რძეში ჩაძირული სილამაზე

26 წლის ფოტოგრაფი თავისი უნიკალური მეთოდით ისეთ ფოტოებს იღებს, რომ მისი ნახვისას აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!
გვანცა მაღლაკელიძე ქართველი ხელოვანია, რომელიც მოდელებს რძის აბაზანაში უღებს ფოტოებს. საოცარია ტექნიკა და იდეა, რომლითაც იგი მსოფლიო 15 საუკეთესო რძის აბაზანის ფოტოებში ღირსეულ მეორე ადგილზე აღიარეს.

მისი ფოტოები აერთიანებს მცენარეებს, რძესა და პორტრეტს. როგორც ავტორი ამბობს, მცენარეები და მათთვის ფოტოების გადაღება ბავშვობიდან უყვარდა. შემდეგ ოჯახის გადაწყვეტილებით სხვა სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა, მაგრამ ბოლოს მაინც იმას დაუბრუნდა, რაც გულით უნდოდა.
ყველაფერი კი, დაახლოებით, 2 წლის წინათ დაიწყო, წინსვლაც ბევრი იყო და დაბრკოლებაც, თუმცა გვანცა არ ნებდება და ბევრჯერ დაცემული მაინც ღირსეულად წამოდგომას ახერხებს.
ამ ორმა წელიწადმა ბევრი წარმატება მოუტანა, Vogue-ს ონლაინ ჟურნალშიც კი იბეჭდებოდა მისი ფოტოები, ყველაფერთან ერთად უამრავი სერტიფიკატი და დიპლომი აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
კითხვაზე, თუ რა იყო ის სირთულეები, რაც გზად შეხვდა, პასუხობს:
„სირთულე იყო იმ ადამიანებისგან ზურგის შექცევა და ტალახის სროლა, რომლებისგანაც არ ვიმსახურებდი, თუმცა მივხვდი, რომ ამას ვერ გავექცევი და ძლიერი უნდა ვიყო! თითქოს იმუნიტეტი გამოვიმუშავე“.
გვანცას ყველაზე დიდ სიამოვნებას ფოტოსესიის დაგეგმვისა და გადაღების პროცესი ანიჭებს და ყველაზე ძვირფასი დროც კი ამ საქმისთვის ფოტოების დამუშავებისა და ახალი რამის სწავლისთვის არ ენანება.
საქმეში ყველაზე დიდ მნიშვნელობას პროფესიულ წინსვლას, სწავლასა და წარმატებას ანიჭებს, ადამიანში კი ყველაზე ღირებულად გულწრფელობას მიიჩნევს. ცალსახად აღიზიანებს უსამართლობა.
ამბობს, რომ ყოველი ახალი გათენებული დღე ახალ შანსს და იმის იმედს აძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება დასახულ მიზნებს. მიზანი კი ერთია, გახდეს საუკეთესო თავის სფეროში!
ოცნებობს, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიღოს და დაამტკიცოს, თუ ადამიანი მოინდომებს, თავადაც მიაღწევს ყველაფერს!
მისაბაძად მიიჩნევს ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრებისეული სირთულეები გადალახა და პროფესიონალად შედგა.
ფიქრობს, რომ ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ, მისი კი ის არის, რომ წარმატებული ფოტოგრაფი იყოს, რომელიც საზღვრებს გარეთ გაიტანს თავის სახელს.
იბრძვის სიმშვიდისთვის და ცხოვრობს იმისთვის, რომ საკუთარი კვალი დატოვოს ამ ცხოვრებაში.
კითხვაზე, თუ რას გრძნობს, როცა მნახველებს საკუთარი თვალით დანახულ სილამაზეს უზიარებს, პასუხობს:
„როცა საკუთარ ნამუშევარზე ერთი ადამიანი მაინც მოგწერს, თუ რა ლამაზია ეს ყველაფერი და დასაფასებელი, ამ გრძნობის გადმოცემა სიტყვებით ცოტა რთულია, ეს უნდა იგრძნო და სწორედ ამიტომ ღირს ყველაფრის კეთება ბევრჯერ დაცემის სანაცვლოდ, თუმცა ის, რისი გადაღებაც სიამოვნებას მანიჭებს, სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებული არ არის და მინდა, რომ ხელოვნებას მეტი ყურადღება მიექცეს, განვითარდეს. ეს საქმე კი ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერია.
რძის აბაზანების იდეაც იქიდან მოვიდა, რომ უბრალოდ ვიფიქრე, წითელისა და თეთრის კონტრასტი ძალიან ლამაზი იქნებოდა, გადავწყვიტე, რძე ჩამესხა წყლის ნაცვლად, ასე უფრო ლამაზი იქნებოდა, რაც შეეხება მცენარეებს, ყვავილებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მომდევს“, _ ამბობს გვანცა, რომელსაც უკვე ორი წელია, არ დაუსვენია და, ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ ჰქონია, ამიტომაც ფიქრობს, რომ მაქსიმალისტია. ამ ეტაპზე კი კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა არ აღიარებს სფეროში პირველობას, მიზანდასახულად პასუხობს, რომ პირველობისკენ ნამდვილად ისწრაფის.
ფიქრობს, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ აფასებს ადამიანს, როცა იგი სხვა ქვეყანაში გახდება წარმატებული, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ თუ მის შემთხვევაშიც ასე მოხდა, მერე უკვე აღარ მისცემს ქართველებს იმის უფლებას, რომ მისით იამაყონ, რადგან მას ახლა სჭირდება გვერდით დგომა(!) და არა მაშინ, როცა სხვაგან უკვე დაფასებული იქნება(!)!
ცხოვრობს საკუთარი პრინციპებით, რომლებსაც რაიმე სარგებლის მიღების სანაცვლოდ არასდროს უღალატებს. მომავლის გეგმა კი იმ სიმშვიდის მოპოვებასა და იმ საქმის კეთებას უკავშირდება, რომელიც ასე ძალიან უყვარს. ფიქრობს გამუდმებით და ზუსტად იცის, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს.
შანსი რომ ჰქონდეს, ამავე ეპოქაში, ოღონდ იტალიაში დაიბადებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვანცა ახლა საყვარელ საქმეს აკეთებს, ამბობს, რომ საკუთარი თავი ჯერაც არ უპოვია და მაინც… გვანცა მაღლაკელიძე არის ადამიანი, რომელიც სულ იბრძვის დასახული მიზნის მისაღწევად. მისი გზავნილი საზოგადოებისთვის კი შემდეგია:
„მიზანს ყოველთვის მიაღწევ, მთავარია, იშრომო და არ დაგეზაროს!“

ნინო ტაბაღუა

 

.