ეძიებდეთ საქართველოსთვის გამარჯვებას!

„სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული _ საქართველოს, ხოლო ხორცი იყავ თქვენდა საგვემელად, მტარვალნო“, _ ეტყვის უსამართლო მსაჯულთ „ჩეკა“-ში ნაწამები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ვითარცა დიდრონი სვეტი და ბურჯი საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა ზუსტად გაიმეორებს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძს, _ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს…
…ქართველებს ძალიან ხშირად გვინდა და გაგვიგონია ფრაზა, _ ღმერთო, სასწაული მაჩვენე. მე მინდა, ახლა თქვენ ყველანი ერთად შეგიყვანოთ 1907 წლის 8 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში, როდესაც იქ დასვენებული იყო ილია ჭავჭავაძის ცხედარი. იქ შედიოდნენ ქართველები, მაგრამ ვერც კი ამჩნევდნენ, რომ, თურმე, ერთდროულად სამ წმინდანს უყურებდნენ და ეხებოდნენ. ეს იყო ცხედარი ილია ჭავჭავაძისა, ეს იყო მისი მოძღვარი ალექსანდრე ოქროპირიძე _ წმინდა მღვდელმთავარი, რომელსაც აფხაზებმა უწოდეს მეორე მოციქული აფხაზეთისა და ეს იყო არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, რომელმაც პანაშვიდი აღუსრულა ილია ჭავჭავაძეს“… პროფესორ ნესტან კირთაძის ამ სიტყვებს, წარმოთქმულს „საქართველოს დიდ ათეულში“, წლებია, ერთსა და იმავე დღეს _ 25 თებერვალს _ ვუსმენ და თითქოს ზეპირად ვიცი მთელი ტექსტი და ემოციებიც უნდა დათრგუნვილიყო ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ცრემლები დამდის და ყელში მოწოლილი ბურთები მახრჩობს.

***
კიდევ ერთი ქართველი მოკლეს _ არჩილ ტატუნაშვილი…
გულმავიწყ ქართველობას სწორედ ახლა გაახსენდა გიგა ოთხოზორიაც!
აღშფოთება, შეშფოთება _ სოციალურ ქსელებში გადმონთხეული ემოციები, მიკროფონებთან გაკეთებული განცხადებები და…
უმწეობა _ ეს განცდა დაეუფლა მთელ საქართველოს ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით განვითარებული პერიპეტიებისას. თვალნათლივ ვიგრძენით, რომ ცოცხალს კი არა მკვდარსაც ვერ ვიცავთ და გინდა, სიმწრისგან იბღავლო! დალეწო ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება ან რაღაც თქვა _ განა, განსხვავებული, მაგრამ თქვა შენი და სხვების ტკივილის შესახებ.
შემდეგ ძველ ნაწერებს გადავავლე თვალი, რადგან მახსოვდა, რომ ანალოგიური ან მსგავსი ტკივილებისას ვიტირე, ვიბღავლე და ამოვთქვი კიდეც არაერთხელ. შემდეგ შევეცადე, აზრებისთვის თავი მომეყარა და ახალი არაფერი _ ისევ ნათქვამი, ისევ ის _ მხოლოდ რეალური ფინალით.

***
ბევრი ვიფიქრე, როგორ ამერიდებინა თავი პოლიტიკური პასაჟისთვის, მაგრამ ვხედავ, არ გამომდის და ბარემ, ვიტყვი: „ლიდერებს“ მუდამ ეჭვის თვალით ვუყურებდი და ვუყურებ, მაგრამ არც იმდენად ბრმა ვარ, რომ მათი მმართველობის პერიოდის სიკეთეები ვერ დავინახო და შევაფასო ისევე, როგორც მიუღებელი ქმედება. ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი შეფასებები სუბიექტურია და არ შეიძლება, მრავალთა მოსაზრებებს ემთხვეოდეს ან პირიქით. მაგრამ სიმართლე ხომ ის არის, რაც შენ მიგაჩნია სიმართლედ და არა ის, რასაც სხვები მიიჩნევენ? ეს კოდირებული ფორმულა განაპირობებს პროტესტსაც და პროგრესსაც და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ფორმულა არის ათასი უბედურების სათავეც.
ახლა კი სათქმელზე და იქნებ, პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების გარეშე გავაანალიზოთ ნათქვამი:
ოკუპაციის მუზეუმის შექმნის ინიციატივა იმთავითვე მხარდაჭერილი იქნა და ქვეყნის ყველა სტუმარი ამ მუზეუმით ეცნობოდა იმ დიდ ზიანს, რომელიც საქართველოს ერთმორწმუნე „უფროსი ძმისგან“ მიადგა. პრეზიდენტი, მინისტრები, პარლამენტარები, სხვათა შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც კი თავად კისრულობდნენ გიდების როლს და ქვეყნის უამრავ სტუმარს გააცნეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ დედაქალაქისა და ქვეყნის სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები დადიოდნენ მუზეუმში და ამ ყველაფრის მორალი „რუსეთი მტერია“ კი არ იყო, არამედ „ეს ჩვენი ისტორია და რეალობაა“. დასკვნას უკვე თავად დამთვალიერებლები აკეთებდნენ მოსმენილისა და ნანახის მეხსიერებაში დალექვის საფუძველზე.
ახლა „ოკუპაციის მიზეუმში“ რომელიმე თავზეხელაღებული პედაგოგი თუ მოაწყობს ბავშვებისთვის ექსკურსიას, თორემ ჯერ კიდევ პრეზიდენტ მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროიდან შეწყდა იქ მოსწავლეთა და სტუდენტთა სტუმრობა. კუდიანების ძებნას არავინ აპირებს, მაგრამ ის, რომ სასწავლო გეგმებიდან ერთი ხელის მოსმით გაქრა „ოკუპაციის მუზეუმში“ ექსკურსიები, ეს თვალნათლივ მეტყველებს ქვეყნის მესვეურთა იდეოლოგიურ განწყობაზე, ხოლო მათი პერიოდული „ამოკნავლება“, _ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო, _ სრულად არის აცდენილი „ოცნების“ იდეოლოგიურ პლატფორმას, თუ ასეთი საერთოდ აქვს. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია იმაზე საუბარი, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში, ფაქტობრივად, არაფერია ნათქვამი 2008 წლის ომის შესახებ. მეტიც: მოსწავლეებს არავინ ეუბნება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია.
კითხვა განათლების მინისტრს: ბატონო მინისტრო, „ქართველი ტომ სოიერი“, რომელმაც გეოგრაფიის გაკვეთილზე ნახა რუკა და, რატომღაც, გადაწყვიტა ლიახვის ხეობას აუყვეს, რუსმა ოკუპანტებმა რომ დააკავონ ან, სულაც, რომელიმე სალდაფონმა ცეცხლი გაუხსნას, ვინ იქნება დამნაშავე _ ოჯახი, სკოლა თუ საზოგადოება _ წარსულის სტანდარტით?
მინისტრი რომ პასუხს არ გამცემს გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხომ ცხადია, რომ ისევ და ისევ მონურ-მორჩილებითი იდეოლოგია არის წინა პლანზე? რადგან თუ იტყვიან და დაწერენ, ასწავლიან ბავშვებს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ ისიც უნდა დაწერონ და ასწავლონ, ვინ არის ოკუპანტი და რა უბედურება დაატეხა თავს საქართველოს რუსეთმა?
რასაც ვუყურებ და რაც მესმის, იმის მიხედვით გავლენის აგენტებმა წალეკეს ქვეყანა, ხოლო იმ ბრიყვ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი და პუტინი დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მათი „პატრიოტული გამოხტომის“ საპასუხოდ ჩემზე ბევრად ჭკვიანი ადამიანის სიტყვებს გავახსენებ: „თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს“.
არავინ იომებს ჩვენს ომში, მით უფრო, ჩვენ ნაცვლად და იმ თაობასა თუ თაობებს, რომლებსაც უმალავენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ უნდა ვუთხრათ და ვასწავლოთ, რომ რუსეთი არა მხოლოდ ოკუპანტი, არამედ მტერია, ხოლო ვინც ამ ამბავს მათ უმალავს, რუსეთის მოკავშირე და მსტოვარია.

***
2014 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომი დაიწყო და ამ ომში, კრემლის მხარეს, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრები ქართველები აღმოჩნდნენ. ისინი არ იყვნენ ავტომატებით შეიარაღებულნი. მათი მთავარი შეიარაღება იყო ინსტრუქციები, ფული და „ჩიპები“, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიტიკოსების კომპრომატები „ინახებოდა“. კომპრომატების დედნები კი „მყარად“ სხვაგან _ კრემლისთვის უფრო საიმედო ადგილზეა ჩაკეტილი.
ქართული წარმოშობის რუსული დესანტის მისია ადვილი გასაშიფრი იყო _ ისინი ხვდებოდნენ ბიზნესმენებს, ჩაიდოდნენ სოფლებში, დაბებში, ქალაქებში და ფულით ეხმარებოდნენ ნაცნობ-მეგობრებს. თან უმტკიცებდნენ, რომ პუტინი და რუსეთი მტერი არ არის _ პირიქით, რუსეთში ნაშოვნით ეხმარებოდნენ მათ. უყვებოდნენ საამურ ზღაპრებს, რომელიც არც ერთხელ არ გაურჩევია ყოფილ განათლების მინისტრს _ იმის შესახებ, თუ რა საამურია რუსეთში ცხოვრება და როგორი კეთილია ძია ვოვა.
ყველაზე სხარტი ფრაზა მაინც ასე ჟღერდა: პუტინს უყვარს საქართველო და ქართველები და აქ ნორმალური ხელისუფლება რომ მოვიდეს, არანაირი ტერიტორიული პრობლემა არ იქნება.. „ინტელექტუალური გვამები“, რომლებიც საგანგებოდ გაშლილ სუფრებთან ისხდნენ, ყოველგვარი აპელირების გარეშე ეთანხმებოდნენ „საპატიო“ სტუმრებს. ეს ტენდენცია, ანუ ეს ქმედებები დღესაც საკმაოდ წარმატებულად გრძელდება.

***
25 თებერვალი… ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, როდესაც წარსულსა და მისგან შექმნილ რეალობას თვალს ვერ უსწორებ. ამ დღეს თითქოს გაჩენის დღეც გძულს, მაგრამ ეს დღე გმუხტავს და გმატებს ენერგიას, რომ გძულდეს მტერი და მტრადქცეული მოყვასიც. როდესაც ყველაზე მეტად გინდა გახდე გმირი და შეცვალო ისტორია, თუ სიღრმეებში წახვალ ამ დღეს გრცხვენია ქვეყნის, სადაც ცხოვრობ, რომელსაც თითქოს ერთი მიზანი აქვს _ გამოგიყენოს, გიმსახუროს და თუ ამას ვერ ახერხებს, სძულხარ! უფიქრდები იმას, რომ იმ განზომილებაში და ცალკეულ შემთხვევებში ახლაც, აქ მოჩვენებითად სწამთ, ფარისევლობის ბუმია. მამული სადღეგრძელოა მხოლოდ, ღმერთი _ ბიზნესი, ენა კი _ სიბილწე…
მერე იაზრებ ხოლმე, _ ქვეყანა კი არ გძულს, არამედ 1907 წლის 8 სექტემბრის გეშინია. ილიასათვის ნასროლი ტყვია გკლავს, ნაწამები ამბროსი ხელაია გტკივა და ალექსანდრე ოქროპირიძის შეგონებებისადმი სიყრუის გრცხვენია.
უმძიმესი აღმოჩნდა ჩვენი სამშობლოსთვის 25 თებერავლი. ამ თარიღის მემკვიდრეობის „ბრალია“, რომ თავისუფლების მეოთხედ საუკუნეზე მეტი დროის მიუხედავად აქ ჯერაც არსებობენ და ცხოვრობენ „საბჭოთა არისტოკრატიის“ წარმომადგენლები და საბჭოთა მონები. ვგონებ, ხვდებით, რომ ფიზიკურზე უფრო მენტალურ არსებობასა და ცხოვრებაზე ვსაუბრობ. სწორედ ეს ადამიანები აფერხებენ ქვეყნის პროგრესსა და წინსვლას, რადგან მათ შენი სიხარული შურთ, შენი სიყვარული ეზიზღებათ, შენი წარმატება აბრმავებთ…
„ისინი“ დიდსულოვნებას დამარცხებაში გითვლიან, წასვლას _ გაქცევაში, დანდობას _ შიშში, ნიჭსა და გონიერებას _ აფერისტობაში, სიმართლეს _ მტრობაში, დათმობას _ სისულელეში, ტკივილს _ სისუსტეში…
„ამათ“ შენი სიხარული შურთ, შენი სიყვარული ეზიზღებათ, შენი წარმატება აბრმავებთ…
„მათი“ კანონების მიხედვით განსხვავებულად ფიქრი აკრძალულია _ მტერი ხარ! „მოდაში“ კი მლიქვნელები არიან…
„მათ“ დაამკვიდრეს წესები, რომლის მიხედვითაც: მდიდარი კლავს, ღარიბი ზარმაცობს, მოხელე იპარავს, ქურდი კანონებს აწესებს, ძმაკაცი გძარცვავს, დაქალი განგრევს, მშობლებისთვის არასოდეს იზრდები, ოჯახისთვის მარჩენალი ხარ, ქვეყნისთვის _ მონა…
„მათი რაობით“ ქვეყანაში ყველაფერზე ექსკლუზივია: სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, შვილის სიყვარულზე, პოლიტიკოსობაზე, ბოზობაზე, ნიჭზე…
„მათ“ შეუძლიათ სამშობლოს, ძმობის, ოჯახის სიწმინდის, ღმერთის სახელით გაგანადგურონ…
„მათი“ კრედოა, საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის შენი შვილები ჩასვან ციხეში, დაწერონ კანონები მხოლოდ საკუთარი კასტისთვის, მოკლან, გადააგდონ, განდევნონ გუშინდელი კერპები…
და ამ ყველაფრის შემდეგ რატომ გიკვირთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში „გუშინ“ გიგა ოთხოზორია მოკლეს, „დღეს“ _ არჩილ ტატუნაშვილი და პასუხის გამცემიც არავინ არის! უსუსურობისა და სირცხვილისგან კვდები და იფერფლები!
ჰო, ისე, აქ _ ამ ქვეყანაში, „მათმა“ მშობლებმა და წინაპრებმა ილიაც მოკლეს და კათოლიკოსი ამბროსი ტუსაღად ჰყავდათ!

***
2008 წლის აგვისტოში მეც, ისევე როგორც ბევრი სხვა, ვკვდებოდი თითოეულ მოკლულ ქართველთან ერთად და ნაღდად არ მომიღერებია ყელი, მჯიღს არ ვიცემდი ხელში ყანწმოღერებული, როგორც ეს ბევრმა პატივმიგებულმა, თუ დღევანდელი გადასახედიდან უფრო რიგად დაფასებულმა პატრიოტმა ქართველმა გააკეთა.
მაშინ, სექტემბრის პირველ დღეებში, ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოტეხილხარო. და მეამაყებოდა, რომ არ გავტეხილვარ და ერთ კვრაში მოჭარბებული ჭაღარა, აბა, რა მოსატანი იყო იმასთან, რაც მოხდა.
სამი ათეული წლის წინათ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ერთი შეხედვით, თითქოს არაფრისმთქმელი სპექტაკლი გადიოდა, რომლის სათაური, არც მეტი არც ნაკლები, „ვინ ეკითხება ხალხს?!“ იყო. სპექტაკლი ერთი კორუმპირებული საბჭოთა ჩინოვნიკის ოჯახში განვითარებულ მოვლენას ასახავდა და იმის მიუხედავად, რომ დრამატურგიულად დიდად ვერ დაიკვეხნიდა, აქცენტი იმდენად სწორად იყო დასმული, რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი დაფიქრება, თუ რას და ვის ეხებოდა სცენაზე გათამაშებული წარმოდგენა. ახლაც ყურში ჩამესმის ქართული სცენის გამორჩეული ოსტატის, ტარიელ საყვარელიძის (რამაზ საყვარელიძის მამა) მიერ სრულიად განსხვავებულად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პათოსით წარმოთქმული: „ვინ ეკითხება ხალხს?!“
ახლაც ასეა ჩვენი საქმე, _ როცა ვჭირდებით, მხოლოდ მაშინ ვართ ბრძენნი და გენიოსნი, თუ არადა ერთი დასაცინი, უტვინო ბრბო ვართ ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მათი წარმატების მოსაპოვებელი ინსტრუმენტი, ელექტორატი, მექანიკური მანქანა, რომელიც ხან შიშით, ხან ანგარებით, ხანაც ემოციით, შეიძლება, მეტწილად, იმედით _ ვირჩევთ, რათა შემდეგ უფრო მეტად დაგვცინონ…
ალალად ვთქვათ, _ ჩვენს ხელისუფლებებს არასოდეს ესმოდათ მუხისა, რომელსაც მუმლი აწუხებს, არც ტირიფისა, რომელსაც ცრემლი დაუშრა, არც დაჩისა, რომელსაც ზღაპრულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება და არა მშიშარა და, ამავდროულად, გაზულუქებულთა სახელმწიფოში.
ისე, რატომ უნდა დაგვიცვას ან ჩვენ, ან ქვეყანა ხელისუფლებამ? ჩვენ ხომ არაერთხელ დავიბრმავეთ თვალი და დავყრუვდით, ჩვენ ხომ არაერთხელ ვიყავით ფარისეველნი, ჩვენ ხომ არაერთხელ განვსაჯეთ და შევაფასეთ უსამართლოდ, ჩვენც ხომ არაერთხელ გავიყიდეთ გროშებზე თუ არა ემოციებზე მაინც, ჩვენც ხომ არაერთხელ ვუღალატეთ სამშობლოს, ჩვენც ხომ მუდამ საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ჩვენთვისაც ხომ ქვეყანა მე-თი იწყება და არა პირიქით…

***
25 თებერვალმა ჩაიარა _ კოლაუ გამახსენდა და მივხდი, რომ ცელით შემოსული სიკვდილი: „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“, _ ისევ აქ არის, ჩვენ გვერდით.
_ გამოსავალი?
_ დიახ, გვიყვარს ქართველებს სასწაულები და გამოსავალიც სასწაულებრივ ვიპოვე. დიდი მეფე _ ვახტანგ გორგასალი წამომეშველა, თითქოს მიჩურჩულა: _ ეძიებდეთ საქართველოსთვის გამარჯვებას!

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი