ვინ უნდა დარჩეს მას შემდეგ, რაც შუა გაიკრიფება?..

ყველას ახსოვს ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა: „შუა უნდა გაიკრიფოს“. ეს იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრისთვის გაკეთებული გზავნილი. ივანიშვილი მიიჩნევდა და, სავარაუდოდ, ახლაც ფიქრობს, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობას მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია უნდა ქმნიდეს, დანარჩენი კი, უბრალოდ, უნდა გაიკრიფოს, ანუ განადგურდეს.

როგორც ჩანს, ბატონი ოლიგარქი ამერიკული პოლიტიკური სტანდარტის მოტრფიალე უფროა, ვიდრე ევროპულის. ამერიკული პოლიტიკური ტრადიცია სწორედ ორპარტიულ სისტემას გულისხმობს. ორი პარტია დომინირებს ყველგან, ორი პარტია იბრძვის კონგრესში, სენატში. რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები იბრძვიან საპრეზიდენტო არჩევნებზე. ხელისუფლებასაც ეს ორი პარტია გადასცემს ხოლმე ერთმანეთს პერიოდულად. სხვა პარტიებიც არსებობენ, მაგრამ ისინი იმდენად სუსტები და „გაკრეფილები“ არიან, რომ ორპარტიულ ამერიკულ სისტემაში მათი ფერები არ ჩანს.
ევროპული სისტემა შედარებით მრავალპარტიულია. ყველა ევროპულ ქვეყანაში, საშუალოდ, 4-5 ძლიერი პარტია მაინც ფიგურირებს, რომლებსაც იმდენი ამომრჩეველი მაინც ჰყავთ, რომ პოლიტიკურ პროცებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ. ბიძინა ივანიშვილის ფრაზა „შუა უნდა გაიკრიფოს“ ნიშნავს, რომ ორზე მეტი პარტიის ადგილი საქართველოში აღარ უნდა დარჩეს.
ამ ორიდან ერთ-ერთი „ოცნება“ რომ უნდა იყოს, ეს გასაგებია, საინტერესოა, ვინ უნდა იყოს მეორე, რომელთან ერთადაც ივანიშვილი ხელიხელგადახვეული აპირებს სიცოცხლის ბოლომდე სიარულს? ანუ რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ოცნება“ ხანდახან დაუთმობს ხოლმე ხელისუფლებას? მთავარია, რომ მეორე პარტიაც ივანიშვილის შექმნილი, დაფინანსებული და, შესაბამისად, კონტროლირებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულებები გამორიცხული არაა.
დღესდღეობით უკვე საკმარისზე მეტი ფაქტი დაგროვდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ასეთი პარტია უკვე არსებობს და გამალებული სამზადისი მიმდინარეობს იმისთვის, რათა ეს პარტია, როგორმე, ოპოზიციაში პირველი გახდეს. ოპოზიციაში ლიდერობა აუცილებელი მოცემულობაა იმისთვის, რომ ყველა დანარჩენი განადგურდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ რეიტინგებით მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფ ოპოზიციურ ძალას მეორე პოლიტიკურ პოლუსად ივანიშვილი ვერ გამოაცხადებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ისეთი სასაცილო იქნება, რომ პროექტი, უბრალოდ, ვერ იმუშავებს. საჭიროა, რომ ამ პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავოს. აი, მაშინ მისი, როგორც მეორე პოლიტიკური ძალის წარმოჩენა გაცილებით გამარტივდება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორც კი გაჟღერდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, მაშინვე ნათელი იყო, რომ პროცესში დიდი ფინანსური რესურსი და სახელისუფლებო გავლენები იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ რღვევის პროცესი იმით დაიწყო, უნდა ჩატარდეს თუ არა პარტიაში ყრილობა და ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე. ერთ მხარეს აღმოჩნდა ცნობადი „ნაციონალების“ თითმის 90%, გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, ხოლო მეორე მხარეს სააკაშვილის პარტიის ერთგული წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას გუნდში ცნობადი ლიდერების უმრავლესობა იყო, მათ არ ჰქონდათ ყრილობის ჩასატარებლად და პარტიის ხელში ჩასაგდებად საჭირო მთავარი ბერკეტი, _ პარტიის ქვედა ეშელონი, რომლის მეშვეობითაც უნდა ჩატარებულიყო ყრილობა. მარტივად რომ ვთქვათ, პარტიის წევრები ბოკერიას არ გაყვნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, მან გადაწყვიტა არა მხოლოდ ფინანსური, არამედ საკადრო რესურსითაც გაეძლიერებინა ბოკერიას გუნდი. ამისთვის გადაწყდა ციხიდან გიგი უგულავას გამოშვება. როგორც ჩანს, ბოკერიამ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ უგულავას განთავისუფლებით პარტიის რეგიონული ორგანიზაციები მათ დაუჭერდნენ მხარს.
და, აი, პირველი ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს „ევროპული საქართველო“. გიგი უგულავა, რომელსაც გამოძიება 48 მილიონის მითვისებას ედავებოდა და რომელსაც კიდევ რამდენიმე წელი ციხეში ყოფნა ჰქონდა მისჯილი, ყოველგვარი შეწყალებისა და „უდოს“ გარეშე ციხიდან გამოდის. ამ უპრეცედენტო განთავისუფლებას საფუძვლად დაედო ის, რომ უგულავამ, თურმე, თავისი დანაშაული, ნაწილობრივ, აღიარა. ანუ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კანონს, მთავარია ერთი ადამიანის სურვილი და ნებისმიერი პატიმარი მეორე დღესვე განთავისუფლდება. ამ ყველაფრის შეფუთვაც კი არ იკადრეს, რომ საზოგადოება ცოტა მაინც დაებნიათ ან ვადამდე განთავისუფლების კომისიაზე გაეტანათ საკითხი და ისე გაეთავისუფლებინათ, ან შეწყალების კომისიის გავლით ემოქმედათ, ან საპატრიარქოსთვის ეთხოვათ, ეშუამდგომლა უგულავასთვის… არა!.. ივანიშვილმა თქვა და მორჩა! ისაა ქვეყანაში შეწყალებაც, „უდოც“ და ყველა სხვა კანონიც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ავტოკრატიულ ქვეყნებშიც არ მიიღება. ავტოკრატი მმართველები კანონს თუ არა, საზოგადოებრივ აზრს მაინც უწევენ ანგარიშს და ცდილობენ, თავიანთი ერთპიროვნული მმართველობა შენიღბონ, რათა ის ნაკლებ გამაღიზიანებელი იყოს მოსახლეობისთვის. ივანიშვილი კი უგულავას შემთხვევაში მოიქცა არა როგორც ავტორიტარი, არამედ როგორც დიქტატორი, რომელიც სულ არ დაგიდევთ საზოგადოებრივ აზრს. მან ამით საზოგადოებას კონკრეტული მესიჯი გაუგზავნა: „კანონი მე ვარ და დაიწყეთ ამ აზრთან შეგუება!“
დავუბრუნდეთ კვლავ უგულავას: პოლიტპატიმრობაზე პრეტენზიის მქონე ყოფილი მერის ასეთი სამარცხვინო განთავისუფლების შემდეგ უგულავას ის 48 მილიონიც აპატიეს და ამხელა თანხის გაფლანგვისთვის მხოლოდ წელიწადნახევარიანი პირობითი სასჯელი შეუფადეს. ე. ი. ოღონდ შენ „ნაცმოძრაობა“ „დაითრიე“ და ღმერთმა შეგარგოს ეგ ფულიო. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ბოკერია-უგულავას გუნდის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება მაინც არ შედგა. ბოკერიას მხოლოდ ლუსტრირებული უგულავა შერჩა ხელთ, თუმცა ამდენ ნაშრომს წყალში ხომ არ გადაყრიდნენ და ამიტომაც შეიქმნა ახალი პარტია, „ევროპული საქართველო“, მასთან ერთად კი დაიწერა ახალი პოლიტიკური სცენარი იმ გლობალური პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც, პირობითად, „შუა უნდა გაიკრიფოს“ ჰქვია.
ამდენი პოლიტიკური ლიდერისგან დაკომპლექტებულ პარტიას, ბუნებრივია, დიდი მადა ექნებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ამაზეც იზრუნა და კეზერაშვილის რიგიც დადგა. იგი ძალიან მალე გადაბარგდა „ნაციონალებიდან“ ივანიშვილისკენ და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, დღესდღეობით იგი ბოკერია-უგულავას გუნდის მთავარ დამფინანსებელს წარმოადგენს. ამის სანაცვლოდ კეზერაშვილთან ყველა პრეტენზია ერთ წამში გაქრა და არა მარტო გაქრა, არამედ ფოთის პორტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებაში იგი სასწრაფოდ გაამართლეს კიდეც. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდანაც ამოიღეს. ცნობისთვის: ასეთი რამ ძებნის გამომცხადებელ მხარესთან შეუთანხმებლად არ ხდება(!).
ამასობაში ადგილობრივი არჩევნები მოახლოვდა და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული პარტიაა, კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს ეჭვები, უპირველეს ყოვლისა, იმ დაფინანსებამ გააღრმავა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო წლის განმავლობაში მიიღო.
2017 წელს, 1-ლი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყველა პარტიის ერთად აღებულმა შემოწირულობამ 13 მილიონი ლარი შეადგინა. ბუნებრივია, ამ თანხდან ლომის წილი „ოცნებამ“ წაიღო. ამ წილმა 11 მილიონზე მეტი შეადგინა. და თუ „ოცნების“ ეს ზღვარგადასული მადა არავის გაჰკვირვებია, ბოკერიას გუნდის მეორე ადგილმა და მილიონიანმა შემოწირულობებმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში, სადაც ყველა სერიოზული ბიზნესმენი ივანიშვილის „კრიშის“ ქვეშ მუშაობს, ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას „ევროპული საქართველო“ იღებს. ყველა დანარჩენმა ოპოზიციამ ერთად იმის ნახევარიც ვერ მიიღო, რაც ბოკერია-უგულავას გუნდმა.
ალბათ დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც კულუარული ოლიგარქი მართავს ყველაფერს, ასეთ დაფინანსებას მის უნებართვოდ ვერავინ მიიღებს.
ასეთი დაუფარავი ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებზე ივანიშვილისთვის სასურველი შედეგის ჩვენება ბოკერიას გუნდმა მაინც ვერ შეძლო. სასურველი მეორე კი არა, დამამშვიდებელი მესამე ადგილიც ვერ დაიკავა მათმა მერობის კანდიდატმა. თუმცა მეორედ განცდილი ფიასკოს მიუხედავად, პროექტის შეჩერებას არავინ ფიქრობს. პირიქით _ ახალ-ახალი რესურსები ერთვება საქმეში.
ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ გაძლიერება ივანიშვილისთვის კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა. ამის ნათელი მაგალითი ბოკერიას პარტიის პომპეზური ყრილობა გახდა. თავი რომ დავანებოთ ყრილობის ძვირადღირებულობას, ყველაზე საოცარი ის ღმოჩნდა, რომ მთელი ეს ღონისძიება ტელეკომპანია „იმედმა“ პირდაპირ ეთერში გაუშვა. არ დაგვავიწყდეს, საუბარია „იმედზე“, რომლის ეთერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, უბრალოდ, დახურულია. ტოქშოუები ამ არხზე, პრაქტიკულად, არ არსებობს, ხოლო საინფორმაციოებში მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს თუ იხილავთ. და უეცრად ასეთი ტელევიზია თავის უძვირფასეს საეთერო დროს რამდენიმე საათით უთმობს პარტიას, რომლის ლიდერებმაც, კონკრეტულად კი პირადად გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ, თავის დროზე, „ტელეიმედის“ დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი ჯერ ქვეყნიდან გააქციეს, ყველა ბიზნესი, მათ შორის, ტელევიზია „აახიეს“ და ბოლოს მისი გარდაცვალებაც იზეიმეს. ნუთუ, ვინმეს სჯერა, რომ ასეთი რამეები შემთხვევით და ხელისუფლების ჩაურევლად შეიძლება მოხდეს?!. არა მგონია!!!
„ევროპული საქართველო“ გამორჩეული პარტია რომაა „ქართული ოცნებისთვის“, ამას თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებიც არ მალავენ. მაგალითად, კახი კალაძემ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა:
„ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მეორე _ „ევროპული საქართველო“. ჩვენ „ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ის არის კონსტრუქციული.
სწორედ ასეთი ჩახუტებული და შეხმატკბილებული თანამშრომლობის შედეგი იყო კიდევ ერთი აბსურდი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე ნომერ 50-ე საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. ეს ოლქი გახლავთ საჩხერე, _ რაიონი, სადაც ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის უმრავლესობა, მრავალწლიანი დოტაციებით, უბრალოდ, შესყიდული ჰყავს. აი, ასეთ რაიონში მერის არჩევნებზე მეორე ადგილზე გადის ბოკერიას პარტიის კანდიდატი, თან ეს მაშინ, როცა ბოკერიას პარტიის თავმჯდომარის გვარს რაიონში ერთი პროცენტიც ვერ დაგისახელებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარი ზედმეტია.
ახლა რაც შეეხება ბოკერიას გუნდის უახლოეს გეგმებსა და პოლიტიკურ ტაქტიკას, რომლითაც ეს გეგმები უნდა განხორციელდეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში დიდი ორომტრიალი მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც არასდროს, ისეა გააქტიურებული თემა ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ერთიანი კანდიდატის იდეას ემხრობა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია და ამ თემაზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ერთადერთი პარტია, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ არ დაჯდება ოპოზიციასთან სალაპარაკოდ, ესაა „ევროპული საქართველო“. როგორც კი ყოფილმა პრეზიდენტმა საპტრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანებას დაუჭირა მხარი, პირველი, ვინც ამის გამო აღშფოთდა, არა „ქართული ოცნება“, არამედ „ევროპული საქართველო“ აღმოჩნდა. მათ ძალიან მტკივნეულად განიცადეს ის პერსპექტივა, რომ ოპოზიციას შესაძლოა, საერთო კანდიდატი ჰყავდეს. ეს ყველაფერი მათ განცხადებებში წარმოჩინდა, როცა საერთო კანდიდატის გარშემო დაწყებულ კონსულტაციებში ჩართვაზე მზადყოფნის ნაცვლად ყველას ისტერიული ლანძღვა დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა, ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის. ბოკერია-უგულავას გუნდის პირველმა რეაქციებმა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გარშემო კონსოლიდაციაზე უკვე ბევრი რამ გახადა ნათელი. პირველ რიგში ის, რომ „ევროპული საქართველო“ ყველაფერს ეცდება, რომ როგორმე ამ ერთობას დაუსხლტეს და თავისი პარტიული კანდიდატი დააყენოს. ამისთვის ბოკერია ყველანაირ მიზეზს მოიშველიებს. მაგალითად იმას, თუ როგორ გაუბედა მიშამ და როგორ უწოდა მას ბიძინას მოსყიდული; ან, მაგალითად, ბურჯანაძეს მოიდებს მიზეზად, _ როგორ შეიძლება, პრორუსულ ბურჯანაძესთან ერთად საერთო კანდიდატზე ვიმსჯელოთ(?) და ა. შ. არადა, შარშან, როცა ბურჯანაძესთან, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კიდევ ბევრ სხვა არაპროდასავლურ პარტიასთან ერთად კონსტიტუციის ვარიანტი იწერებოდა, ბოკერიასა და უგულავას ამის გამო დისკომფორტი არ შექმნიათ. როგორც ჩანს, ამ დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი არა თავად პოლიტიკური პროცესი, არამედ ქვეყნის კულუარული მმართველია. თუ ბიძინას ეს არ ანერვიულებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბურჯანაძესთანაც დასხდებიან სალაპარაკოდ და ნებისმიერ სხვასთანაც, მაგრამ თუ ივანიშვილს არ ენდომება, მიზეზებს რა დალევს და ხან ბურჯანაძეს დააბრალებენ ერთიანობიდან თავიანთ გაძრომას, ხან _ სააკაშვილს.
ხონი-ვანის საარჩევნო ოლქში დანიშნულ არჩევნებში ბოკერიას გუნდმა ღიად განუცხადა ყველას, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს და არავითარ საერთო კანდიდატს არ გინიხილავს. მათი ასეთი ხისტი პოზიცია იმას ნიშნავს, რომ „ევროპულ საქართველოს“ საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლების დამარცხება, ეს მათ გეგმებში არ შედეის. პირიქით, მათი ინტერესია, „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი დაემუქროს, რადგან სწორედ „ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს ოპოზიციაში მათი პირველობა. ამიტომაც როგორც კი ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებზე საერთო კანდიდატის გარშემო კონსულტაციები დაიწყო და ბოკერიას გუნდს ამ კონსულტაციებში ჩართვა შესთავაზა, მათ სასწრაფოდ დააყენეს უგულავა მაჟორიტარ კანდიდატად, რადგან შეთანხმების შემთხვევაში ერთიანი კანდიდატის ვალდებულება არ „აკიდებოდათ“.
თუმცა არაა გამორიცხული, „ევროქოცების“ გეგმები თავდაყირა დადგეს. ოპოზიცია აქტიურად ემზადება ხონი-ვანის შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისთვის. თუ ბოიკოტი განხორციელდა და უგულავა ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა, ხელისუფლებასთან ერთად, ვერცხლის მედალს ფასი დაეკარგება. ეს უკვე ოპოზიციაში პირველობა კი არა, ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლის გადაგდება იქნება. ე. ი. უგულავა გადაარჩენს „ქართულ ოცნებას“, რათა ის მარტო არ დარჩეს არჩევნებზე და საბოლოოდ არ დაემსგავსოს კომუნისტურ პარტიას. ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ თავად მოახდენს თვითლუსტრირებას. საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტში კიდევ ერთი „ევროქოცის“ შეყვანა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საქმეა, სრული აბსურდია. ე. ი. გარდა ამბრაზურის როლის შესრულებისა, ბოკერიას გუნდს ამ არჩევნებზე სხვა არაფერი როლი აკისრია.
რა პოლიტიკური შედეგითაც არ უნდა დასრულდეს შუალედური არჩევნები ოპოზიციურ ერთობასთან და ერთიან კანდიდატთან მიმართებით, ზუსტად ასე მოიქცევიან „ევროქოცები“ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი უკვე გაურბიან ყველანაირ კონსულტაციებს ამ თემაზე და გამორიცხული არაა, საპრეზიდენტო კანდიდატიც პირველებმა წარადგინონ. კულუარებში ამბობენ, რომ ეს კვლავ დავით ბაქრაძე იქნება, თუმცა იმავე კულუარებში საუბრობენ, რომ თავად ბაქრაძეს ძალიან არ უნდა კანდიდატობაო. არადა, სხვა რისთვის უნდა გამოიყენოს ბოკერიამ ბაქრაძე, გაუგებარია. თუ ბაქრაძე საქორწილო თოჯინასავით მანქანის „კაპოტზე“ არ დასვეს, მისი პოლიტიკური საჭიროობა საერთოდ დაიკარგება. თუ ბაქრაძე ბოლომდე გაიჭაჭა, არ მინდა პრეზიდენტობაო, მაშინ, შეიძლება, უგულავაზე მიდგეს ჯერი. თუმცა მას შემდეგ, რაც ის ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, ცოტა საეჭვოა, პრეზიდენტობის კანდიდატად ვიხილოთ. თუ ივანიშვილმა ინება და უგულავა მაჟორიტარი გახდა, თავისთავად მოუწევს, დეპუტატობას დასჯერდეს, ხოლო თუ წააგებს, დამარცხებულ კანდიდატს რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია არ წამოაყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიაში ცნობადი ლიდერების მთელი კორიანტელია, პოზიტივის მოძებნა მაინც ძალიან ჭირს. ამიტომაც უამბიციო და უინიციატივო ბაქრაძე, როგორც ჩანს, მაინც ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება, თუ პარტია დაითანხმებს, რა თქმა უნდა..!
იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, ბაქრაძის შანსები, მეორე ადგილზე გავიდეს და ბოკერიას გუნდს ოპოზიციური ლიდერობა მოუტანოს, ასევე საკმაოდ მაღალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ თავისი ყოფილი დედაპარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაძიროს, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული რესურსი, სწორედ, ბაქრაძის ვერცხლის მედალს მოხმარდეს.
„ევროპული საქართველოს“ გეგმების პარალელურად, ალბათ, საინტერესოა, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს ბოკერიას გუნდთან მიმართებით თავად ივანიშვილს?.. თუ ჩვენს უახლეს ისტორიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არც ერთ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტი ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება არ მიეცა. და ამ ერთგვარი შეზღუდვის ინიციატორები, საპროტესტოდ განწყობილ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა კი, შეერთებული შტატები არიან. ერთი და იგივე პარტიის მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლა დასვლეთისთვის დიქტატურის ნიშნებს შეიცავს. ამიტომაც იყო, რომ, ჯერ კიდევ, შევარდნაძეს ურჩევდა მისი მეგობარი ბეიკერი, არ ეფიქრა მესამე ვადაზე; ამიტომაც ურჩევდა ჰილარი კლინტონი სააკაშვილს, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოეხდინა. ბუნებრივია, ასეთი რჩევები არც „ქართულ ოცნებას“ მოაკლდება. ამიტომაც ივანიშვილი უკვე აქტიურად ემზადება 2020 წლისთვის, როცა „ოცნებას“ დაჟინებით მოსთხოვენ ოპოზიციაში გადასვლას. მზადება კი იმით გამოიხატება, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ახალი ძალა ან, შესაძლოა, ახალი ძალები გამოიძერწონ. კოალიციური მთავრობა ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. კოალიცია, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი სეგმენტი ბოკერია-უგულავას „ევროქოცები“ იქნებიან, ბუნებრივია, დასავლეთისთვის ერთმნიშვნელოვნად ახალი პოლიტიკური ძალა იქნება. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი „დემოკრატიით“ ევროპა გააოცა, ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნა და კიდევ ორი ვადით ხელისუფლება გაინაღდა. რაც შეეხება შუას, მისი გაკრეფა უკვე მხოლოდ დროის საკითხიღა იქნება. ასეთია ივანიშვილის გეგმა, თუმცა მის განსახორციელებლად მხოლოდ მილიარდები და ნაყიდი პარტიები არ კმარა. ამისთვის კიდევ საჭიროა, რომ მთელი ერი ერთიანად დავბრმავდეთ და დავყრუვდეთ, რაც, იმედია, არ მოხდება და, შესაბამისად, ქვეყნის ნგრევის ამ გეგმას განხორციელება არ უწერია.

დემნა ვეშაპიძე