რა შედეგები ექნება „შრომის უსაფრთხოების“ ახალ კანონს?

პარლამენტმა მესამე მოსმენით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. პროექტი, რომლის ინიციატორიც მთავრობაა, 88-ხმით დაამტკიცეს. აღნიშნული კანონი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება და მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება: სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან ერთად პარლამენტმა მესამე მოსმენით „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებიც მიიღო, რომლის მიხედვით თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო რეგულაციების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებზე სანქციების ოდენობები იზრდება.
როგორც მთავრობა განმარტავს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. შესაბამისად, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, გარკვეული სანქციები გამოიყენოს იმ დაწესებულებების მიმართ, რომელშიც მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოები მიმდინარეობს.
სფეროების ჩამონათვალი, რომელზედაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი გავრცელდება:
მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება;
სამთო-გეოლოგიური სამუშაოები;
მეტალურგიული წარმოება;
ელექტროენერგეტიკა;
ნავთობისა და გაზის მრეწველობა;
ქიმიური წარმოება;
ლითონდამუშავება;
მინის წარმოება;
მერქნის დამამუშავებელი წარმოება;
საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა;
ტრანსპორტი.
ბოლო ხანებში, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი პროფკავშირების ორგანიზებული იყო. აქციაზე „გახადე შრომა უსაფრთხო“ _ ამ სლოგანით „რუსთაველის“ მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს, მიშა კორძახიას ესაუბრება:
_ ამ ნაწილში დამატებითი რეგულაციები საერთოდ უადგილოა და დასახული მიზნის მიღწევა ამის გარეშეც შესაძლებელი იყო.
_ ბოლო გადაწყვეტილებებს გულისხმობთ, მათ შორის, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით?
_ უფრო პარლამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას, რომელიც ამ დღეებში მოხდა.
_ კონკრეტულად, რა არის მიუღებელი?
_ მიუღებელია ფიქტიური დამოკიდებულებები და არა რეალური დამოკიდებულება საქმისადმი. როდესაც პრობლემა არსებობს, ეს ყველაფერი ჯერ არსებული რესურსებით და მოცემულობით უნდა გადაწყვიტო და თუ ეს არასაკმარისია, მაშინ ახალი კანონი უნდა მიიღო.
მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით არსებული რეგულაციები სრულიად საკმარისი იყო. სწორედ ამით უნდა მოგვარებულიყო პრობლემები და დამატებითი რეგულაციები არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
_ მაგრამ პროფკავშირები და სხვა ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ, რომ არსებული რეგულაციები არასაკმარისი იყო, თუნდაც ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა…
_ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი რატომ უნდა იყოს საჭირო, როცა ამ სფეროში სხვა მარეგულირებლებიც არსებობენ? თუ მათი ინსპექტორები სათანადოდ არ მუშაობენ, მაშინ ამ (ინსპექტორების) ნაწილში გაძლიერება უნდა მომხდარიყო და არა ის, რომ ახალი სტრუქტურები შექმნილიყო. აბსურდულია ერთ საკითხზე ცხრა-ათი პარალელური სამსახურის შექმნა.
_ პარლამენტის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ მიღებას, მაინც, რა შედეგები ექნება?
_ ის, რომ დასახული მიზანი, სავარაუდოდ, მიღწეული არ იქნება…
_ რას გულისხმობთ?
_ თუ მავანი იმას გულისხმობს, რაც განმარტებით ბარათში უწერია, რომ სანქციებით ბიუჯეტი შეივსება, მაშინ ამას შეიძლება მივაღწიოთ, მაგრამ თუკი მიზანი ის იყო, რომ მართლაც ტრაგიკული შემთხვევები აღარ მოხდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამით ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. რეალურად, სამი-ოთხი მაკონტროლებელი ორგანო თუ ამას ვერ აკეთებს, კიდევ დამატებითმა სამსახურმა ისეთი რა უნდა მოიმოქმედოს?
ჩემთვის ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მეხუთე მაკონტროლებელი ორგანო რატომ იქნება ამ მიზნის მიღწევისთვის უფრო ეფექტიანი და ქმედითი?
_ მაშინ გამოსავალი რა არის ამ სიტუაციაში?
_ გამოსავალი არის ადეკვატურობა, რეალურად უნდა შეაფასო, გააანალიზო ვითარება და შემდგომში ზუსტად მიიღო ის პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რაც ამ დროს აუცილებელი იქნებოდა. მაგალითად, ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაეწყო მოქმედებები: გაეჩერებინა ნებისმიერი მშენებლობა, თუკი ასე საფრთხის შემქმნელია; უმალ გამოსწორებულიყო არსებული პირობები, რაც შრომის უსაფრთხოების კანონს საერთოდ არ უკავშირდება.
ეს დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაა. დღეს მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, რომ ახალი სტრუქტურა შევინახოთ. შემდგომში, როდესაც ეს პრობლემა, სავარაუდოდ, ისევ არ მოგვარდება, კიდევ 3 მილიონი უნდა გამოიყოს და ა. შ.
შემდგომში ეს 50-ათასლარიანი ჯარიმაც არ ეყოფათ, მერე გახდება 100 და 200 ათასი და ა. შ. პროცესი ასე გაგრძელდება და შედეგები ნაკლებად გვექნება.
_ მაგრამ იგივე ევროდირექტივა არ იყო, რომ ქმედითი შრომითი ინსპექცია შექმნილიყო და უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულიყო?
_ და ეს დირექტივა მაინცდამაინც იმას არ ამბობს, რომ ქვეყანაში 17 მაკონტროლებელი ორგანო უნდა გყავდეთო.
პოლიტიკის რეგულირება ქმედითი უნდა იყოსო, _ მათი დირექტივა ესაა. ქმედითი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმ სამი-ოთხი მაკონტროლებლით, რომელიც გუშინდლამდე არსებობდა, ეფექტიანები სწორედ ისინი უნდა გაეხადათ. ევროპელები მაინცდამაინც არ ამბობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მაკონტროლებელი უნდა გყავდეთ და საკითხები, მხოლოდ და მხოლოდ, ბიუჯეტის შევსებაზე იყოს მიმართულიო.
ანუ ეს დირექტივებიც სწორად აღსაქმელია. შესაბამისად, ეს ნაბიჯები მთავარ მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა რაღაც ქვემიზნებზე.
_ ყურადღებას მიაქცევდით, დედაქალაქის მერიამ ბევრი მშენებლობა გააჩერა. თქვენი დამოკიდებულება როგორია?
_ თუ იქ მართლაც რეალურია დარღვევები და კრიტიკული შეუსაბამობაა, რასაკვირველია, უნდა შეაჩეროს კიდეც. მაგრამ, ამავე დროს, სანამ მშენებლობის ნებართვას გასცემს, იქაც საკმაოდ დეტალურად უნდა გაიწეროს, როგორი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების პირობები და შემდგომში ამის მიხედვით მონიტორინგი ხორციელდებოდეს.
აქ არანაირი სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს. თუ მერიის მაკონტროლებელი ორგანო ხედავს, რომ სამშენებლო უბანზე მართლაც სიცოცხლისთვის საშიში გარემოებები არის შექმნილი, უნდა შეაჩეროს ამ შემთხვევაში, აბა, რა უნდა გააკეთოს? და არა ისე, რომ მაინცდამაინც 30-ათასლარიანი ჯარიმებით დაიწყოს მოქმედება და შემდგომში ამით მაინც არაფერი გამოსწორდეს.
_ მარტო გასულ წელს 41 ადამიანი დაიღუპა და 66 დასახიჩრდა სამუშაო უბნებზე, ეს რეალობა რას გეუბნებათ?
_ იმას, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ. ამ დროს მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი კანონი და მეტი მაკონტროლებელი იყოს, ამაში მეტი ბიუჯეტის თანხა გაიხარჯოს. თურმე, რა ცუდია, ერთი თუ მეორე მხარე და ბიზნესსექტორი მტრის ხატად გამოგვყავს.
თუ არსებული სახელმწიფო სტრუქტურები ეფექტიანად იმუშავებდნენ, შარშან, შარშანწინ და იმის წინითაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, რომ ეს პრობლემები ეფექტიანადვე მოგვეგვარებინა და აღნიშნული რეალობა არ გვქონოდა.
_ ეს სტრუქტურები სათანადოდ რატომ არ მუშაობენ?
_ ეს კითხვა, ალბათ, იმ სტრუქტურების ხელმძღვანელობას უნდა დაუსვათ, თუ რა პრობლემებია. თავიდანვე ვთქვით, რომ ამ შემთხვევაში არანაირი ანალიზი არ გაკეთებულა. არ აქვთ სათანადო ბერკეტი? ამ დროს, მიმაჩნია, რომ აქვთ. არ მუშაობენ იმიტომ, რომ კვალიფიკაცია არ გააჩნიათ? რიგ შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს და თავს ვერ დავდებ, ეს კვალიფიკაცია რეალურად არის თუ არა; პოლიტიკური ნება არ არის თუ ასე შემდეგ.
აქ შეიძლება ბევრი კითხვა დაისვას, მაგრამ სათანადო ანალიზის გარეშე, რაიმე ახალი კანონების მიღება, მაკონტროლებლების შექმნა, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ამიტომ ძალიან მცირე დროში, დიდი ხნით ადრე შესაძლებელი იყო, რომ ეს ანალიზი გაგვეკეთებინა, რეალური მიზეზები დაგვედგინა და გადაწყვეტილება ისე მიგვეღო.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტების მოთხოვნების (სადაც მითითებულია დაცვის ის საშუალებები, რომლებიც უნდა გამოიყენონ დასაქმებულებმა უსაფრთხოებისთვის) პირობების დარღვევა 100-დან 50 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით მთავრობის რეგლამენტების პირობების დარღვევაზე სანქცია შეიძლება იყოს სამგვარი:
არაარსებითი;
არსებითი;
კრიტიკული.
სამივე ტიპის დარღვევაზე სანქციები სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენი აქვს წლიური ბრუნვა საწარმოს.
არაარსებითი შეუსაბამობა:
მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტის მოთხოვნებთან არაარსებითი შეუსაბამობა თავდაპირველად გამოიწვევს გაფრთხილებას, შემდეგ კი, თუ კომპანია არ გამოასწორებს ვითარებას – ფულად სანქციებს.
არაარსებითი შეუსაბამობის დროს 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით რეგლამენტით დადგენილი ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი [დამსაქმებელი] დაჯარიმდება 200 ლარით თითოეულ დარღვევაზე, მაგრამ არა უმეტეს 4 000 ლარისა.
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის, რომლის დასაბეგრი თანხა წლიურად არ აღემატება 100 000 ლარს, ჯარიმა იქნება 200 ლარი თითოეულ დარღვევაზე, მაგრამ არაუმეტეს 4000 ლარისა.
დღგ-ს გადამხდელი პირი, რომლის დღგ-თი დასაბეგრი თანხა წლიურად 100 000-500 000 ლარია, დაჯარიმდება 400 ლარით რეგლამენტით დადგენილ თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 6 000 ლარისა.
ვისი დღგ-თი დასაბეგრი თანხაც აღემატება 500 000 ლარს, ისინი დაჯარიმდებიან 600 ლარით თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 8 000 ლარისა.
იურიდიული პირი, რომელიც არაა რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, გარდა ფიზიკური პირისა, დაჯარიმდება 100 ლარით თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 2 000 ლარისა.
არსებითი შეუსაბამობა:
ფიზიკური პირი, რომელსაც 100 000 ლარი აქვს შემოსავალი, დაჯარიმდება 400 ლარით რეგლამენტის თითოეულ დარღვევაზე, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის შემთხვევაში _ 800 ლარით თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 6 000 ლარისა.
დღგ-ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, 800 ლარით დაჯარიმდება თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 6 000 ლარისა.
დღგ-ს გადამხდელი პირი, რომლის დასაბეგრი თანხა 100 000-500 000 ლარია, დაჯარიმდება 900 ლარით რეგლამენტის წესის თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 10 000 ლარისა.
ვისი დასაბეგრი თანხაც 500 000 ლარზე მეტია, დაჯარიმდება 1000 ლარით, არაუმეტეს 14 000 ლარისა.
პირი, რომელიც არაა დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, მაგრამ აქვს არსებითი დარღვევა, დაჯარიმდება 400 ლარით, არაუმეტეს 3000 ლარისა.
კრიტიკული შეუსაბამობა:
კრიტიკული შეუსაბამობის დროს ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირისთვის გამოიწვევს წარმოების შეჩერებასთან ერთად დაჯარიმებას:
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარის ოდენობით;
100 000 ლარის ან მეტის შემოსოავლის მქონე ფიზიკური პირისთვის 20 000 ლარის ოდენობით;
დღგ-ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება;
დღგ-ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა 100 000-500 000 ლარია, დაჯარიმდება 30 000 ლარის ოდენობით;
დღგ-ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმდება 50 000 ლარის ოდენობით;
პირი, რომელიც არაა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული (ფიზიკური პირის გარდა), დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით;
სანქციის დაწესებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში იგივე დარღვევა გამოიწვევს ორმაგად დაჯარიმებას.

გელა მამულაშვილი