აშშ-ს ვიზები 40-მდე ჭიდაობის „ფანისთვის“

7-8 აპრილს აშშ-ში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, რომელზეც ქართველი მოჭიდავეები სრული შემადგენლობით მონაწილეობენ. „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში გუნდთან ერთად მიემგზავრება ფანკლუბის, ე. წ. ქომაგთა უპრეცედენტო რაოდენობა _ 40 კაცი.

არიან თუ არა ისინი სინამდვილეში ქომაგები, თუ შესაძლებელია ქომაგთა სტატუსით გავიდნენ იქ დარჩენის მსურველები, ცხადია, არა უსასყიდლოდ?..
ამასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ჭიდაობის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს გიორგი კვეტენაძეს დაუკავშირდა:
_ კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმება გვინდა და ამასთან დაკავშირებით გირეკავთ.
_ დიახ.
_ მარტის ბოლოს აშშ-ში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასი თამაშდება და მასში ჩვენები ქომაგთა საკმაოდ დიდი რაოდენობით მონაწილეობენ…
_ მსოფლიო თასი აშშ-ია, დიახ.
_ ჩვენი მხარის ჩართულობა როგორია?
_ როგორი და მანდ რომ არ მიიღო მონაწილეობა, ჯარიმას მოგცემენ. ეს არის აუცილებელი _ მსოფლიო ჩემპიონატში ვინც 6 საუკეთესო გუნდში მოხვდება, ის ავტომატურად შემდეგ მსოფლიო თასზე მონაწილეობს. პარიზში ჩვენ ხომ კარგი შედეგი ვაჩვენეთ _ მაინც მოწინავე ადგილები ავიღეთ. შესაბამისად, მსოფლიო თასზე მოვხვდით, რომელიც წელს ამერიკაში უწევს. გუნდი ახლა მზადების პროცესშია.
_ რა შემადგენლობით მიდიან აშშ-ში?
_ საბოლოოდ, არ ვიცი, რა შემადგენლობით წავა. ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა.
_ რამდენი ქომაგი მიგყავთ? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 40-მდე ქომაგისთვის მზადდება სავიზო განაცხადი აშშ-ში წასასვლელად…
_ ეგ არ ვიცი. შემდეგ მოდის ევროპის ჩემპიონატი.
_ ქომაგები, ე.წ. ფანკლუბი თავისი ხარჯებით მიდის აშშ-ში?
_ არც ვიცი.

ამის შემდეგ „ქრონიკა+“ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ლომიძეს დაუკავშირდა:
_ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მსოფლიო თასზე მოჭიდავეებს ქომაგთა მრავალრიცხოვანი გუნდი მიჰყვება. ეს ფანკლუბის წაყვანა ჩვეულებრივი მოვლენაა?
_ ისინი თვითონ მოდიან, თავისით.
_ მართლა 40 კაცი აპირებს წამოსვლას?
_ ეგ არ მაქვს ჯერ დაკონკრეტებული, რამდენი კაცი მოდის. მათ ჩვენი ბიჭები ეუბნებიან განრიგს და თარიღებს, რომელი შეჯიბრი როდის არის, მერე თვითონ გეგმავენ და თვითონ მოდიან. ისე, როგორც წესი, ოჯახის წევრები არიან _ დედმამიშვილები და მეგობრები.
_ რა გარანტია გაქვთ, რომ ბევრი მათგანი ვიზებს სპეციალურად არ გაიკეთებს აშშ-ში დასარჩენად, ბევრიც ხელს მოითბობს ამაზე?
_ ეს არ ვიცით, თვითონ საელჩო აკეთებს ამას. მასე თვითონ სპორტსმენებიც არ გაუშვიათ და არ ჩაურტყამთ ვიზები.

„ქრონიკა+“ საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრითაც დაინტერესდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ბელა გომურაშვილს გაესაუბრა:
_ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მოჭიდავეებს 40 ქომაგი მიჰყვება და თქვენ რამდენად ხართ საქმის კურსში?
_ ნამდვილად არ ვიცი და აუცილებლად მოვიკითხავ.
_ პროცედურა როგორ არის _ 40 ადამიანიდან აშშ-ში რა გარანტია არსებობს, რომ გარკვეული ნაწილი ქვეყანაში არ დარჩება, ანდა ხომ არ არის ეს ერთგვარი გზა ვიზების ასაღებად?
_ ვიზების მიღება როგორ ხდება, ეს აშშ-ს საელჩოს პრეროგატივაა.
_ ისინი ამ ინფორმაციას არ იძლევიან _ რამდენი კაცი შედის და ა. შ., ანუ არიან კი ისინი ქომაგები, თუ შესაძლებელია, ქომაგთა სტატუსით გავიდნენ იქ დარჩენის მსურველები?
_ ვერ გეტყვით, მოვიკითხავ.

ასეა თუ ისე, ქომაგებით თუ უქომაგოდ, წარმატებები ჩვენს ბიჭებს მომავალ ტურნირში!

თამარ როსტიაშვილი