პატრიარქის დაანონსებული აპოკალიფსი და მერიის დაანონსებული ქარიშხალი

პატრიარქი ამბობს იმას, რაც თვითონ ჩვენ არაერთხელ გვიფიქრია და გვითქვამს. კერძოდ, იმას, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება („მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას“, _ განაცხადა პატრიარქმა).

როცა კი ვფიქრობ იმაზე, რომ მოვესწრები თუ არა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას და როცა კი ეს იმედი მეწურება, სულ მახსენდება ის, რაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბებიაჩემმა მითხრა: ბებია, ანუ როგორც ქართლში ჰქვიათ ბაბო, 1917 წელს იყო დაბადებული, 7 წლის იყო, მამამისი რომ გააქრეს კომუნისტებმა. როგორც ცოლ-შვილს უთხრეს, სამუშაოდ გააგზავნეს შუა აზიაში, მაგრამ არც იქიდან დაბრუნებული უნახავს ვინმეს და არც რაიმე სმენია ოჯახს მისგან იმ „გაგზავნის“ შემდეგ. ჰოდა, ბაბომ, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს, ერთ დღესაც მითხრა, რომ ყმაწვილქალობაში ჰქონია იმედი, რომ მოესწრებოდა კომუნისტების გაყრას და თავისუფალ, წესიერ ქვეყანაში ცხოვრებას, რომ აღარ დაადგა საშველი კომუნისტების, რუსების პარპაშის ამ ქვეყანაში ალაგმვას, შემდეგ იმედი შორს გადაუტანია _ რომ მისი შვილები მაინც მოესწრებოდნენ წესიერ ქვეყანაში ცხოვრებას. მერეო, _ ყვებოდა ბაბო, _ მივხვდი, რომ ეგენიც ვერ მოესწრებოდნენ და უკვე იმაზეღა ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას კაი ხანი არაფერი ეშველება და იქნებ, შვილიშვილები, თქვენ მაინც მოესწრებოდით კარგ ქვეყანაში ცხოვრებასო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ თქვენც ვერ ეღირსებით წესიერ ქვეყანაში ცხოვრებასო.
ამ პესიმისტურ განწყობაზე ბაბო 1992 წელს იდგა და მალევე ისე წავიდა იმქვეყნად, აზრიც არ შეუცვლია ამქვეყნის შველაზე. პატრიარქი კი, რომელიც დღეს ბებიაჩემისნაირ განწყობაზე დგას, მაშინ სულ სხვა განწყობაზედ იდგა და ზვიად გამსახურდიას დამამხობლებს გულითადად მასპინძლობდა საპატრიარქოში. რატომღაც, ახლა ეძიებს აგრესიის სათავეებს, ახლა სვამს კითხვას, _ საიდან მოდის ის სიძულვილი, რომელშიც დღეს ახალგაზრდობაცაა ჩაბმული და ახლა ამბობს, რომ რაც დღეს გვჭირს, დღევენდელი მდგომარეობა ჰგავს მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვეღარ გააჩერებ.
არადა, ეს ლოდი სწორედ მაშინ დაგორდა, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჯარების ხელშეწყობით, კომუნისტურმა ნომენკლატურამ რევანში მოაწყო და ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაამხო, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა სიძულვილის თესვა, როცა ხვრეტდნენ მიტინგებს, სდევნიდნენ და რიყავდნენ გამსახურდიას მხარდამჭერებს და სიონი უბრალოდ კი არ დუმდა, ძალადობის პროტაგონისტებს მასპინძლობდა გულუხვად.
საპატრიარქოში გულუხვ მასპინძლობას რაც შეეხება, ეს პატივი არც ბედუკაძეს მოჰკლებია. იტყოდი რამეს და ბურთს გჩრიდნენ პირში, რომ პატრიარქი ყველასია და ყველა უნდა მიიღოს. რატომღაც, ეს „ყველა“ ყოველთვის ცალმხრივი იყო და იმ 90-იანებში, როცა იოსელიანსა და კიტოვანს იღებდა, რატომღაც, არ მასპინძლობდა არავის დამხობილებიდან… ახლაც, როცა იგი ბედუკაძეს მასპინძლობდა, მისი ეპისკოპოსები მონდომებით წყევლიდნენ სააკაშვილს ამბიონიდან თუ ფეისბუკიდან.
რა მოხდა, ახლა დაგორდა ეს ლოდი? ახლა აღარ მოგვწონს „დღევანდელი მდგომარეობა“? დავიჯერო, პატრიარქიც ისევე ერკვევა მიზეზშედეგობრივ კავშირში, როგორც რიგითი ამომრჩეველი, რომელმაც „41“ რუდუნებით, ფარგლით შემოხაზა და ახლა აღარ მოსწონს, რაც ხდება? დღევანდელი მდგომარეობა შედეგია! ლოდი კარგა ხნის წინათ დაგორდა! რას მივაწეროთ პატრიარქის ამჟამინდელი პესიმიზმი და ის ფაქტი, რომ აპოკალიფსურ სურათს გვიხატავს? სიძულვილის მიზეზებზე საუბრისას ახსენებს, რომ ზოგიერთი არსებულ მდგომარეობას მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ „რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით“.
მეორედ მოსვლით აპელირებაზე კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენდა, რატომღაც, _ ამბიონიდან რომ გოდებდა მეორედ მოსვლაზე მელქისედეკი…
რატომღაც, „მეორედ მოსვლა“ ახლაღა ჩნდება მის ლექსიკონში და მაშინ, როდესაც მიტინგები, უბრალოდ, კი არ ირბეოდა, თუნდაც, გაზით და რეზინის ტყვიებით, არამედ იხვრიტებოდა, როდესაც „მხედრიონი“ სოფლებს ბუგავდა და ცეცხლის ალში ხვევდა, მაშინ არ უხსენებია აპოკალიფსი, არც მაშინ, როცა ქვეყანა კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა და არც მაშინ, როდესაც მისმა მსუნაგმა მღვდელმთავრებმა ეკლესიები ქარვასლებად აქციეს, მერე ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და ყოველ მეორე ფეხის ნაბიჯზე საეკლესიო მაღაზიები მოჰფინეს. და მეტიც, ვინც ქართულ მიწებს ბომბავდა და იტაცებდა, იმ პუტინს ბრძნად მოიხსენიებდა.
2013 წელს ბრძანებდა, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის მუდამ იყო და იქნება ძმური და მეგობრული. რომ რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ „ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა“…
„რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის, რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი“, _ ესეც პატრიარქის განცხადებებია 2013 წელს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული. ახლა 2018 წელია და რა გააკეთა მისმა ბრძენმა პუტინმა? რაში გამოიხატა „ყველაფრის კეთება“? და, საერთოდ, რას ნიშნავს, როცა პატრიარქი გეუბნება, რომ „ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის მუდამ იყო და იქნება ძმური და მეგობრული“? ორასწლოვანი მონობის ეპოპეა ძმობაა? და ვინაა ის „ვიღაც“, ვისაც შეშურდა „ჩვენი კარგად ყოფნა“ და „ხელოვნურად შექმნა მტრობა“?
ხომ გასაგებია, ვისაც გულისხმობს ამ „ვიღაცაში“, ისევე როგორც „ცალკეულ პიროვნებაში“? ერთგან დასავლეთს და მეორეგან _ სააკაშვილს, რომელმაც “წამოიწყო” ომი. და თურმე, ოკუპაცია „შეცდომა“ ყოფილა. თურმე, რუსეთს შეცდომით მოუხდენია ქართული მიწების ოკუპაცია. ჩვენი არ ეგონა თუ?
მოსისხლე მტერი, რომელმაც გაგიუქმა სახელმწიფოებრიობა, შენს ეკლესიას წაართვა ავტოკეფალია, თეთრად გადაგიღება ტაძრები, გიკრძალავდა ქართულად წირვა-ლოცვას, ძმაა?! და ეს ყოფნაა „ერთად კარგად ყოფნა“? ეს „შეშურდა“ დასავლეთს? იმ დასავლეთს, საიდანაც მისი თანამოსაყდრის, შიოს განცხადებით, თურმე, ახლა პოსტმოდერნული რეალობის დებულებები შემოდის და იმ დებულებების ბრალი ყოფილა ყველაფერი, რაც კი რამ გვჭირს.
არ მწამს თქვენი არც ოპტიმიზმის და არც პესიმიზმის, ვისთვისაც რუსეთი ძმაა და დასავლეთი, კიდევ, ბოროტების ბუდე. და ისიც ღრმად მწამს, რომ იგივე ქალებზე ძალადობის წახალისებას ახდენს ის, ვინც ქალებს ქმრების ფეხის ბანისა და უსიტყვო, შუასაუკუნეობრივი მორჩილებისკენ მოუწოდებს! დიახ, ვიღაც ტვინბნელი მამრი, მოისმენს რა ამას, ცხადია, მოიწადინებს, რომ სწორედ ასეთი მორჩილი ცოლი ჰყავდეს შინ და ის ცოლი, როცა არ მოიწადინებს XXI საუკუნეში იქცეს ქმრის მონად, მიიღებს პასუხს მოძალადე ქმრისგან. და რა პასუხსაც იღებენ ქართველი ქალები ასეთი ქმრებისგან, ამასაც ვხედავთ, სამწუხაროდ! მაგრამ რას ამბობს ამაზე პატრიარქის თანამოსაყდრე შიო? რომ, თურმე, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და ვებრძვით აგრესიას, ძალადობას, მაგრამ, თურმე, არც ერთი „ე. წ. მებრძოლი“ არ ამბობს, რომ „აბორტი აგრესიაა“. მისი თქმით, აბორტი „ნატურალური ფაშიზმია“. „რომელ ჩხუბსა დაჭრაზე ვლაპარაკობთ, როდესაც წელიწადში 40 000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად, თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე“, _ ამბობს ის და გვადანაშაულებს ორმაგ სტანდარტში, რომ, თურმე, ვიცავთ ქალის უფლებებს, ბავშვის უფლებებს და ხმას არ ვიღებთ და არ ვამბობთ, რომ აბორტი ფაშიზმია და არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, არ მოიკლას. და, თურმე, სანამ ეს არ გამოსწორდება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერიც არ გამოსწორდება! მეტიც, თურმე, „ღმერთი არასდროს არ მისცემს იმ ერს ბედნიერებასა და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი“.
ანუ მთელი უბედურების სათავე ის ყოფილა, რომ ქალებს აქვთ როგორც აბორტის, ისე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების („ქიმია“) გამოყენების უფლება. თურმე, ქმარი თუ ცოლს შეეხო, ესეც ამაზრზენი ყოფილა და ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცი და დასასჯელი ყოფილა, მაგრამ… „იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს [აბორტი] ვინც გააკეთა, ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია…“
ანუ რა გამოდის? _ ადამიანს დაბადებამდე ჰქონია უფლება, რომ დაიბადოს და აი, მერე რომ დაიბადება, მერე აღარ აქვს უფლება? ანუ უნდა აჩინონ და აჩინონ? იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა იმ გაჩენილი ბავშვის გამოკვების, აღზრდის საშუალება, მისთვის განათლების მიცემის საშუალება? ან დღეს, როდესაც წამდაუწუმ გვესმის, როგორ ხოცავენ ქმრები ცოლებს, როგორ ძალადობენ ქალებზე, რას ნიშნავს პატრიარქის თანამოსაყდრის მხრიდან ასე მსუბუქად საუბარი ქმრებისგან ნაცემ ცოლებზე?
რა არის ეს, თუ არა იმ მუდრეგი ქმრების ირიბი წახალისება? ან რა, ბავშვი რომ უყურებს, როგორ ურტყამს მამა დედას, ეს არაა ის გარემო, რაც ბავშვს აგრესიულს ხდის? და რაც მთავარია, ევროპის არც ერთი ქვეყანა ბედნიერი არ ყოფილა, მთელი ცივილიზებული სამყარო უბედური ყოფილა… და ვერ გავიგე, თუ ყველა უბედურია, ჩვენ რა ბედნიერების ძიება და „სადაა შენი ბედნიერება, მზია“ აგვიტყდა?
მოკლედ, თუ ამათ უსმინე, ჩვენ 200-წლოვანი მონობისგან კი არ დაგვიღწევია თავი, რუსეთთან ვყოფილვართ ძმურად და კარგად და ეს ვიღაცას შეშურებია ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად ჩამოუგდია მტრობა. ომი „დერჟავის“ დუჟმორეული პოლიტიკის ბრალი კი არა, ცალკეული პირების ბრალი ყოფილა. მთელი უბედურება, რაც ჩვენ გვჭირს, თურმე, ევროპიდან შემომავალი პოსტმოდერნული დებულებების ბრალი ყოფილა და ცოლების ხოცვაზე უარესი კი ის ყოფილა, რომ ეს ცოლები აბორტს იკეთებენ… თურმე, აქამდე ნაშველები გვქონია და ახლა დაგორებულა ლოდი და აღარაფერი გვეშველება…
კიდევ ვიმეორებ: პატრიარქს ამ განცხადებით ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ჩვენ თვითონ არ გვიფიქრია და არ გვითქვამს არაერთხელ, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, მაგრამ ერთია, რას ვამბობთ ჩვენ და მეორეა, რას ეუბნება ერს პატრიარქი, რომელიც ერს მომავლის იმედს უნდა უსახავდეს, იმედს უნდა თესდეს და არა სასოწარკვეთას? ან რამ გამოიწვია მასში ასეთი უეცარი იმედგაცრუება და პესიმიზმი? რა, მრევლივით ახლა დაინახა, ეკლესიაში რაც ხდება? აქამდე არ იცოდა? და ერში რა ხდება იმისთანა, რაც აქამდე არ ხდებოდა?
ვიმეორებ, დღევანდელი მდგომარეობა პირდაპირი შედეგია იმ ყველაფრისა, რაც კი აქ ბოლო ათწლეულებია, ხდება და რაც ხილული იყო ნებისმიერი რიგითი მოკვდავისთვისაც კი, არათუ ეკლესიის საჭეთმპყრობელისთვის. მაგრამ ეს რომ დაგენახა, მოვლენებისთვის საღად უნდა შეგეხედა, საღად მაყურებელი კი, თავისთავად ცხადია, 200-წლოვან მონობას ძმობად და კარგად ყოფნად ვერ დასახავდა…
და ახლა მისგან აპოკალიფსით ჩვენი დაშინება დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენმა საერო ხელისუფლებამ გასულ კვირას გააკეთა „ქარიშხალთან“ დაკავშირებით. ელდა და ბნედა დაგვცეს, დიდი ქარიშხალია მოსალოდნელიო, ისეთი პანიკა ატეხეს, იაპონიის ხელისუფლებას რომ შეშურდებოდა გასულ კვირას, კუნძულ კიუშიუზე ვულკან „შინმოედაკეს“ ამოფრქვევისას.
პატრიარქი იმედს გვიწურავს და აგერ კალაძემ დღე უკვე დაგვილაგა და უკვე ღამის ეკონომიკას მისდგა დასალაგებლად. ღამის ეკონომიკის დამლაგებელიც გაგვაცნო _ სერგი გვარჯალაძე. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი, რომელიც ცოტა ხნის წინათ გვიცაცხანებდა, _ რა ისტერიკა ატეხეთ ფაროსანაზე, ერთი უბრალო მწერიაო! ორი კვირის წინ თვითონ ემუქრებოდა ფაროსანებს იაპონური კრაზანებით, გვმოძღვრავდნენ, მოიზიდეთ და მოკალითო და ახლა საქმეში ქათმები და ინდაურებიც ჩართო: „მნიშვნელოვანია თუ შინაური ფრინველები მიირთმევენ მას. ეს არის პროტეინების წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც“. ანუ უნდა დავდგეთ, სათითაოდ ვდიოთ და მერე ქათმებს ვაყლაპოთ? კიდევ კარგი, სოფლის მეურნეობის მინისტრმა სპორტსმენებსაც არ დაავალა ფაროსანების ჭამა, რაკი პროტეინების წყარო ყოფილა და სპორტსმენებისთვის კიდევ პროტეინები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სპორტული კვების დანამატების სახით იღებენ კიდეც. ამათ შემხედვარეს მართლა გაგიჩნდება განცდა, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, მაგრამ ეს განცდა სხვაა და არანაირ თანხვედრაში არ არის იმ პესიმიზმთან, რომელიც პატრიარქს მოსძალებია…

რეზო შატაკიშვილი