებულ ნასახლარ-ნამუზეუმარებსაც ხშირად შეხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ერთ-ერთი ასეთი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და ნგრევის პირას მივიდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთს მარტის დასაწყისში ვესტუმრე.
მოღრუბლული ამინდი დამემთხვა.
დაახლოებით ხუთასი მეტრი სოფლის ცენტრიდან ეკლესიამდე და მერე სახლ-მუზეუმის ეზომდე ზურგჩანთა მოკიდებულმა ფეხით ვიარე. წვიმაც გზაში წამომეწია. თითქოს მასპინძლად შემომეგება.
ავიარე აღმართი და ეკლესიის გვერდით დიდმა ტრაფარეტმა მამცნო მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საზოგადო მოღვაწის სამფლობელოში მობრძანება.
კარის გაღებისთანავე ლამაზი სანახაობა გადაიშალა ჩემ წინ:
დიდი ეზო, აქა-იქ ჩამწკრივებული ხის კოტეჯები, ეზოს შუაგულში დიდი ორსართულიანი შენობა, რომელიც ხარაჩოებით და მუშებით იყო სავსე.
ერთ-ერთი მუშა შემომეგება. _ რა ხდება-მეთქი? _ ამბავი გამოვიკითხე.
აღმოჩნდა, რომ სახლ-მუზეუმს ნანატრი რესტავრაცია ეღირსა და სწორედ იმ პროექტის მოწმე გავხდი, რომელიც მის სრულად აღდგენასა და ფუნქციონირების განახლებას ისახავს მიზნად.
წლების განმავლობაში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისა და აღდგენის საკითხი სადავო იყო.
2016 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფა სთხოვეს, თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ძეგლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო.
საბოლოოდ, შენობის რეაბილიტაცია 2017 წლის 20 ივლისს დაიწყო. წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 763 107 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება 2018 წლის ივლისშია დაგეგმილი.

„ქრონიკა+“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრება ხაშურის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულების განყოფილების ხელმძღვანელი _ ქალბატონი ნინო სუხიაშვილი:
_ პროექტი გულისხმობს სახლ-მუზეუმის შენობის მთლიან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. მოხდება შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და განხორციელდება თანამედროვე ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის მიშენება. სამუშაოების დასრულება იგეგმება 2018 წლის 6 ივლისს.
სახლ-მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მუნიციპალიტეტი გეგმავს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმარებას. სავარაუდოდ, მოხდება აღნიშნული კოტეჯების დემონტაჟი.
ზოგადად, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. ამისი დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ათწლეულებია, რეაბილიტაციას საჭიროებს და ამჟამად შესაძლებელი გახდა, რომ მისი რეაბილიტაცია განხორციელებულიყო.

მოვიარე სახლ-მუზეუმის ეზო. ჩავიკარგე მის სილამაზეში. არ ვიცი, მეტისმეტი რომანტიკული ბუნების ბრალია თუ მარტმა და გარემომ ერთად ამირიეს ფიქრები, ერთბაშად წარმოვიდგინე თავი მე-19 საუკუნის საქართველოში _ იმ ეპოქაში, როცა ქართული სალიტერატურო შედევრები სწორედ ამ პატარა და მყუდრო კოტეჯებში იქმნებოდა.
სუფთა ჰაერი, სულ მცირე ინსპირაცია, მიმოფანტული ფურცლების გროვა და ქართული სალიტერატურო მარგალიტები, რომლებიც საუკუნეებია, ატკბობს მკითხველს.
ხაშურის ამ პატარა სოფელში ქართული ლიტერატურული სული სუფთა ჰაერივით იგრძნობა.
პატარა ხის კოტეჯები კი დანგრევის პირასაა და მათი ბედი უცნობია.
თავად სახლ-მუზეუმის ისტორიაც საინტერესოა, კიდევ უფრო საინტერესო და დასაფასებელი კი ამბავია მის დიად მფლობელზე _ წმინდა დიმიტრი ყიფიანზე.
დიმიტრი ყიფიანის როლი საქართველოს ისტორიაში განუზომელია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსი დამპყრობლის წინაშე ხმა აიმაღლა. უდიდესი საზოგადო მოღვაწე ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთიდან იყო.
სწორედ ამ სოფელში მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მწერალმა ააგო სააგარაკე სახლი, რომელიც დღეს სახლ-მუზეუმის სტატუსს ატარებს. მისი, როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალის ისტორია კი XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.
საზოგადო მოღვაწე აქ ცხოვრობდა მანამ, სანამ მას სტავროპოლში გადაასახლებდნენ. მუზეუმი მოიცავს ყიფიანისეულ შენობასა და მინაშენის ნაწილს, რომელზედაც შედარებით ადრეული (XX ს-ის I ნახევარი) კვალი შეინიშნება.
XX საუკუნის პირველ ნახევარში სახლი საქართველოს მწერალთა კავშირის ხელში გადადის და შენობაში განთავსდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი სახლი (სხვათა შორის, სწორედ ქვიშხეთიდან აიყვანა ე. წ. ჩეკამ გენიალური ქართველი პროზაიკოსი, მიხეილ ჯავახიშვილი, როდესაც იგი აქ ცოლ-შვილთან ერთად ისვენებდა, _ რედ.). XX საუკუნის 90-იან წლებში შენობაში განთავსდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქვიშხეთის ფილიალი. შეისყიდეს რამდენიმე მემორიალური ნივთი და ექსპონატი. ამჟამად მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900-მდე ექსპონატი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა.
ეს სასახლე წლების მანძილზე ქართველ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, ჩვენი სახელოვანი მწერლები აქ წერდნენ და ქმნიდნენ ქართულ კლასიკურ ლიტერატურას, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებდნენ ქვიშხეთში.
მსგავსი ისტორიისა და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო და დანგრევის პირას მისულს მოუსწრო რეაბილიტაციამაც, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და დასრულებულ სახეს ამ წლის ივლისში მიიღებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის საქმის წამოწმყებაში ადგილობრივი ახალგაზრდების როლი, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ კულტურული ძეგლის მსგავს სავალალო მდგომარეობას და მის აღდგენას მოითხოვდნენ.

არსებულ პრობლემებზე საუბრობს ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრი, ისტორიის მიმართულების სტუდენტი _ გიორგი ჩუბინიძე:
_ 2014 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით და აქტიურად დავიწყეთ მუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნა. სხვადასხვა სახის აქცია-პერფორმანსმა მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და პროექტი მართლაც დაფინანსდა. შემდგომში კი გამოიყო თანხები მუზეუმის რეაბილიტაციისთვის.
მუზეუმის სახე წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვალა. 20-იანი წლებიდან იგი მწერალთა კავშირის საკუთრებაშია და იმისთვის, რომ იქ მეტი მოსასვენებლი ოთახი გაეჩინათ, ორივე სართული დატიხრეს და მცირე ოთახები გამოიყვანეს, შიგნითვე გააკეთეს ტუალეტები და აბანოები. ასე მთლიანად დამახინჯდა შენობა, გაუკეთეს შუშაბანდი. რესტავრაციის პროექტი მისი პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს, _ კერძოდ, ღია აივნის. ასევე მოიხსნა გვიან პერიოდში გაკეთებული ტიხრები და გამოჩნდა ყიფიანისეული ოთახები თავისი უნიკალური ბუხრებით, თაღებით, რომელიც მწერალთა კავშირის დროს დამალული იყო. თავის დროზე, ამ სახლის გადაკეთებისას, უხეში ჩარევები მოხდა, რაც მაშინდელ კულტურის მოღვაწეებს არც კი ადარდებდათ. როდესაც მუზეუმს სახურავი ახადეს, გამოჩნდა დიმიტრი ყიფიანისეული წერილები, ნივთები, მათ შორის, უნიკალური ჭურჭელი, რომლის ნაწილი მანამდეც ინახებოდა მუზეუმში, თუმცა ის, რომ სხვენში კიდევ სხვა ექსპონატები აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სამწუხარო ფაქტია, რადგან, თავის დროზე, ასე უყურადღებოდ დატოვეს.
რეაბილიტაციის პროექტი არ ითვალისწინებს კოტეჯების რეაბილიტაციას. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ეს კოტეჯები განახლდება ან სხვა, უკეთესი კოტეჯები ჩაიდგმება, ვინაიდან ქვიშხეთის კულტურულ ცხოვრებას ეს ხელს შეუწყობს და მუზეუმსაც დაეხმარება მის შემდგომ აქტიურ ცხოვრებაში.
თუ ვთანხმდებით, რომ საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქვეყანაა და კულტურა და ისტორია გამოგვარჩევს, ესაა ჩვენი ინდივიდუალური მახასიათებელი, ამით ვიწონებთ თავს, მაშინ, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. როდესაც ხაშურზე ამბობენ, რომ იქ არაფერია სანახავი, უამრავი ძეგლია და უმეტესი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია.
აქვე მინდა დავასახელო სურამის ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმი, უკრაინელი პოეტი ქალი სწორედ სურამში გარდაიცვალა და გიორგი ლეონიძის ძალისხმევით 1952 წელს ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძის ყოფილ სახლში მისი მუზეუმი გახსნეს. ამჟამად ეს სახლიც ინგრევა და უმძიმეს მდგომარეობაშია. ამასთანავე აუცილებელია, შევისწავლოთ ამ სახლის მფლობელის, იურისტისა და ეთნოგრაფის, ნიკოლოზ აბაზაძის ცხოვრება და შემოქმედება. მის სახლში, ამჟამად ლესია უკრაინკას მუზეუმში, მასზე, თუნდაც ერთი ექსპოზიცია უნდა განთავსდეს. თემა მრავალმხრივ საინტერესოა და კიდევ უამრავი მძიმე ფაქტი შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ ერთ-ერთი დიდი პრობლემა _ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის საკითხი _ საბედნიეროდ, მალე კარგად დასრულდება. იმედია, სხვა ძეგლებსაც იგივე ბედი ელის.

და თუ ქვიშხეთის ამ პატარა სამფლობელოდან ცოტა აღმოსავლეთით გადაინაცვლებთ, გზად სოფელ ოსიაურში აუცილებლად შეგხვდებათ დანგრევის პირას მყოფი კიდევ ერთი კულტურული ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სადავო საკითხების გადაწყვეტის მოლოდინში დღითი დღე ინგრევა.
ეს ვეზირიშვილების სასახლეა, რომელიც ვეზირიშვილთა რამდენიმე ოჯახის საკუთრებაა.
ერთ-ერთი იყო გენერალი დიმიტრი ვეზირიშვილი, რომლის მეუღლე გახლდათ ბაბალე ბარათაშვილი, ცნობილი რომანტიკოსი პოეტის _ ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის და. ოსიაურის ამ სახლშივე გარდაიცვალა ტატო ბარათაშვილის მამა _ მელიტონ ბარათაშვილი და აქვე, ოსიაურის ეკლესიის ეზოში განისვენებს სიძის გვერდით. ამავე ოჯახს უკავშირდება სუნამოების კომპანია ,,პრინცი მაჩაბლის“ დამაარსებლის _ გიორგი მაჩაბლის ცხოვრება. ის იყო ბაბალე ბარათაშვილისა და დიმიტრი ვეზირიშვილის შვილიშვილი, რომელიც აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობდა. ვეზირიშვილების ერთ-ერთი შტოს შთამომავალია აზერბაიჯანის ყოფილი კულტურის მინისტრი და მომღერალი ფოლად ბულბულოღლი, რომელიც რამდენჯერმე ეწვია წინაპართა ამ სახლს და მის აღდგენაში თანადაფინანსების სურვილი გამოთქვა.
ხაშურელი ახალგაზრდებიც აქტიურად გამოდიან საინიციატივო იდეებით, რომ ხაშურში ამ უყურადღებოდ დარჩენილი და სავალალოდ დაზიანებული კულტურული ძეგლები აღდგეს, თუმცა შედეგი, ჯერჯერობით, არ ჩანს. საქმე ნელა მიიწევს წინ.
საკმაოდ დიდი დრო სჭირდება საქმის ფორმალურ ნაწილს, საქმის განხილვას, ბიუჯეტის დამტკიცებას, თანხის მოძიებას, პროექტის შექმნასა და განხორციელებას. ამ საუკუნოვანი ძეგლებისთვის კი ყოველი დღე სავალალოა და უფრო მეტად ამძიმებს მათ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას.
ხაშურიდან, ერთდროულად, ამაყი და დამწუხრებულიც წამოვედი.
გზად ვფიქრობდი, რა სიამაყეა, რომ ერთ პატარა კუთხეში თავი მოუყრია ამდენ ლამაზ ადგილსა და კულტურულ ძეგლს, რომელიც ერის თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია.
მეორე მხრივ კი მწარე რეალობაა, რეალობა, რომელიც ყოველდღიურად დანგრევის ბურუსში ახვევს ქართული კულტურული ეპოქის უდიდეს ნაშთებს და ნამუზეუმარის სტატუსს უქადის ჯერ კიდევ მოქმედ მუზეუმებსა თუ სასახლეებს.

ანა ურუშაძე