„მემარცხენე ალიანსი“: „ბიბლიოთეკების განახევრება მოზარდებში დანაშაულს გააორმაგებს!“

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა თბილისში, ფალიაშვილის #41-ში მდებარე ბიბლიოთეკაში დედაქალაქიის მერიის მხრიდან ბიბლიოთეკების შესაძლო შემცირება გააპროტესტეს. „ბიბლიოთეკების განახევრება მოზარდებში დანაშაულს გააორმაგებს!“ _ ასეთია პარტიის პოზიცია.

ამ თემაზე, „ქრონიკა+“ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერს, სოსო შატბერაშვილს ესაუბრება:
_ ბიბლიოთეკების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა, ჯერ კიდევ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო. როდესაც მან თვალი მოავლო, საერთოდ, რისი გაყიდვა შეიძლებოდა, პირველად ბიბლიოთეკებს მიადგა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა მათი გაყიდვა.
რაც უნდა ვლანძღოთ კომუნისტები, საუკეთესო ადგილებში, საუკეთესო შენობებში სწორედ ბიბლიოთეკებს ხსნიდნენ. მათი გაყიდვის პირველი ტალღა კი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ამას ჩვენ კატეგორიულად აღვუდექით წინ და პროცესი ნამდვილად შევაჩერეთ, მაგრამ ეს ნაწილობრივ მოვახერხეთ.
სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ტენდენცია გააგრძელა. უკვე მერამდენედ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ბიბლიოთეკის დახურვას აპირებენ. რასაკვირველია, ჩვენი რეაქცია კატეგორიულად საწინააღმდეგო იყო და ხაზგასმით მოვითხოვთ, რომ ბიბლიოთეკები არ დაიხუროს. ამ მიზნით 41-ე ბიბლიოთეკაში სპეციალური განცხადება გავაკეთეთ.
ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. ვერასოდეს ვაწარმოებთ იმდენ რაკეტას და ტანკს, რომ მტერს ამით ომი მოვუგოთ, ამიტომ ეს ომი წიგნით უნდა მოვიგოთ, განათლებით, მეცნიერებითა და ინტელექტით. ამ დროს ბიბლიოთეკების დახურვა იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებში კრიმინალმა იმატოს, იმას, რომ უწიგნური მომავალი თაობა გვყავდეს და მისთ., იმის ნაცვლად, რომ ბიბლიოთეკების ქსელების შენარჩუნება-განვითარებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი ბიბლიოთეკების დახურვაზე მიმდინარეობს საუბარი?
_ ერთ-ერთი, სადაც განცხადება გავაკეთეთ, ფალიაშვილის ქ. #41-ში არსებული ბიბლიოთეკაა. კიდევ რამდენიმე ბიბლიოთეკაა ნახსენები, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე ითქვა, რომ საჭიროა ოპტიმიზაცია და ა. შ. შეიძლება, ვიღაც ვერ მიხვდეს, თუ რას ნიშნავს ეს ოპტიმიზაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რასაც გულისხმობს. რეალურად, ეს არის ბიბლიოთეკების დახურვა, შტატების გაუქმება და ხალხის ქუჩაში გაშვება, რასაც ყველანაირად წინ აღვუდგებით და შევეწინააღმდეგებით.
_ 41-ე ბიბლიოთეკის თანამშრომლების დამოკიდებულება როგორია?
_ ისინი ამბობენ, რომ მათივე ტერიტორიის მეზობლად ფართი ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა (იქვე, გვერდით) და დღეს თვეში 6000 დოლარად არის გაქირავებული, ამიტომაც ჩვენს ბიბლიოთეკას ვიღაცამ თვალი დაადგაო. საუბარია ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის (ყოფილი რიგის ქუჩა) გადაკვეთაზე. ეს ყველაფერი ცენტრალურ უბანში ხდება. ამ ადგილზე უძრავი ქონების ფასი (განსაკუთრებით, კომერციული ფართის) კატასტროფულად დიდია, ასევეა ქირის ღირებულებაც.
ამიტომ სურთ ბიბლიოთეკის დახურვა და იქ, ალბათ, ჩინურ სამასაჟო სალონს, ბორდელს ან ეშმაკმა უწყის, კიდევ რა ტიპის დაწესებულებას გახსნიან, რომელიც ვიღაცებს დიდ ფულს მოუტანს. მათთვის ხომ ბიბლიოთეკა არაფერს ნიშნავს, წიგნი ჭირსაც წაუღია. სამწუხაროდ, ასე ფიქრობენ მსგავსი გადაწყვეტილების მიმღებები. საუბარია, უპირველესად, თბილისის საკრებულოზე.
_ ფიქრობთ, რომ ამ საკითხში ყველგან კომერციული ინტერესებია?
_ რასაკვირველია, ასეა, კომერციული ინტერესები წინა პლანზეა. საერთოდ, არსებულ ბიბლიოთეკებს რომ შეხედოთ, ნახავთ, თუ როგორი „მოვლილია“. მერე მიბრძანდით სამორინე-კაზინოებში, კერძო სალონებში, ჩინურ სამასაჟოებსა და სხვა კომერციულ დაწესებულებებში, გინდაც სუპერმარკეტებში და ა. შ. ბზინავს და ბრწყინავს იქაურობა, ხოლო ბიბლიოთეკები ჯერ ხომ მძიმე მდგომარეობაშია და მერე იმ არსებულსაც ხურავენ და ყიდიან.
_ მიმართეთ ამ საკითხზე საკრებულოს, მერიას? რეაგირება ხომ არ იყო?
_ რასაკვირველია, ჩვენი პრესკონფერენცია ოფიციალური მიმართვა იყო. ჯერჯერობით მათგან არანაირი გამოხმაურება არ გვქონია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ხელისუფლებისგან სათანადო გამოხმაურება არ იქნება, მაშინ ამის თაობაზე მივმართავთ იუნესკოს, გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში, რადგან ეს განათლების წინააღმდეგ მიმართული გალაშქრება და დანაშაულია.
_ ბატონო სოსო, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და რუსეთს მიმართა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
_ რა თქმა უნდა, ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადმოგვცენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, ცხედარს იმიტომ არ გვაძლევენ, რომ წამების კვალის დაფარვა სურთ. მათი მიზანი სწორედ ეს არის, თორემ დღეს, 21-ე საუკუნეში, ექსპერტიზა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. რად უნდა ამდენი დღეები, სამი კვირა და თვე ექსპერტიზის ჩატარებას?! ექსპერტიზა საათ-საათნახევარში ტარდება, რაც საკმარისია.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქე ნაწამებია! ამასთან დაკავშირებით მივმართეთ ევროსაბჭოს, ევროკავშირის წარმომადგენლობასაც, რომ შეასრულონ მათი პირდაპირი მოვალეობები და რადიკალურად ჩაერიონ ამ საკითხების გადაწყვეტაში. წერილიც გადავეცით და პრესაშიც გაჟღერდა ჩვენი მოთხოვნები.
მარტო აღშფოთება-შეშფოთებას ვისმენთ მათგან და სხვას არაფერს. ამიტომ მოვითხოვთ, რად გვინდა ევროსაბჭოს, ევროკავშირის წარმომადგენლობა, თუ მარტო შეშფოთება-აღშფოთდებიან. დაუყოვნებლივ უნდა გაემართონ ცხინვალში და ყველანაირი მეთოდით შეეცადონ დაღუპულის გადმოცემას, თუ მკვლელობაა ჩადენილი, მკვლელები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.
_ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე რეაგირება თუ იქნება?
_ განცხადება კარგია, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ ექნება. პატრიარქის მიმართვას არანაირი ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია მეორე მხრიდან. მათ შორის, რუსეთის პატრიარქის მხრიდან დაპირება გაკეთდა, კონკრეტული თარიღი იყო ნათქვამი, რომ ცხედარს გადმოგვცემდნენ, მაგრამ კონკრეტული რეაგირება ამ ყველაფერს არ მოჰყოლია. აბა, ახლა პრემიერ-მინისტრის განცხადებას რა რეაგირება ექნება?
ამიტომ მივმართეთ ევროპულ სტრუქტურებს, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ოპერატიული, მკაცრი რეაგირება და ჩამობრძანდნენ. არა მარტო აქაური წარმომადგენლები უნდა აქტიურობდნენ, ჩამოვიდნენ ევროკავშირის, ევროპარლამენტის წარმომადგენლები, პირდაპირ მიადგნენ ადმინისტრაციულ საზღვარს, მოითხოვონ ცხინვალში შესვლა, არ მგონია, ამაზე უარი უთხრან; ჩამოიყვანონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩართონ ამ საკითხში. რატომღაც, მათ აქტიურობას ვერ ვხედავთ, მხოლოდ აღშფოთება-შეშფოთებაა და ეს არ მთავრდება.
_ რატომ არ არის სათანადო აქტიურობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რაც ამ დროს აუცილებელია?
_ საქართველო მათ ინტერესებში აღარ შედის, ახლა მათი ინტერესის სფეროში უკრაინაა. მაინცდამაინც უნდა ვიომოთ და სისხლი დაიღვაროს, რომ მათ ინტერესების სფეროში მოვექცეთ? ამიტომ ჩვენი დიპლომატია უნდა გავააქტიუროთ. არსებობს ორი გზა, ერთი დიპლომატიური და მეორე სამხედრო გზა. სამხედროთი, რასაკვირველია, რუსეთს ვერავინ მოუგებს, ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალუძს. დანარჩენი, ვერც ერთი ქვეყანა რუსეთს ომს ვერ მოუგებს. ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა რჩება, ეს არის დიპლომატია და ქართული დიპლომატია დუმს, შესაბამისად აქტიური არ არის.
დღეს ქართული დიპლომატია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ლიბერალიზაციის არშეჩერების საკითხს, ვიდრე ტატუნაშვილის პრობლემას. ასევე, იმ ორი დატყვევებულის (აქეთ რომ არ უშვებენ), ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლების საკითხს. მე, მაგალითად, დიპლომატების ადგილზე რომ ვიყო, საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილზე, არ დავტოვებდი მსოფლიოს არც ერთ სტრუქტურას, გაეროს შტაბ-ბინაშიც კი ჩავიდოდი და მოვითხოვდი რიგგარეშე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას და ამ საკითხის უმაღლეს დონეზე განხილვას.
_ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
_ მითქვამს და ვიმეორებ, რომ თუ ოპოზიცია ერთიან, ძლიერ კანდიდატს არ დააყენებს, მაშინ შანსი არ არსებობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვინმემ მოუგოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ნათქვამი წლების განმავლობაში ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა რჩება. ამ დროს ოპოზიცია შეიკრიბება, შემდეგ მათ შორის თავს იჩენს განსხვავებები, კინკლაობები და ერთიანი კანდიდატურის დაყენება არ ხერხდება.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, გადავდოთ ყველანაირი განსხვავება გვერდით, დავაყენოთ ძლიერი კანდიდატი, რომელიც ოპონირებას გაუწევს „ქართულ ოცნებას“; რომელსაც პრეზიდენტიც თავისი ჰყავს, პარლამენტშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და, ზოგადად, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა არის დამყარებული. თუ ეს ჩვენს კოლეგებს გულწრფელად სურთ, მაშინ ერთიან კანდიდატზე შეჯერება უნდა მოხდეს.
_ რამდენად შესაძლებელია, ასეთი საერთო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი იყოს?
_ მოქმედი პრეზიდენტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ასეთი კანდიდატი, რადგან ეს არის ხათრით არჩეული ადამიანი. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული პრეზიდენტია. ამით მსოფლიოში უპრეცედენტო რამ მოხდა (მსგავსი რამ პოლიტიკაში არ მახსენდება), რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ამ ნიშნით აერჩიოთ. ძალადობით არჩეული გაგვიგია, გაყალბებით გაგვიგია, მაგრამ ხათრით არჩეული პრეზიდენტი არ გაგვიგია და ეს ამბავი ჩვენთან, საქართველოში მოხდა!
ამიტომ დღევანდელი პრეზიდენტის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას გამოვრიცხავ, რადგან ხათრით ქართველი ხალხი პრეზიდენტს აღარ აირჩევს. რაც მთავარია, ვისი ხათრითაც აირჩია ხალხმა ის პრეზიდენტად, დღეს ისიც კი მას აღარ სწყალობს.
_ დანარჩენ კანდიდატებზე რას იტყვით?
_ აბა, რა უნდა გითხრათ? წინა საპრეზიდენტო კანდიდატების გამოცდილება და მათ მიერ ნაჩვენები შედეგები ავიღოთ, ეს ყველაფერი თუ დაიკლებს, თორემ არ მოიმატებს. რა თქმა უნდა, ნათელაშვილის შანსი იმდენივეა, რამდენიც მათი მერობის კანდიდატის. ასეთივე შანსი აქვს ნინო ბურჯანაძეს, _ წინა არჩევნებში 11 პროცენტი აიღო, ახლა, ალბათ, 2-3 პროცენტს აიღებს. სხვა კანდიდატებმა, ვინც არ უნდა დააყენონ პარტიებმა, გამორიცხულია, „ქართული ოცნების“ კანდიდატს წინააღმდეგობა გაუწიონ ამ რეალობაში, თუ ერთი ძლიერი კანდიდატის დასახელება არ მოხერხდა.
თანაც, რასაკვირველია, ეს ძალიან სერიოზული პიროვნება, პოლიტიკოსი უნდა იყოს. ასევე შეიძლება აპოლიტიკური, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს. თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს: ტყუილად ირჯებით, ბატონებო, ცალ-ცალკე რამდენი კანდიდატურაც არ უნდა დააყენოთ, ვერავინ მოუგებს სახელისუფლებო კანდიდატს.
_ სახელისუფლებო შესაძლო კანდიდატებზე რას იტყვით?
_ იქნებ, გამახსენოთ, რომელ კანდიდატებს გულისხმობთ?
_ თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი დასახელდნენ შესაძლო კანდიდატურებად „ოცნების“ მხრიდან…
_ ოფიციალურად არ გაცხადებულა, მთლიანობაში კი ეს ხუმრობად მიმაჩნია, იმდენად არასერიოზული კანდიდატებია დასახელებული. სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ ქაჯები კი არ მიდიან, ქაჯები მოდიანო, _ იმ დროს არჩევნები ჩატარდა და მან 2 პროცენტი მიიღო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებას“ რომ მისთვის მოწინააღმდეგე დაეყენებინა მაჟორიტარულ არჩევნებზე, როგორ გახდებოდა მაჟორიტარი დეპუტატი, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილისა და თეა წულუკიანის კანდიდატურები პრეზიდენტის პოსტზე ხუმრობა მგონია, არც ერთი არ არის ამ კონტექსტში სერიოზული კანდიდატი.

შეგახსენებთ: სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გაერთიანების“ თანამშრომლები შიშობენ, რომ ქალაქში ბიბლიოთეკებს დახურავენ, ისინი კი უმუშევრები დარჩებიან. როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა განაცხადეს, თბილისში სულ 33 ბიბლიოთეკაა, საიდანაც დედაქალაქის მერია მხოლოდ 12 ან 13 ბიბლიოთეკის დატოვებას აპირებს. თანამშრომლები მერიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

„იპნ.ჯის“ ინფორმაციით:
„ორთაჭალაში უკვე დაიხურა 21-ე ბიბლიოთეკა. ვიცით, რომ სსიპ უნდა გარდაიქმნას ა(ა)იპ-ად და ამიტომაც ხდება ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია, რაც გულისხმობს, რომ ყველა ბიბლიოთეკის თანამშრომელი განთავისუფლდება. გვითხრეს, რომ გამოცდების ჩაბარება მოგვიწევს და თანამშრომლების ნაწილი ისევ დასაქმდება. ერთ კვირაში ტრენინგს ჩაატარებენ და ინგლისურ ენასა და სპეციალობაში გამოცდებს დანიშნავენ. საგამოცდოდ 500-გვერდიანი სახელმძღვანელოა, ამას აბსოლუტურად ვერავინ ისწავლის. ამიტომ ჩვენ მივდივართ საკრებულოში, შევხვდებით საკრებულოს წევრებს და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ“, _ განაცხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა.

თბილისიის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა:
„დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკარების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა, რაც ძალიან სამწუხაროა. იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა მისი გაუქმება, როგორც იყო გავრცელებული. ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. ასევე, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მესამე პრობლემა, რომელიც არსებობს, წიგნად ფონდებს და ზოგადად, წიგნის შენახვის საკითხს ეხება“.
თბილისის მერის მოადგილემ რეფორმის აუცილებლობის კიდევ ერთ მიზეზად ბიბლიოთეკებში მკითხველისა და იქ დასაქმებული თანამშრომლებისთვის შეუსაბამო გარემო და ანაზღაურება დაასახელა:
„მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკარებისთვისაც, რადგან მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. გარემო შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკარებს ასეთი დაბალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ. გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე გავმართოთ და ახალი ტიპის ბიბლიოთეკები მივიღოთ. პროცესი დაწყებულია, რომ თბილისის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ი დააფუძნოს, სადაც თბილისის ბიბლიოთეკები და სამი მედიათეკა გაერთიანდება“, _ აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
სოფიო ხუნწარიას განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ ხელფასები გაიზარდოს, ბიბლიოთეკებში დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უნდა უპასუხოს. ამისთვის, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში თითოეული თანამშრომელი გადამზადდება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი ისინი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმდებიან.
„გადამზადება, ბუნებრივია, იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით მოხდება, რომელიც დღეს არსებობს. ახალ ა(ა)იპ-ში თანამშრომლებს ტესტირების დროს ბარიერის გადალახვის შემდეგ მიიღებენ და კულტურის სამინისტროში არსებული სსიპ-ი გაუქმდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დაფუძნდეს ახალი ა(ა)იპ-ი. ეს არის ის სქემა, რომელსაც უნდა მივყვეთ. ასევე, გვექნება პოზიცია _ საპატიო წიგნის მცველი. ამ პოზიციაზე მოდერნიზებულ ბიბლიოთეკებში ის ადამიანები შენარჩუნდებიან, რომლებიც ბიბლიოთეკებში დიდი ხანია მუშაობენ და წიგნები ჩვენამდე მოიტანეს“, _ განმარტა სოფიო ხუნწარიამ და აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად თბილისში არსებული ბიბლიოთეკები სერვისებზე ორიენტირებული გახდება და მეტ მკითხველს მოიზიდავს.

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა:
„ტესტირების შესახებ ყველანი წინასწარ მიიღებთ იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეკითხვები იქნება. ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის“.

გელა მამულაშვილი