მეტი ღატაკი, ნაკლები ინკლუზიური ეკონომიკა _ მხოლოდ ფაქტები

საარსებო შემწეობა, იგივე მიზნობრივი სოციალური დახმარება ფულადი გასაცემელია, რომლის მიზანიც კონკრეტული შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან მისი პრევენცია გახლავთ. ამ დეფინიციიდან გამომდინარე კი დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი შეფასების სისტემით დათვლილი ღატაკების რაოდენობა იზრდება(!).

ფაქტი შემდეგია: ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისევ მოიმატა.
მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ ტიპის დახმარებას იღებენ, 8 294-ით გაიზარდა. სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, გასული წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 555-ს უტოლდებოდა, წელს კი 453 849-ს მიაღწია. იმ ოჯახების რაოდენობაც რომ დავთვალოთ, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ, 2017 წლის თებერვალში მათი რიცხვი 131 113-ს, წელს კი 131 500-ს უტოლდება.
მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად და გამოწვევად რჩება ადამიანური რესურსების განვითარება და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება, რაც პირდაპირ უკავშირდება ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას.

საინტერესოა, რატომ იზრდება შესაბამისი შეფასების სისტემით დათვლილი ღატაკი ადამიანებისა და შესაბამისად, ოჯახების რაოდენობა მაშინ, როდესაც ქვეყანა რამდენიმეპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას განიცდის? რამდენადაა ურთიერთდამოკიდებული ეს ორი ფაქტორი და რა ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა ახლა?

„ქრონიკა+“ ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა
აკაკი ცომაია _ ექსპერტი:
_ ზოგადად, ეკონომიკური ზრდა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანის კეთილდღეობა იზრდება, ქვეყანაში კი უდიდეს პრობლემად კვლავ სამუშაო ადგილების არარსებობა რჩება.
ეკონომიკური ზრდა, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ ნაზარდი ან ეკონომიკური შემოსავალი შეიძლება სხვადასხვანაირად გადანაწილდეს, ანუ მცირე ჯგუფმა მიიღოს დიდი სარგებელი და დიდმა ჯგუფმა მიიღოს უფრო ნაკლები. შესაბამისად, შეიძლება ეკონომიკა იზრდებოდეს, მაგრამ პარალელურად იზრდებოდეს ღარიბი მოსახლეობის რაოდენობაც. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, თუ რა რაოდენობით, რა სიდიდით იზრდება იგი. თუ საუბარია 1%-ით ზრდაზე, მაშინ პირიქით, ალბათობა უფრო მაღალია, რომ სამუშაო ადგილები შემცირდება, ამიტომ ეკონომიკური ზრდა პირობითი მაჩვენებელია. 2-3%-იანი ზრდა არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს განვითარებად ქვეყნებში.
ცხოვრების დონე რომ თანდათანობით უარესდება, ამას უნდა მივაწეროთ ეს შემწეობის მიმღებთა გაზრდილი მაჩვენებელი. დროდადრო უფრო მეტი ადამიანი ღარიბდება, რაც შემდეგს მიანიშნებს: სამუშაო ადგილები მცირდება, ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება ეს იყოს, ეკონომიკური რესურსი უფრო არათანაბრად ნაწილდება, ვიდრე ადრე ან ორივე ინდიკატორი ერთად. აქ უკვე ბევრი ცვლადი გვაქვს და ამას კვლევა, შესწავლა სჭირდება.
რაც შეხება გამოსავალს, პრიორიტეტი ყოველთვის არის ერთი _ ისეთი გარემო უნდა შექმნა, რომელიც მაღალ, სწრაფ, შეუქცევად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. თან ადამიანი ამ საზოგადოებაში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს; არ უნდა ეშინოდეს ინიციატივების; მისი ყველა წარმოწყება უნდა იყოს გარანტირებული და დაცული სახელმწიფოს მხრიდან; პიროვნებას უნდა შეეძლოს ამ საზოგადოებაში მარტივად და სწრაფად სამართლის პოვნა(!). ეს ძალიან ტრივიალური, მაგრამ ისეთი საკითხებია, რაც პირველ რიგში ითხოვს მოგვარებას და თუ ეს არ განხორციელდა, შემდეგ რთულია საუბარი იმაზე, რა შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორები.

ემზარ ჯგერენაია _ ექსპერტი:
_ მთლიანად სისტემაა გადასახედი, რის შედეგადაც იმ დონემდე უნდა მივიდეთ, როცა სახელმწიფო იმას დაეხმარება, ვისაც ნამდვილად სჭირება. მონაცემების ამგვარად გაზრდა, პირველ რიგში, იმან განაპირობა, რომ ბარიერი, ზღვარი დაწიეს. წინა წლებში შემწეობის მისაღებად სირთულეები იყო „გადასალახი“, ელემენტარული, იატაკზე პარკეტის დაგების გამო ხდებოდა ამ ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არმიცემა, ან წართმევა. დღეს ეს ფაქტორი მოიხსნა, რამაც ხალხს საშუალება მისცა, რომ შემწეობა უფრო მარტივად მიეღო.
მეორე მხრივ, ქვეყანაში რომლის მოსახლეობაც 3,5 მლნ ადამიანს შეადგენს, შეიძლება რომ 1 მლნ სოციალურად უმწეო და დახმარების მიმღები იყოს?! სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს სისტემა მთლიანად გადასახედია. იმ დონემდე უნდა მივიდეთ, რომ რეალურად ვისაც სჭირდება დახმარება, ის ადამიანები არ დარჩნენ მის გარეშე და მეორე მხრივ, იმან მიიღოს დახმარება, ვისაც მართლა ძალიან სჭიდება. სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ფაქტორი ნაკლებ როლს თამაშობს, რადგან საუბარია სოციალურ შემწეობაზე, თუ ეს ადამიანი არის შრომისუნარიანი და საქმის კეთება შეუძლია, ის არ უნდა იყოს შემწეობის შემყურე და ვერც იქნება ლოგიკურად.
ზოგადად კი ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სამუშაო ადგილების საკმაოდ სერიოზული დეფიციტია, ხოლო იმ ადამიანთაგან, ვინც დასაქმებულია, ნორმალური ანაზღაურება ძალიან მცირე ნაწილს აქვს. 300 ლარი არ არის ის ანაზღაურება, რომელიც დღეს საცხოვრებლად ეყოფა კონკრეტულ პიროვნებას, აქედან გამომდინარე, ყველაზე რთული პრობლემა სწორედ სამუშაო ადგილები და შემოსავალია, ამის ირგვლივაა აწყობილი ყველაფერი.

სოსო არჩვაძე _ ექსპერტი:
_ პირდაპირი კავშირი ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში არ არსებობს. აუცილებელია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, რათა მეტი ადამიანი დასაქმდეს და სარგებელი ნახოს. არსებობს ასეთი ტერმინი, „ინკლუზიური ეკონომიკა“, მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს საზოგადოების რაც შეიძლება მეტი წევრი მონაწილეობს დოვლათის ფორმირებაში. სწორედ ეს მიმართულება უნდა ავიღოთ.
ზოგადად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეკონომიკა გაიზარდოს საფინანსო სექტორში ან საგარეო ვაჭრობაში, მაგრამ სოფლის მეურნეობის მონაცემები შეგვიმცირდეს. მაშინ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები, არ გაუმჯობესდება მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა იგივე ვაჭრობა, საფინანსო შუამავლობა, მრეწველობა და ა. შ.
თავის დროზე, 90-იანების დასაწყისში, როცა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ტალღა აგორდა, ასეთი სლოგანი ჰქონდათ: „ჩვენ მხოლოდ ბორჯომიც კი გვარჩენს“ (იმდენი მინერალური წყალი გვაქვს, რომ მხოლოდ ეს ეყოფა საქართველოსო)! რეალურად, საბაზრო ურთიერთობის პირობებში „ბორჯომი“ თუ ნაბეღლავი იმ ადამიანთა ჯგუფს არჩენს, რომელიც დაკავდება იმ მინერალური წყლის მოპოვებით, ჩამოსხმით, რეალიზაციით, ექსპორტით, რეკლამით და ა. შ. ის ადამიანები, რომელთაც აღნიშნულ ტექნოლოგიურ და მარკეტინგულ პროცესთან შეხება არ აქვთ, უკეთეს შემთხვევაში, ამ ეფექტის, მოგების თანამონაწილენი შეიძლება მაშინ გახდნენ, თუ „ბორჯომი“ ბიუჯეტში მეტ თანხას გადაიხდის, ამ თანხიდან კი მეტი თანხის განაწილების საშუალება მიეცემა მთავრობას პენსიების ან სხვა სოციალური დახმარების სახით. ამიტომ პირდაპირი, ხისტი კორელაცია ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მშპ 5%-ით გაიზარდა, მისი არათანაბარი განაწილებისა და მოხმარების გამო, ამ მონაცემებით, გაჭირვებულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა.
მაგალითისთვის: ბათუმში რომ 4 ან 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება, გასაგებია, რომ იგი ტურიზმის განვითარებას ემსახურება, მაგრამ რამდენად არის ის კავშირში ბათუმის რიგითი მოქალაქის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან?! ეს მიბმა უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი, მაშინ დაინტერესებაც და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაც მეტი იქნება.
მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში კი, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნაა აუცილებელი ამ ადამიანებისთვის, რომ ისინი მოწყალებაზე კი არა, თავიანთი შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყვნენ ორიენტირებულები.
დღეს მსგავსი სოციალური მიდგომა გვაქვს პენსიასთანაც, რეალუარად, პენსიას კი ვეძახით, მაგრამ იგი სოციალური შემწეობის ფორმაა. რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ ახალ პარადიგმაზე, დაგროვებით კომპონენტზე გადასვლა, რომლის თანახმადაც, ადამიანს შეიძლება საზოგადოებრივ სექტორში მუშაობის სტაჟი საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ მინიმალურ პენსიას იღებდეს, თუმცა მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს მის მიერვე, სპეციალურ საპენსიო ფონდებში, გარკვეული თანხის შეტანისა და დაგროვების შემდეგ.

საბოლოო ჯამში, როგორი ეკონომიკაც და ზრდაც უნდა გვქონდეს, ფაქტი გვეუბნება, რომ წლიდან წლამდე შემწეობის მთხოვნელი ადამიანების რიცხვი იზრდება. რამდენადაა ეს მოუწესრიგებელი სისტემის, სამუშაო ადგილების არარსებობის, „იოლი ფულის“ შოვნის გზასთან დაკავშირებული, მსჯელობის საკითხია.
რამდენად მოხერხდება ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება? რა სამუშაოებია ამ მიმართულებით ჩასატარებელი? ვინ აიღებს ამის გაკეთებას საკუთარ თავზე? ავითვისებთ თუ არა პოტენციალს ეფექტიანად? წინ ხომ არ წამოიწევს კერძო პირების ინტერესები და ა. შ.? მსგავსი კითხვები, ჯერ კიდევ, მაშინ გაჩნდა, როცა 2012 წელს მთავრობაში ახალმოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ „ინკლუზიური ეკონომიკისა“ და ზრდის ტენდენციებზე აქტიური საუბარი დაიწყო. რამდენად შეასრულა მან ეს, ამ ყველაფერზე თავად ფაქტები მეტყველებს.

ნინო ტაბაღუა