საქართველოს რესპუბლიკის ქრონიკები: 1917 წლის აპრილი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-6;

1917 წლის აპრილში საქართველოს საზოგადოებაში სულ უფრო აქტიურდება რუსეთის შემადგენლობაში ფართო ავტონომიური უფლებისთვის ბრძოლა. ამ თემის განხილვას გაზეთი „საქართველო“ თითქმის ყოველ ნომერში დიდ ადგილს უთმობს. ჯერჯერობით, საქართველოს სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი არ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, იმ დროის პოლიტიკურ სპექტრში ამ თემაზე მსჯელობა ნაადრევად მიაჩნდათ.

6 აპრილს გაზეთმა საკმაოდ საყურადღებო წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ნათლად ასახავს ავტონომიასთან დაკავშირებით იმ პერიოდის საქართველოში არსებულ ვითარებას: „როგორ უნდა მივიღოთ ავტონომია, ანუ უკეთ რომა ვსთქვათ, რა არის საჭირო ავტონომიის მისაღებად? საჭიროა მთელი ქართველი ერის ხმა გაისმოდეს, მთელმა ქართველმა ერმა მოითხოვოს, რომ მისთვის ტერიტორიული ავტონომია სასიცოცხლო საკითხია. ამისათვის კი აუცილებლად საჭიროა პარტიების შეთანხმება. ავტონომია საქართველოსი არ არის პარტიული საქმე. ის არის მთელი ერის საქმე. ამიტომ ვერც ერთი პარტია თავის თავად ვერც მიიღებს მას, ვერც უარჰყოფს. ყველა პარტიები და ჯგუფები უნდა შეთანხმდენ და ერთად შეიმუშაონ დასაბუთებული გეგმა საქართველოს ტერიტორიული ავტონომიისა. საქართველო შინაურმა კინკლაობამ დაჰღუპა. სამწუხაროდ ამასვე ვხედავთ დღესაც.
საკმაოა შეგნება დიადი ისტორიული მომენტისა, საკმაოა გათვალისწინება ჩვენი მოვალეობისა მამულის წინაშე. დღევანდელ დღეს ჩვენ ეს არა გვაქვს. სიტყვით სულ შეთანხმებაზე ვლაპარაკობთ, საქმით კი ყოველ დღე ძირს ვუთხრით ამ შეთანხმებას.
სირცხვილი როგორ არ არის, როგორ არ უნდა ვწითლდებოდეთ, რომ ჩვენს მეზობელ სომხებს დროებითი მთავრობა პეტროგრადში იბარებს, ავტონომიის მასალები წარმოგვიდგინეთო. ჩვენისთანა საბუთი ავტონომიის მოსაპოებლად დედამიწის ზურგზე მეორე ერს არ მოეპოება და ჩვენ კი არავინ არა გვცემს ხმას. ან კი როგორ უნდა დაგვიბარონ, როდესაც ავტონომიის საკითხი ჯერ კიდევ სადაოა ჩვენ შორის!“
ამის შემდეგ, წერილის ავტორი ივ. გომართელი მეტად საინტერესო თემას ეხება, საიდანაც ირკვევა, რომ იმ პერიოდის საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე უდიდესი პრობლემა ჰქონდა. პირველ რიგში ეს პრობლემა ტერიტორიულ მოწყობას ეხებოდა. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა არა მარტო საზღვრისპირა რაიონების კუთვნილება, არამედ თავად ქვეყნის დედაქალაქი თბილისი. დიახ, 1917 წელს სათუო იყო, საქართველოს შემადგენლობაში თბილისის ყოფნა: „მარტო პარტიათა შეთანხმება საკმარისი არ არის ჩვენი ავტონომიის ბედისათვის, – აუცილებლათ საჭიროა ჩვენს მეზობლებთან თურქებთან და სომხეთთან მოლაპარაკება და შეთანხმება. თურქებთან შეთანხმება ადვილია, რადგანაც ჩვენ შორის ტერიტორიის გამიჯვნა შედარებით ადვილია. სომხებთან შეთანხმება კი გაცილებით უფრო ძნელია, რადგანაც ჩვენ შორის ტერიტორიის გამინჯვა მეტად ძნელია და ბევრი სადაო საკითხი წამოჰყოფს აქ თავს.
ეჭვს გარეშეა, ზოგი ჩვენ უნდა დავუთმოთ, ზოგი მათ. ეს საჭიროა ორივე ერის კეთილდღეობისა და ძმური განწყობილებისათვის… ზოგან სამზღვრებს შესწორება დასჭირდება და ჩვენი სოფლები სომხეთის ტერიტორიულ ავტონომიაში მოექცევიან, მაგრამ ეს აუცილებელია. მხოლოდ ერთი რამ ცხადი უნდა იყოს ჩვენთვისაც და მათთვისაც: საქართველოს ტერიტორიული ავტონომიის დედაქალაქი თბილისი უნდა იყოს. უმჯობესია, მთელი ქართველი ერი ერთ დღეს გასწყდეს, ვიდრე მან თბილისი დაჰკარგოს. ტერიტორიული ავტონომია უთბილისოდ – ეს იქნებოდა ქართველების უდიდესი შეურაცყოფა, სასაცილო აგდება, პამპულათ გამოყვანა.
მეტყვიან თბილისში უმრავლესობა სომხობა არისო. მერე რა ვუყოთ? პოლონეთის ბევრ ქალაქში დიდი უმრავლესობა ებრაელები არიან, მიუხედავათ ამისა პოლონეთი პოლონელების არის და არა ებრაელების. თბილისში ერთი ქართველიც რომ არ იყოს, მაინც ქართველების არის თბილისი, – სხვისი არავისი.
თბილისი ჩვენთვის აღთქმის ქვეყანაა, ჩვენი სიწმინდეა, ჩვენი სულიერი განძია; თბილისი ჩვენს სულშია, ჩვენს არსებაში ჩაქსოვილი ისე მჭიდროთ, რომ მისი ამოშლა, მისი ამოგლეჯა ყოვლად შეუძლებელია. თბილისი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი მომავალია! თბილისი ჩვენი ბედია, ჩვენი სიყვარული, ჩვენი სიხარული, ჩვენი იმედი, ჩვენი ოცნება. სხვისთვის კი რა არის თბილისი? სიმდიდრე, ფული, – მეტი არაფერი. თბილისთან ჩვენ აგურები კი არ გვაკავშირებს, როგორც ჩვენს მეზობელ სომხებს. თბილისთან ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი გული, ჩვენი ქართველობა, მთელი ჩვენი ისტორი“.

ეკონომიკა

კვლავ მძიმე ეკონომიკური ვითარებაა რუსეთში, რომელიც, თავისთავად ცხადია, საქართველოზეც აისახება. მთავრობამ პირველადი მოთხოვნის საგნებზე ნიხრის (ზღვრული ფასი) დაწესების გარდა სასურსათო ბარათებიც შემოიღო. შეზღუდვა, ძირითადად, პურსა და შაქარს შეეხო.
გაზეთი „საქართველო“ 28 აპრილი: „ბარათები სურსათ-სანოვაგისთვის. ქალაქის სასურსათო კომიტეტი შეუდგა ძირითად ორგანიზაციის მოწყობას პურის, ფქვილის და შაქრის ბარათებით დასარიგებლად. ამ საქმის მოსაწესრიგებლად უნდა შესდგეს საგანგებო კომისია, რომელშიაც, გარდა სასურსათო კომიტეტების წევრებისა, მიწვეული იქნებიან წარმომადგენელი საკოოპერაციო ფურნისა, მეპურეებისა და მეპურე-მუშებისა“.
როგორც გაზეთიდან ირკვევა, აპრილის მიწურულს თბილისში სურსათის სულ ორი დღის მარაგი იყო დარჩენილი, თუმცა ქალაქის სასურსათო კომიტეტის განცხადებით, ვითარება თვის ბოლოს გამოსწორდებოდა. კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქი რამდენიმე დღეში 2 ათას ფუთ ფქვილს, 200 ფუთამდე ბრინჯს, 2 ათას ფუთ კარტოფილს, კვერცხს, მარილსა და ქერს ელოდებოდა.
20 აპრილი: „თბილისში ხმა გავრცელდა, რომ პური აღარ იქნებაო და გუშინ, 19 აპრილს, დილით ადრიან აუარებელი ხალხი მოაწყდა ფურნეებს და თორნეებს. ყველგან გრძელი კუდები გაკეთდა და პურს მოელოდნენ. ვინაც პურის მიღებას მოასწრებდა, ხელად სახლში გარბოდა პურის დასატოვებლად და ისევ ფურნეს უბრუნდებოდა შემდეგისათვის შესანახ პურის სასყიდლად“.
დეფიციტური გახდა და გაძვირდა ხორცი:
26 აპრილი: „დასაკლავ მსხვილფეხა საქონელს ცოტას ერეკებიან თბილისში, ხოლო ცხვარი თბილისიდან სხვაგან მიჰყავთ. ზოგიერთნი, და მათ შორის ყასბებიც, ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ ვითომც ხორცზე დაწესებული ნიხრი ცოტა იყვეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფუთი ხორცი 28-29 მანეთად ჯდებაო, მაშინ როდესაც ნიხრით ფუთი ხორცი 24 მანეთად ღირსო“.
შაქრის დეფიციტის გამო თითქმის მთლიანად გაჩერდა საკონდიტრო წარმოება. საკონდიტროებს აეკრძალათ შაქრის შემცველი პროდუქციის ცხობა. თბილისში გაქრა ტორტები, ნამცხვრები, კულიჩები და ა. შ. მილიციას მკაცრად დაევალა ამ ნორმის აღსრულებისთვის თვალყურის დევნება. თავის დაზღვევის მიზნით სამართალდამცველები მეკონდიტრეებს სხვა პროდუქციის წარმოების საშუალებასაც არ აძლევდნენ, რამაც ვაჭრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.
გაზეთი „საქართველო“ 29 აპრილი: „თბილისში მეკანდიტერეთა მამასახლისმა შართავამ სასურსათო კომიტეტს განცხადება მიართვა, რომელშიაც ამტკიცებს, რომ სასურსათო კომიტეტის დადგენილება შესახებ იმისა, რომ საკანდიტეროებში ტკბილეულობა არ მზადდებოდეს, რათა შაქარი დაზოგვით დაიხარჯოსო, სისწორით ვერ გაიგეს მილიციონერებმა. ეს უკანასკნელნი ტკბილეულობასთან ერთად ისეთი საქონლის დამზადებას უკრძალავენ საკანდიტეროებს, რომელზედაც შაქარი სრულებით არ იხარჯება და რომელნიც ამასთანავე ფრიად მასაზრდოებელ საგანს წარმოადგენენ მცხოვრებთათვის. მაგალითად პიროგები ხორცით, კომბოსტოთი, ბრინჯით, ნუშით და სხვ. ამიტომ ბ-ნი შართავა სთხოვს კომიტეტს მოახდინოს შესაფერისი განკარგულება, რომ აღნიშნულ საგნების დამზადება არ დაუშალონ საკანდიტეროებს“.

არმია

მსოფლიო ომი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა. გარდა იმისა, რომ სამხედრო საჭიროებისთვის რუსეთი ყოველდღე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა, ეკონომიკა ომის თანმდევი ირიბი ზემოქმედებისგანაც ზარალდებოდა. მაგალითად, თბილისში, საიდანაც კავკასიის ფრონტი იმართებოდა, უამრავი ჯარისკაცი იმყოფებოდა. აქ იყო განლაგებული სარეზერვო ნაწილები, საინტენდანტო სამსახურები, ფრონტის მთავარი შტაბი. ამის გამო ქალაქში საომარი მდგომარეობის შესაბამისი აკრძალვები და შეზღუდვები მოქმედებდა. რუსული არმიის ჯარისკაცები ქალაქში უსაქმოდ დაეხეტებოდნენ და მილიციას საერთოდ არ ემორჩილებოდნენ.
გაზეთი „საქართველო“ 8 აპრილი: „ტრამვაის შემოსავალს 100 ათასი მანეთით დაუკლია წარსულ მარტში. ამ მოვლენის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვაგონები ჯარის კაცებით ივსება, რომელნიც ბილეთებს არ ჰყიდულობენ და თანაც კონდუქტორებს ხელს უშლიან სხვა მგზავრებზე გაჰყიდონ ბილეთებიო“.
ჯარისკაცთა სიმთვრალის თავიდან ასაცილებლად ქალაქში აიკრძალა სპირტიანი სასმელების გაყიდვა. მილიცია თითქმის ყოველდღიურად აჯარიმებდა და ხშირად ხურავდა კიდეც იმ დუქნებს, სადაც ღვინით მალული ვაჭრობა მაინც მიმდინარეობდა. ამ შეზღუდვამ პირდაპირ იმოქმედა მეღვინეების საქმიანობაზე.
16 აპრილი: „კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების მიერ მიღებულ ცნობების მიხედვით, ღვინის გაყიდვის ხანგრძლივ აკრძალვის გამო კახეთისა და სხვა მევენახეობის რაიონთა მცხოვრებნი დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილნი. საქმე ის არის, რომ ამ რაიონებში მევენახეობა უმთავრესი დარგია ხალხის მეურნეობისა. ამასთანავე სწორედ ეხლა დგება ვაზების წამლობის დრო და ხალხი ვერ გამორკვეულა, როგორ მოიქცეს, დახარჯოს ამ აუტანელ სიძვირის დროს უკანასკნელი გროში და იყიდოს ვაზის საწამლი მასალა, თუ ვენახები ღვთის ანაბარად დასტოვოს?“
ღვინით ვაჭრობის საკითხი იმდენად მწვავედ იდგა, რომ 24 აპრილს ამ თემას ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა სპეციალური სხდომა მიუძღვნა: „კრებამ რეზოლუცია გამოიტანა, რომ ღვინის აკრძალვა დიდად მაზარალებელია ამიერ-კავკასიის მეურნეობისათვისო და დაადგინა სთხოვოს ქალაქის ხელისუფალთ, რომ ღვინით ვაჭრობა საერთოდ ნებადართული იყვეს განსაზღვრულ პირობებშიო“.
ალკოჰოლური სასმელების გარდა დიდ პრობლემას წარმოადგენდა აზარტული თამაშები, რომელშიც ხშირად ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. როგორც გაზეთის პუბლიკაციიდან ჩანს, თბილისის თითქმის ყველა დუქანში და სასტუმროში ქაღალდის თამაში ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, რომელიც ხშირად ჩხუბითა და აყალმაყალით სრულდებოდა. ამის გამო ქალაქის მილიციის უფროსმა კოგანმა სპეციალური ბრძანებულებაც კი გამოსცა.
გაზეთი „საქართველო“, 13 აპრილი: „ქალაქის კომიტეტის დადგენილების თანახმად, ქალაქის მილიციის უფროსმა პოდპორუჩიკმა კოგანმა შემდეგი ბრძანება დაუგზავნა თავისს ხელქვეითებს: თვალ-ყური ადევნეთ კლუბებს, რესტორნებს და კერძო ბინებს, საცა დიდ ფულზე თავდაუჭერელად თამაშობენ ბანქოს და სხვ. საცა ასეთ თამაშს წააწყდებით, ფულები წაართვით მოთამაშეთ, იქვე დათვალეთ, რაოდენობის ბარათი დაუტოვეთ და ფულები წარმოადგინეთ. წართმეული ფულები გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, ხოლო ვინაობა მოთამაშეთა და ბინა საცა თამაში იყო, მეორე დღესვე გაზეთებში გამოცხადდებაო. ფულის ჩამომრთმევი უნდა იყვეს უფროსი მილიციონერი, რომელსაც საგანგებო რწმუნების ქაღალდი ექნება თავის უფროსისგან“.

კრიმინალი

გაზეთ „საქართველოს“ აპრილის გამოცემებში თითქმის არ გვხვდება კრიმინალური ცნობები. საფიქრალია, რომ ასეთი ვითარება დროებითი მთავრობის მიერ დაწესებული ცენზურით იყო გამოწვეული. სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ იმ არეულ დროში, როდესაც ქვეყანა დეზერტირებით, ყაჩაღებითა და ათასი ჯურის ავაზაკით იყო სავსე, კრიმინალური შემთხვევები საერთოდ არ მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ წინა თვეს, 1917 წლის მარტში, გაზეთის ფურცლებში უხვად გვხდებოდა მკვლელობების, ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები.
შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ გაზეთ „საქართველოს“ კრიმინალური ქრონიკის გასაშუქებლად მხოლოდ ერთი კორესპოდენტი ჰყავდა, რომელიც აპრილში ავად გახდა, ან სამსახურს თავი დაანება და გაზეთი კრიმინალური ქრონიკის გარეშე დარჩა, თუმცა ეს ნაკლებად დასაჯერებელია. ერთადერთი კრიმინალური ცნობა გაზეთმა 27 აპრილს დაბეჭდა და ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ ეს შემთხვევა საკმაოდ რეზონანსული იყო: „აპრილის 25-ს, საღამოს 10-ის ნახევარ საათზე, შეიარაღებული ავაზაკები დაეცნენ ფოსტის კანტორის განყოფილებას თბილისში, ელისაბედის ქუჩაზე. რამდენიმე კაცი გარედ გაჩერდა და ფოსტის შესასვლელი კარები შეჰკრა; შიგ ფოსტაში 8 კაცი შევიდა, რომელთაც თოფები დაუმიზნეს კასირს და ფული მოსთხოვეს. შემთხვევით იმ დროს იქ იყვნენ ჯარის კაცი და სახლის მეეზოვე, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევა დააპირეს და ამისათვის ავაზაკებმა დასჭრეს ისინი, შემდეგ 40.000 მანეთამდე გაიტაცეს და გარედ გაცვივდნენ. კარებთან რამდენიმე თოფი დასცალეს და მიიმალნენ. ჯერ არავინ დაუჭერიათ“. ორი დღის შემდეგ გაზეთი ამ თავდასხმას ისევ დაუბრუნდა და საკუთარ მკითხველს აცნობებს, რომ თბილისში ფოსტის ძარცვის ბრალდებით მილიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.
საკმაოდ სახალისო ცნობაა დაბეჭდილი 22 აპრილის ნომერში, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის მილიციის ხელმძღვანელობას სამართალდამცველთა რიგებში ქურდების დასაქმება სურდა: „თბილისის მილიციის უფროსი შეეკითხა ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტს, მიიღონ თუ არა სამსახურში ყოფილი ქურდები მათი თხოვნის მიხედვით „სისჩიკებათ“. აღმასრულებელმა კომიტეტმა უარი განუცხადა“.

ხევსურეთი

გაზაფხულის დადგომასა და მთებში თოვლის დნობასთან ერთად კვლავ გახშირდა ქისტების თავდასხმა ფშავ-ხევსურეთის ქართულ სოფლებზე. მამაკაცებისგან დაცლილი და ხელისუფლების მიერ უპატრონოდ მიგდებული მხარე შველას ისევ ხელისუფლებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 18 აპრილი: „აპრილის 5-ში ფშავეთში მოვიდა პირიქით ხევსურეთიდან გამოგზავნილი კაცი და შემდეგი არასასიამოვნო ამბავი მოგვიტანა: „სამასი შეიარაღებული ქისტი შატილს დაეცა, წაასხეს საქონელი, ზოგი დავაყრევინეთ და კაცებიც დაგვიჭრესო. წინათ ფშავ-ხევსურნი ძმები ვყოფილვართ გასაჭირის დროს, დაგვიჭირეთ პირი, ძმებო, ფშაველნო, თორემ ჩვენ მარტო მტრის დახვედრა არ შეგვიძლია და იძულებული გავხდებით, ქისტების მხარე დავიჭიროთო!“ ფშაველები „ლაშარის ჯვარში“ შეიკრიბნენ, აირჩიეს ორი კაცი და საკლავით (კურატით) გააგზავნეს „გუდანის ჯვარში“ ხევსურეთში, რათა იქ ძმობა-ერთობაზე შეჰფიცონ ურთ-ერთს ფშავ-ხევსურებმა. ერთიც აირჩიეს ალვანში (თუშებში) გასაგზავნად, რომ თუშებმაც გაიგონ ფშავლების მწუხარება.
ფშავეთის მთებზე თოვლი უკვე გადნა. შენიშნულია ყარაულებისაგან, რომ ქისტებს მთების ზვერვა დაუწყვიათ. ამ ჟამად შუაფხოს საზოგადოებამ მოახერხა მთებზე დაყენება 70 კაცისა შემდეგ ადგილებზე: წუბრონის მაღალზე 21 კაცი, საქარეზე 9 კაცი, ბორბალოს ძირზე 30 კაცი და საქარავნოზე 10 კაცი. ყველა ესენი უიმედო იარაღით არიან შეიარაღებულნი. საზოგადოებამ თავისი გამგე გაგზავნა თბილისში, რათა იშუამდგომლოს სადაც ჯერ არს, რომ იარაღი მისცენ ხალხს, რომ თავი დააღწიონ მოსალოდნელ და უკვე მომდგარ განსაცდელს“.

კულტურა

1917 წლის აპრილის მთავარი კულტურული მოვლენა ქართველი მსახიობის ვალერიან გუნიას იუბილე გახდა. 11 აპრილის გაზეთში მოცემულია განცხადება-აფიშა, რომელიც მკითხველს აცნობებს, რომ შაბათს 29 აპრილს, ნაშუადღევის პირველ საათზე, სახელმწიფო თეატრში მსახიობის პატივსაცემად საზეიმო ღონისძიება იმართებოდა. ღონისძიება გუნიას სასცენო, საზოგადო და სამწერლო ასპარეზზე 35-წლიან მოღვაწეობას ეძღვნებოდა. ამავე განცხადებიდან ირკვეოდა, რომ შეხვედრას ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობა, საჯარო პატივცემის მომწყობი კომიტეტი და ქართველ მსახიობთა კორპორაცია აწყობდა.
ღონისძიების დღეს, 29 აპრილს, გაზეთმა „საქართველომ“ კიდევ ერთხელ შეახსენა მკითხველს ვალერიან გუნიას დამსახურება და მას საკმაოდ თბილი წერილი მიუძღვნა: „დღეს ქართველობა თავის ვალს იხდის თვალსაჩინო სასცენო მოღვაწის წინაშე. ვ. გუნია იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქართულ სცენის ცხოვრებაში, ძველი სკოლის მიხედვით მან იმდენი რამ შეჰქმნა, რომ ქართველობას არ შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა მისი 35 წლის მოღვაწეობის შესრულება მაშინ, როდესაც საქართველო ახალ კულტურის ახალ გზას ადგებოდა, თეატრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იგი ჰზრდიდა ქართულ სულს, ქართულ გონებას, ქართულ გულს და ამ აღზრდაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ვ. გუნიას. აი, ამ ღვაწლის სამადლობელად შეიკრიბება დღეს ქართველი საზოგადოება და მადლობას ეტყვის იმ ადამიანს, რომელიც მისთვის სცდილობდა“.
აპრილში საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ქართველ მუსლიმთა მონაწილეობით თბილისში დიდი ეთნოგრაფიული კონცერტი მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. გაზეთი იუწყებოდა, რომ მოცეკვავეები მაყურებელს იშვიათ ცეკვა „ხორუმს“ წარუდგენდნენ: „ჩამოვიდა ჩვენი მუსიკოსი კ. ფოცხვერაშვილი, რომელიც ამ მოკლე ხანში გამართავს დიდ საეთნოგრაფიო კონცერტს. კონცერტში უმთავრესად აღსრულდება გურულ-აჭარული სიმღერები და ძველი ქართული ცეკვა-თამაში. შესრულებული იქნება ქართული ცალფა და საგუნდო სიმღერები, ჩონგურის, სტვირის და ფანდურის კილოები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველ მუსულმანთა მოცეკვავენი და მეფერხულენი, რომელნიც, სხვათა შორის, შეასრულებენ ძველ ქართულ იშვიათ ჯგუფურ ცეკვას ხორუმს“.

მიტინგი

18 აპრილს, ანუ ახალი სტილით 1-ლ მაისს, თბილისში მშრომელთა სოლიდარობის დღე დიდი მსვლელობით აღნიშნეს. იმ დღეს ქალაქში კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ უამინდობას მუშებისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. როგორც გაზეთი აღნიშნავს, თბილისის მშრომელთა პროფესიულმა ორგანიზაციებმა დღესასწაულზე ათასობით აქტივისტს მოუყარა თავი.
გაზეთი „საქართველო“. 20 აპრილი: „ცერემონიალი დიდი წვიმის გამო რამდენადმე შეიცვალა, მაგალითად, ნაძალადევში, სარევოლიუციო მოედანზე ყველა უბნებიდან აღარ მოუყრიათ თავი, მაგრამ, სამაგიეროდ, გოლოვინის პროსპექტი ხალხით გაიჭედა და სხვა და სხვა სარევოლიუციო წარწერებიანი წითელ ბაირაღების ტყეს წარმოადგენდა. ქუჩაში რამდენიმე ტრიბუნა იყო ამართული და მრავალი სიტყვა წარმოითქვა. წესრიგი სამაგალითო იყო. ხალხი დღის სამ საათზე დაიშალა“.

კირიონი

1917 წლის 14 აპრილს რუსეთიდან საქართველოში ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) დაბრუნდა. XX საუკუნის დასაწყისში, სწორედ, იგი გახლდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიური მოძრაობის მთავარი სულისჩამდგმელი. ამის გამო მეფის ხელისუფლებამ კირიონი სამშობლოს მოაშორა და რუსეთში გადაიყვანა. 1902 წლიდან კირიონი ჯერ კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ხერსონში და ორიოლის ეპარქიაში აღმოჩნდა. გადასახლების მიუხედავად, კირიონი საკუთარ პოზიციას არ იცვლიდა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ეპისკოპოსის წოდება ჩამოართვეს და დააპატიმრეს კიდეც. ქართველი ეპისკოპოსი ხარკოვის გუბერნიაში მდებარე კურიაჟის მონასტერში გაამწესეს, შემდეგ კი ჟანდარმების თანხლებით სანაქსარის უდაბნოში გადაიყვანეს, სადაც ცივ, ნოტიო ოთახში მოათავსეს და გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს.
კირიონის დევნა მხოლოდ 1915 წელს შეწყდა. მას მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინეს და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს, თუმცა სამშობლოში ჩამოსვლის ნება აღარ მისცეს. საქართველოში დაბრუნება მან მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შეძლო. როგორც გაზეთი „საქართველო“ 14 აპრილის ნომერში იუწყება, კირიონთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა არქიმანდრიტი ამბროსი და მღვდელი ჯიჯავაძე.
გაზეთმა „საქართველომ“ კირიონის ჩამოსვლას სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა.
როგორც ირკვევა, ამ სტატიის მოსამზადებლად რედაქციამ თხოვნით მიმართა მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას, ჯერ კიდევ, მარტში: „საქართველოს“ რედაქციიდან მოსკოვის ქართველთა საზოგადოებამ 23 მარტს დეპეშა მიიღო, სადაც რედაქცია სთხოვდა გაეგზავნა საზოგადოებას ეპისკოპოს კირიონთან ქ. ვიტებსკში წარმომადგენელნი, რომელთაც დაევალებოდათ კირიონთან მოგზაურობა თბილისამდე.
ქართველთა საზოგადოებამ გაგზავნა ორი კაცი ქ. ვიტებსკში. 25 მარტს საღამოს 5 საათზე ეპისკოპოსს ბინაზე ვესტუმრეთ. კირიონი იწვა, როდესაც ოთახში მიგვიწვია. „ექიმს ველიო“, წარმოსთქვა პატივცემულმა კირიონმა. მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსი ჯანმრთელადაა, მაინც უკანასკნელ ათი წლის ტანჯვა-წამებასა და ნოტიო ადგილებში ცხოვრებას მაზე გავლენა მოუხდენია და რევმატიზმით ავადმყოფობს.
ეპისკოპოსის მებრძოლი სული და ენერგია შეუდრეკილია, აღფრთოვანებულია ჩვენი ეკლესიის ბედით და მოუთმენლად ელის მალე სამშობლოში დაბრუნებას. ეპისკოპოსს გადაწყვეტილი ჰქონოდა საქართველოში წამოსვლა, რომ ერთ გარემოებას ხელი არ შეეშალა. მან მიიღო ჩქარი დეპეშა, პეტროგრადში წასულიყო საქმეებისა გამო. კირიონს თვით ვერ გამოეცნო თუ რად იბარებდნენ პეტროგრადს, ამან აიძულა განზრახვა გადაედო და პეტროგრადში წასულიყო. 3-4 აპრილს პეტროგრადში წავიდოდა, ხოლო იქიდან პირდაპირ საქართველოში გამოემგზავრება. რამდენი დღე შეჩერდება პეტროგრადში თვით არ იცის.
დაახლოვებით ეპ. კირიონი 15-20 აპრილამდე თბილისში ჩამოვა. კირიონი აუარებელ დეპეშებს იღებს სხვა და სხვა ქართულ დაწესებულებებისაგან და პირებისაგან. ყველანი აღტაცებით ულოცავენ კირიონს ჩვენი ეკლესიის აღდგენას და სურვილს გამოსთქვამენ საჩქაროდ სამშობლოში დაბრუნდეს.
სამი დღე შემიგვიანდა კირიონთან. მთელ დღეებს თუ საღამოებს სულ ჩვენ ეკლესიის ბედზე ვმუსაიფობდით, მრავალ ყურადსაღებ კითხვებს შეჰხებია. მიუხედავად მანძილისა კირიონის სული ქართველ ერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მისი გონება საქართველოსთან არის. როგორც კი მოვაწყობ ჩემ ეპარქიის საქმეებს, სამშობლოსაკენ გამოვეშურები, წარმოსთქვა კირიონმა და კვლავ ოცნებას მისცა თავი.
ათი წელიწადია იტანჯვის კირიონი, ლამობს სამშობლოს ნახვას და დღეს, როდესაც შესაძლებლად გადაექცა, მისი მუდამ მშფოთარი სული ჩვენსკენ მოიწევს, – ფრთები რომ მქონდეს, სამშობლოში ჩასვლას ჩაგისწრებო, – მითხრა გამოთხოვების დროს. სულ მალე დავინახავთ ჩვენ შორის ეპ. კირიონს, დევნილს ეროვნულ საქმისთვის და იმედია, ქართველი ხალხი ღირსეულ შვილს ღირსეულად დახვდება“.

მიხეილ ბასილაძე