პრემიერო, ვინ მოგცათ კაპიტულაციის უფლება?!

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინფორმაციულ ეპოქაში ნამდვილად ძნელი გახდა ადამიანის რამით გაკვირვება. ახლა, ამ წუთას, ამ წამს, როდესაც თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტზე, კოსმოსის ათვისების გეგმებსა და უამრავ ისეთ ტექნოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ თემაზე მუშაობენ, რომელიც თვით ლეონარდო და ვინჩისაც კი არ გაუაზრებია. რატომ ლეონარდოს, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ. მაშინ, როდესაც მეცნიერები მხოლოდ ჩვენს წამიერ გაოცებას ახერხებენ, ადამიანები, რომელთაც პოლიტიკოსებს ვეძახით ან თავად აქვთ პრეტენზია ერქვათ პოლიტიკოსი, არ იღლებიან გაგვაოცონ და პირიც კი დაგვაღებინონ. აფერუმ, რომ ეს გაოცება ქართულ სინამდვილეში სულაც არ უკავშირდება პროგრესს, წინსვლას, არაორდინალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც, ისევ და ისევ, სახელმწიფოს განვითარებას ემსახურება.

ასეთი გაოცების მორიგი გაკვეთილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუტარა არა მხოლოდ ქართულ მოსახლეობას, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც საგონებელში ჩააგდო. მტერი _ რუსეთი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტულ-ფაშისტური რეჟიმები კი გაახალისა.
„ქართული ოცნების“ სპიკერებმა რამდენიც არ უნდა აქონ და ადიდონ _ გულწრფელად თუ ფარისევლურად _ საკუთარი ლიდერი, ფაქტია: კვირიკაშვილის განცხადება არის დიპლომატიური ფიასკო და პოლიტიკური კრახი და არა მხოლოდ მისი, როგორც კონკრეტული პერსონის, არამედ მმართველი პარტიისა და, ზოგადად, ქართული პოლიტიკური გონის.
ასევე, რამდენიც არ უნდა იქილიკონ ამ განცხადებაზე ოპოზიციონერებმა, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მმართველ გუნდს წარმოადგენდა _ ისიც ფაქტია, რომ ვერც მათ მიაღწიეს სასურველ შედეგს ვერასოდეს.
პრემიერის განცხადების ერთადერთი, მოკლე და სწორი შეფასება, რომელიც სენტიმენტებთან ერთად პოლიტიკურ დატვირთვასაც იღებს, ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა: „პრემიერმა თავი მოიჭრა“. ეს რომ მხოლოდ კვირიკაშვილის თავის მოჭრა იყოს, ალბათ, დიდად არც კი უნდა ვიდარდოთ მისი საახლობლოს გარდა სხვებმა, მაგრამ თუ პლატონისა და ნიცშეს სიბრტყეში შევხედავათ საკითხს და, პირველ რიგში, იმას გავაანალიზებთ, „ვინ ამბობს“, ე. ი. ეს ქვეყნის თავის მოჭრაა. რატომ? იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი ამბობს!

***
ნურც ის დაგვავიწყდება, რა დროს გაკეთდა ეს განცხადება, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, დიპლომატიურ და პოლიტიკურ კრიზისშია ტატუნაშვილის არათუ მოკვდინების, არამედ ცხედრის გადმოუცემლობის გამო. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ ეს განცხადება იყო, ერთგვარი, პრევენცია, რათა ქვეყანაში არ გაზრდილიყო დუღილის ტემპერატურა და ამით დაეშოშმინებინა საზოგადოების არც თუ მცირე, აღშფოთებული ნაწილი, რომელიც არსებული ვითარების გამო უმწეობას გრძნობს, მაშინაც კი განცხადება წამგებიანია. ასეთ შემთხვევაში განცხადება საერთოდ სხვა შინაარსის მატარებელი უნდა ყოფილიყო და სხვა ადრესატი უნდა ჰყოლოდა _ ქართველი ხალხი.
და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რამდენიმე წილის წინათ ქვეყნის პირველი დიპლომატი გახლდათ.
აი, დიპლომატიაზე აუცილებლად უნდა შევაჩერო ყურადღება და მკითხველსაც და ხელისუფლებასაც, ქართველ დიპლომატებს, იქნებ, მათთვის ნაცნობი რამდენიმე ფაქტი და მოსაზრება უნდა გავახსენო:
კაცობრიობის ისტორია დაუსრულებელი კონფლიქტებია, თუმცა ნებისმიერი ომის დაწყებამდე მხარეები პრობლემის მოლაპარაკებებით მოგვარებას ცდილობენ და ნებისმიერი ომის შემდეგ ისევ მოლაპარაკებების მაგიდას უსხდებიან.
ჩვენს შემთხვევაში რუსეთთან კონფლიქტს ვგულისხმობ _ 2008 წელს ომი არ დასრულებულა მხარეებს შორის რაიმე სახის შეთანხმებით, ხოლო 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას ეხება და სხვას არაფერს. ანუ ომი, რეალურად, არც არის დასრულებული, თუმცა ეს ჩვენი ცხოვრების ფორმის, სტილისა და შინაარსის გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია.
ჰო, დიპლომატიას დავუბრუნდეთ, რომელიც ჩვენთან იმ ხელობად იქცა, სადაც ცალკეული ჩინოვნიკი საკუთარ კომფორტს ეძებს ან საპენსიო ასაკს იხანგრძლივებს.
საუკუნეების წინათ ალექსანდრე მაკედონელის მამამ _ ფილიპემ, სპარტას, რომელიც იმ დროს საკმაოდ დასუსტებული იყო, ასეთი ულტიმატუმი გაუგზავნა: „დანებდით, თუ შემოვალ სპარტაში, მას მიწასთან გავასწორებ“.
იცით, რა უპასუხეს სპარტელებმა? მხოლოდ ერთი სიტყვა: „თუ!“
არც ფილიპეს და არც ალაქსანდრე მაკედონელს სპარტის წინააღმდეგ არ გაულაშქრიათ.
ეს მაგალითი იმისთვის, თუ რამდენად სწორად და ზუსტად შეუძლია ერთმა მხარემ მეორეს უპასუხოს და ამით საკუთარ სახელმწიფოს კოშმარები და გაცამტვერება აარიდოს.
ფილიპესა და ალექსანდრე მაკედონელის პერიოდიდან უამრავი დრო გავიდა. მესამე ათასწლეულია და კაცობრიობამ მიაღწია უდიდეს სიმაღლეებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში, მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანები და სახელმწიფოები ვერ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას. ხშირად საკუთარი სურვილების გამჟღავნებაც კი უჭირთ და ამ დროს სწორედ რომ დიპლომატიას ან დიპლომატიურ ქმედებებს, ნაბიჯებს ეთმობა უდიდესი მნიშვნელობა.
დიახ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ჰქვია დიპლომატი და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკური ნება დიპლომატიურ პრიზმაში.
აი, კიდევ ერთი მაგალითი: ჯერ კიდევ ჟურნალისტი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ბურების წინააღმდეგ ომს განერიდა, 1899 წელს ჩადის ლორენსუ-მარკიშეში (მაპუტუ) და ბრიტანეთის საელჩოში ითხოვს დახმარებას. მგზავრობისაგან გათანგული ჩერჩილი საკმაოდ ცუდად გამოიყურება და კონსულმა მასში „ვერ ამოიცნო“ მარლბოროს საგვარეულოს წარმომადგენელი. ამიტომაც „მაწანწალას“ ეუბნება: „თუ თქვენ ნამდვილად ის ხართ, რადაც თავს ასაღებთ, მაშინ მე დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვარ“.
ჩერჩილი ახერხებს დამოუკიდებლად დაუკავშირდეს ლონდონს და საკონსულოში მყისიერად მოდის დეპეშა: „გიდასტურებთ, რომ ადამიანი, რომელმაც თქვენ მოგმართათ, ნამდვილად არის ბრიტანელი ჟურნალისტი და ლორდ ჩერჩილის შვილი. ამავადროულად, გატყობინებთ, რომ თქვენ არ ხართ დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ისევე როგორც მისი აღმატებულების კონსული ლორენსუ-მარკიშეში“. სახალისოდ წასაკითხია, არა, ეს მაგალითი? ნამდვილად არა! რადგან იმ განცხადების შემდეგ ბატონ კვირიკაშვილს „ვიღაცამ“ უნდა უთხრას: „…აქვე გაცნობებთ, რომ თქვენ არ ხართ საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.
და მესამე _ აუცილებელი მაგალითი, რომელიც მსოფლიო დიპლომატიის კლასიკად ითვლება. ეს მაგალითი ფრიად საინტერესო და დამაფიქრებელი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის უამრავი ფაქტორის გამო. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და თქვენ უამრავ ანალოგიას აღმოაჩენთ ჩვენს მდგომარეობასთან მიმართებით და იმასაც თვალნათლივ დაინახავთ, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ქართული დიპლომატია და სახელმწიფო ამ ვითარებაში.
თუმცა მანამდე ერთი პატარა ჩანართი _ ესეც ანალოგიისთვის მჭირდება: კამბოჯაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისმა მოქალაქემ მიმართა კატეგორიული მოთხოვნით, რომ გადამჭრელი ზომები მიეღოთ იმ მაიმუნის წინააღმდეგ, რომელიც მას თავს დაესხა. მოქალაქე, ამავდროულად, კომპენსაციას ითხოვდა და რაც მთავარია, გარანტიებს, რომ თავდასხმა მაიმუნის მხრიდან მეტად არ განმეორდებოდა. არ ვიცი, რატომ ვგონივართ საქართველოს ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს, ბატონ კვირიკაშვილს ის „ბრიტანელი მოქალაქე“ და რატომ ვერ ხვდება, რომ ქართული საზოგადოება კარგად ათვითცნობიერებს, „მაიმუნების ქმედების“ პროგნოზირება შეუძლებელია და ამაზე გარანტიებს ვერავინ მოგვცემს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებებზე და იმასაც გადასარევად ვხდებით, თუ რა პრობლემებია შექმნილი ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით.
თუმცა, ალბათ, მაინც მოგვიწევს სერ უინსტონ ჩერჩილისთვის მადლობის თქმა ერთი მეტად ფრთიანი ფრაზისთვის: „ისტორიის მთავარი გაკვეთილი ის გახლავთ, რომ კაცობრიობა ვერაფერს სწავლობს“.
ახლა კი ის _ უმნიშვნელოვანესი მაგალითი: 1905 წელი _ იაპონიასთან ომში განადგურებული რუსეთი, რომელიც ვერ აკონტროლებს სახალინსა და აღმოსავლეთ ტერიტორიებს, ციმბრი დაუცველი აქვს, არ ჰყავს არც საზღვაო და არც სახმელეთო ჯარი.
პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის შუამავლობით აშშ-ში იწყება მოლაპარაკებები დამარცხებულ რუსეთსა და გამარჯვებულ იაპონიას შორის. თავად რუზველტის სიმპათიები იაპონიის მხარეს იხრება. მოლაპარაკებებზე იაპონიას საგარეო საქმეთა მინისტრი კომურა წარმოადგენს, ხოლო რუსეთს _ ვიტე, საკმაოდ წარჩინებული პერსონა საიმპერატორო კარზე.
მოლაპარაკებებისას კომურა მწყობრიდან გამოდის და ვიტეს საკმაოდ არადიპლომატიურად მიმართავს: „თქვენ ისე იქცევით, თითქოს ომში გაიმარჯვა არა იაპონიამ, არამედ რუსეთმა“. ვიტე საკმაოდ მშვიდად რეაგირებს ამაზე და გაოცებული შესცქერის, _ თითქოს კამურას რაღაც ეშლება და ომში მართლა რუსეთმა გაიმარჯვა და არა იაპონიამ.
ეს მოლაპარაკებები პორტსმუტის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა, რამაც ტოკიოში დიდი მღელვარება გამოიწვია და კამურა იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.
ბატონო პრემიერ-მინისტრო და ქართველო დიპლომატებო, თუ არ იცით, გაგახსენებთ და გეტყვით, როგორ მიაღწია ვიტემ წარმატებას, რადგან ეს ერთგვარი მზა რეცეპტიც კი გახლავთ არსებული რეალობისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით:
თავად ვიტე მოგონებებში აღწერს ამ პროცესს. მას საკუთარი ტაქტიკა ჰქონდა და მკაცრად დაიცვა ის. პირველი: არაფრით ეჩვენებინა, რომ რუსეთს სურს მშვიდობა; შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იმპერატორი იმიტომ დათანხმდა მოლაპარაკებებს, რომ ასეთი იყო სხვა ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის სურვილი და ანგარიში გაუწია მათ, რადგან სწორედ „სხვებს“ სურდათ ომის დასრულება, რუსეთისთვის კი ეს სულერთი იყო; მეორე: თავი წარმოეჩინა, როგორც იმპერიის წარმომადგენელს, რომლის სახელმწიფომაც დროებით წარუმატებლობა განიცადა; მესამე: გაეთვალისწინებინა მედიის უდიდესი მნიშვნელობა, ყოფილიყო გახსნილი ყველასთან, გულღია, მოეხდინა შთაბეჭდილება და მოეპოვებინა პრესის კეთილგანწყობა; მეოთხე: გავლენიანი პერსონების კეთილგანწყობის მოპოვება, ხოლო გავლენიან მოწინააღმდეგეებზე თავდაუსხმელობა და მათი ლოიალობის მოპოვება.
ვიტეს ეს ტაქტიკა არის დიპლომატიის კლასიკა. მან შეძლო ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულება, რაშიც მას, უპირველსად, მესამე _ მედია და მედიის მიმართ დამოკიდებულება დაეხმარა, რომელმაც ვიტეს მნიშვნელოვანი იმიჯი შეუქმნა არა მხოლოდ აშშ-ში, სადაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, არამედ მის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო თანამეგობრობა მის მოკავშირედ იქცა. ძალიან საგულისხმოა მის მიერ თითოეული პუნქტის განხორციელების მაგალითები, მაგრამ ამჯერად ამით თავს არ შეგაწყენთ.
ანალოგიებს ხვდებით, იმედია, და აქ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ დგას ჩვენ პირისპირ, ანუ ვინ არის ჩვენ წინააღმდეგ _ რუსეთს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი ფორა გვქონდა _ საერთაშორისო მხარდაჭერა, მედიის კეთილგანწყობა, გავლენიანი პირების მხარდაჭერა, რეალურად გვრჩებოდა პირველი პუნქტის განხორციელება, ანუ იმის რეალური დემონსტრირება, რომ ჩვენ არსებული სტატუს კვოს შენაჩუნებას არ ვაპირებთ და ვიბრძოლებთ დაკარგულის დასაბრუნებლად. რით გავამყარებდით ამ პოზიციას, ანუ რა რეალურ არგუმენტებსა და ფაქტებს დავდებდით ჩვენს მხარეს _ პარტიზანული მოძრაობით, ნატოში ინტერგაციისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმით, ეკონომიკური პროგრესითა და მომხიბვლელობის გაზრდით, წამყავნ სახელმწიფოებთან ორმხრივი სამხედრო სტრატეგიული ხელშეკრულებების გაფორმების მცდელობით თუ უამრავი სხვა კონკრეტული ქმედებითა და ნაბიჯით ან, კიდევ, ყველაფრით ერთად, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გემოვნების საკითხია. მაგრამ, უპირველესად, სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და აქ ნებისმიერი ხელისუფლება თანმიმდევრული უნდა იყოს.
სანაცვლოდ, ხელისუფლებამ, დღეის მდგომარეობით, შექმნა ვითარება, როდესაც:
ხელისუფლების ერთი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოს (აქ გვარ-სახელს მნიშვნელობა არ აქვს) ადანაშაულებს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში და, ამავდროულად, აღიარებს, რომ გაურკვეველი მომავლისთვის აქვს გადადებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს მდგომარეობა მოწინააღმდეგე მხარეს საშუალებას აძლევს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააძლიეროს საკუთარი წარმომადგენლობა, ხოლო ადგილობრივ რეჟიმებს განუსაზღვრელი ძალადობისა და ფაშისტური ქმედებების საშუალებას აძლევს. საქართველოს ხელისუფლება არ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ჟენევის ფორმატს დათანხმდა მხოლოდ საერთაშორისო „ხათრის“ გამო და თურმე განცხადების პათოსით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს რანგი უნდა გაიზარდოს და ამ მოლაპარაკებებზე პრემიერმა უნდა იაროს. მეტიც: ბატონმა კვირიკაშვილმა საკუთარი განცხადებით ორმხრივი მოლაპარაკებები შესთავაზა მარიონეტულ რეჟიმებს, რაც, ფაქტობრივად, ამ რეჟიმების აღიარების ტოლფასია.
თვით ვიტეს დროინდელი რუსეთიც კი არ დათანხმდებოდა იაპონიას ორმხრივ მოლაპარაკებებს, თან ტოკიოში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და ასეც რომ იყოს, ვინ უნდა წარმართოს ეს მოლაპარაკებები? რაც შეეხება რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს, რომლის სურვილსაც არაერთი პოლიტიკოსი ამჟღავნებს და რამდენჯერმე „ოცნების“ მხრიდანაც გაჟღერდა საკითხავია, ვინ უნდა გამართოს მოლაპარაკებები _ კვირიკაშვილმა პუტინთან, თუ ჯანელიძემ ლავროვთან? არ ვაპირებ არც კვირიკაშვილისა და არც ჯანელიძის დაკნინებას, უბრალოდ, იმაზე ვაპელირებ, რომ პუტინთან არც ისე ადვილია საუბარი. ხოლო ლავროვთან მოლაპარაკბებს ისევ პუტინთან დაჯდომა სჯობს. თავს გაიბანძებ, მაგრამ ბოლოს მატყუარას მაინც დაუძახებ. ლავროვი კი სიცილ-სიცილით მიგიყვანს მიკროფონთან და იმას გათქმევინებს, რაც შეხვედრამდე არც კი გაგიფიქრებია. მასთან მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვანი დიპლომატებიც კი უაღრესად უფრთხიან.
ნურც იმაზე დავხუჭავთ თვალს, რომ რუსეთის ინტერესებში ჯდება პრემიერის განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველაზე საყურადღებოც: „პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც“. და რა არის გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან? რა უნდა დავთმოთ? რკინიგზა გავხსნათ აფხაზეთზე გავლით, თუ გაზსადენი მივცეთ? იქნებ, ის არის გონივრული ნაბიჯი, რომ ოფიციალურად მოვაწეროთ ხელი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას? და ვისთან მოვაწეროთ ხელი? რუსეთთან? კი, შეგვიძლია, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ გამოვიყენებთ ძალას. მაგრამ ჩვენგან ხომ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას რუსეთი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ ითხოვს? და ეს ხელშეკრულება ვისთან გავაფორმოთ? ხაჯინბასთან და ბიბილოვთან? ანუ ვაღიაროთ ფაშისტურ-სეპარატისტულ-მარიონეტული რეჟიმები?
კიდევ რა დავთმოთ? ვაღიაროთ, რომ ნატო არ გვინდა? და ვინ ეკითხება ამას კვირიკაშვილს და „ქართულ ოცნებას“? არსებობს საქართველოს მოსახლეობის დეკლარირებული და იურიდიული ნება, რომ გვინდა ნატოში ინტეგრაცია. კიდევ რა? იქნებ, ის, რომ „ათი წლისთავზე“ განვაცხადოთ _ ომი დაიწყო საქართველომ, როგორც ამას ოცნების ზოგიერთი და ცალკეული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები აკეთებენ? არც ეს გამოვა _ ესეც შიდა მოხმარებისაა ან/და რუსეთის სასარგებლო, რადგან საერთაშორისო სამართალს აცდენილია. მაშინ ჯერ ის უნდა აღიაროთ, რომ 2008 წელს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ტერიტორიები არ იყო და ოფიციალურ თბილისს უფლება არ ჰქონდა, კონსტიტუციური წესრიგი აღედგინა საკუთარ ტერიტორიაზე. ამ ფრაზას კი დაუყოვნებლივ უნდა მოაყოლოთ მეორეც, _ რომ რეალურად და იურიდიულად ვაღიარებთ ამ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. და ამას რა მოჰყვება, იმედია, იციან „ქართულ ოცნებაში“ _ ამბები, რომელსაც ქართველები ასე მოვიხსენიებთ, _ დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ჰა, კიდევ რა გამორჩა „გონივრულ ნაბიჯებში“?

***
ახლა რიტორიკას შევეშვათ და სრულიად პრაგმატულად შევხედოთ ამ განცხადებას.
ვინ არის მისი ადრესატი?
ამ კითხვის პასუხი თავად განცხადებაშია: „მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას“, ანუ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას.
არის საქართველო იმ სიტუაციაში, რომ იკეკლუცოს? რას ჰქვია, „რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება“? ვის მიმართავს ბატონი კვრიკაშვილი? რუსეთის პრეზიდეტს, პრემიერს, ფედერაციის საბჭოს, თუ სახელმწიფო სათათბიროს (დუმას)? იქნებ, სასამართლო ხელისუფლებას ან მეოთხე ხლისუფლებას? ან, იქნებ, ყველას ერთად? ნუ ყველას არ გამოვა, რადგან რეალურად რუსეთში ერთი ხელისუფალია _ Владимир Владимирович Путин.
ცხადია, რომ ბატონმა პრემიერმა და წერილის ავტორებმა ბევრი იფიქრეს _ პუტინს თავი, ანუ პრემიერი ვერ გაუტოლეს და გადაწყვიტეს, მიმართვას კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლოდა. ისევ და ისევ დიპლომატიური კლასიკა გვეუბნება, რომ ეს არის სიბეცე. ადრესატის არარსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფიასკო და სისუსტე ამ განცხადების. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართულია დიპლომატიური თავალსაზრისით, როდესაც პრემიერი თავს ვერ უტოლებს პრეზიდენტს და არ მიმართავს პუტინს, ამავდროულად, ხვდება, რომ მედვედევი არავინაა და არც მას მიმართავს და იღებს გადაწყვეტილებას, ასე, ზოგადად, რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართოს?
ისტორიკოსი დათო გამცემლიძე აცხადებს, რომ ამგვარი მიმართვა ადრესირებული უნდა იყოს ყოველთვის. ადრესატის გარეშე განცხადება კი, მისი მოსაზრებით, იმის მაჩვენებელია, რომ ის დაცლილია კონკრეტიკისგან და მის უკან არანაირი კონკრეტული გეგმა არ დგას.
შეგნებულად ავუვლი გვერდს პოლიტიკური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებებს. მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგან ობიექტურობას არ გავცდე.
ცხადია, რომ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადების პროვოცირება ტატუნაშვილთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ მოახდინა. და ნამდვილად არ მჭირდება იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს ვითარება ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და თუნდაც ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, ვერც იმ განმარტებებსა და პრეტენზიებს მივიღებ, რომ სხვისი ბედი ჩემთვის და უამრავი ქართველისთვის არაფერს ნიშნავს. პირიქით! ნიშნავს და მეც ვშფოთავ სხვათა დარად, განვიცდი, სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტ, ადგილს ვერ ვპოულობ და გალიაში დამწყვდეული ლომივით ვღრიალებ. მაგრამ ეს ემოციაა და პრაგმატიზმისგან შორს დგას, როდესაც საქმე სახელმწიფოს და მის ინტერესებს ეხება.
ცხადია, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადამოცემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თავი ჩიხში მომწყვდეულად იგრძნო და ეს რეალუარდ მოჩვენებითი, პოლიტიკურად მცდარი და დიპლომატიურად წამგებიანი ნაბიჯი გადადგა. ძალიან ბევრი ვეცადე ამ გადაწყვეტილებაში, გია ვოლსკის არის იყოს, ანალიტიკის შედეგი _ სიბრძნე მეპოვა, ვერა და ვერ აღმოვაჩინე. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებისგან დისტანცირებულად და მის ვიზავად წარმოვიდგინე თავი, პირიქით, მსურდა, მისი მოკავშირე ვყოფილიყავი, რადგან განცხადება საქართველოს ეხებოდა და არა რომელიმე ხელისუფლებას ან, თუნდაც, პარტიას.
და მაინც, რას ამბობს იმის გარდა, რომ გონივრული ნაბიჯისთვის მზად არის ამ ტექსტით პრემიერ-მინისტრი? არაფერს! რა არის ამ განცხადების კონტექსტი? მოლაპარაკებები? კი, გიხაროდენ, მოლაპარაკებები, მტერთან საუბარი კარგია, მაგრამ რაზე? სად ჩანს ამ განცხადებაში თუნდაც კონკრეტული თემა, რითაც შეძლება ააგდო მოწინააღმდეგე?
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული „პროექტი“ რუსეთთან ურთიერთობის ამა თუ იმ ფორმით განსაზღვრისა სტატუს კვოს შეცვლის თვალსაზრისით. არც „პრო“ არც „კონტრა“. განცხადების პათეტიკურობა და კონკრეტიკისგან დაცლილობა მეტყველებს, რომ ეს უფრო ტრაგიკულ ვითარებაზე პიარრეაქციაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ნების გამოხატულება. პოლიტიკოსები ასეთ ტონალობაში, როგორც წესი, მაშინ საუბრობენ, როდესაც არაფრის შეცვლა არ ძალუძთ ან არ სურთ, რაც ჩვენს შემთხვევაში ერთი და იგივეა. რეალური „პროექტისა“ თუ „გეგმის“ არსებობის მაჩვენებლი იქნებოდა ან სატელეფონო შეთანხმება შეხვედრაზე, თუნდაც, ნეიტრალურ მოედანზე, ან ლარსის საკონტროლო პუნქტის ჩაკეტვა. ეს „პრო“ და „კონტრა“ „საშუალედო“ პოლიტიკა ისაა, როდესაც, უბრალოდ, სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობ ამა თუ იმ მიმართულებით, მისი შეცვლის მცდელობიდან გამომდინარე რეალურ რისკთა გათვალისწინებით. კვირიკაშვილის განცხადება ამ პოზიციის მკაფიო ილუსტრაციაა“, _ აცხადებს დათო გამცემლიძე.
აქვე კიდევ ერთი მოსაზრება: „თვითონ აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთს უნდა ესაუბროს მთავრობა სწორია, მაგრამ როდესაც ქვეყნის მეთაური განცხადებას აკეთებს ამის შესახებ, ამ განცხადებაში ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი კონტექსტი ამ მოლაპარაკებების არსისა, ამასთანავე განსაზღვრული უნდა იყოს მიზანი, რა გვსურს ჩვენ? აღნიშნული უნდა იყოს, რას მოვიგებთ, თუ ეს მოლაპარაკებები შედგება ან რას მოვიგებთ, თუ ასეთი მოლაპარაკებები არ გაიმართება? რას წავაგებთ მოლაპარაკებების შემთხვევაში ან რას წავაგებთ მოლაპარაკებების გაუმართაობის შემთხვევაში? ანუ უნდა იყოს განსაზღვრული ყველა შესაძლებელი ვერსია, ამასთანავე აუცილებელი იყო გაგვეგო, რა რისკფაქტორები შეიძლება მოჰყვეს ასეთ მოლაპარაკებებს, რა დადებითი ან რა უარყოფითი და რაც მთავარია, რას ვხედავთ პირველ ნაბიჯად ასეთი მოლაპარაკებების გასამართად? სამწუხაროდ, ამ განცხადებაში კონკრეტულად ვერ დავინახე ის აქცენტები, რაც ახლა გითხარით, არადა, ასეთი ანალიზის გარეშე ნებისმიერი განცხადება „ფილკინა გრამატად“ რჩება და ნაკლებად ორიენტირებულია შედეგზე. ამ განცხადებაში ჩემთვის უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, რომელზედაც პასუხების მიღება უკეთესად დაგვანახვებს რისთვის ან ვისთვის გაკეთდა ეს განზოგადების ენით დაწერილი მიმართვა, _ აცხადებს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ჩემთვის მოცემულ კომენტარში და დასძენს, _ რატომ გვინდა ჩვენ ეს მოლაპარაკებები და რომელ კონტექსტში? ესაა კაპიტულაციის კონტექსტი? ესაა ომის ახალ ფაზაში გადასვლის კონტექსტი? ესაა დაზავება და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება, თუ რა?.. სანამ ასეთი კონტექსტები არ განისაზღვრება, მანამ მუდმივად ეჭვებსა და ქვეტექსტების წაკითხვის უპირობო პირობებს გამოიწვევს მსგავსი ტიპის განცხადებები“.

***
ახლა რამდენიმე კითხვა, თუნდაც, ცხედრის გადმოცემასთნ დაკავშირებით: გამოიყენა კი ყველა რესურსი საქართველოს ხელისუფლებამ? მაგალითად, შვეიცარია, რომლის „ფრთის“ ქვეშ მუშაობს თბილისში და მოსკოვში ორი ქვეყნის ინტერესების სექცია? ჩინეთი _ უშიშროების საბჭოს წევრი და რატომ ოფიციალური პეკინი? _ ამას ნუ მკითხავთ. გერმანია _ აქაც ზედმეტი კითხვა სიბეცეს ნიშნავს.
გამოიყენა კი საქართველოს ყველა საერთაშორისო საინფორმაციო რესურსი?
მანახეთ გადაჭრელებული მსოფლიო პრესა ყოველდღიური მთავარი თემით ტატუნაშვილზე. მანახეთ ყოველდღიური ჩართვები „სი-ენ-ენზე“, „ბი-ბი-სიზე“, „ფოქს ნიუსზე“, DW-ზე და ა. შ. ვერა _ ვერ მანახებთ, რაც „იქ“ დევს, ეს მათი მასალებია და არა თქვენი ნამუშევარი. თქვენი ნამუშევარი, პატივცემულო ხელისუფლებავ, ეს, მინიმუმ, ცუდი ტექსტია, რომელიც, ალბათ, შვილიშვილს მოსჭრის კბილს.
სად არიან თქვენი ლობისტები? სად არიან ქართველი ექსმინისტრები, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად? აქვთ თუ არა დავალებები და მიფრინავენ თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში კონკრეტული დავალებებით? მაგრამ არც ისინი გყავთ მოკავშირეებად _ ყველა ყოფილი ხომ თქვენ მტრად მიგაჩნიათ?
მომეცით სასურველი ტექსტები და გამოგიქვეყნებთ მსოფლიოს წამყვან რამდენიმე გამოცემაში სრულიად უანგაროდ, ისევე როგორც ბევრი ჩემნაირი გააკეთებს იგივეს, მაგრამ არც ამ საკითხში გსურთ მოკავშირეების ყოლა.
მაგრამ მაინც საერთაშორისო ძალისხმევაზე გავამახვილოთ ყურადღება. პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი ოფიციალურ მოსკოვთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის თაობაზე. ამ მოლაპარაკებამდე მოსკოვმა და ცხინვალმა, ფაქტობრივად, გააცურეს საერთაშორისო წითელი ჯვარი. ამ პირობებში, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა და მსოფლიოს ზესახელმწიფომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთს რეალურად დაანახა თავისი მხარდაჭერა, კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება აშშ-ისთვის ზურგში დანის ჩარტყმაც იყო. ცხადია, რომ კვირიკაშვილისთვის არავის უთქვამს, თუ რა კოზირებით ესაუბრებოდა ვაშინგტონი მოსკოვს. ამ განცხადებით კი მოსკოვს აღნიშნულ საკითხში ვაშინგტონის აბუჩად აგდების საშუალება მიეცა. პარალელურად, ეს განცხადება ასევე არის სტრატეგიული პარტნიორის დისკრედიტების თუ არა, მისი როლისა და გავლენის ნიველირების დემონსტრირების მცდელობა ქართველი ობივატელის თვალში.
სწორედ ამ განცხადებამ ათქმევინა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შემდეგი სიტყვები: „უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას.
ასევე ჩართული ვართ და გვაქვს კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყოვნებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს“.
და იქვე ელჩმა კელიმ, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ ოკუპანტს ენის მოჩლექით არ ესაუბრებიან: „ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას. რუსეთს ვუწოდეთ ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს“.
ქართველი დიპლომატების შეფასებით კი „პრემიერის განცხადება ემსახურება აგრესორის წადილს, გამოთიშოს ამ სიტუაციიდან ძლიერი საერთაშორისო მოთამაშეები და ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური განადგურების პროცესი“.
დიახ, ეს საკმაოდ მკვახე განცხადებაა და რეალური ბრალდების შემცველიც.
ბოლოსკენ, მაინც შევეცადოთ, რომ ერთგვარად გავანეიტრალოთ ვითარება და დიპლომატიური ფიასკო და პოლიტიკური კრახი შევარბილოთ. უმჯობესია, ამ შემთხვევაში ისევ ვინმე დიდი ავტორიტეტი მოვიშველიო, რადგან თანამედროვეებსა და ადგილობრივების გონივრულ რჩევებსა და მითითებებს ქართული ხელისუფლებები არასოდეს ითვალისწინებენ, მით უფრო თუ ეს რჩევები და დასკვნები, რაოდენ კეთილშობილურიც არ უნდა იყოს, კრიტიკულ კონტექსტშია წარმოთქმული. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებასა და ბატონ კვირიკაშვილს უინსტონ ჩერჩილის მიერ პრემიერ ჩემბერლენის მისამართით წარმოთქმულ სიტყვებით მივმართავ: „მე არ გადანაშაულებთ თქვენ სამშობლოს ღალატში, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ თქვენი ქმედებებით ხელს უწყობთ მოწინააღმდეგეს, იმოქმედოს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ“.
და თუ ესეც გაუგებარია, მაშინ ისღა დამრჩენია გითხრათ: „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი თქმა სჯობს არა თქმას და როდესაც პრემიერმა თავისი ნათქვამით დააშავა და სახელმწიფო ინტერესებს ავნო.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არ დასრულებულა სამშვიდობო ხელშეკრულებით, გაფორმდა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ოკუპანტის სამხედრო ძალების მხრიდან არ წყდება პროვოკაციული ქმედებები; შეწყვეტილია საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობები; იმის მიუხედავად, რომ არ მინდინარეობს ომის აქტიური ფაზა, საქართველო საომარ მდგომარეობაში იმყოფება; ქვეყანაში პარალელურად მძვინვარებს ჰიბრიდული ომიც. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას ან ყველაზე მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირს ვინ მისცა უფლება, ქართველი ხალხის სახელით კაპიტულანტური ან, გნებავთ, თავდახრილ პოზაში გაკეთებული განცხადებით მიმართოს მოწინააღმდეგეს?

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი