დავით საგანელიძე უწერის ეკლესიაში ხალხს არ უშვებს?

ნიგავზები ზემო რაჭის, კერძოდ, ონის რაიონის ულამაზესი პატარა სოფელია, სოფელი, რომელიც მალე, შესაძლოა, ნასოფლარად იქცეს. არსებობს ალბათობა, რომ ნიგავზების მსგავსად, წყალმა უწერის თემის კიდევ სამი სოფელი _ ფარავნეში, ჟამიერეთი და ჯინჭვისიც შთანთქოს, თუმცა „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ამაზე მაინცდამაინც არ ჯავრობენ. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ სოფლების ჩარეცხვით ვიღაცები მილიონების შოვნას გეგმავენ და შესაბამისად, ხალხის პროტესტი სულაც არ ანაღვლებთ.
მაინც, რა ხდება და რა საფრთხის წინაშე დგას ისედაც დაცლილი მხარე?
სწორედ ამის გასაგებად „ქრონიკა+“ ზემო რაჭას ესტუმრა.

დანარჩენი საქართველოს მსგავსად, აქაც სიდუხჭირეა, ანუ ვერ ვიტყვით, მას მერე, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქარხანა-ფაბრიკები აგუგუნდა, ხალხი დასაქმდა და უმუშევრობა აღმოიფხვრაო, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში რაჭველებმა ერთი სიკეთე ნამდვილად ნახეს _ გზები გაკეთდა.
_ მიშიკუნას რაჭველები არ ვუყვარდით და ამიტომაც, ზედაც არ გვიყურებდაო, _ რაჭული იუმორით ამბობენ ადგილობრივები და დასძენენ, _ ხეირი არც „ოცნებამ“ მოგვიტანაო.
სხვათა შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაშინდელმა კოალიციამ, როგორც გავარკვიე, რაჭაში ზეწარმატებას მიაღწია, ანუ „ნაციონალები“ თითქმის 98%-ანი უპირატესობით დაამარცხა, თუმცა იგივე შედეგი 2016-ში ვეღრ დადო.
საერთოდ, რაჭაში პოლიტიკური სტაგნაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია, პრაქტიკულად, არ არის. მართალია, არ ვიცი, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები როგორია, მაგრამ თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ზემო რაჭაში მიგრაციის უმაღლესი მაჩვენებელია. შესაბამისად, ისინი, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულნი, იძულებულნი არიან, სახელისუფლებო პარტიას უკმიონ გუნდრუკი, ხოლო დაუსაქმებლებს მხოლოდ „ოცნება“ კი არა, ოპოზიციაც, მომიტევეთ და, სულ ფეხზე ჰკიდიათ.
სწორედ ამის გამოა, რომ მმართველ ელიტას ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად. ამას ისიც ემატება, რომ დღემდე არ ყოფილა პრეცედენტი, რაჭველებს რომელიმე საჭირბოროტო საკითხზე პროტესტი საჯაროდ გამოეთქვათ. ეს ინერტულობა ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მეტ გამბედაობას აძლევს, თუმცა ონის ჰესების კასკადის პროექტმა რაჭველები ერთ მუშტად შეკრა და პროტესტმაც იფეთქა.
მართალია, ეს პროტესტი ჯერ სოციალურ ქსელში იგრძნობა, მაგრამ ზემო რაჭის მოსახლეობა გეგმავს, რომ 7 აპრილს დიდი მიტინგი გამართოს და ვიღაც-ვიღაცებს იმის საშუალება არ მისცეს, რომ რაჭა წყალს გაატანოს და ამის სანაცვლოდ მილიონები ჩაიჯიბოს.
ერთი სიტყვით, ზემო რაჭა, პრაქტიკულად, კატასტროფის წინაშე დგას. ეს ვინმესთვის შესაძლოა, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ კითხვებზე, რომლებიც ხალხს აქვს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასაბუთებულ და არგუმენტირებულ პასუხებს ვერ სცემენ.
ამასთან, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ისიც მოქმედებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰესების კასკადზე დადებითი რეკომენდაცია, ჯერჯერობით, არ გასცა.
ყველაფერი კი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. კერძოდ, 5 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ონის ჰესების კასკადის პროექტი აიტვირთა. შენიშვნების წარდგენის, ასე ვთქვათ, უფლება ხალხს 9 თებერვლამდე ჰქონდა, 19-ში კი პროექტის საერთო-სახალხო განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა ყველაფერ ამის შესახებ მოსახლეობამ შემთხვევით, ანუ 18 თებერვალს გაიგო. არადა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, უწერის თემის რწმუნებულს დავალებული ჰქონდა, რომ ხალხისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, _ პროექტი ინტერნეტში დევს და თუ რამე შენიშვნა გაქვს, შეგიძლია, გამოთქვაო.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დინჯი რაჭველები დაირაზმნენ, პროექტს ერთ ღამეში გაეცნენ და 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნების წარდგენის ვადა ამოწურული იყო, ე. წ. ჰესების პროექტის საერთო-სახალხო განხილვას დაესწრნენ. როგორც ამბობენ, განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად, რაჭველებმა ონლაინ-პეტიცია _ „გადავარჩინოთ ზემო რაჭა“ _ შეადგინეს, რომელშიც ნათქვამია:
„2018 წლის 19 თებერვალს ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სს „ონის კასკადის“ მიერ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე. წ. საჯარო განხილვა. ეგრეთ წოდებული იმიტომ, რომ მოსახლეობამ მხოლოდ წინა დღეს შეიტყო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მეტიც, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო არა მერიის თანამშრომლებისგან, არამედ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან.
პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.
ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზემო რაჭა სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება რისკების შემცირებაზე აღქმული იქნა, როგორც სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, როგორც საქმისადმი და ქვეყნისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ვაცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობის პროცესიც კი გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ზემო რაჭას და არა მხოლოდ ამ მხარეს.
ე. წ. საჯარო განხილვისას ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, სოფლების თავზე, დაახლოებით, 10 ჰა ფართობზე, მეწყერსაშიშ ზონაში, 4200 ხის მოჭრა იგეგმება, რომელიც, თურმე, წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი. ამ რაოდენობის ხის ჭრა, ასეთ ზონაში, თავისთავად, გამოიწვევს სტიქიას.
ამასთან, ამ პროქტის ავტორები ვერ გვისაბუთებენ, რა სარგებელს მოიტანს პროექტი იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ზემო რაჭას მიაყენებს?
აღსანიშნავია, რომ ე. წ. საჯარო განხილვაზე კომპანიამ პროექტის ნორმალური პრეზენტაციაც კი ვერ მოაწყო. გვერდი აუარა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხოლო კითხვებზე პასუხისას კომპანიის დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი, დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობდნენ (ალბათ, არა მგონია, ნაკლებსავარაუდოა და ა. შ.).
ნათელია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მხოლოდ ფორმალური პროცედურების ჩატარების მიზნით არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ჰესის აშენება წერტილს დაუსვამს როგორც სოფლების არსებობას, ასევე ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. საფრთხე დაემუქრება როგორც პროექტს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებს (შპს „ფერი“), არის ამჟამად დანგრეული, უმოქმედო პროექტების ავტორი. ვგულისხმობთ „დარიალი ჰესსა“ და „ლარსი ჰესს“. „დარიალი ჰესის“ შემთხვევაში, ადგილზე მომხდარ ტრაგედიას, ღვარცოფის ჩამოწოლას, მოჰყვა მსხვერპლიც. „ლარსი ჰესი“ კი სამჯერ დაანგრია მოვარდნილმა მეწყერმა. ონის კასკადის განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი სახის ტრაგედია დაემუქრება რაჭასაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც.
საფრთხეების მცირე ჩამონათვალი:
მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიები, ხმაურისა და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ. რიონის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები;
მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება (დაახლოებით 10 ჰა 4200 ხე) უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება მეწყრის ჩამოწოლის რისკი;
ასევე, ზემოხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების რისკები, შესართავებიდან ჩამონადენი ღვარცოფების საფრთხე, რაც გამოიწვევს წყლის დაგუბებას და, შესაბამისად, გამოუსწორებელ შედეგებს.
წლების მანძილზე გაწეული შრომისა და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბებულია ზემო რაჭის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი შესაძლებლობის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ზემო რაჭისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ სოფლებისა და ხეობის გადასარჩენად. არ დავუშვებთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე“.
უმოკლეს დროში ონლაინ-პეტიციას 5 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი და ამ ეტაპზე ონის ჰესების კასკადის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა იმით დამთავრდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტში ხარვეზები აღმოაჩინა, თუმცა რაჭველები გაჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, რათა რიონს კალაპოტი არ შეუცვალონ და, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მინიმუმ, ოთხი სოფელი წყალს არ გაატანონ.
მაინც, ვის ინტერესში შედის კასკადის მშენებლობა და ოთხი სოფლის დატბორვა? _ ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა, ცხადია, ადგილობრივ მოსახლეობას დაუსვა.
ხალხმა ყველაფერი ის, რაც პოლიტიკურ კულუარებში ხდება, რასაკვირველია, არ იცის, თუმცა ეჭვობს, რომ იგივე ონის ჰესების კასკადით გარკვეული პერსონები ან ფულს ათეთრებენ, ან, სულაც, სერიოზული „მაყუთის“ შოვნას გეგმავენ.
არსებობის უფლება, ბუნებრივია, ორივე ვერსიას აქვს, მაგრამ საინტერესოა, ვინ არიან ეს „გარკვეული პერსონები“?
არსებობს მოსაზრება, რომ ონის ჰესების კასკადის მშენებლობით საინვესტიციო ფონდია დაინტერესებული. მოგეხსენებათ, ამ ფონდს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, რომელიც, თავის დროზე, „ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი იყო. მას შემდეგ კი, რაც საკანონმდებლო ორგანოდან საინვესტიციო ფონდში გადაინაცვლა, მისი ანაზღაურება, როგორც ამბობენ, ლამის, 30 ათასი ლარია.
ზემო რაჭაში კი ამბობენ, რომ ამ მხარით საგანელიძე, ჯერ კიდევ, წლების წინათ დაინტერესდა, ანუ როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბატონმა საგანელიძემ, თავის დროზე, უწერის სანატორიუმი შეიძინა და დააკონსერვა. არადა, იყო დრო, როცა რაჭველების უმეტესობა სწორედ ამ სანატორიუმში იყო დასაქმებული.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ სანატორიუმის ტერიტორიაზე სტალინის ცნობილი „დაჩაც“ მდებარეობს, სადაც საბჭოთა ბელადი ისვენებდა ხოლმე. რაჭველების თქმით, საგანელიძემ ობიექტი რომ აამუშაოს, ზემო რაჭაში ტურიზმი მეტ-ნაკლებად განვითარდება, რაც ისევ ონის რაიონს წაადგება _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხი დასაქმდება.
სხვათა შორის, უწერის სანატორიუმის ტერიტორიაზევე, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, მე-12 საუკუნის ეკლესიაც დგას, თუმცა ვინაიდან და რადგანაც ყოფილი სანატორიუმი კერძო საკუთრებაა, ეკლესიაში უცხო პირებს, ე. ი., რიგით რაჭველებს არ უშვებენ(!). მაშასადამე, გამოდის, რომ ეკლესია „ტყვეობაშია“!
საერთოდ, ზემო რაჭაში, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ადგილობრივი ხელისუფლება ონის ჰესების კასკადის მშენებლობას სწორედ იმით ამართლებს, რომ მას შემდეგ, რაც კასკადი ამუშავდება, ადგილობრივ ბიუჯეტში 8 მილიონი ლარი შევა და, მინიმუმ, 200 ადამიანი დასაქმდება, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ეს მორიგი დაპირებაა და მეტი არაფერი.
ამასთან, მოსახლეობა ეჭვობს, რომ 8 მილიონი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველ წელს კი არ შევა, არამედ, ეს იქნება ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც ინვესტორი იმ ზარალის სანაცვლოდ გაიღებს, რა ზარალიც რაიონს კასკადის მშენებლობით მიადგება.
კომპენსაცია, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ხალხის აზრით, ეს 8 მილიონი იმ საფრთხესთან, რაც ზემო რაჭას კასკადის მშენებლობით ემუქრება, სახსენებელიც არ არის.
„ზემო რაჭა ისეც მიწისძვრების ზონაა და კაშხლის აშენების შემდეგ სეისმური საფრთხე რამდენჯერმე მოიმატებს. ზოგადად, ჩვენს მხარეში ე. წ. ტალღისებური მიწისძვრა იცის. ასე იყო, მაგალითად, 1991 და 2009 წლებში, როცა მიწისძვრამ სოფელში ყველა სახლი კი არა, თითქოს გამოტოვებით დაანგრია და დააზარალა. აქედან გამომდინარე, კასკადის მშენებლობა რომ დაიწყება, ერთი ბურღის ჩართვაც საკმარისია, რომ მინიმუმ, ოთხი სოფელი მიწასთან გასწორდეს, მაგრამ იცით, მათ როგორი პრინციპი აქვთ? _ აქაურობა ხალხისგან მაინც დაცლილია და ჯანდაბას, თუ ამ ოთხ სოფელს გავწირავთო. ის კი არადა, ხალხს დაემუქრნენ, თუ კასკადის მშენებლობას გააპროტესტებთ, ინვესტორი აქეთ საერთოდ აღარ გამოიხედავს და რაჭის გადარჩენის შანსი საბოლოოდ მოკვდებაო“, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს ახალგზრდა ქალბატონი, რომელიც ონის ჰესების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტია.
მისივე თქმით, ბოლო დროს უცნობი ადამიანები სოფელ-სოფელ დადიან და ხალხს ეუბნებიან, რომ ანტიკასკადის აქციებში მონაწილეობა არ მიიღოს, თუმცა მოსახლეობა, როგორც „ქრონიკა+“-მა ნახა, ამ გაფრთხილებას არ ემორჩილება და მზად არის, იგივე 7 აპრილის მიტინგზე გამოვიდეს.
ამასთან, რაჭველები აპირებენ, რომ იმ აქციასაც შეურთდნენ, რომელიც 14 მარტს, მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის საკრებულოსთან გაიმართება.
„არა საქართველოს დატბორვას! არა ჰესომანიას!“ _ ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორიც ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭისა და საქართველოს იმ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები არიან, სადაც ხელისუფლება ჰესების მასობრივ მშენებლობას გეგმავს.
„არა დიდ კაშხლებს და დამანგრეველ ჰესებს! შემოუერთდი ჩვენს აქციას, თუ არ გინდა ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და საქართველოს სხვა ულამაზესი კუთხეების მასშტაბური დატბორვა ხელისუფალთა, მათი პარტნიორი ბანკებისა და ბიზნესმენების გასამდიდრებლად! შემოუერთდი და ნუ დარჩები უმოქმედოდ, რადგან პასიურობაც ღალატის ტოლფასია!“ _ ნათქვამია აქციის ანოტაციაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.
რაც შეეხება ონის ჰესების კასკადს, არსებული ინფორმაციით, ამ „ობიექტს“ შპს „ფერი“ აშენებს. შპს „ფერი“, როგორც ამბობენ, ფიგურირებდა „დარიალი ჰესის“ მშენებლობაშიც. ამასთან, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ ამ კომპანიის კვალი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ერთ-ერთ კომპანიამდე მიდის, თუმცა რაჭველებს ამ მოარული ხმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.
ისე, თუ ჰესების კასკადი ზემო რაჭას გამოაცოცხლებს და ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავალს გააჩენს, ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ, სამშობლო ფულზე მეტია. შესაბამისად, მარტო იმ მოტივით, რომ ბიუჯეტში თანხა შევიდეს, ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს, ზემო რაჭაში, რომლის აღორძინება და განვითარება, იგივე ადგილობრვთა თქმით, სხვა გზებითაც, მაგალითად, ტურიზმით შეიძლება.
სხვათა შორის, რაჭაში კომუნისტების დროს 28 სახეობის სამკურნალო წყალი არსებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამ წყლების უმეტესობა „დაიკარგა“.
მეტიც, რამდენიმე წლის წინათ ადგილობრივ მეწარმეს ერთ-ერთი სამკურნალო წყლის ჩამოსხმა გადაუწყვეტია, მინიქარხანაც გაუხსნია და ლიცენზიისთვის ეკონომიკის სამინისტროსთვის მიუკითხავს (მაშინ წყალზე ლიცენზიას სწორედ ეს უწყება გასცემდა), მაგრამ სამინისტროს მესვეურთ უპასუხიათ, _ 10 მილიონი მოგვეცი და რა პრობლემაა, ლიცენზიას დღესვე მოგცემთო. ხელისუფლების შეცვლის, ე. ი., 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ მეწარმეს უფიქრია, ახლა მაინც მომეცემა ბიზნესის დაწყება-განვითრების საშუალებაო და დედაქალაქს ისევ სწვევია, მაგრამ ამჯერადაც „ლევი ფული“ მოუთხოვიათ, ოღონდ 10 მილიონი სამ მილიონამდე სეკვესტრირებულა, თან გაუფრთხილებიათ, თუ ჭკუით არ იქნები, ოთხი კედელი არ აგცდებაო. ჰოდა, ამ მეწარმეს სამკურანლო წყლის წარმოება-გაფართოებაზე ხელი აუღია.
როგორც ზემო რაჭველები ამბობენ, თავის დროზე, უწერის წყალიც მთელ საბჭოეთში განთქმული ყოფილა, რომელიც თავისი თვისებებით ბორჯომსაც კი უწევდა კონკურენციას, მაგრამ უწერის წყალი ამჟამად დაკონსერვებულია, რაჭველები კი ამტკიცებენ, რომ ამ მხარის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა ჰესების კასკადი კი არა, _ ტურიზმია!
ზემო რაჭა, მართლაც, ულამაზესი მხარეა, მაგრამ იქ ჩასულთ გული მოგიკვდებათ _ სოფლები დაცლილია. მაგალითად, სოფელ ნიგავზებში სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ცენტრალური გზა, როგორც აღვნიშნეთ, „ოცნებამ“ გააკეთა, მაგრამ სოფლის შიდა გზები მოუწესრიგებელია. ამასთან, სოფელში არც გაზია. ზაფხულობით ზემო რაჭა დამსვენებლებითაა სავსე. ზამთარში კი აქაურობა ნასოფლარებს ჰგავს. მათ, ვინც მშობლიური მხარე და სოფელი არ მიატოვეს, თავი მესაქონლეობით გააქვთ. იგივე ნიგავზებში არც მაღაზიაა და არც _ სკოლა. სოფლის ცენტრს ადგილობრივები ბართლომეს მოედანს ეძახიან და ყველა საჭირბოროტო საკითხი სწორედ ამ მოედანზე წყდება. ხალხის შემოსავლის კიდევ ერთი წყარო ნიგოზია (სოფელს ნიგავზებიც სწორედ ამიტომ ჰქვია) _ ხალხი კაკალს ონში ან თბილისში ყიდის და თვიდან თვემდე სწორედ ასე გააქვს თავი…

გიორგი აბაშიძე