როდის გადადგება პრემიერ-მინისტრი?!

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 18 დღე გავიდა. ხელისუფლებას დღესაც არ აქვს მკაფიო პასუხი, როდის გადმოასვენებენ ცხედარს. სეპარატისტული რეჟიმი ექსპერტიზის დასრულებას ელოდება და დამატებით კიდევ ორ კვირას ითხოვს.

ტატუნაშვილის მკვლელობა, თავისი არსით, უკვე გახდა პოლიტიკური. პარტიები ქულების დაწერას ცდილობენ, პარალელურად, გააქტიურდა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ პირდაპირი დიალოგის საკითხი.
სეპარატისტების რეჟიმის წინააღმდეგ განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლში, ევროპარლამენტში, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში, სეპარატისტულ რეჟიმს ცხედრის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.
ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან უკვე განთავისუფლდა ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი ამ დროისთვის მცხეთაში საკუთარ მშობლებთან იმყოფებიან. ქუტაშვილის დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალები არ იცის. დაკავებული პირების დუმილი გასაგებიცაა. როგორც ჩანს, მათი განთავისუფლების ერთ-ერთი პირობა სწორედ ტატუნაშვილის მკვლელობაზე დუმილის შენარჩუნებაა.
ცხედრის გადმოცემის საკითხზე აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატებიც. გაცილებით საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები კულუარებში. არაოფიციალური დიპლომატიური არხებით
ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით დაუყენებიათ ულტიმატუმი, ხელისუფლებისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით, იქამდე, რომ რუსებისთვის სირიაში მოკლული რუსი გენერლის ცხედარიც შეუთავაზებიათ გაცვლაზე. მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზე ყოფილა, როცა გიორგი კვირიკაშვილს განცხადება გამოუქვეყნებია.
პრემიერის განცხადებას ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონია. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აგვისტოს ომის მერე მოჯადოებული წრე უწოდა და განაცხადა: „კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებული ვართ, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ, ასევე პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც. სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება და ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას“. კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რათა მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კვირიკაშვილის ამ კაპიტულანტურ განცხადებას დიდი აურზაური მოჰყვა არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნითაც. პრემიერის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე არ გაკეთებულა. გიორგი კვირიკაშვილს მხოლოდ ეკა ბესელია გამოესარჩლა, მან პრემიერის განცხადებას „ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირება“ უწოდა.
საქართველოს პარლამენტი კი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება, რაც, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება მთავრობის მეთაურის განცხადებას.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ კვირიკაშვილის განცხადებას ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაუბრაზებია, რადგან მას მთავრობისთვის შეთვლილი ჰქონდა, ყველაფერი გააკეთეთ ცხედრის დასაბრუნებლადო. მისი ეს ფრაზები ასე არასწორად გაიგეს.
როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, სამთავრობო ცვლილებებს ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ეს იმ კვირაში მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ ქვეყანაში არც პრეზიდენტი იმყოფებოდა და არც შინაგან საქმეთა მინისტრი.
არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოსტის დატოვება მოუწევს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძეს და მის ადგილზე გიორგი კვირიკაშვილს დანიშნავენ. ეს ინფორმაცია კვირიკაშვილის წერილის გამოქვეყნებამდე ვრცელდებოდა, ახლა კი ივანიშვილი ისეთი გაბრაზებული ყოფილა, გამორიცხული არაა, კვირიკაშვილის დასაქმებაზე საერთოდ არ ინერვიულოს, რადგან მან ამერიკელებთან მეტ-ნაკლებად დაწყობილი ურთიერთობები არია და ბევრი საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.
ხელისუფლებაში დიდი შინაომია. „ოცნების“ სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთზე საგულდაგულოდ აგროვებენ კომპრომატებს, მერე კი ამ კომპრომატებს ჟურნალისტებს უგზავნიან. ამის ბოლო მაგალითი ე. წ. ოქროს მოწმე გოდერძი ჯოლოხავას გამოჩენაა. ჯოლოხავა არც მალავს, რომ პოლიციის ინფორმატორი იყო და მათ უკანონო დავალებებს ასრულებდა. მან ჯერ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებები მისცა, მოგვიანებით კი ანი ნადარეიშვილთან მივიდა და აღიარა, რომ ეს ჩვენებები ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, დათო საყვარელიძის წინააღმდეგ ზეწოლის შედეგად მისცა, რომ ის ირმა ინაშვილის მეშვეობით პირადად შეხვდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და ჩვენებების შინაარსი სწორედ იქ უკარნახეს. მოგვიანებით, გოდერძი ჯოლოხავა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში დაჯდა და ამჯერად განცხადებები გიგი კალანდაძის, მისი ცოლისძმისა და ანი ნადარეიშვილის წინააღმდეგ გააკეთა. ის ყვებოდა მოქრთამვაზე, ქვეყნიდან გაყვანაზე, ზეწოლებზე გიგი კალანდაძის ცოლისძმის მხრიდან. მისი საჯარო განცხადებების მერე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე რა შედეგით დასრულდა, საზოგადოებას არ გაუგია.
გოდერძი ჯოლოხავას გამოჩენა არც არავის გაუკვირდებოდა, რომ არა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და „ქართული ოცნების“ სავარაუდო კანდიდატად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დასახელება. როგორც ჩანს, წულუკიანმა „ოცნებაში“ რაღაც ჯგუფის ინტერესები გადაკვეთა და ამიტომაც მის წინააღმდეგ გოდერძი ჯოლოხავა გამოიყენეს. ჩვენი მხრივ კი საზოგადოებას ვამცნობთ, რომ აგენტ-ინფორმატორი გოდერძი ჯოლოხავა რამდენიმე შეკერილ სისხლის სამართლის საქმეშია მოწმედ გამოყენებული. მისი ცრუ ჩვენების საფუძველზე დღესაც ათამდე პატიმარი იხდის სასჯელს.
გამოძიება ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების საქმეში. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ცნობით, ექსპერტიზის დროს სრულად განადგურებულია იმ კედლის ნაწილი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ნასროლი ტყვიის ფრაგმენტი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ასევე ექსპერტიზის დროს განადგურდა კიდევ ერთი ნივთმტკიცება ხელყუმბარის სახით, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილს საძინებელ ოთახში ჩაუდეს.
ფაქტობრივად, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამართლებრივი ბერკეტები აღარ დარჩა, გარდაცვლილი დაზარალებულად ცნობილი არაა, ამიტომ ისინი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.
ასევე არაფერი ვიცით თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების მიმდინარეობაზე, პასუხგაუცემელია კითხვები, ვინ შემოიყვანა თბილისში ახმედ ჩატაევი და საიდან ჰქონდა ჩატაევის რაზმს იარაღის მთელი არსენალი.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ იარაღის დიდი არსენალი დღემდე დამარხულია პანკისის ხეობის ტყეებში და ამ სამალავების არსებობა მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის. რაც შეეხება შილდაში აღმოჩენილ იარაღის სამალავს, ესეც ძველი სამალავია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს იარაღი შილდაში 2014 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემოყვანილი ჯგუფის საკუთრება იყო და ახლა ჩატაევის რაზმის შეიარაღების ვერსიის გასამყარებლად იყენებენ.
როგორც ჩანს, ახმედ ჩატაევი საქართველოდან წასვლის მერე აქაურ კავშირებს ინარჩუნებდა. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ მას საქართველოში ხორცის ბიზნესში ჰქონდა ჩადებული ასი ათასი დოლარი და ამ ბიზნესიდან მოგებას ისევ ბიზნესის გასაფართოებლად ტოვებდა. ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შემდეგ ფულის კვალს მისი ახლობელი ჩეჩნები ამ დრომდე ეძებენ.
კონფიდენციალურმა წყარომ „ქრონიკა+“-ს ასევე იმ სპეცრაზმელის ვინაობა მიაწოდა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მის ვინაობას, ცხადია, არ დავასახელებთ.

ელისო კილაძე