სოფელ ჭალეს მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ისევ აპროტესტებს

წალენჯიხაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ადგილობრივები ისევ აპროტესტებენ. სოფელ ჭალეს მოსახლეობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გამო შიშობს და პროექტის შეცვლას ან გადასახლებისთვის შესაბამის კომპენსაციას ითხოვს.

ადგილობრივების განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მაღალი ძაბვის 500-კილოვატიანი ხაზის გაყვანა საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
სოფელში აცხადებენ, რომ ენერგოკომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებაში პროექტის შეცვლას დაჰპირდნენ, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კი განმარტეს, რომ მოსახლეობის ნაწილმა სახლების თავზე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაცია აიღო.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში მცხოვრებ ლიკა აქუბარდიას ესაუბრება:
_ მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ხუთი ოჯახი მოვყევით. თავდაპირველად, აუდიტი გამოგზავნეს, აღწერა ჩაატარეს, გვითხრეს, რომ ეს სახლები ძვირი გვიჯდება და ამიტომ ხაზი გადავწიეთო. სად გადაწიეთო? რომ ვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ხაზი სახურავიდან ჩამოიტანეს და, სამაგიეროდ, ეზოზე გადაგვიტარეს, უფრო სწორად, გვიტარებენ.
ამით, ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ეზო მიაქვთ, სადაც ერთ სივრცეში გვაქვს საყანე ნაკვეთი, თხილის პლანტაცია, საშეშე ნაკვეთი და სახლიც.
მერე სასამართლო პროცესი იყო, სადაც ექსპერტებიც დაკითხეს. სამხარაულის ექსპერტებმა იოსებ ბალდაძემ და გურგენ როსნაძემ თქვეს, რომ ეს ხაზი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მოსამართლეს ისიც დაუდასტურეს, რომ ამის ქვეშ საკვები მცენარეების მოყვანა, ასევე სადენების ქვეშ ცხოვრება არ შეიძლებაო. თან ისიც თქვეს, რომ აღნიშნული ენერგოკომპანიის ნებართვის გარეშე ადამიანები (ჩვენ) ხეს ვერ დარგავენ და მიწასაც ვერ გაყიდიანო.
როცა მოსამართლემ მიმართა, _ ესენი თქვენი ნებართვის გარეშე სახლის გაყიდვას ან ხის დარგვას თუ შეძლებენო? მათმა ადვოკატმა უპასუხა, _ არა, ესენი ჩვენი ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებენო.
ამის შემდეგ მოსამართლემ პროცესი ისევ ორ დღეში ჩანიშნა და გამოგვიცხადა, რომ ამ ელექტროგადამცემი ხაზით არც საკუთრების უფლება ილახება და არც საზიანო არისო. რეალურად, ორი წლის განმავლობაში პოლიციის წნეხის ქვეშაც ვიყავით. ანუ პოლიციის ძალით ააშენეს ჩვენი ეზოს უკან კოშკი, როგორც ამას უწოდებენ.
თავიდან ამ პროექტს „ენერგოტრანსი“ ახორციელებდა, მერე უკვე საჩივარი „ელექტროსისტემის“ სახელით შეიტანეს. გვეუბნებიან, რომ „ენერგოტრანსი“ „ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანია არის.
მთლიანობაში, 12 800 კვადრატული მეტრი ნაკვეთიდან 9 545 კვა.მ მიწის ნაკვეთი წაგვართვეს. ფაქტობრივად, არაფერი აღარ გვრჩება, მხოლოდ სახლი და 3 ათასზე ცოტა მეტი კვ.მ, რასაც მოსამართლეც უდასტურებს.
ამ ფონზე, სამართალი ვერსად ვიპოვეთ. მთელი სამინისტროები დავიარეთ, პრემიერსაც შევხვდით, რომელმაც ამ საკითხზე მუშაობა ენერგეტიკის მინისტრს დაავალა. მინისტრმა ეს რეალობა ისევ თავის სასარგებლოდ მოქარგა და წერილი ისე გაუგზავნა, თითქოს ადგილზე ყველაფერი კარგად იყო. მერე ეს წერილი ჩვენც გადმოგვიგზავნეს.
_ რომელ მინისტრზეა საუბარი?
_ პრემიერ-მინიტრს ელოშვილთან ერთად შევხვდით. ისე, პრობლემა კალაძის მინისტრობის დროიდან მომდინარეობს.
_ ხაზის დამონტაჟების მხრივ ადგილზე რა მდგომარეობაა?
_ როგორც გითხარით, კოშკი ჩვენს ეზოში უნდა ჩაედგათ და უკანა მხარეს გააკეთეს, მაგრამ ისიც ჩვენი ნაკვეთია, რომელიც არ დაგვირეგისტრირეს. მოკლედ, კოშკი ღობის გაღმა ააშენეს და ახლა ელექტროსადენების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლემ სარჩელის დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა 16-ისთვის ჩანიშნა, რა თქმა უნდა, მოსამართლე კომპანიას ამასაც დაუკმაყოფილებს. აქ მოსამართლეც მხარეა და სამართალი ვერსად ვიპოვეთ. რეალურად, ამ ხუთ ოჯახს გვაგდებენ.
კომპანიის წარმომადგენელი თეიმურაზ ჭანტურია სულ გვემუქრება, თუ ჭკვიანად არ იქნებით, საერთოდ სახლ-კარს დაგინგრევთ და აქედან ისე გაგყრით, თეთრსაც არ მოგცემთო.
_ მასთან სად ისაუბრეთ?
_ ჩვენთან, სულ პოლიციასთან ერთად მოდიოდა, როდესაც იმ კოშკის მშენებლობის უფლებას არ ვაძლევდით. ორი წელი ამ წნეხის ქვეშ გავატარეთ. ხმას ამოვიღებდით, პოლიცია დაგვესეოდა და ენას ჩაგვაგდებინებდნენ.
_ ხაზი სოფლის ხუთი ოჯახის კარმიდამოზე გაივლის?
_ დიახ, ეს არის ცხრა ორწვერა, ანუ თვრამეტი ელექტროსადენი, 500-კილოვოლტიანი, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, ორმაგი დატვირთვა ექნება, ამიტომ 1000 კილოვოლტის ქვეშ ცხოვრება გვიწევს.
მოსამართლე კიდევ გვეუბნება, რომ ამ მშენებლობით საკუთრების უფლება არ ირღვევაო. ბოდიში და ხალხი ამათ ფეხებზე კიდიათ. ეს ჭანტურია იმასაც მეუბნება, რომ ჭექა-ქუხილის დროს რკინას არ შეეხოთო. მაშინ ვუთხარი, _ საყოფაცხოვრებო საგნებს, დავუშვათ, დანა-ჩანგალს მაინც ხომ უნდა შევეხოთ-მეთქი?
_ ეს ჭამა რაღა ჭექა-ქუხილის დროს მოგინდებათო, _ მიპასუხა.
მათი მეორე წარმომადგენელი მალხაზ ჯავახაძე იყო, _ ორი სახლი გქონია, რაღა იქ ცხოვრობ, აგერ, პატარა სახლში იცხოვრეო, _ ასე დაგვცინიან და არიან თავიანთთვის.
_ ფიქრობთ, რომ ამ სახლებში ცხოვრება შეუძლებელი გახდება?
_ დიახ, გვეუბნებიან, სახლს გიტოვებთო, მაგრამ ამ პირობებში არსებობა, უბრალოდ, შეუძლებელი გახდება. კომპანიის წარმომადგენლები თვითონვე გვეუბნებიან, რომ მარტო ამის ხმას ვერ გაუძლებთ, აქედან თვითონვე გაიქცევითო. როგორც მოგახსენეთ, სამხარაულის ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
_ რა შედეგებს გამოიწვევს?
_ იმის ქვეშ არც თხილი და საერთოდ არაფერი გაიხარებს და თუ გაიხარებს, მერე ეს საკვებადაც აღარ გამოდგება, რაც ექსპერტებმაც დაადასტურეს. ამაზე დასკვნა გვაქვს, სადაც პირდაპირ წერია, რომ მის ქვეს არც ხემ უნდა გაიხაროს, არც თივის ზვინის გაკეთება შეიძლება, არც წყლის მოყვანა და არაფერი.
სოფელში რომ მიწას წაგართმევენ, ამის მერე გლეხმა რით უნდა იარსებოს?
აქ ერთმა მეპატრონემ სახლი საპატრიარქოს აჩუქა. მერე საპატრიარქომ ეს შესყიდული სახლი ისევ ამათ მიჰყიდა. იქ მონასტერი უნდა აშენებულიყო და ბერთა საცხოვრისი ყოფილიყო, მაგრამ საპატრიარქომ ეს არ გააკეთა, ადგნენ და სახლი ამ „ენერგოტრანსს“ მიჰყიდეს. ეს რომ არ გაეკეთებინათ, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟიც მომზადდა.
_ ამ ეტაპზე სასამართლოში რას ითხოვთ?
_ თუ ჩვენზე ხაზი გაჰყავთ, იმ მიწის ქვეშ მაინც ვერ ვიმუშავებ და ვერაფერს მოვიყვან. მაშინ კეთილი ინებონ და ბოლომდე შეისყიდონ ეს მიწა. თვითონ მათმა ადვოკატმა თქვა, რომ ჩემი ნებართვის გარეშე სახლს ვერ გაყიდითო. იქნებ, ისეთი ავადმყოფობა დამემართოს, თანხები არ მეყოს და სახლის გაყიდვა დამჭირდეს? მაშინ რა უნდა ვქნა, თავს როგორ ვუშველო? სახლს ვერ გავყიდი, რადგან სერვიტუტით დატვირთული იქნება.
მერე ათასი კილოვოლტის ქვეშ სახლს რომელი ჭკუათმყოფელი იყიდის?
_ გამოსავალი მთლიანად შესყიდვაა?
_ დიახ, ბარემ მთლიანად შეისყიდონ და ჩვენ არსებობის საშუალება დაგვიტოვონ. თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ უსაფრთხო ადგილზე გასაქცევი საშუალება მაინც გვექნება. აქ ისედაც ვერ ვიცხოვრებთ, ელემენტარულად, ხმაურს ვერ გავუძლებთ. ასეთი ხუთასკილოვოლტიანი ხაზი ჩვენ გვერდით, სოფელ მუჟავაში გადის, წვიმიან ამინდში ქოლგით რომ გახვიდე, მას გართმევს, ჯერ რამხელა ელექტრომაგნიტურია ველია მის ქვეშ.
თუ ეს საქმე ქვეყნისთვის სტრატეგიულია და რაღაცას ნიშნავს, კი ბატონო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი სიცოცხლის ხარჯზე უნდა გაკეთდეს? ჩვენც ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ასეთი რა დავაშავეთ? გამოდის, რომ „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილე ახალაიამ ჩვენ ხარჯზე ჯიბე უნდა გაისქელოს, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ეს საქმე მან გააკეთა.
ამას პლუს, სამუშაოებს, კოშკების აშენებას თურქული კომპანია აწარმოებდა. ისინი ეზოში გვეჭრებოდნენ, არ ვუშვებდით და გვივარდებოდნენ, გვაშინებდნენ.
_ ახლა ვის მიმართავთ?
_ ისევ პრემიერ-მინისტრს მივმართავთ, იქნებ, მან მაინც გამოიჩინოს გულისხმიერება. სახელმწიფოს ხელს არ ვუშლით, მაგრამ ჩვენს სიცოხლესა და ჯანმრთელობაზეც ხომ უნდა იზრუნონ? აქ დანარჩენი ოჯახებიც იგივე პოზიციაზე არიან.
_ ფეხებზე გვკიდია, თქვენ რასაც ფიქრობთ, ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, ვინც ლობირებას გვიწევს და არ გვეშენია, თუ ჩუმად არ იქნებით, ისე გაგაგდებთ ქუჩაში, ერთ თეთრსაც არ მოგცემთო! _ ამას გვეუბნებიან. მოსამართლე მათ ხელშია, პოლიციაც. პატარა კაცსა დიდ კაცთან, როდის გასვლია მართალიო, _ ასეა ჩვენი საქმე.
მთელი სოფელი მხარს გვიჭერს, რამდენიმე აქცია იყო, ხალხი გამოვიდა, მაგრამ ვინ ეკითხება?
ახლა სააპელაციო საჩივრის შეტანას ვაპირებთ. ალბათ, იქაც მიუწვდებათ ხელი, მერე უზენაესი მოდის და სტრასბურგის სასამართლო. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამას ახალაია-ჭანტურიას არ დავუთმობთ.
ასევე, წლების განმავლობაში საექსპერტო-გეოლოგიურ დასკვნას ვითხოვდით, რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის მავნე არ იქნებოდა. არ მოუციათ. ამ დროს, ჩვენ გვერდითა სოფელ მუჟავაში ნომერ მეხუთე ანძაა, სადაც დამეწყრილ ადგილზე სამი საძირკველი ააშენეს. ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, რის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. მერე აიღეს და ეს მშენებლობა სხვაგან გადაიტანეს, ანუ საქანელასავით დაათრევენ აღნიშნულ ანძებს. სადაც მოეპრიანებათ, იქ დგამენ. მოკლედ, ეს მშენებლობა მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობს, რადგან მხოლოდ ჯიბის გასქელებაზე არიან გადართულები.
ჩვენი ეზოს უკან რომ ააშენეს, ისიც კოროზირებული მიწაა. მეწყერი რომ ჩამოწვეს, ანძაც დაინგრევა და სახლიც თავზე დაგვექცევა.

გელა მამულაშვილი

.