„შავდია“ _ ბრენდი და ფიროსმანი

დღეს ბევრმა იცის, მისი გვარი უკვე ბრენდის სახელად იქცა და უფრო მეტი ადამიანიც ინტერესდება მისი დიზაინით შექმნილი სამოსითა თუ ფეხსაცმლით. მის პროდუქციას ფიროსმანის მოტივებითა და გამორჩეული სტილით იცნობთ.
27 წლის ელენე შავდია წარმოშობით სამეგრელოდანაა, თუმცა დაიბადა და გაიზარდა თბილისში, აქვე დაამთავრა სკოლაც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. შემდეგ იყო ნახევარწლიანი კურსები დიუსელდორფში Kunstakademie Düsseldorf-ში.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, განათლებით იურისტია და არა დიზაინერი, თუმცა საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია, ამ ეტაპზე კი სრულიადაა ჩართული საკუთარი ბრენდის განვითარების საქმეში.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ „შავდია“ შეექმნა, თავიდან ამ საქმეში მხოლოდ ფინანსურ დაინტერესებას ხედავდა. ახლა უკვე საკმაოდ კარგი და შემდგარი გუნდი ჰყავს. პირველი ნაბიჯების გადადგმა კარგად არ ახსოვს, მაგრამ ძალიან ძნელი რომ გახლდათ, ამას გულახდილად ამბობს, დაზუსტებით იმასაც ვერ იტყვის, შეძლებდა თუ არა იმავეს ხელახლა.
კითხვაზე, თუ როდიდან დაიწყო საკუთარი ბრენდის შექმნა, პასუხობს:
„რეალურად, „შავდია“ თავისით შეიქმნა, უფრო სწორად, ხლხმა შექმნა(!), მე კი კარგად დავამუშავე და როგორც ბრენდი, ისე წარმოვადგინე. ორი წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ისე, რომ არავითარი თანხა არ ჩამიდევს ამ საქმეში, მხოლოდ ორი საკერავი მანქანა მქონდა განვადებით გამოტანილი და დღეს უკვე ორი მაღაზია მაქვს „გალერეა თბილისსა“ და ბათუმი მოლში _ „ქართველი დიზაინერების კუთხეში“, ასევე, ატელიე, სადაც ინდივიდუალურ შეკვეთებს ვიღებთ და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა სხვა ადამიანებს ბედნიერსა და კმაყოფილს ვხედავ ჩემს სამოსში. რაც შეეხება ფიროსმანის მოტივებს ჩემს კოლექციაში, ამას თავისი მიზანი და მიზეზი აქვს: ფიროსმანის ისტორია, რატომღაც, ჩემსას მაგონებს, თანაც მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვარია, იდეაც ამიტომ გაჩნდა“.
ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა მას საკუთარი მომხმარებელი ჰყავს და გარკვეული ნიშა უჭირავს. მისი აზრით, მთავარია არა ის, რომ რაიმე შექმნა, არამედ ის, რომ შექმნილი შეინარჩუნო.
მის ნამუშევრებს ყველაზე ობიექტურად მომხმარებელი აფასებს, ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ადამიანების გახარება ანიჭებს, სწორედ ამიტომ არავისთვის არასდროს არაფერი ენანება! ამბობს, რომ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია დრო, რომელსაც უნდა გაასწრო და არავითარ შემთხვევაში უკან ჩამორჩე!
ადამიანში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას, გულწრფელობას აფასებს, რასაც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანურობა ჰქვია.
აღიზიანებს უსამართლობა, როცა ერთი და იგივე პროფესიის ადამიანები უსამართლოდ, არაობიექტურად აკრიტიკებენ ერთმანეთის ნამუშევარს, როცა ამბობენ, რომ თვითონ უკეთ გააკეთებდნენ რაღაცას და ა. შ. ასევე, მძღოლების უსამართლო ლანძღვა-გინება სხვა მძღოლების მიმართ, ამ დროს კი ორივეს ერთი და იგივე შეცდომა მოსდის.
რისი გაზიარებაც სხვისთვის ენანება, არის დრო, ამიტომ ცნება „თავისუფალი დრო“ მისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს.
მაქსიმალისტია, სწორედ ამიტომ ყველაფრის შესრულება უმაღლეს დონეზე უყვარს და რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს ყოველთვის თავისებურად აკეთებს:
„მჯობნის მჯობი არ ილევა, მაგრამ მინდა, რომ პირველი ვიყო ჩემს საქმეში და ნელ-ნელა მივიწევ ჩემი მიზნისკენ“.
ყოველი ახალი გათენებული დღე ახალ პერსპექტივას, ახალ იდეებსა და გაძლიერებულ სიყვარულს აძლევს. მისაბაძი მაგალითი არ ჰყავს და სულაც არ ჰგონია, რომ ვინმეს უნდა მიბაძოს ან რომელიმე პერსონა მაგალითი იყოს მისთვის.
კითხვაზე, თუ რა პრობლემას ხედავს იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობს, შემდეგნაირად პასუხობს:
„ამ სფეროში საკმაოდ დიდი და ბევრი პრობლემაა, რადგან ადგილობრივი მომმარაგებელი ბაზარი არასრულფასოვანია, ანუ არჩევანი არ აქვს შედარებით დიდი ზომის ადამიანს, ასევე, შექმნილი პროდუქციის საფასო პოლიტიკაც არეულია _ ერთი და იგივე ქსოვილით შექმნილი პროდუქტი კატასტროფულად განსხვავებული ფასებით იყიდება სხვადასხვა ადგილებში. ამ შემთხვევაში კი, სამწუხარდ, მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება. რაც შეეხება მისი მოგვარების გზებს, თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის პირობებში ეს მოუგვარებელია, მაგრამ ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი თვითონვე არეგულირებს“.
იმის გამო, რომ მისი საქმიანობა მუდმივად მუშაობას და აქტიურობას მოითხოვს, ელენეს არც თავისუფალი დრო აქვს და ბოლო ორი წელია, არც დაუსვენია. სწორედ ამიტომ იქცა მისი საქმე ყოველდღიურობად და, ფაქტობრივად, ყველაფრად! მიუხედავად გარე ფაქტორებისა, ამბობს, რომ სრულიად თავისუფალია და მეტიც, თავისუფლება _ ეს არის ის, რასაც ვერასოდეს ვერასგზით ვერავინ წაართმევს!
ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა საკუთარი თავიც იპოვა, აქვს საყვარელი საქმე, რომელიც დღითი დღე ვითარდება, ჰყავს საყვარელი ადამიანი, ორი შვილი, დედა და და, რომლებიც ძალიან ეხმარებიან _ ეს შესანიშნავია, თუმცა მაინც არის საყვარელი ადამიანის მონატრება, ეს ადამიანი კი ბებოა.
ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს რაღაც მისია აკისრია, რადგან ისე, უბრალოდ, არაფერი ხდება ჩვენს სამყაროში, მათ შორის, ჩვენი დაბადებაც. იბრძვის მომავლისთვის, წარსულსა და საკუთარ ცხოვრებაში კი არაფერს შეცვლიდა, რადგან რაც გაიარა შეცდომითა თუ წარმატებით, საბოლოო ჯამში, სწორედ მან ჩამოაყალიბა იმად, რასაც ახლა წარმოადგენს. ამბობს, რომ ჩვენი წარუმატებლობები და წარმატებები გვაყალიბებენ იმ ადამიანებად, რომლებიც დღეს რეალურად ვართ! მისი ცხოვრების აზრი დღეს საკუთარი ოჯახია.
ფიქრობს, რომ როცა ადამიანი შრომისმოყვარე და მონდომებულია, ყველგან შეიძლება წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს მონდომება მხოლოდ სიტყვებით არ უნდა გამოიხატებოდეს! საწყის ეტაპზე დღისა და ღამის გასწორებას ნიშნავს. თავისით არაფერი მოდის: „ვუსმენ ხალხს, ყველას რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავიანთი მიზნისთვის არავინ არაფერს აკეთებს“.
კითხვაზე, რომ არა ის, ვინც ახლაა, ვინ იქნებოდა? ცალსახად პასუხობს, _ ისევ ელენე შავდია! რომელსაც მისი მეგობარი შემდეგნაირად ახასიათებს: ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ენდო და იმედი გქონდეს, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალა, სტიმული მოგცეს და სული ჩაგბეროს!
სამომავლო გეგმა მამაკაცების ბრენდის შექმნაა, რომელიც უკვე ნაწილობრივ შექმნილია და გასაყიდადად გაშვებული „გალერეა თბილისში“.
ყველაზე ხშირად შვილებზე ფიქრობს და საკუთარი ოჯახის იმედი აქვს მათზე.
საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრში კი ყველაზე დიდ სიმშვიდეს ეკლესიაში პოულობს. იქ მისვლას უკვე იშვიათად ახერხებს, ხსნად კი საკუთარ ნამუსთან სუფთად ყოფნა და ლოცვა ესახება.
ქართველი წარმატებული დიზაინერი გვირჩევს: „ჩაიცვი ქართული, მოიხმარე ქართული, ქართულია და კარგია! ჩაიცვი და ატარე „შავდია“.

.

ნინო ტაბაღუა