დეკანოზი ილია ჭიღლაძე: „ძლიერია საეკლესიო ნიღაბს ამოფარებული რუსული პროპაგანდა, რაც ბევრ გულუბრყვილოს აცდუნებს“

საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების ურთიერთობებზე, გავლენის აგენტებსა და ქართულ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა+“-ს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ესაუბრა:

_ ჩვენი საუბარი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტით მინდა დავიწყო: თქვენი ფეისბუკის გვერდის მთავარი ფოტო საქართველოს რუკაა, რომელზედაც მონიშნულია ოკუპირებული ტერიტორიები და იქვე არის თქვენი მინაწერი: „ეს ტერიტორიები არა მარტო რუსეთის სახელმწიფოს, არამედ რუსეთის ეკლესიის მიერაცაა ოკუპირებული“. ანუ ქართული ეკლესიის წიაღში არიან ადამიანები, რომლებიც თქვენსავით ფიქრობენ, რომ ერთმორწმუნე რუსეთი მთელი თავისი ინსტიტუტებით და, მათ შორის, ეკლესიით ოკუპანტია?
_ მოგესალმებით. ნამდვილად არსებობენ, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი სხვა სასულიერო პირი ვერც აცნობიერებდეს ამ რეალობას. ეს კი იმის ბრალია, რომ ამაზე ნაკლებად ვსაუბრობთ, ერთგვარად, დუმილისა და თავის მოკატუნების პოზიცია გვიკავია, რაც ნამდვილად არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს სამომავლოდ.
_ ამ ფრაზის გამო დავიჯერო, არავინ გისაყვედურათ? ჩვენ ხომ არაერთი ქართველი ღვთისმსახური ვიცით, მათ შორის, არაერთი იერარქი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმაა და საქართველო ერთმორწმუნე რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს. მსგავსი ნარატივები და მათი შინაარსი თქვენთვის ცნობილია.
_ არა მგონია, ვინმეს შეეძლოს სიმართლის თქმის გამო, რაც ისედაც ცხადია და თვალნათელი, საყვედურის გამოცხადება. და ვერც მივიღებ ამის გამო საყვედურს ვერავისგან. სასაყვედურონი ისინი არიან, რომლებიც დუმილით მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს, რადგან შეიძლება სიტყვით ვერც ვერაფერს გავხდეთ, მაგრამ ამ სიმართლის თქმა ელემენტარული ქრისტიანული ეთიკისა და ეროვნული ღირსების საკითხია.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასე მძლავრი რუსული გავლენა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში? დავიჯერო, რომ ეს მხოლოდ ცალკეული მღვდელმსახურების მიერ რუსეთში მიღებული განათლების ბრალია?
_ რუსეთის იმპერიის ორასწლოვანმა ბატონობამ, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დააჩნია ქართულ ეკლესიასაც და მთლიანად ქართველ ერს. მართალია, 1917 წელს რუსეთის ეკლესიის ასწლოვან მონობას თავი დავაღწიეთ, მაგრამ საბჭოთა ხანაში, 1943 წლიდან, მას შემდეგ, რაც აღდგა 1917 წელს გაწყვეტილი ევქარისტიული (ზიარებითი) ერთობა, რუსეთის საპატრიარქო მაინც ახდენდა გარკვეულ გავლენას საქართველოს ეკლესიაზე. რუსული საეკლესიო გავლენები და იდეოლოგიური ზემოქმედება არათუ საქართველოს, თვით სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებზეც კი შეინიშნება, რამდენადაც რუსეთის ეკლესიის მატერიალური და პოლიტიკური შესაძლებლობები ძალიან დიდია. ფართოდ გამოყენებული ერთ-ერთი საშუალებაა იდეოლოგიზებული საეკლესიო ლიტერატურა, რომელიც უხვად ითარგმნება რუსულიდან ქართულ თუ სხვა ენებზე. ეს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა. იგი არ ერიდება თვით წმინდანთა გამონათქვამების გაყალბებასა და სხვადასხვა ისტორიული ფაქტის ფალსიფიცირებას, რათა მორწმუნეებში ღრმად ჩანერგოს მისთვის სასურველი იდეები. რუსული „საეკლესიო“ მითოლოგია ერთ-ერთი რთულად მოსანელებელი პრობლემაა, რადგან მრავალი მორწმუნე გულუბრყვილობით და მიამიტობით ადვილად იბლანდება მასში. ამ საკითხზე, ჯერ კიდევ, წმ. კირიონ მეორე წერდა საუკუნის წინათ.
_ სინოდის წევრების აშშ-ში ვიზიტის შემდეგ საზოგადოებამ დასავლური ღირებულებების მხარდასაჭერი განცხადებები მოისმინა. ორაზროვნად ვიკითხავ, _ ამ სინოდის წევრებს შორის იყვნენ 17 მაისის აქტიური მონაწილე პირები? მათგან საზოგადობას არაერთხელ მოუსმენია დასავლური ღირებულებების მგმობელი განცხადებებიც. ახლა რის საფუძველზე უნდა ვირწმუნოთ ჩვენ _ საზოგადოებამ, რომ სავლე პავლედ გადაიქცა? ანუ რა უნდა დავიჯეროთ, _ ის, რაც წარსულიდან გვახსოვს, თუ ის, რასაც ახლა ამბობენ ისინი და რის საფუძველზე?
_ მომავალი საქმები გამოაჩენს ყოველივეს. ჩვენ ადამიანში, პირველ რიგში, პოზიტივი უნდა ვეძებოთ და არა ნეგატივი. მთავარი კი ისაა, რომ არ ვუღალატოთ ღმერთსა და სამშობლოს, სწორად დავინახოთ მოვლენები და არ დავუშავათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯე მოსაფრხილებლად და შთამომავლობისთვის გადასაცემად.
_ „დიდად სავალალოა ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური, სისხლიანი ხელისუფლება დღემდე ვერ გვპატიობს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ყველა მეთოდით, მათ შორის, წითელი ინტელიგენციის ნარჩენების საშუალებით, ეწევა იდეოლოგიურ ომს, რაც ნამდვილად არის ბრძოლა საქართველოს არსებობის წინააღმდეგ!“ – ეს არის თქვენი რეაქცია „წითელი ინტელიგენციის“ (მე მათ საბჭოთა არისტოკრატიას ვუწოდებ), წერილზე. გთხოვთ, უფრო ვრცლად განმარტოთ თქვენი აღშფოთების მიზეზები.
_ აღშფოთების მიზეზი, ვფიქრობ, ნათელია: მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა რუსეთის მხრიდან და ძალიან ძნელი საყურებელია, როგორ ემსახურება ზოგიერთი ქართველი ცნობილი ხელოვანი მტრის ბანაკს, იმ ქვეყანას, რომელიც ორას წელზე მეტია, სისხლს სწოვს საქართველოსა და ჯერაც ვერ მოინელა; რომლის წყალობითაც, მარტო უკანასკნელი სამი ათეული წლის მანძილზე, 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე, ათასობით ქართველი მშვიდობიანი თუ სამხედრო პირია მოკლული. როდესაც, თვით ამჟამად, კიდევ ერთი მხეცურად მოკლული ქართველის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს უკვე ორი კვირაა, არ გვიბრუნებენ. ასეთ დამამცირებელ, ცინიკურ სიტუაციში გამოდიან და კვლავ რუსეთს უკმევენ გუნდრუკს! მოღალატეობაა და მეტი არაფერი! ეს მიანიშნებს მათ უკიდურეს სულიერ და გონებრივ დაცემაზე.
_ კიდევ ერთი თქვენი ციტატა: „რუსული იმპერიის დანაშაული არა მხოლოდ ისაა, რომ ათობით ერი დაიპყრო, ამოწყვიტა, გაარუსა, ან ცდილობდა და ცდილობს მათ გარუსებას, არამედ ისიც, რომ მან მართლმადიდებლობა აქცია იმპერიალიზმის იარაღად, რუსული ეკლესია და საპატრიარქო კი გახრწნა უკიდურესად, ყველანაირი ასპექტით და აქცია სახელმწიფო აპარატის ნაწილად, უტყვ მონად!“ ამ კონტექსტში რუსეთის ეკლესიისა და არა იმპერიის, რომლის ინსტრუმენტიც იყო და არის ეს ინსტიტუტი, დანაშაულობებზე ვისაუბროთ ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის წინაშე.
_ 1811 წელს რუსეთის ეკლესიამ რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორის მითითების საფუძველზე ანტიკანონიკურად შეიერთა, დაიპყრო საქართველოს ეკლესია, წაართვა უძველესი ავტოკეფალია-თვითმმართველობა, გააუქმა-დააქვრივა საპატრიარქო ტახტი, პატრიარქი ანტონ II ბაგრატიონი გადაასახლეს რუსეთში, სადაც გარდაიცვალა და დაიმარხა და დღეს მისი საფლავი განადგურებულია, ძვლებიც კი არ დაგვიტოვეს. 1818 წლიდან 1917 წლამდე ქართულ ეკლესიას მართავდნენ რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ წარმოგზავნილი რუსი მღვდელმთავრები ეგზარქოსის წოდებით, რომელთა პირდაპირი მოვალეობა იყო ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის გარუსება, რასაც არაერთი ეგზარქოსი დაუფარავად აცხადებდა. ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი მოგონებები აქვს დაცული პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს თავის მემუარებში. ბევრი რუსი ეგზარქოსი და საეკლესიო პირი ძარცვავდა ქართულ ეკლესია-მონასტრებს, ეზიდებოდა ოქრო-ვერცხლისა და მინანქრის უნიკალურ ჯვარ-ხატებს, წვავდა ქართულ ხელნაწერებს, ზღუდავდა წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე აღსრულებას, იმდროინდელი საქართველოს ქალაქებში ტაძრები მაქსიმალურად რუსიფიცირებული იყო. წარმოიდგენით, ტაძრის ქართულ ხუროთმოძღვრების სტილში აგებასაც კი კრძალავდნენ. 1900-იან წლებში ქაშვეთის ახალი ტაძრის სამთავისის კათედრალის სტილში აგება უდიდესი ბრძოლის შედეგად შეძლეს, რადგან ეგზარქოსი მოითხოვდა რუსული სტილის ტაძრის აგებას. აკრძალული იყო სასულიერი სემინარიებსა და სასწავლებლებში ქართულ ენაზე სწავლება, ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი საგანი იყო, რომლის გაუქმებასაც კი ცდილობდნენ. ეკლესია სრული გარუსებისგან იხსნა შეგნებული, თავდადებული სამღვდელოების დიდმა ბრძოლამ წმინდა მამების: ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის, ეპოსკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის, ეპისკოპოსის _ შდგომში პატრიარქ კირიონ საძაგლიშვილის, არქიმანდრიტის _ შემდგომში პატრიარქ ამბროსი ხელაიას, ეპისკოპოსის _ შემდგომში პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის, ეპისკოპოს ანტონ გიორგაძის, დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის, დეკანოზის _ შემდგომში პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მეთაურობით. აღსანიშნავია, რომ რუსიფიკაციასთან ბრძოლას შეეწირა და რუსმა კოლონიზატორებმა მოკლეს ქუთათელი მიტროპოლიტი, აფხაზეთის საკათალიკოსოს მოსაყდრე, წმ. დოსითეოს წერეთელი; ხოლო გენათელ მიტროპოლიტ წმ. ექვთიმე შარვაშიძე-ერისთავს პატივი აჰყარეს და ნაცემი, ღრმად მოხუცებული გადაასახლეს რუსეთის შორეულ მონასტერში, სადაც მალევე აღესრულა. ეს ყველაფერი არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, ანტიქართული ქმედებებისა, რაც რუსეთის ეკლესიამ რუსული სახელმწიფოს კარნახითა და იდეოლოგიით გააკეთა. რუსეთის ეკლესია 25 წელიწადი არ აღიარებდა საქართველოს ეკლესიის აღდგენილ ავტოკეფალიას და ქართულ ეკლესიას სქიზმატურად და უმადლოდ აცხადებდა. ეს ისტერია რუსეთის საპატრიარქომ შეაჩერა 1943 წელს დიქტატორ სტალინის მითითებით, თუმცა მისი ეს დაკვეთა გამომდინარეობდა იმდროინდელი პოლიტიკური და საომარი სიტუაციიდან და თავისი გათვლები ჰქონდა.
_ ნამდვილად გულის წყვეტით ვამბობ, ძალიან ხშირად მიჩნდება კითხვა, _ ქართველმა ღვთისმსახურმა, რომელმაც უნდა იცოდეს და, სავარაუდოდ, იცის კიდეც, საკუთარი ეკლესიის სიტორია, იცის კირიონის, ამბროსი ხელაიას, ალექსი ბერის, ალექსანდრე ოქროპირიძისა და სხვა ქართველი მღვდელმსახურების მოღვაწეობის, მათი რუსეთის იმპერიასთან და რუსული ეკლესიის მსახურებთან ბრძოლის პერიპეტიები, როგორ უნდა ეძებდნენ ძმასა და მოკავშირეს რუსეთში? იგივე კითხვით მოგმართავთ თქვენც.
_ ეს ჩემთვისაც რთული აღსაქმელია. ფაქტია, რომ შეიძლება არსებობდეს ასევე აგენტურა და გავლენის აგენტებიც. როგორც ზემოთ ვთქვი, ასევე ძალიან ძლიერია საეკლესიო ნიღაბს ამოფარებული რუსული პროპაგანდა, რაც ბევრ გულუბრყვილოს აცდუნებს.
_ თქვენ ბოლო დროს გიხდებათ ევროპაში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში საეკლესიო მსახურება. ჩვენთან გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით დასავლეთში ურწმუნოები ცხოვრობენ. გულახდილად მითხარით, როგორ ფიქრობთ, თავიანთი რწმენის ფარგლებში რამდენად რელიგიურია იქ ხალხი და რა მოგწონთ და რას უწუნებთ მათ ღირებულებითი თვალსაზრისით?
_ დიახ, ევროპაში, კერძოდ დიდ ბრიტანეთშიც, ადგილობრივ ხალხში დიდადაა დაცემული ეკლესიურობა და რწმენა, უამრავი ტაძარი იხურება მრევლის არქონის გამო და იყიდება, ან ქირავდება სხვა რელიგიურ დენომინაციებზე, თუ საერო ფუნქციით. 65-მილიონიან ქვეყანაში სახელმწიფოს ძირითადი, ოფიციალური რელიგიის, ანგლიკანური ეკლესიის მრევლი მხოლოდ ერთი მილიონია, მათ უმრავლესობას კი ხანდაზმულები წარმოადგენენ. მაშინ, როდესაც XX საუკუნის შუა ხანებამდე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ ეკლესიის მრევლი იყო. ეს პროცესი, ერის განეკლესიურობა, დაიწყო 1950-იანი წლებიდან, ახალი ცხოვრების წესმა, ტრადიციების რღვევამ, ასევე გარკვეული მიზეზების გამო ანგლიკანური ეკლესიის ავტორიტეტის დაცემამ ხალხში, გამოიწვია დიდი დაშორება და გაუცხოება ეკლესიასა და ერს შორის. ქვეყანაში, სადაც მთელი XIX საუკუნე და XX საუკუნის დასაწყისში ათასობით უზარმაზარი, თუ შედარებით მომცრო ზომის ტაძარი აიგო, სადაც ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქუჩაზე ტაძრებია, საკვირეველია, როგორ დაიცალა და განელდა რწმენა. ამან ჩვენც უნდა დაგვაფიქროს, რომ ამ უკანასკნელი ოცი წლის გამალებულ საეკლესიო მშენებლობებს რა მოჰყვება, ის კი არაა მთავარი, რომ ტაძრები დღეს იყოს სავსე, არამედ ხვალ და მომავალში რა იქნება, ესაა არსებითი. ხოლო უმთავრესი კი სულიერი ტაძრის მშენებლობაა და არა მატერიალური, ქვის ტაძრებისა. როგორც უფალი იესო მეტაფორულად ბრძანებს: ქვიშაზე ნაშენები ინგრევა, კლდეზე ნაშენები კი უძლებს განსაცდელებს. აქვე უნდა დავძინო, რომ თუმცა ბრიტანეთში ერი დიდწილად განეკლესიურდა, ბრიტანელი ხალხი საკმაოდ შრომისმოყვარე, კანონმორჩილი, კეთილია. დიდია სამოქალაქო თვითშეგნების, ადამიანური სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის დონე, რაც ჩვენს „ეკლესიურ“ ქართველ ერს საკმაოდ აკლია.
_ იმ „17 მაისის“ შემდეგ ეკლესიას მრევლი საგრძნობლად მოაკლდა. მართალია, ცალკეული პირები ამაში მედიასაც კი ადანაშაულებენ და „ეშმაკს“ სხვაგან ეძებენ, _ ეს, ალბათ, ადვილია, ვიდრე პრობლემის გააზრება და აღიარება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ მრევლის არცთუ მცირე ნაწილს უნდობლობა გაუჩნდა ცალკეული მღვდელმსახურების ან, გნებავთ, ამ ინტიტუტის მიმართ?
_ აუცილებელია მოცემულ დროსთან ადეკვატურობა, დროის გამოწვევების გათვალისწინება. არა დაპირისპირება საზოგადოებასთან, არამედ დაახლოება. კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის ძალა და სულიწმინდის მადლმოსილება ისტორიულად იმით გამოიხატებოდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, მთელი ამ განვლილი ოცი საუკუნის მანძილზე, დროის გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს სცემდა და პრობლემების გადაჭრას საეკლესიო კრებებისა თუ კერძო ინიციტივების საშუალებით ახერხებდა. როდესაც რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაში ეს ვერ ხდება, შესაბამისად, იწყება სტაგნაცია და დაქვეითება. ამისი მაგალითებიც არაერთია ისტორიაში. აუცილებელია, იერარქია ხალხს არ დაშორდეს, რომ არ არსებობდეს არანაირი ზღუდეები და ბარიერები უბრალო ადამიანებსა და იერარქიას შორის. არ უნდა გაგვიტაცოს გალავნების აგებამ, ვაითუ ამ გალავნებმა ხალხისგან გამოგვყოს და მოგვწყვიტოს, ესაა სულიერი დაცემა და სამღვდელოების კრახი. ამ გაჭირვებულ და დაქცეულ ქვეყანაში, სადაც ათასობით ბავშვი საჭმლისა და მკურნალობის დეფიციტს განიცდის, სადაც ათასობით ადამიანი ნაგვის ურნებში იქექება, რომ საარსებო იპოვოს, დაუშვებელია მოფუფუნე იერარქიის არსებობა, ოქრო-ვერცხლის, თუ მარმარილო-მალაქიტის ანტიკვარიატით თავმომწონეობა.
_ ვითვალისწინებ გარკვეულ დელიკატურობას და გნებავთ, კონიუნქტურის აუცილებლობასაც, პერსონის მიმართ საზოგადოებაში არსებულ კეთილგანწყობასაც და შევეცდები, კითხვა მაქსიმალურად კორექტულად ჩამოვაყალიბო: ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლოდროინდელი სკანდალები და ცალკეული ფაქტები ხომ არ გიჩენთ იმის განცდას, რომ გარკვეული პირები ბოროტად სარგებლობენ საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის მხცოვანებით და იმის გარდა, რომ მას არ აწვდიან სათანადო ინფორმაციებს, საერთოდ უმალავენ მთელ რიგ ფაქტებს?
_ მე პირად, რა თქმა უნდა, არ ვიცი პატრიარქის ინფორმაციულობის დონე როგორია, რას და როგორ აწვდიან, რადგან არ ვმსახურობ საპატრიარქო აპარატში და არ მაქვს პირადი ახლო ურთიერთობა პატრიარქთან ისევე, როგორც სამღვდელოების სრულ უმრავლესობას. შემიძლია მხოლოდ ვარაუდები. ზოგაგად, ყველა ვხედავთ, რომ მრავალი პრობლემაა, რომელსაც არა დაფარვა და წაყრუება, არამედ გამოსწორება სჭირდება, თუკი ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ და გული შეგვტკივა მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალზე საქართველოში.
_ დაბოლოს, ჩვენი ინტერვიუს კონტექსტიდან გავალ და კითხვას ასე ჩამოვაყალიბებ: რწმენა, ზოგადად, შინაგან განწყობასა და დამოკიდებულებას ეფუძნება სხვა ფაქტორებთან ერთად. კონკრეტულად გკითხავთ და ერთმნიშვნელოვნად მიპასუხეთ, _ შინაგანად გჯერათ, რომ მამა გიორგი…
_ ეს საკითხი ჩემთვის და, ალბათ, ყველა მღვდელმსახურისთვის ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, რთულია წარმოდგენა, რომ მღვდელს ვინმეს მოკვლა სურდეს, თუმცა, მთლიანობაში, ეს არც გამოსარიცხია. საეკლესიო ისტორიაში არის უარესი მაგალითებიც. კონკრეტულად, მამა გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლოს დახურულმა პროცესებმა, ბრალდების შინაარსის ცვლილებებმა მრავალი ეჭვი აღძრა და მრავალი უპასუხო კითხვა დატოვა. იმედს ვიტოვებ ქრისტე იესოში, რომ ოდესმე ეს საკითხი ბოლომდე გაირკვევა და მტყუან-მართალი გამოვლინდება. ფაქტია, რომ დეკანოზ მამალაძის პროცესმა უკიდურესად შეარყია საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი და მრავალი ნაკლოვანება გამოააშკარავა.

არმაზ მეტრეველი