პირველადი ჯანდაცვა და პრობლემები

საქართველოში რომ ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამაზე ცალსახად ვთანხმდებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე ხმაურიანი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საყოველთაო ჯანდაცვისა და c ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამები გახლდათ, რომლებმაც დადებითი ასახვა ჰპოვეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (სხვა საკითხია, თუ რა დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს ამ მომსახურების შეთავაზება მოსახლეობისთვის და რამდენად სწორად, კონტროლირებულად დაიხარჯა იგი). მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის სარგებლისა, იყო საუბარი ამ მიმართულებით უკონტროლობასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე.

დღეს აქტიურად დაიწყო საუბარი პირველადი ჯანდაცვის პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზეც, თუმცა როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს, პირველადი ჯანდაცვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა, განვითარებული ქვეყნის პრობლემაცაა:
_ მე და მინისტრიც შეთანხმებულები ვართ, რომ პრობლემებია პირველად ჯანდაცვაში, უბრალოდ, რა სიტყვას დავარქმევთ, _ ჩავარდნას თუ გამოწვევას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ თუ სხვა რგოლები, იგივე პრევენცია, სკრინინგი, სტაციონარული მომსახურება, მეტ-ნაკლებად, დღეს გამართულია და ფინანსური დაცულობის კუთხით მოსახლეობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, საყოველთაო ჯანდაცვის შემოტანის მერე პირველადი ჯანდაცვა საჭიროებს ცვლილებებს, ეს არის და ეს. დანარჩენი უკვე ძალიან ტექნიკური და სპეციფიკური საკითხია.
საქმე ის არის, რომ ოჯახის ექიმი უნდა იყოს მომსახურების ძირითადი მიმწოდებელი და არა საავადმყოფო, ეს არის მთავარი. დღეს ზოგიერთი განვითარებული ქვეყანაც კი ეჭიდება ამ პრობლემას. ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს _ დაფინანსება, რესურსები უნდა გადმოვიტანოთ პირველად ჯანდაცვაში და არა სტაციონარულ მომსახურებაში _ ეს არის ქვეყნის ამოცანა, ოღონდ ამ საქმეში მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს გახდება, აქ მუნიციპალური ხელისუფლების მოვალეობაც არის, მაქსიმალური კოორდინაცია და რესურსების მობილიზებაა საჭირო. თვითმმართველობა ახლოს არის ადამიანთან, მის პრობლემასთან. პირველადი ჯანდაცვაც, პირველ ყოვლისა, სწორედ ასეთი ტიპის მომსახურებაა ადამიანისთვის, ვინც ახლოს იქნება პაციენტთან, ის არის მისი ოჯახის ექიმი.
მოქალაქეების ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ქრონიკული დაავადების მართვა _ ეს არის პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები და ამ სისტემის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა _ აქ ახალი, სენსაციური არაფერია და არც ის ფაქტორია, რომ ვიღაცამ რაღაც ვერ გააკეთა. ორიენტირი ახლა სწორედ ეს არის, რომლისკენაც უნდა მიდიოდეს ეფექტიანი პირველადი ჯანდაცვის სისტემა.
ჩვენი კომიტეტიც და იგივე, ჯანდაცვის სამინისტროც კარგად აცნობიერებს ამას. გრძელვადიან სტრატეგიაში პირდაპირ წერია, რომ პირველადი ჯანდაცვა რეფორმის ძირითადი მიმართულებაა, ამას მსოფლიოც აცნობიერებს, იგივე მდგრადი განვითარების 1000-წლეულ მიზნებშია ასახული იგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, უკვე გაცნობიერებულიცაა და ნაბიჯებს ვდგამთ, რომ თანხები პირველად ჯანდაცვაზე მიემართოს, მის ფარგლებში კი იქნება: ექიმების გადამზადება, ქრონიკული ავადმყოფების პროგრამა, პაციენტების ელბარათები და სხვ. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ირაკლი სასანია _ ჯანდაცვის ექსპერტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი:
_ საერთოდ, ხარისხის ერაა დღეს ჯანდაცვის სფეროში და ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევა უნდა.
რაც შეეხება ნაბიჯებს ამ მიმართულებით, უკვე დაიწყო აღნიშნული პრობლემის შესწავლა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სელექციურ კომპლექტირებას აპირებენ, რის დროსაც ხარისხის მიმართულებით თავის მიზნებს დასახავს სახელმწიფო. სელექციური კომპლექტირებისას, სავარაუდოდ, კონკრეტული კრიტერიუმები იქნება წამოყენებული სამედიცინო მიმწოდებლების მიმართ, ამ კრიტერიუმების მიხედვით კი მათ სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც მნიშვნელოვანია(!) და მხოლოდ ის დაწესებულებები და მიმწოდებლები დაფინანსდებიან, რომლებიც ამ სტანდარტს დააკმაყოფილებენ.
რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ის, ალბათ, ჯანდაცვის ხერხემალია და მართლაც გამოწვევას წარმოადგენს. საერთოდ, სისტემაა შესაქმნელი, რომ უფრო მეტად, მკაფიო პოლიტიკით, გამოჩნდეს, თუ რა ხდება. ახლა პირველად ჯანდაცვაში, ოჯახის ექიმებზე დაფუძნებული ტიპით უფრო მეტია კერძო სექტორის ჩართულობა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ მიმართულებას. ამ კუთხითაც არის მისაღები გარკვეული ხარისხობრივი სტანდარტები.
ვფიქრობ, რომ საზრუნავია პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა. მან უნდა მოიმატოს ერთ სულ მოსახლეზე და სრულიად საქართველო მოიცვას. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი პაციენტი, დაახლოებით, 80%-მდე პირველად ჯანდაცვას საჭიროებს და მხოლოდ 20% _ ჰოსპიტალურს. ჩვენთან კი პირველად ჯანდაცვაში 20% მიდის და დანარჩენი ჰოსპიტალურ მომსახურებას იღებს _ ეს ბალანსი უნდა შეიცვალოს. უფრო მეტი საჭიროებაა პირველად ჯანდაცვაში, მაგრამ დანახარჯები მეტია ჰოსპიტალურში. სწორედ ამის გამო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ მოსახლეობამდე რაც შეიძლება ახლოს მივიდეს პირველადი ჯანდაცვა, რათა მათ პირველად სწორედ ეს მომსახურება მიიღონ და არა პირდაპირ ჰოსპიტალური.
საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით კი ვფიქრობ, უფრო მეტი კონტროლი სჭირდება მას. ფიქსირდება სერვისების ჭარბი და არასაჭირო მოხმარების შემთხვევები, რომელიც დანახარჯების ზრდას იწვევს. ამ დროს მნიშვნელოვანია, შემცირდეს მათი რაოდენობა. ამ მიმართულებით კონტროლია საჭირო, რათა ხელოვნურად ჰოსპიტალიზება და სერვისების ზედმეტად მოხმარება არ დაფიქსირდეს. ამავდროულად, ხარისხზე ორიენტაციაა მნიშვნელოვანი, ასევე უნდა ვაკონტროლოთ, რამდენად ეფექტიანად იხარჯება საავადმყოფოებში მოხვედრილი თოთოეული ლარი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯანდაცვის სფეროში c ჰეპატიტის პროგრამა ძალიან წარმატებული პროექტია, ბევრმა ადამიანმა მოახერხა დაავადების მოშორება და სახელმწიფოსაც მოსცილდა ამხელა ტვირთი, შემდგომ, სოციალური ტვირთიც მოეხსნათ ამ ადამიანებს.
ვფიქრობ, ყველა მიმართულებითაა დაწყებული ქმედებები, კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება და რიგი პროექტები უკვე დაწყებულია.
თამარ მეტრეველი _ იურისტი:
_ პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასე თუ ისე, მოცულია მოსახლეობის თითქმის მთლიანი ნაწილი, პრობლემა გვაქვს პაციენტების უფლებებთან დაკავშირებით.
კვლავ მოუგვარებელია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი, ეს იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრია სასამართლოში მიმართვიანობა, რომელიც ჯანდაცვის მომსახურების ცენტრებს ან კონკრეტულ ექიმებს ეხებათ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მომსახურება იყოს პაციენტცენტრული _ პრობლემები ამ კუთხითაც შეინიშნება.
ძალიან ძვირია მედიკამენტები. შესაძლებელია, ექიმმა კარგი მკურნალობის კურსიც დანიშნოს, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობა იმდენად ძვირი ჯდება, რომ თუ მისი შეძენის საშუალება პაციენტს არ ექნა, დანიშნულებას არსებითი ღირებულება აღარ აქვს.
იცით რომ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის განმავლობაში (1991-დან 1994 წლამდე თვითდინებით იყო ჯანდაცვის სისტემა, შემდეგ დაიწყო სამედიცინო მომსახურების ცენტრების პრივატიზების შემოტანა, უკვე 2006 წელს სამედიცინო მომსახურების ცენტრები გაიყიდა), ჯანდაცვის სისტემის ერთიან ხედვასთან დაკავშირებით სტრატეგია არ ჩანდა, თუმცა ეს შეუძლებელიც იყო, რადგან იმ პერიოდში ძალიან სწრაფად იცვლებოდნენ ჯანდაცვის მინისტრები და ზოგიერთი მათგანი პოსტზე ერთ წელიწადსაც კი არ რჩებოდა.
ამ ფონზე, სტაბილურობის აღქმა ნაკლები იყო…
თუმცა 2013 წლის შემდეგ საკმაოდ პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა შემოვიდა. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა მოსახლეობის ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუცველი იყო, სახელმწიფოსგან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა, თუკი კონკრეტული პირი კერძო დაზღვევით არ სარგებლობდა. 2013 წლიდან უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ეს პრობლემა მოაგვარა და მომსახურება თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ჯანდაცვის სისტემას ბევრი სასარგებლო პროექტი შეემატა, დღეს მაინც ყოველდღე ვიგებთ პირველადი თუ საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემებზე, მედიკამენტების გაძვირებაზე, არ მცირდება უხარისხო მომსახურების ფაქტებიც…
მართალია, გრძელვადიან სტრატეგიაში პირდაპირ წერია, რომ პირველადი ჯანდაცვა რეფორმის ძირითადი მიმართულება გახლავთ, თუმცა რა ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით, ეს უახლოესი წლების მანძილზე საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ.

ნინო ტაბაღუა